შინაარსზე გადასვლა

ლუსაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ლუსაკა
ინგლ. Lusaka
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
პროვინცია ლუსაკის პროვინცია
კოორდინატები 15°25′00″ ს. გ. 28°17′00″ ა. გ. / 15.41667° ს. გ. 28.28333° ა. გ. / -15.41667; 28.28333
ქალაქის მერი Chilando Chitangala
დაარსდა 1905
ამჟამინდელი სტატუსი 1960
ფართობი 70 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1300
მოსახლეობა 1 742 979 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 24 899,70 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი +260 1
ოფიციალური საიტი lcc.gov.zm
ლუსაკა — ზამბია
ლუსაკა

ლუსაკა (ინგლ. Lusaka) — ზამბიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ქვეყნის პოლიტიკური, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კირქვიან პლატოზე, ზღვის დონიდან 1279 მ სიმაღლეზე. ლუსაკა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, სადაც მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი და სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის ცენტრი. 2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 1,7 მლნ. ადამიანი, ხოლო 2018 წელს მოსახლეობის რაოდენობამ 2,5 მლნ-ს მიაღწია. ჩრდილოეთის, სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან იწყება ზამბიის ოთხი მთავარი მაგისტრალი. საუბრობენ 3 ძირითად ენაზე: ინგლისურ, ნიანჯისა და ბემბის ენებზე. ქალაქის ადმინისტრაციის ოფიციალური ენაა ინგლისური. ლუსაკა წარმოადგენს სამხრეთ აფრიკის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქალაქს.

თავდაპირველად ლუსაკა წარმოადგენდა სოფელს, რომელსაც ეწოდა მისი ხელმძღვანელის სახელი. ეს არის შედარებით ახალგაზრდა ქალაქი, რომელიც აშენდა 1905 წელს პატარა სოფლის ადგილზე, რომლის მოსახლეობა უპირატესად დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით. ახალი ქალაქი უნდა გამხდარიყო ზამბიის საყრდენი პუნქტი, რომლის ეკონომიკა განიცდიდა განვითარების პერიოდს, რასაც დიდად უწყობდა ხელს მსოფლიო ბაზარზე სპილენძის მაღალი ფასების შენარჩუნება და უცხოეთის განვითარებული სახელმწიფოების დახმარება, ლივინგსტონიკაბვეს ახალ სარკინიგზო ხაზზე მატარებლების მსვლელობისათვის.[1][2]

ქალაქს, რომლის დაგეგმარებაც ითვალისწინებდა ევროპული ტიპის კეთილმოწყობილი კვარტლების არსებობას, სახელი დაერქვა ერთ-ერთი ტომის ბელადის პატივსაცემად. ასე რომ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომავალი დედაქალაქის სახეს და დასახელებას ჰარმონიულად შეერწყა ადგილობრივი ტრადიციები და საუკეთესო ევროპული მიღწევები.

1931 წელს ლუსაკა გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი ჩრდილოეთ როდეზიის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო 1964 წელს ზამბიის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ აირჩიეს ახალი სახელმწიფოს დედაქალაქად.

ლუსაკა თანდათანობით გადაიქცა ზამბიის უდიდეს პოლიტიკურ ცენტრად, აქ ხდებოდა მთავარი პოლიტიკური მოვლენები (პრეზიდენტების და პარლამენტის პალატის წევრების არჩევნები, 1991 წლის ახალი კონსტიტუციის მიღება და სხვა). აღინიშნებოდა არსებითი ცვლილებები დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში და ეკონომიკაში. ჩინეთის ხელისუფლების ხელშეწყობით ლუსაკიდან დაიგო სარკინიგზო ხაზი სადგურ კაპირი მპოშიდან (185 კმ ლუსაკიდან) ტანზანიის პორტ დარ-ეს-სალამამდე.

წელი მოსახლეობა
1990 769,353
2000 1,084,703
2010 1,747,152
2018 2,526,100
2019 3,308,400 [3]

მიმდებარე ტერიტორია უკავია ფართოდ გაშლილ საძოვრებს, რის გამოც განვითარებულია ფერმები და რანჩოები.

დღეისათვის ლუსაკა ზამბიელებისათვის ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს დასახლებისთვის და ტურისტებსაც იზიდავს ქალაქი. სწრაფად მზარდი ინფრასტრუქტურა მეტ თავდაჯერებულობას აძლევს დონორს. ლუსაკა მასპინძლობს მრავალფეროვან ადამიანებს განსხვავებული ეროვნებით, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ინდუსტრიებში და აქვთ განსხვავებული რელიგიები. [4]

ქუჩა ლუსაკაში.
ქალაქის საფეხბურთო სტადიონი (დამოუკიდებლობის სტადიონი).

ლუსაკა ზამბიის კულტურული ცენტრია. ქალაქში მოქმედებს ლუსაკას ეროვნული მუზეუმი, ზინტუს საზოგადოების მუზეუმი, რომელიც მნახველთა ყურადღებას იქცევს ზამბიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ტრადიციული დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებით, ქალაქის ბიბლიოთეკა, ანთროპოლოგიური მუზეუმი და აფრიკული ყოფაცხოვრების სოფელი-მუზეუმი.

ლუსაკაში არსებობს რამდენიმე კინოთეატრი და მცირე თეატრი. აგრეთვე, გოლფის კლუბი, ეროვნულ გმირთა სტადიონი, კალიმბას რეპტილიების პარკი, მაიმუნების აუზი, ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღები.

ლუსაკაში არის ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ცენტრები.

ლუსაკას უკავია საკმაოდ ხელსაყრელი მდებარეობა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1279 მეტრ სიმაღლეზე, ნოტიო სუბტროპიკული კლიმატით. გამოიყოფა ხუთი სეზონი: მუსონების პერიოდი (ნოემბრის შუა რიცხვები -მარტი), შემოდგომა (აპრილი-მაისი), ზამთარი (ივნისი-ივლისი), გაზაფხული (აგვისტო-სექტემბერი) და ზაფხული (ოქტომბერი - ნოემბრის შუა რიცხვები).

ლუსაკაში ყველაზე თბილი თვეა — ოქტომბერი, ამ დროს ფიქსირდება +32 °C, ივლისში ჰაერის ტემპერატურა ეცემა +10 °C-მდე. ზოგჯერ შეიძლება დაეცეს უფრო დაბლაც, აბსოლუტური მინიმუმი ქალაქში ივნის-ივლისში შეადგენს +2 °C-ს. ამასთან ერთად ტემპერატურის წლიური რყევა უმნიშვნელოა. ნალექების საშუალო წლიური ნორმა შეადგენს დაახლოებით 700 მმ-ს, თანაც მისი დიდი ნაწილი მოდის წვიმის სახით ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით. წვიმების სეზონზე შეიმჩნევა ნიადაგის წყლით გაჯერება და გაუვალი ჭაობების წარმოქმნა, ასეთ დროს ქალაქი სამყაროს უკავშირდება ავტომაგისტრალების საშუალებით.

ლუსაკის შემოგარენში შენარჩუნებულია ბუნებრივი სავანების მცენარეულობა და სავანური მეჩხერი ტყეები. ფაუნა დედაქალაქის შემოგარენში წარმოდგენილია სპილოების, ანტილოპების, ზებრების, ჟირაფების პოპულაციებით, ასევე მტაცებელი ცხოველებით. საკმაოდ ნაირფეროვანია ფრინველთა სამყარო, ადგილობრივ სახეობებთან ერთად აქ გვხვდება გადამფრენი სახეობები ჩრდილოეთიდან. ქალაქში არცთუ იშვიათად გვხვდება ბუზი ცეცე — აფრიკული ტრიპანოსომოზის ძირითადი გადამტანი.

აღსანიშნავია, რომ ლანდშაფტის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ტერმიტების ბუდე, რომელთა სიმაღლე 3 მ-დან 6 მ-მდეა.

მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლუსაკას კათოლიკური ეკლესია

ლუსაკა — ყველაზე დიდი ქალაქია ზამბიაში, 2019 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3,308,400 ადამიანს. დედაქალაქის ეთნიკურ შემადგენლობას ძირითადად წარმოადგენს ბანტუს ენების ოჯახის ხალხი — ესენია: ბემბა, ტონგა, ლოზი, ჩევა, მალავი, ნიანდაკა და სხვა ხალხი, ასევე გვხვდება ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხის მცირე რაოდენობა.

ოფიციალური ენა, რომელზეც ლაპარაკობს დედაქალაქის ბევრი მაცხოვრებელი, ინგლისური ენაა. არაოფიციალური პირადი საუბრები მიმდინარეობს ადგილობრივი ენების და დიალექტების დახმარებით (ბემბა, ტონგა, ლოზი, ჩევა და ლუვალე).

დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ტრადიციული ადგილობრივი სარწმუნოების მიმდევარია, გვხვდება ქრისტიანები, რომელთა შორის ჭარბობენ კათოლიკები და პროტესტანტები. [5] ქალაქში ასევე არის მეჩეთები.

ლუსაკის საერთაშორისო აეროპორტი.

ლუსაკაში მდებარეობს კენეტ კაუნდას საერთაშორისო აეროპორტი (რომელიც გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ოპერაციებისთვის). აქვე არის ლუსაკას აეროპორტი, რომელსაც ზამბიის საჰაერო ძალები იყენებენ. აეროპორტი მნიშვნელოვანი გაფართოებისა და მოდერნიზაციის პროცესშია.

ქალაქს ემსახურება რკინიგზის ოპერაციული განყოფილებები კეიპიდან კაირომდე , რომელიც მას აკავშირებს ლუბუმბაშთან და ბულავაიოსთან. საერთაშორისო აეროპორტი უკავშირდება სარკინიგზო ხაზს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერაქტიული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპირატესად მიკროავტობუსებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ ასევე მოიცავს უფრო დიდ ავტობუსებს და საერთო ტაქსებს ფიქსირებულ მარშრუტებზე. [6] უმეტეს მარშრუტზე მანქანები მოძრაობენ ქალაქის კონკრეტულ ნაწილებსა და ცენტრალურ ბიზნესუბანში ოთხ ტერმინალთან : კულიმას კოშკი, ქალაქის ბაზარი, მილენიუმი და ლუმუმბა. [7] ლუსაკაში არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოფიციალური რუკა, მაგრამ 2014 წელს გაჟღერდა რუკის შექმნის ინიციატივა. [8] ლუსაკაში ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას უზრუნველყოფენ კერძო ოპერატორები.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Ackson M. Kanduza (2003). „Lusaka“, Encyclopedia of Twentieth-Century African History. Routledge. ISBN 0415234794. 
  • Lusaka. Understanding Slums: Case Studies for the Global Report 2003. United Nations Human Settlements Programme and University College London (2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-12. ციტირების თარიღი: 2020-08-03.
  • (2005) „Lusaka“, რედ. Kwame Anthony Appiah and Henry Louis Gates: Africana: The Encyclopedia of the African and African American Experience, 2nd, Oxford University Press, გვ. 661+. ISBN 978-0-19-517055-9. 
  • (2005) „Lusaka“, რედ. Kevin Shillington: Encyclopedia of African History. Fitzroy Dearborn. ISBN 978-1-57958-245-6. 
  • (2006) „Lusaka“, African Cities Driving the NEPAD Initiative. United Nations Human Settlements Programme. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Roman Adrian Cybriwsky, Capital Cities around the World: An Encyclopedia of Geography, History, and Culture, ABC-CLIO, USA, 2013, p. 167
  2. Mwakikagile, Godfrey (2010). Zambia: Life in an African Country (en). New Africa Press, გვ. 158. ISBN 9789987160112. 
  3. Lusaka population statistics
  4. Lusaka population statistics
  5. Britannica, Zambia, britannica.com, USA, accessed on 7 July 2019
  6. Can You Do It? Using Public Transportation in Lusaka Zambia. Travel Wanderings (5 September 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2014. ციტირების თარიღი: 26 May 2014.
  7. Making Public Transport in Lusaka City More Efficient and Effective. Zambia Institute for Policy Analysis & Research (December 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 May 2014. ციტირების თარიღი: 10 March 2014.
  8. And We Have a Map!. Lusaka Public Transport Map: A User-Generated Mapping Project (10 March 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 May 2014. ციტირების თარიღი: 26 May 2014.
  9. Сомонаи расмии Мақомоти иҷроияи маҳаллии ҳокимияти давлатӣ дар шаҳри Душанбе
  10. ქალაქი ლუსაკა, ზამბია — IZH.RU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-26. ციტირების თარიღი: 2016-01-29.