შინაარსზე გადასვლა

ხლოდვიგ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ხლოდვიგ I“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ხლოდვიგ I ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ხლოდვიგ I

ხლოდვიგ I-ის გამოსახულება ბრინჯაოს მედალზე. 1720 წელი
ფრანკების მეფე
მმართ. დასაწყისი: 481/482
მმართ. დასასრული: 511
წინამორბედი: ხილდერიკ I
მემკვიდრე: თოიდერიხ I,
ხლოდომერი,
ხილდებერტ I
ხლოტარ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ 466
გარდ. თარიღი: 27 ნოემბერი, 511
გარდ. ადგილი: პარიზი, ფრანკთა იმპერია
მეუღლე: 1. სახელი უცნობია
2. კლოტილდა ბურგუნდიელი
შვილები: I ქორწინებიდან: თოიდერიხ I,
II ქორწინებიდან:
ხლოდომერი,
ხილდებერტ I
ხლოტარ I
კლოტილდა უმცროსი
დინასტია: მეროვინგები
მამა: ხილდერიკ I
დედა: ბაზინა თიურინგიელი

ხლოდვიგ I (ფრანგ. Clovis; ლათ. Chlodovechus, Chlodoveus;[1] დ. დაახლ. 466 — გ. 27 ნოემბერი, 511, პარიზი) — ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან. სახელმწიფოს მართავდა 481–511 წლებში. მისი მმართველობის პერიოდში, კერძოდ 496 წელს ფრანკებმა მიიღეს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ხოლო მეფის მიერ წარმოებული მრავალრიცხოვანი ომების შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ფრანკთა სახელმწიფო. 507-508 წლებში აქტიურად ებრძოდა ვესტგუთებს, მათთან ომის შემდეგ ხლოდვიგი გაემგზავრა პარიზში, რომელიც 508 წელს გახადა საკუთარი რეზიდენცია.

თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში ხლოდვიგმა დაიპყრო რაინის წვრილ-წვრილი სამეფოები: თიურინგების, ვარნებისა და დასავლეთის გერულების. ამრიგად, ხლოდვიგის მმართველობის დროს რაინის პირზე არ დარჩენილა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ხლოდვიგის დროს ჩაწერეს სალიკური სამართალი, ფრანკების კანონთა პირველი კრებული. 511 წლის ივლისში მან მოიწვია პირველი საეკლესიო კრება ორლეანში, რომელშიც მონაწილე 32 ეპისკოპოსიდან ნახევარი წარმოშობით ფრანკების სახელმწიფოდან იყო.

ხლოდვიგი გარდაიცვალა 511 წლის 27 ნოემბერს, 45 წლის ასაკში, პარიზში. იგი დაკრძალეს წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში, რომელიც თავად ააშენა. XVIII საუკუნეში ეს ეკლესია ხლოდვიგის გვერდით დაკრძალული წმინდა ჟენევიევას სახელზე აკურთხეს. ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მის ოთხ ვაჟს შორის დაიყო.

ბიოგრაფია

ისტორიული წყაროები

ხლოდვიგის მთავარი ბიოგრაფები არიან ქალაქ ტურის ეპისკოპოსი გრიგოლ ტურელი, ნახევრადლეგენდარული ფრანკი ისტორიკოსი ფრედეგარი, რომელმაც VII საუკუნეში დაწერა „ქრონიკა“ და VIII საუკუნის ანონიმი ავტორი, რომელსაც ეკუთვნის „ფრანკების ისტორიის წიგნი“, რომელიც მნიშვნელოვანი გადახრების გარეშე ძირითადად იმეორებს გრიგორ ტურელის ისტორიას. გარდა ამისა ჩვენს დრომდე მოაღწია იმდროინდელი მიმოწერის ფრაგმენტებმა, რომლებიც ემყარება იმ წყაროებს, რომელიც ჩვენთვის ცნობილი აღარაა[2].

გრიგოლ ტურელი დაიბადა ხლოდვიგის გარდაცვალებიდან არაუმეტეს 30 წელიწადში და შესაძლებელია შეხვედროდა იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვდათ გარდაცვლილი მეფე. გრიგოლ ტურელს რა თქმა უნდა კარგად ეცოდინებოდა ის ადამიანები ვინც იცნობდნენ დედოფალ კლოტილდას, რომელმაც ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა წმინდა მარტინის ბაზილიკაში და დაახლოებით 545 წელს გარდაიცვალა. გრიგოლ ტურელის ნაშრომს ეწოდება „ფრანკების ისტორია“. მის ნაშრომში ბევრი სადავო მომენტებია, დათარიღებაც არ ხდება კარგად, ერთადერთი ზუსტი თარიღი, რაც დავას არ იწვევს არის ხლოდვიგის გარდაცვალების თარიღი — 511 წელი. გრიგოლის მიხედვით ხლოდვიგმა იმეფა 30 წელი და გარდაიცვალა 45 წლის[3].

გრიგოლ ტურელის მიერ მოთხრობილი ხლოდვიგის ისტორია შეიცავს ზღაპრულ მომენტებს, რომელიც სათავეს ხალხურ ტრადიციებში იღებს.

ტახტზე ასვლა და მდგომარეობა გალიაში

ხლოდვიგი, მეფე ხილდერიკ I-სა და დედოფალ ბაზინა თიურინგიელის შვილი, ტახტზე ავიდა 15 წლის ასაკში, მამამისის გარდაცვალების შემდეგ. ამ პერიოდისათვის ფრანკები ერთიანი ერი არ იყო, ისინი იყოფოდნენ სალიკურ (ზღვისპირა) და რიპუარულ (მენაპირე, მდინარისპირა) ფრანკებად. თავის მხრივ ეს ორი შტოც იყოფოდა წვრილ სამეფოებად (ლათ. regna), რომელსაც მართავდა საკუთარი „მეფე“ (ლათ. rex). ამ თვალსაზრისით ხლოდვიგი სალიკური ფრანკების ნაწილის მეფე გახდა. დანარჩენი გალია გრიგოლ ტურელის მიხედვით ასე იყო დაყოფილი: „ამავე ოლქში, მის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ლუარამდე ცხოვრობდნენ რომაელი გალები, მდინარე ლუარის მეორე მხარეს ბატონობდნენ გუთები. ბურგუნდიელები, რომლებმაც მიიღეს არიანელობა, ცხოვრობდნენ მდინარე რონის მხარეს, რომელზეც მდებარეობს ქალაქი ლიონი“[4]. რომაული ტერიტორიების ნაწილი, ცენტრით სუასონში და პარიზში, ვესტგუთებისა და ბურგუნდების ექსპანსიის გამო, თავდაპირველად მოწყდნენ დასავლეთ რომის იმპერიას, ხოლო მას შემდეგ, რაც 476 წელს რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, რომაული მიწების უკანასკნელ ნაფლეთად დარჩა. ამ ტერიტორიებს მართავდა სიაგრიუსი, რომლის მიხედვითაც ეწოდა სიაგრიუსის სახელმწიფო. გრიგოლ ტურელი მას „რომაელთა მეფეს“ (ლათ. rех Romanorum)[5] უწოდებს, ხოლო ფრედეგარი პატრიცის ტიტულით მოიხსენიებს თავის „ქრონიკაში“[6].

ბრძოლა სიაგრიუსთან

ალარიხ II ხლოდვიგის ელჩებს გადასცემს სიაგრიუსს

ხლოდვიგმა, კარგად გააცნობიერა სიაგრიუსის სახელმწიფოს მომავალი ბედი და თავისი მმართველობის მეხუთე წლისთავზე (486 წელს) მათთან საბრძოლველად გაემართა. მას თან ახლდა თავისი ნათესავი, სალიკელი ფრანკების მეფე რაგნახარი, რომლის რეზიდენციაც კამბრეში იყო[5]. ცოტა ხნით ადრე, როგორც ჩანს 485 წელს, ხლოდვიგი ცდილობდა რიპუარელი ფრანგების მხარდაჭერის მოპოვებასაც, სავარაუდოდ, კავშირი დაამყარა მათ მეფე სიგიბერტთან და სავარაუდოდ დაქორწინდა კიდეც მის ქალიშვილზე, რომელმაც მეფეს გაუჩინა შვილი თოიდერიხ I. ქრისტიანი მემატიანეები ამ ქორწინებას არ აღიარებენ და ხლოდვიგის ცოლს ხარჭის სახელით მოიხსენიებენ, ხოლო მათ ვაჟს უკანონოს უწოდებენ.

სუასონის ბრძოლაში რომაელი გალები დამარცხდნენ. სიაგრიუსი გაიქცა ტულუზაში, ვესტგუთების მეფე ალარიხ II-სთან და თავშესაფარი სთხოვა. მაგრამ ალარიხმა ფრანკების რისხვის თავიდან ასაცილებლად სიაგრიუსი ხლოდვიგის ელჩებს გადასცა[5]. სიაგრიუსის ძალების ზოგიერთი დანაყოფი სუასონის ბრძოლის შემდეგც კვლავ წინააღმდეგობას უწევდა ფრანკებს, მაგრამ მათი წინააღმდეგობა სუსტი იყო და შეწყდა. მაგალითად, „წმინდა ჟენევიევა პარიზელის ცხოვრების“ მიხედვით ხლოდვიგმა პარიზი ხუთწლიანი ალყის შემდეგ აიღო.

თავდაპირველად ხლოდვიგი სიაგრიუსს პატიმრობაში ამყოფებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთლიანად დაიპყრო მისი სამფლობელო, ბრძანა საიდუმლოდ მოეკლათ[5]. სუასონის ბრძოლის შედეგად ფრანკებმა ხელში ჩაიგდეს რომაული გალიის მდიდარი მიწები მდინარე ლუარამდე, მთავარი ქალაქ პარიზით. დაპყრობილ მიწებზე ჯერ კიდევ წარმართი ხლოდვიგი ცდილობდა კარგი ურთიერთობა დაემყარებინა ქალაქის გავლენიან ქრისტიან ეპისკოპოსებთან.

სუასონის თასის შემთხვევა

ხლოდვიგის მეომარი მახვილით აპობს ოქროს თასს. XIV საუკუნის ფრანგული მინიატურა.

გრიგოლ ტურელის ქრონიკა მოგვითხრობს სუასონის თასის შესახებ. სუასონის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მოპოვებულ ალაფს შორის იყო თასი ერთ-ერთი ეკლესიიდან, რომლის ეპისკოპოსმაც ითხოვა მისი უკან დაბრუნება (ფრედეგარი კი გვაუწყებს, რომ ეს იყო რეიმსის ტაძრის მთავარეპისკოპოსი რემიგიუსი). ხლოდვიგიც დათანხმდა. ნადავლს მეზობელ ქალაქ სუასონში ინაწილებდნენ. გერმანელთა კანონისა და წეს-ჩვეულებების მიხედვით, მეომარი თავის წილ ნადავლს კენჭისყრით იღებდა. ხლოდვიგმა სთხოვა, რომ მისთვის თასი წილისყრის გარეშე დაეთმოთ. მხედრებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ მეფის ხასიათი და მისი ეშინოდათ, თანხმობა განაცხადეს. ერთი ახალგაზრდა მხედარი წეს-ჩვეულების დარღვევით აღშფოთდა და წამოიძახა: „შენ მხოლოდ იმას მიიღებ, რაც წილისყრით შეგხვდება!“, მხედარმა აიღო მახვილი და თასი ნაწილებად გააპო, რათა იგი მარტო მეფეს არ აეღო. ხლოდვიგი გაჩუმდა.

ერთი წლის შემდეგ, ჯარის დათვალიერების დროს, ხლოდვიგი მივიდა ამ მეომართან, დაადანაშაულა იმაში, რომ იარაღს ცუდად უვლიდა და მისი მახვილი ძირს დასცა, როდესაც მეომარი მახვილის ასაღებად დაიხარა, მეფემ საბრძოლო ცული დაჰკრა, თავი გააგდებინა და წარმოთქვა: „სწორედ ისე, როგორც შენ სუასონში თასი გააპე“. ჯარი შიშისგან გაქვავდა. ამიერიდან მეფის ურჩობას ვერავინ ბედავდა[5]. სასულიერო პირებმა სწრაფად შეაფასეს ახალგაზრდა მეფის ნება, თვით რემეგიუსმა წერილობით აღიარა მისი ხელისუფლება[7].

ბრძოლა თიურინგებთან

491 წელს თავისი მმართველობის მეათე წელს[5] ხლოდვიგმა შეასრულა რიპუარის ფრანკების მეფის წინაშე დადებული ხელშეკრულება და დაიწყო თიურინგების წინააღმდეგ ბრძოლა. გრიგოლ ტურელი მოგვითხრობს, რომ რიპუარის ფრანკებს არ ჰქონდათ თიურინგებთან ომის სურვილი და მშვიდობისაკენ მიისწრაფვოდნენ, მშვიდობის დასამყარებლად მათ მძევლებიც კი გადასცეს. თუმცა თიურინგელებმა მძევლები დახოცეს და შეუტიეს რიპუარის ფრანკებს. მათი თავდასხმები საშინელი სისასტიკით ხასიათდებოდა[8]. სიგიბერტმა დახმარებისათვის სალიკურ ფრანკებს მიმართა, რასაც ხლოდვიგი გამოეხმაურა. იგი შეიჭრა თიურინგების ტერიტორიაზე და დაამარცხა ისინი. ხლოდვიგმა წარმატების მიუხედავად თავისი მეფობის ბოლო პერიოდამდე ვერ შეძლო თიურინგების დამორჩილება.

კლოტილდაზე ქორწინება

წმინდა კლოტილდას ძეგლი, კორბეს ღვთისმშობლის ეკლესია. XII საუკუნე

493-494 წლებში ხლოდვიგის პოლიტიკური წონა გერმანელ მეფეებს შორის იმდენად დიდი იყო, რომ ოსტგუთების მეფემ თეოდორიხ დიდმა ოდოაკრზე გამარჯვების შემდეგ მეფე ხლოდვიგს დის, აუდოფლედის ხელი სთხოვა და მალე შედგა კიდეც ეს ქორწინება. თავად ხლოდვიგი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცოლად ჰყავდა ქალი, რომელთანაც მომავალი მეფე თეოდორიხ I-იც კი შეეძინა, 493 წელს ქორწინდება კლოტილდაზე, ბურგუნდიის მეფე ხილპერიკ II-ის ასულზე და გუნდობადის ძმისშვილზე. ამ პერიოდში ბურგუნდიას მართავდა ოთხი ძმა გუნდობადი, გოდეგიზელი, ხილპერიკ II და გოდომარ I. გუნდობადმა თავისი ძმა ჰილპერიკი ხმლით მოკლა და ბრძანა წყალში გადაეგდოთ კისერზე ქვებშებმული თავის ცოლთან ერთად, შემდეგ კი დაადანაშაულა და ქვეყნიდან გააძევა მისი ორი ქალშვილი: უფროსი კრონა (წავიდა მონასტერში) და უმცროსი კლოტილდა. ამავდროულად ხლოდვიგი ელჩებს გზავნიდა ბურგუნდიაში, რომლებიც შეხვდნენ ახალგაზრდა კლოტილდას, მათ შეამჩნიეს კლოტილდას სილამაზე და გონიერება და შეიტყვეს რომ იგი ასევე სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო, ელჩებმა ამის შესახებ უამბეს მეფეს. ხლოდვიგმა სასწრაფოდ გაგზავნა ელჩები და მეფე გუნდობადს კლოტილდას ხელი სთხოვა. გუნდობადმა უარი ვერ გაბედა, ელჩებს გააყოლა კლოტილდა და ხლოდვიგი მასზე დაქორწინდა[9]. მიუხედავად იმისა, რომ ბურგუნდიის სამეფო კარი არიანელობის მიმდევარი იყო, კლოტილდა დედის გავლენით აღიარებდა ქრისტიანობას, რომელიც დაფუძნებული იყო ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლოზე.

როგორც გრიგოლ ტურელი მოგვითხრობს, გათხოვების შემდეგ კლოტილდა ყველანაირად ცდილობდა ხლოდვიგის ქრისტიანობაზე მოქცევას, თუმცა ხლოდვიგი არ ჩქარობდა ამ ნაბიჯის გადადგმას. პირველი შვილის, ინგომერის დაბადების შემდეგ კლოტილდამ სთხოვა ხლოდვიგს იგი ქრისტიანულად მოენათლათ, ხლოდვიგი დათანხმდა. მაგრამ ნათლობის დასრულებისთანავე, ჯერ კიდევ ნათლობის ტანსაცმელში ბავშვი გარდაიცვალა. მეფე განრისხდა და გრიგოლ ტურელის მიხედვით მეფემ წამოიძახა: „ბიჭი რომ ჩემი ღმერთების სახელით მომენათლა, იგი ცოცხალი დარჩებოდა“. ამის შემდეგ მეფე-დედოფალს მეორე შვილი ხლოდომირი შეეძინათ. როდესაც იგი მონათლეს, იგი მალევე ავად გახდა და მეფემ თქვა: „მას იგივე დაემართებოდა რაც მის ძმას, თქვენი ქრისტეს სახელით მონათვლის შემდეგ იგი მალევე მოკვდება“. კლოტილდამ დაიწყო ლოცვა და საბოლოოდ ხლოდომირი გადარჩა[10]. მიუხედავად ამ სასწაულებრივი ამბისა ხლოდვიგი კვლავ უარს ამბობდა გაქრისტიანებაზე[11].

ბრძოლა ალემანებთან

496 წელს, ხლოდვიგის მეფობის მეთხუთმეტე წლსითავზე ფრანკებსა და ალემანებს შორის გაჩაღდა ომი[12]. სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც ალემანები შეიჭრნენ რიპუარელი ფრანკების ტერიტორიაზე, რიპუარების ფრანკების მეფე სიგიბერტი და ხლოდვიგი მოკავშირეები გახდნენ. ტოლბიაკის ბრძოლაში (თანამედროვე ციულპიხი) ფრანკებმა გაიმარჯვეს. ალემანების მეფე ბრძოლის ველზე დაეცა, ხლოდვიგმა კი დაიპყრო ალემანების ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, კონკრეტულად მდინარე რაინის მარცხენა ნაპირი, მდინარე ნეკარის (რაინის მარჯვენა შენაკადი) ტერიტორია და მიწები მაინის დაბლობამდე. სიგიბერტი ამ ბრძოლაში დაიჭრა მუხლში და მომავალში მიიღო ზედწოდება კოჭლი[13].

ხლოდვიგის მონათვლა

მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ მეფის გაქრისტიანებაზე

წმინდა რემიგიუსი და ხლოდვიგ I. საფრანგეთი, პარიზი, XIV საუკუნე

ხლოდვიგის მმართველობის უმთავრესი მოვლენაა მისი გაქრისტიანება. გრიგოლ ტურელი აღნიშნავს, რომ მეფის ნათლობა გაიმართა ალემანებზე გამარჯვების შემდეგ. წყაროების მიხედვით, როდესაც ალემანებმა სძლიეს ფრანკებს, ხლოდვიგმა შესძახა:

ვიკიციტატა
„ო, იესო ქრისტე, შენ, რომელსაც კლოტილდა გაღიარებს, როგორც ცოცხალი ღმერთის ძეს და, როგორც ამბობენ, ეხმარები წამებულთ და გამარჯვებას ანიჭებ შენზე მოიმედეებს, მორჩილად გევედრები, გამოაჩინო შენი ძალის დიდება. თუკი მიბოძებ გამარჯვებას ჩემს მტრებზე და გამოვცდი შენს ძალას, რომელიც, როგორც ის ამტკიცებს, შენი სახელით კურთხეულმა ხალხმა გამოსცადა, გირწმუნებ და შენი სახელით მოვინათლები.“

ამის შემდეგ ალემანების მეფე დამარცხდა და უმეთაუროდ დარჩენილი მისი ჯარი გაიქცა.

ხლოდვიგის მოქცევა. დიონისე პარიზელის ცხოვრება (XIII საუკუნე)

სახლში დაბრუნებულმა ხლოდვიგმა დედოფალს უამბო თუ როგორ მიაღწია გამარჯვებას იესო ქრისტეს სახელით[12]. დედოფალმა მოიხმო რეიმსის ეპისკოპოსი რემეგიუსი, რომელმაც დაიწყო მეფის დარწმუნება მიეღო ქრისტიანობა. მეფემ მას უპასუხა

ვიკიციტატა
„სიამოვნებით გისმენ წმინდა მამაო, ერთი რამ მაწუხებს, რომ ჩემი ხალხი არ შემიწყნარებს, რომ მე დავტოვო მათი ღმერთები. თუმცა მე წავალ და გავესაუბრები მას თქვენი სიტყვების შესაბამისად.“

ხალხმა მეფის სიტყვების შემდეგ შესძახა:

ვიკიციტატა
„ო, ღვთისმოსავო მეფევ, უარს ვამბობთ ჩვენს მომაკვდავ ღმერთებზე და მზად ვართ მივსდიოთ უკვდავ ღმერთს, რომელსაც რემიგიუსი ქადაგებს.[14]

ასე მიიღო მეფემ გაქრისტიანების გადაწყვეტილება.

ნათლობის სავარაუდო თარიღი და ადგილი

ხლოდვიგის გაქრისტიანების თარიღი მისი მეფობის ქრონოლოგიის ყველაზე სადავო საკითხად რჩება. მეფის არცერთი ძირითადი ისტორიკოსი არ ასახელებს გაქრისტიანების თარიღს. ხლოდვიგის გაქრისტიანებაზე საუბარობენ ვიენის ეპისკოპოსი ავიტუსი[15] და რეიმსის ეპისკოპოსი რემიგიუსი[16] თავიანთ წერილებში, თუმცა არც ისინი ასახელებენ თარიღს. ტრადიციულად ითვლება, რომ ნათლობა შედგა 496 წლის 25 დეკემბერს, შობას, თუმცა ფრედეგარი ამბობს, რომ ნათლობა შედგა აღდგომას[17]. ნათლობა გაიმართა რეიმსში რემიგიუსის ხელით. ხლოდვიგის მაგალითს მიბაძა 3 000-მა ფრანკმა ჯარისკაცმა მისი რაზმიდან (ფრედეგარი ასახელებს 6 000 ჯარისკაცს[17]), ასევე მოინათლა მისი და ალბოფლედა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ასევე მოინათლა მისი მეორე და, ლანთელჰილდა, რომელიც ადრე არიანელობას აღიარებდა[14].

ნათლობის შედეგები

ამ მინიატურაზე ჩანს მტრედი მირონით სავსე ჭურჭლით. XIV საუკუნე. საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა

ხლოდვიგის ნათლობამ ხელი შეუწყო მისი ხელისუფლების განმტკიცებას. ნათლობამ უზრუნველყო მართლმადიდებლური სასულიერო პირების მხარდაჭერა და გალო-რომაელი მოსახლეობის კეთილგანწყობა. უმთავრესი იყო ის, რომ ხლოდვიგმა მიიღო არა არიანელობა, არამედ ქრისტიანობის მართლმადიდებლური ფორმა. ადრე გაქრისტიანებულმა ტომებმა (ვესტგუთები, ოსტგუთები, ბურგუნდები და სხვ.) არიანელობა არჩიეს. ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოება იყო რომაელების რელიგია და აღნიშნული სახელმწიფოები ფიქრობდნენ, რომ მათი ხალხი გაითქვიფებოდა უფრო დიდ ცივილიზაციასთან კავშირში. ხლოდვიგი გრძნობდა, რომ ეს საფრთხე არ იყო რეალური. მისმა გადაწყვეტილებამ შექმნა რომანულ-გერმანული კულტურის ერთოანობისა და სინთეზის წინაპირობა და ეს არის ფრანკთა მონარქის დამსახურება ევროპული კულტურისადმი. გალო-რომაელი ეპისკოპოსები ხლოდვიგის მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე მოქცევას თვლიდნენ საკუთარ გამარჯვებად. ეპისკოპოსმა ავიტუს ვიენელმა მეფეს მიმართა ასეთი შინაარსის წერილით:

ვიკიციტატა
„თქვენი წყალობით ამ მხარეში სინათლე აკიაფდა და დასავლეთში ახალი ვარსკვლავი გაბრწყინდა! ამოარჩიეთ რა საკუთარი თავი, თქვენ ამით ყველა ამოარჩიეთ. თქვენი რწმენა - ეს ჩვენი გამარჯვებაა!“

ნათლობასთან დაკავშირებული ლეგენდები

ხლოდვიგის გაქრისტიანებას თან ახლავს რამდენიმე ლეგენდა. ერთ-ერთი ვერსიით წმინდა რემიგიუსს გამოეცხადა ანგელოზი მტრედის სახით, რომელსაც მოჰქონდა მირონით სავსე ჭურჭელი (ფრანგ. sainte ampoule ანუ „წმინდა ამპულა“) ხლოდვიგის მოსანათლად. ამიერიდან, კურთხევისას საფრანგეთის თითქმის ყველა მეფეს ამ ჭურჭლიდან სცხებდნენ მირონს. გადმოცემის თანახმად, ამ წმინდა ჭურჭელმა XVIII საუკუნემდე მოაღწია და საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს დაიმსხვრა. გრიგორი ტურელი თავის „ფრანკების ისტორიაში“ ამის შესახებ არაფერს გვაუწყებს. ლეგენდას სათავე დაუდო რეიმსის მთავარეპისკოპოსმა ჰინკმარმა.

ასევე არსებობს ლეგენდა საფრანგეთის ჰერალდიკური შროშანის წარმოშობის შესახებ: ხლოდვიგმა თავისი მონათვლის სიმბოლოდ აირჩია სწორედ ეს ყვავილი[18]. სხვა ვერსიით ხლოდვიგს ტოლბიაკის ბრძოლის დროს გამოეცხადა ანგელოზი შროშანით და უთხრა, რომ ეს ყვავილი ყოფილიყო მისი სიმბოლო და გადაეცა იგი თავისი მემკვიდრეებისათვის.

ხლოდვიგის ნათლობასთან დაკაავშირებულია ფრთიანი გამონათქვამი:

ვიკიციტატა
„ეთაყვანე იმას, რაც შენ დაწვი; დაწვი ის, რასაც ეთაყვანებოდი...“

გადმოცემის მიხედვით სწორედ ამ სიტყვებით მიმართა წმინდა რემიგიუსმა მეფეს როდესაც მოუწოდა დაეტოვებინა წარმართობა და გადასულიყო ქრისტიანობაზე[19].

ხლოდვიგის გაქრისტიანება ხელოვნებაში

ხლოდვიგის გაქრისტიანების სცენა არაერთხელ გამხდარა მხატვრებისა და მოქანდაკეების შთაგონების წყარო, როგორც შუა საუკუნეებში ასევე უფრო გვიან პერიოდში.

შეტაკებები ბრეტონელებთან და ვესტგუთებთან

დასავლეთით ხლოდვიგის წინსვლა დიდი ხნით შეაყოვნა არმიორკის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბრეტონელებმა, რომლებთანაც სავარაუდოდ 500 წელს დადო ხელშეკრულება. როგორც ჩანს ხლოდვიგმა ნომინალურად, მაგრამ მაინც დაიქვემდებარა ბრეტონი. გრიგოლ ტურელი თავის ქრონიკაში არ მოგვითხრობს აღნიშნულ ფაქტზე, თუმცა შემდეგი ამბების თხრობისას აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„ბრეტონელები ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ ყოველთვის იმყოფებოდნენ ფრანკების მმართველობის ქვეშ და მათ ყავდათ გრაფები და არა მეფეები.“

თუმცა სხვა ისტორიკოსები თვლიან, რომ აღნიშნული მტკიცებულება დაუსაბუთებელია და რომ VI საუკუნის შუა წლებისათვის ბრეტონელები ისეთი ძლიერები იყვნენ, რომ არ ეშინოდათ ფრანკების.

490-იანი წლების შუა პერიოდიდან ფრანკებმა მდინარე ლუარის სამხრეთით, ვესტგუთების მიწებზე დაიწყეს გაფართოება. მეფე ალარიხის მიერ სიაგრიუსის ღალატის ფაქტი უკვე მოწმობს, რომ ვესტგუთებს ეშინოდათ ფრანკების. ხლოდვიგმა 494 წელს დაიპყრო სენტი, თუმცა 496 წლისათვის სენტი კვლავ დაიბრუნეს ვესტგუთებმა. 498 წელს ხლოდვიგმა დაიპყრო ბორდო, სადაც ფრანკებმა ტყვედ ჩაიგდეს ვესტგუთების ჰერცოგი და სამხედრო მეთაური სუატრიუსი[21]. მოგვიანებით, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა ვესტგუთ-ბურგუნდების კავშირი ფრანკების წინააღმდეგ, რადგან ბურგუნდების მეფე გუნდობადმა ფრანკი ტყვეები ტულუზაში გააგზავნა[22]. დაახლოებით 502 წლისათვის ეს შეტაკებები დასრულდა. ვინაიდან ალარიხ II და ხლოდვიგ I ერთმანეთს შეხვდნენ მდინარე ლუარის კუნძულზე სოფელ ამბუაზთან, საზღვარი ვესტგუთებსა და ფრანკებს შორის სწორედ ამ მდინარეზე გადიოდა.

ჩარევა ბურგუნდიის საქმეებში

ბურგუნდიის ორ მეფეს შორის, ძმებ გუნდობადსა და გოდეგიზელს შორის დაიწყო ბრძოლა. გოდეგიზელმა ძმის წინააღმდეგ დასახმრებლდ მიმართა ხლოდვიგს და დაპირდა ხარკის გადხდას:

ვიკიციტატა
„თუკი შენ მე დამეხმარები ჩემი ძმის დევნაში, რათა მე შევძლო მისი მოკვლა ან გაძევება, მე ყოველწლიურად გადაგიხდი შენს მიერ დაწესებულ ნებისმიერი რაოდენობის ხარკს“

500 წელს გოდეგიზელმა და ხლოდვიგმა იერიში მიიტანეს გუნდობდზე, ბრძოლა გაიმრთა მდინარე უშის ნაპირზე, დიჟონის ციხესიმაგრესთან. გუნდობადი ავინიონში გაიქცა[23]. გოდეგიზელი ხლოდვიგს დაპირდა სამეფოს ნაწილს და წავიდა ვიენში, ხოლო ხლოდვიგი ავიონიონმდე დევნიდა გუნდობადს, ხოლო შემდეგ მოულოდნელად დაბრუნდა სახელმწიფოში. სავრაუდოდ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ვესტგუთების მეფე ალარიხ II მისი ქვეყნის საზღვრებს მიადგა, რომელსაც გუნდობადი დაპირდა ყოველწლიური ხარკის გადახდას. ხლოდვიგმა გოდეგიზელს დაუტოვა 5 000 მხედარი[24].

501 წელს გუნდობადი ვესტგუთების მხარდაჭერით კვლავ შეიჭრა ბურგუნდიაში, ალყა შემოარტყა ვიენში მყოფ გოდეგიზელსა და მის დამხმარე ფრანკთა დანაყოფებს. საკვების უკმარისობის გამო, გოდეგიზელმა ბრძანა, რომ უბრალო მოსახლეობა გაეყარათ ქალაქიდან. მათ შორის ერთ-ერთი იყო ხელოსანი, რომელსაც ევალებოდა ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მეთვლყურეობა, მან გუნდობადს აჩვენა გზა საიდანაც შეიძლებოდა წყლის გადაკეტვა ქალაქისათვის. ღალატის მეშვეობით გუნდობადი დაეპატრონა ქალაქს და გაანადგურა გარნიზონი. გოდეგიზელი გაიქცა არიანულ ეკლესიაში, სადაც იგი მოკლეს არიანელ ეპისკოპოსთან ერთად. ტყვედ ჩავარდნილი ფრანკები ვესტგუთების მეფე ალარიხ II-ს გაუგზავნეს ტულუზაში. გუნდობადი გახდა ბურგუნდიის ერთადერთი მეფე[22]. 503 წელს გუნდობადი და ხლოდვიგი ერთმანეთს შეხვდნენ ოსერის ახლოს და დადეს სამოკავშირეო ხელშეკრულება.

ახალი ომი ალემანებთან

506 წელს აჯანყდნენ ალემანები და ხლოდვიგმა კვლავ აიძულა ისინი ეღიარებინათ მისი ხელისუფლება, მაგრამ ალემანების ნაწილი გაიქცა და თავი შეაფარეს ოსტგუთებს, განსახლდნენ ბოდენის ტბის სამხრეთით და ნორიკში. თეოდორიხ დიდმა მათ ბავარიელებთან ერთად, რომაული მაგალითის მსგავსად მიანიჭა „ფედერირებული მოკავშირეების“ სტატუსი და დაავალა ალპების მთების გადასასვლელების დაცვა.

ომი ვესტგუთებთან

ვესტგუთებისა და ფრანკების ომი (507-509 წწ.)

ომის მიზეზები

ხლოდვიგის მმართველობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოვლენაა 507-508 წლებში გალიაში ვესტგუთების სამეფოს დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება მოკავშირე ბურგუნდებთან ერთად. ამ ომში ხლოდვიგს მხარს უჭერდა რიპუარელი ფრანკები და მათი მეფე სიგიბერტ კოჭლი. ოსტგუთების მეფე თეოდორიხ დიდმა ვესტგუთებთან, ბურგუნდებთან, გერულებთან, ვარნებთან, რაინისპირა თიურინგიელებთან და ასევე ხლოდვიგთან დააგზავნა ელჩები და წერილები, რომელშიც თხოვდა ყველა მათგანს დასავლეთ ევროპის გერმანულ სახელმწიფოებს შეენარჩუნებინათ მშვიდობა, მაგრამ ხლოდვიგი არანაირ მოლაპარაკებაზე არ წასულა. სავარაუდოდ მას სწრაფი თავდასხმისაკენ აქეზებდა ბიზანტიური დიპლომატია, რადგან ხლოდვიგის წარმატება შეასუსტებდა თეოდორიხ დიდის პოლიტიკურ მდგომარეობას.

ხლოდვიგი ფიქრობდა რომ გალო-რომაელი მოსახლეობა და ვესტგუთების მართლმადიდებლური საეკლესიო იერარქია ერთსულოვნად გადავიდოდა ერთმორწმუნე ფრანკების მხარეზე, თუმცა ეს მოლოდინი სრულად არ გამართლდა. ოვერნის მოსახლეობამ სიდონიუს აპოლინარიუსის შვილის, აპოლინარიუსის მეთაურობით მხარი დაუჭირა ვესტგუთების მეფე ალარიხ II-ს[25].

ფრანკების ლაშქრობის დაწყება

ხლოდვიგის ბრძოლა ვესტგუთებთან. XIV საუკუნის მინიატურა

507 წლის გაზაფხულზე ხლოდვიგი თავის შვილ თოიდერიხ I-თან და სიგიბერტ კოჭლის შვილ ხლოდერიხთან ერთად სალაშქროდ დაიძრა ტურის მიმართულებით[13]. შემდეგ შეუერთდა ბურგუნდიელთა დანაყოფები გუნდობადის შვილის სიგიზმუნდის მეთაურობით. ლაშქრობას თან სდევდა სასწაულებრივი ნიშნები. თანამედროვეების სიტყვით ღმერთი მხარს უჭერდა მეფეს. ხლოდვიგმა სასტიკად აუკრძალა თავის ჯარისკაცებს ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვა. გრიგოლ ტურელის თანახმად ჯარისკაცი, რომელმაც თივა წაიღო დაუკითხავად სასტიკად დასაჯეს[13].

ბუიეს ბრძოლა

507 წლის[] გვიან ზაფხულს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ფრანკებსა და ვესტგუთებს შორის ბუიეს ხეობაში, ქალაქ პუატიედან ჩრდილო-დასავლეთით 15 კილომეტრზე. სასტიკი ბრძოლის შემდეგ ფრანკებმა გაიმარჯვეს. თავად ხლოდვიგმა დაამარცხა ალარიხ II ბრძოლის ველზე. ამ მარცხმა მორალურად გატეხა ვესტგუთები. სარაგოსის ქრონიკა აღნიშნავს, რომ ბრძოლის შემდეგ „ტულუზის სამეფო დაანგრიეს ფრანკებმა“[26]. ვესტგუთების სახელმწიფოს დაშლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალარიხის ბრძოლის ველზე სიკვდილმა და ზრდასრული მემკვიდრის არყოლამ. დამარცხების შემდეგ პირველ კვირეებში, სავარაუდოდ, არავინ იყო, ვინც შეძლებდა ვესტგუთების ძალების მობილიზებას. ფრანკების მიერ ვესტგუთების დაპყრობა აკვიტანიაში შემდგომი გართულებების გარეშე წარიმართა.

აკვიტანიის დაპყრობა

ხლოდვიგმა აკვიტანიაზე ლაშქრობის თავისუფლება მიიღო მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) ფლოტმა ალყა შემოარტყა ტარენტეს. თეოდორიხ დიდისა და ოსტგუთების ძალების გაერთიანების გამო ვერ შეძლეს ვესტგუთების დასახმარებლად მისვლა. ხლოდვიგი არმიის ნაწილით გადავიდა ბორდოში, სადაც მან ზამთარი გაატარა, ხოლო მისი შვილი თოიდერიხი ჯარის სხვა ნაწილთან ერთად იმორჩილებს ვესტგუთებს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გალიაში. დაიპყრო ქალაქები ალბი, როდეზი და კლერმონი და მიწები ბურგუნდების ტერიტორიამდე[13].

ტულუზის აღება

508 წლის გაზაფხულზე ფრანკების ძალები ხლოდვიგის მეთაურობით, ბურგუნდების მაშველ რაზმთან ერთად იღებს ვესტგუთების დედაქალაქ ტულუზას. ფრანკებს ხელში ჩაუვარდათ საგანძურის დიდი ნაწილი. შეცდომაა იმის თქმა, რომ მთელი სამეფო ხაზინა აღმოაჩინეს ფრანკებმა ტულუზაში. პროკოფი კესარიელის ცნობით ცხადი ხდება, რომ საგანძურის ნაწილი უსაფრთხოების მიზნით გადატანილი იყო კარკასონში[27]. ხლოდვიგმა აიღო ქალაქი ანგულემი, საიდანაც განდევნა გუთები. მეფე გამარჯვებული დაბრუნდა ტურში და მრავალი შესაწირი გაიღო წმინდა მარტინ ტურელის ბაზილიკისათვის[13].

თეოდორიხი ფრანკებთან ერთად კი აგრძელებს დაპყრობას და იღებს ქალაქ ოვერნს, ხოლო ბურგუნდიის მეფე გუნდობადი იპყრობს ნარბონას და ალყას შემოარტყავს არლს, რადგან სურს ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი მიიღოს.

ომში ოსტგუთების ჩარევა

დაახლოებით 508 წელს ოსტგუთების მეფე თეოდორიხ დიდმა გალიაში გააგზავნა ჯარის ნაწილები, რომლებსაც მეთაურობდნენ ჰერცოგები იბა, მამო და ტულუინი, რათა ხელი შეეშალათ ვესტგუთების სახელმწიფოს სრული დაშლისათვის. ბურგუნდები იძლებულები გახდნენ ხელი აეღოთ არლის ალყაზე. მათ დაკარგეს ასევე ნარბონაც. ოსტგუთების არმიამ შეძლო ასევე ფრანკების ალყის მოხსნა კარკასონშიც, სადაც, როგორც ჩანს, იმალებოდა ალარიხ II-ის მცირეწლოვანი შვილი ამალარიხი, რომელიც ასევე იყო თეოდორიხ დიდის შვილიშვილი. ამის შემდეგ დაამარცხეს ვესტგუთების ჯარი ბარსელონასთან ახლოს. ომი გაგრძელდა 512 ან 514 წლამდე, თუმცა ჩვენთვის უცნობია ცალკეული ბრძოლების მიმდინარეობის დეტალები.

ოსტგუთების ჩარევის შედეგად ვესტგუთებმა შეინარჩუნეს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გალიის ნაწილი, სეპტიმანია და ნოვემპოპულანიის სამხრეთი ნაწილი ქალაქებით: ნიმი, მაგალონა, ლოდევი, აგდი, ბეზიე, ნარბონა და კარკასონი. პროვანსი მდინარე დიურანსიდან სამხრეთით შეუერთდა ოსტგუთების სახელმწიფოს. გუთებთან ბრძოლის შედეგად ფრანკებმა მნიშვნელოვნად გააფართოეს თავიანთი ტერიტორია გალიაში და შემდეგ დაიპყრეს ტერიტორიები გარონიდან მდინარე რაინამდე და ბრეტანიდან რონამდე, ხოლო ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი მათთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი იყო.

ბიზანტიის იმპერატორის შეფასება ხლოდვიგის დამსახურებაზე

508 წელს ხლოდვიგთან ტურში ჩავიდნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) ელჩები და შეატყობინეს მას, რომ იმპერატორმა ანასტასიოს I-მა საპატიო კონსულის დონემდე აამაღლა. იმპერატორმა მას ასევე გაუგზავნა სამეფო ხელისუფლების ფორმალური აღიარების ნიშნები: მოსასხამი, ტუნიკა და დიადემა[28]. ამ ქმედებით ბიზანტიამ გამოხატა მოწონება ხლოდვიგის ანტი-გოთური პოლიტიკისა და მისი ქრისტიანული სარწმუნოების მიღების მიმართ. გალიის ქრისტიანი მოსახლეობისათვის ეს იყო ფრანკთა ხელისუფლების ლეგიტიმურობის დამსახურება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კონსულობა ხლოდვიგს არ მიუღია და ეს იყო მხოლოდ ფორმალური აღიარება.

ვესტგუთებთან ომის შემდეგ ხლოდვიგი გაემგზავრა პარიზში, რომელიც 508 წელს გახადა საკუთარი რეზიდენცია[25][28][29].

ანგარიშსწორება ნათესავების მიმართ

მანუსკრიპტი 4404 (სამეფო ბიბლიოთეკა) — „სალიკური სამართლის“ სატიტულო ფურცელი

რატომ არ არის ხლოდვიგი კანონიზირებული

ეკლესიის მიმართ ხლოდვიგის დამსახურება დიდია, მან ქვეყანა გააქრისტიანა. მისმა ცოლმა დედოფალმა კლოტილდა ბურგუნდიელმა წმინდანის ხარისხი მიიღო, მაგრამ ხლოდვიგის კანონიზირება არ მომხდარა და ამის მიზეზი მეფის ცინიკური ხასიათი იყო. ნათლობა მისთვის არ ყოფილა მორალური გადაწყვეტილება, ხლოდვიგს ქრისტიანობის მიღებით პრაქტიკული სარგებლის მიღება უნდოდა და როგორც კი გახდა ქრისტიანი თავისი ნათესავების მიმართ დაიწყო ანგარიშსწორება.

რიპუარული ფრანკების მიწების შეერთება

რიპუარული ფრანკების მეფის სიგიბერტ კოჭლის წინააღმდეგ (რომლის რეზიდენციაც კიოლნში იყო) განაწყო მისი შვილი ხლოდერიხი და აიძულებდა მამის მოკვლას. სიგიბერტის მკვლელობა მოხდა ბუკონსკის ტყეში ნადირობისას. თავად ხლოდერიხი კი 508 წელს მოაკვლევინა საკუთარ ელჩებს. ხლოდვიგმა თავის სახელმწიფოს შემოუერთა სიგიბერტის სამფლობელოები[30]

ხარარიხის მიწის დაპყრობა

სხვა შემთხვევებში ხლოდვიგი მიმართავდა სამხედრო ძალას. მაგალითად, იგი დაუპირისპირდა სალიკური ფრანკების ერთ-ერთ ლიდერს ხარარიხს, რომელიც ფლობდა ტერიტორიის ნაწილს რაინის დაბლობზე. ადრე ხლოდვიგმა სიაგრიუსის წინააღმდეგ ბრძოლისას ხარარიხს დახმარებისათვის მიმართა, მაგრამ მან ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და ელოდებოდა რომელი მოწინააღმდეგე გაიმარჯვებდა. ხლოდვიგმა ტყვედ ჩაიგდო ხარარიხი და მისი შვილი და იძულებით შეჭრა თმა, მამა მღვდლად გამოაცხადა, ხოლო შვილი დიაკვნად. ამრიგად, ხარარიხსა და მის შვილს ჩამოერთვა სამეფო მემკვიდრეობის უფლება. მოგვიანებით ხლოდვიგის ბრძანებით მათ თავები მოკვეთეს[31]

რაგნახარისა და მისი ძმების რიხარისა და რიგნომერის მკვლელობა

შემდეგ ხლოდვიგმა გადაწყვიტა დაეპყრო თავისი ნათესავისა და მოკავშირის რაგნახარის მიწები კამბრეში. მან მოისყიდა რაგნახარის ჯარისკაცები და მათ გაუგზავნა ოქროს ნივთები, მაგრამ როგორც გრიგოლ ტურელი გვეუბნება ეს ნივთები მხოლოდ მოოქროვილი იყო. ამის შემდეგ ხლოდვიგი რაგნახარის წინააღმდეგ გამოვიდა. ბრძოლის დაწყებისთანავე რაგნახარი და მისი ძმა რიხარი მეომრებმა შეიპყრეს და გადასცეს ხლოდვიგის ნდობით აღჭურვილ პირებს. ხლოდვიგმა ორივე ძმა მოკლა. მათი მკვლელობის შემდეგ მოღალატე ჯარისკაცებმა გაიგეს, რომ ხლოდვიგის ოქრო იყო ყალბი. როდესაც მათ ხლოდვიგს ამის შესახებ უთხრეს მეფემ უპასუხა

ვიკიციტატა
„ასეთ ოქროს ის იმსახურებს, ვინც საკუთარ ბატონს გაყიდის, თქვენ კმაყოფილები უნდა იყოთ, რომ ცოცხლები დარჩით და არ დაგხოცეთ წამებით, რასაც იმსახურებთ თქვენი ბატონის ღალატისათვის.“

ასევე ხლოდვიგის ბრძანებით მოკლეს რაგნახარის ძმა რიგნომერი ქალაქ ლე-მანში. ამ ამბების შედეგად სალიკური ფრანკების მიწები, რომლის ცენტრიც კამბრე იყო, შეუერთდა ხლოდვიგის სამფლობელოს[32].

ზოგიერთი ისტორიკოსი ხლოდვიგის მიერ სალიკური ფრანკების ტერიტორიის დაპყრობას მიაკუთვნებს არა ხლოდვიგის მეფობის დასასრულს, როგორც გრიგოლი ტურელი გვეუბნება, არამედ მისი დაპყრობების პირველ ნაწილს, კერძოდ კი, ხლოდვიგის სიაგრიუსზე გამარჯვების პერიოდს.

სხვა ნათესავების დასჯა

ხლოდვიგმა ღალატით მოიშორა ასევე ის ნათესავები, რომელთა მხრიდანაც ელოდა ხელისუფლების წართმევას და ღალატს. გრიგოლ ტურელის სიტყვებით იგი თითქოს წუხდა, რომ დარჩა ნათესავების გარეშე, რომლებიც გასაჭირის დროს დაეხმარებოდნენ, მაგრამ ტურელისვე შეფასებით ეს არ უთქვამს სინანულის გამო, ეს იყო ეშმაკურად ნათქვამი, იმ იმედით, გაერკვია თუ ვინმე კიდევ იყო დარჩენილი, რომლის მოშორებაც შეიძლებოდა[32].

მმართველობის უკანასკნელი წლები და გარდაცვალება

ფრანკების სამეფოს დაყოფა ხლოდვიგ I-ის გარდაცვალების შემდეგ (511 წელი)

თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში ხლოდვიგმა დაიპყრო რაინის წვრილ-წვრილი სამეფოები: თიურინგების, ვარნებისა და დასავლეთის გერულების. ამრიგად, ხლოდვიგის მმართველობის დროს რაინის პირზე არ დარჩენილა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ხლოდვიგის დროს ჩაწერეს სალიკური სამართალი, ფრანკების კანონთა პირველი კრებული. ასევე მოიწვია პირველი საეკლესიო კრება 511 წლის ივლისში ორლეანში, რომელშიც მონაწილეობდა 32 ეპისკოპოსი, რომელთაგანაც ნახევარი წარმოშობით იყო ფრანკების სახელმწიფოდან.

ხლოდვიგი გარდაიცვალა 511 წლის 27 ნოემბერს 45 წლის ასაკში პარიზში. იგი დაკრძალეს წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში, რომელიც თავად ააშენა. XVIII საუკუნეში ეს ეკლესია აკურთხეს ხლოდვიგის გვერდით დაკრძალული წმინდა ჟენევიევას სახელზე. ხლოდვიგი მეფობდა 30 წელი[3].

ოჯახი

  • პირველი ცოლის სახელი (სავარაუდოდ 485 წლიდან) უცნობია. გრიგოლ ტურელი და სხვა მემატიანეები მას ხარჭას უწოდებენ. უფრო სავარაუდოა, რომ იგი იყო ერთ-ერთი ფრანკი მეფის ქალიშვილი, სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო რიპუარის ფრანკების მეფე სიგიბერტ კოჭლი. ქრისტიანი მღვდლებისა და ბერების აზრით, რომლებიც წერდნენ ქრონიკებს, ეს ქორწინება უკანონო იყო, სწორედ ამიტომ უწოდებდნენ მას ხარჭას, ხოლო მის შვილს თოიდერიხ I-ს უკანონოდ შობილს. თუმცა თუ ვიმსჯელეთ იმით, რომ თოიდერიხმა მიიღო მამის მემკვიდრეობა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი სრულიად კანონიერი შვილი იყო. თუ ასევე ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო რიპუარელი ფრანკების სამფლობელოები, უფრო მყარდება მოსაზრება, რომ იგი სიგიბერტ კოჭლის შვილშვილი იყო.
  • 492 წლიდან — კლოტილდა ბურგუნდიელი (ხროდეხილდა) (დაახლ. 475 — დაახლ. 545)

ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო დაიყო მის ოთხ ვაჟს შორის. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კლოტილდა ბურგუნდიელი ტურში გაემგზავრა და ცხოვრების უკანასკნელი წლები წმინდა მარტინის ბაზილიკაში გაატარა, იშვიათად სტუმრობდა პარიზს. იგი გარდაიცვალა 544 წელს ტურში. ცხედარი გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს მეუღლის გევრდით წმინდა პეტრესა და პავლეს ბაზილიკაში[33].

შენიშვნები

  1. ბუიეს ბრძოლის თარიღი ცნობილია სარაგოსის ქრონიკების მიხედვით, რომელშიც ნათქვამია: „507 წელს ბოგლადთან გაიმრთა ბრძოლა გუთებსა და ფრანკებს შორის. ამ ბრძოლაში ფრანკებმა მოკლეს მეფე ალარიხი. ტულუზის სამეფო დაიშალა“. ბოგლადა არის თანამედროვე ქალაქი ბუიე. ამ ბრძოლას ზოგჯერ უწოდებენ პუატიეს ბრძოლასაც.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 487.
  • Григорий Турский. История франков = Historia Francorum. — М.: Наука, 1987. — 464 с.
  • История средних веков. — 4-е изд. — М.: Издательство Московского университета «Высшая школа», 2003. — 640 с. — ISBN 5-211-04818-0.
  • Bainville J. Histoire de France. — Paris: Librairie Arthème Fayard, 1924. — 497 с.
  • Chédeville А. La France au Moyen Age. Архивная копия от 26 сентября 2007 на Wayback Machine
  • Lot F. La Gaule. Les fondements ethniques, sociaux et politiques de la nation française. — Paris: Librairie Arthème Fayard, 1947. — 592 с.
  • Lot F. La France. Dès origines à la guerre de cent ans. — Paris: Librairie Gallimard, 1941. — 278 с.
  • Lot F. Naissance de la France. — Paris: Librairie Arthème Fayard, 1948. — 864 с.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Alain de Benoist, Dictionnaire des prénoms, d'hier et aujourd'hui, d'ici et d'ailleurs, p. 294, éd. Jean Picollec, 2009.
  2. Лебек С. Происхождение франков. М., 1993. Т.1. С. 45-47
  3. 3.0 3.1 Григорий Турский. История франков, кн. II, 43.
  4. Григорий Турский. История франков, кн. II, 9.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Григорий Турский. История франков, кн. II, 27.
  6. Фредегар. Хроника, кн. III, 15.
  7. Святой Ремигий. Письмо к Хлодвигу I (481 г.)
  8. Григорий Турский. История франков, кн. III, 7.
  9. Григорий Турский. История франков, кн. II, 28.
  10. Григорий Турский. История франков, кн. II, 29.
  11. Фредегар. Хроника, кн. III, 20.
  12. 12.0 12.1 Григорий Турский. История франков, кн. II, 30.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 Григорий Турский. История франков, кн. II, 37.
  14. 14.0 14.1 Григорий Турский. История франков, кн. II, 31.
  15. MGH. Auctor. antiquis. Т. 6. Р. 11
  16. MGH. Epist. Т. 3. Р. 112.
  17. 17.0 17.1 Фредегар. Хроника, кн. III, 21.
  18. Маркова, Наталья. О символике цветов в классическом искусстве [Окончание // Искусство. — ИД «Первое сентября», 2006. — № 3 (339).]
  19. В. Серов. Энциклопедический словарь крылатых слов и выражений. — М.: Локид-Пресс, 2005. — С. 600—601.
  20. Григорий Турский. История франков, кн. IV, 4.
  21. «Копенгагенское дополнение „Хроники“ Проспера Аквитанского». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2019-12-30.
  22. 22.0 22.1 Григорий Турский. История франков, кн. II, 33.
  23. Григорий Турский. История франков, кн. II, 32.
  24. Фредегар. Хроника, кн. III, 22–23.
  25. 25.0 25.1 Книга истории франков, 17.
  26. ХРОНИКОРУМ ЦЕЗАРАВГУСТЫ
  27. Прокопий Кесарийский. Война с готами, кн. I, гл. 12.
  28. 28.0 28.1 [1] Григорий Турский. История франков, кн. II, 38.]
  29. Фредегар. Хроника, кн. III, 24.
  30. Григорий Турский. История франков, кн. II, 40.
  31. Григорий Турский. История франков, кн. II, 41.
  32. 32.0 32.1 Григорий Турский. История франков, кн. II, 42.
  33. Григорий Турский. История франков, кн. IV, 1.