წიგნი რუთისა
წიგნი რუთისა, რუთი (ებრ. מגילת רות) — ძველი აღთქმისა და ბიბლიის მერვე კანონიკური წიგნი, უცნობი ავტორის მიერ დაწერილი. სეპტუაგინტასა და ვულგატაში მოთავსებულია მსაჯულთა წიგნის შემდეგ. სათაურად აღებულია მოაბი ქალის, წიგნის მთავარი გმირის, სახელი. მოაბის ქვეყანაში საცხოვრებლად წასული ბეთლემელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედამთილ ნაყომთან ერთად რუთი იუდას ქვეყანაში დაბრუნდა და ცოლად გაჰყვა ქმრის ნათესავ ბოყაზს. ქორწინებიდან იშვა ვაჟი ყობედი, დავითის წინაპარი. წიგნი მნიშვნელოვან და ღირებულ ქრისტიანულ დარიგებებს შეიცავს. მასში ხაზგასმულია ისრაელელი ოჯახის ყველაზე თვალსაჩინო ღირსებანი: მშობლების მიმართ თაყვანისცემა, ნათესავთა მიმართ გულმოწყალება, სიყვარული და გულთბილი დამოკიდებულებანი ოჯახურ ურთიერთობებში. ღმრთაებრივი განგება ცხოვრებისეულ მტკივნეულ მოვლენებს ადამიანთა სასარგებლოდ ამოქმედებს: უცხოტომელი რუთი დავითისა და თვით მესიის წინაპარი ხდება. ისრაელის ღმერთი იღებს უცხოელთა ძღვენს. ისრაელთა და უცხოელთა შორის ქორწინებები კანონიერია და ღმერთის მიერ არის კურთხეული. წარმართებს, რომლებიც სამაგალითო ცხოვრებას ეწევიან, ჭეშმარიტ ღმერთთან ზიარების მადლი ეძლევათ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.