ლეგოლასი
ლეგოლასი | |
---|---|
ლეგოლასი, ილუსტრაცია | |
სხვა სახელები | ფოტოლმწვანე (სინდარულ ენაზე - „ლეგოლასი“) |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | სინდა |
ნაწარმოები |
ბეჭდის საძმო ორი ციხე-კოშკი მეფის დაბრუნება |
ლეგოლასი (Legolas) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. მათში იგი წარმოდგენილია, როგორც ელფი ბნელტევრიდან, მეფე თრანდუილის ძე. ლეგოლასი არის ძირითადად წიგნების ბეჭდის საძმო , ორი ციხე-კოშკი და მეფის დაბრუნება მოქმედი გმირი.
პერსონაჟი აგრეთვე ჩნდება პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიებში „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტი“.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი ცხოვრების ადრეული წლების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. დაბადების თარიღი დაუდგენელია, თუმცა ამაზე მცირე მინიშნებებს თავად იძლევა ფანგორნის ტყეში - „ფანგორნი იმდენად მოხუცია, რომ მასთან შედარებით მეც ახალგაზრდად ვგრძმობ თავს, ასე თავი არ მიგრძნია თქვენ შვილებთან ერთად მოგზაურობის შემდეგ“.
სავარაუდოდ, ლეგოლასი სულ ცოტა, რამდენიმე ასეული წლის მაინც იქნებოდა და ალბათ რამდენიმე ათასი წლისაც. კინოტრილოგიის ანოტაციებში მითითებულია, რომ იგი დაახლოებით 2.931 წლის იყო, თუმცა წიგნის ტექსტში ამის ხსენება არ არის.
აღსანიშნავია ისიც, რომ შუახმელეთის ისტორიის II ტომში ნახსენებია ელფი ლეგოლას ფოტოლმწვანე. მაგრამ იგი პირველ ეპოქაში ცხოვრობს, გონდოლინის განადგურების ხანაში და ნოლდორია, რომელიც ტოლ ერესეაზე გაემგზავრა. სწორედ იქ დასახლდა იგი და ამიტომ გამორიცხულია, რომ ბეჭდის საძმოს ლეგოლასი ყოფილიყო.
ტოლკინი ლეგოლასს აღწერს, როგორც მაღალ, მოქნილ და ღონიერ ელფს. იგი მეტად სიცოცხლისუნარიანი იყო და უძლებდა ყველანაირ ჭრილობას, გაჭირვებასა თუ დაღლას.
წარმოშობით ლეგოლასი სილვანი იყო, სინდარელი წინაპრებით. მისი მამა თრანდუილი რომანის ’ჰობიტი’ ერთ-ერთი პერსონაჟია. სწორედ მას ჩაუვარდნენ ტყვედ თორინ მუხისფარი და მისი ჯუჯები.
ბეჭდის ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]3017 წლის 21 მარტს არაგორნმა ბნელტევრში მის მიერ დაჭერილი გოლუმი მოიყვანა. ელფები მას დღე და ღამე დარაჯობდნენ, მაგრამ ივნისში არსება გაიცა და ლეგოლასი გაგზავნეს ელრონდთან, რათა ამის შესახებ მის საბჭოზე ეთქვა. 3018 წლის 25 დეკემბერს ლეგოლასმა შემდგარ საძმოსთან ერთად შუაველი დატოვა.
როდესაც ნისლიან მთებში საძმოს გადასვლას წინ აღუდგა ზვავი, ლეგოლასმა შეძლო მასზე აძრომა და თავად დარწმუნდა, რომ ასე შორს ვერ გააღწევდნენ. იგი, როგორც ბორომირი, წინააღმდეგი იყო მორიით გავლის. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ერეგიონის ელფები ვაჭრობდნენ კჰაზად-დუმის ჯუჯებთან, მთაში ბოროტებამ იფეთქა და მას ცუდი სახელი ჰქონდა.
ამასთან, როგორც ლეგოლასი, ასევე გიმლი უარყოფდნენ რომ მათი ხალხები პასუხისმგებელნი იყვნენ ერთმანეთს შორის ჩამოვარდნილ მტრობაზე. განდალფმა გააფრთხილა, რომ მათ შორის მეგობრობა უნდა გამყარებულიყო, ვინაიდან მათი დახმარება ბეჭდის მისიისას აუცილებელი იქნება. შემდეგი წლის 15 იანვარს, საძმო იმყოფებოდა მორიაში, მაზარბულის დარბაზში, სადაც ლეგოლასმა გადაარჩინა გიმლი, ძალით მოწყვიტა რა იგი ჯუჯა ბალინის საფლავს.
კჰაზად-დუმის ხიდზე ლეგოლასმა პირველმა დაინახა აჩრდილისა და ალის არსება - ბალროგი. ლოთლორიენში მოგზაურობისას მან შეაჩერა საძმოს მსვლელობა, რათა ფროდოსა და სემის ჭრილობებისათვის ემკურნალათ. გალადრიელის სამფლობელოში იგი თავად არასოდეს ყოფილა, მაგრამ იცოდა, რომ იქაურ ელფებს იდუმალი ძალა იცავდა.
მდინარე ნიმროდელთან ლეგოლასმა გაიხსენა ლექსი ელფ ნიმროდელის შესახებ, რომლის სახელსაც ეს ადგილი ატარებდა. მელორნის ხეებზე დამალულმა ელფებმა, ჰალდირის მეთაურობით, ამოიცნეს იგი ამ სიმღერით.
ლეგოლასი გამოირჩეოდა თავისი საოცარი შორს ხედვის ნიჭით და შეეძლო მტრების დიდ მანძილზე კვალის დანახვა. ტრილოგიის მეორე ტომში მოთხრობილია, რომ მან დაინახა როჰირიმები, რომლებიც ხუთი ლიგის მიღმა იმყოფებოდნენ.
როდესაც სამეული (არაგორნი, ლეგოლასი, გიმლი) ფანგორნის ტყეში შევიდა, ელფმა გაიხსენა ონოდრიმების, ანუ ენტების ლეგენდები, რომლებიც სილვანებში ვრცელდებოდა. მან პირველმა დაინახა თეთრი მოხუცი ტყეში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი განდალფი იყო.
მოგვიანებით, მეფე თეოდენთან ყოფნისას, ლეგოლასი დარჩა როჰირიმებთან ერთად და იბრძოდა ჰელმის ხრამის ბრძოლაში, 3-4 მარტს. ლეგოლასმა დაითვალა მის მიერ მოკლული 41 ორკი. გიმლიმ მას სულ ერთი ორკით გაუსწრო.
ლეგოლასს ჰქონდა იმედი, რომ ერთ დღეს ფანგორნის ტყეს კვლავ ეწვეოდა და გიმლი დათანხმდა, რომ გაჰყვებოდა, თუკი ელფი სანაცვლოდ მოციმციმე გამოქვაბულებში გაჰყვებოდა (ჰელმის ხრამის უკანა ნაწილში).
როდესაც არაგორნმა გადაწყვიტა მკვდართა ბილიკით წასვლა და ფიცის გამტეხთა საბრძოლველად შეკრება, ლეგოლასმა მტკიცედ უთხრა, რომ მკვდრების არ ეშინოდა. შესაძლოა, გიმლი მათ მხოლოდ იმიტომ გაჰყვა, რომ ენდობოდა ლეგოლასის სიმამაცეს.
წიგნში მითითებულია, რომ ერეხის ქვასთან (სადაც მკვდრები შეიკრიბნენ) ყოფნისას ლეგოლასს მოესმა თოლიების ხმა და მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ზღვა ჯერ არ უნახავს, იგრძნო მისდამი ისეთივე ლტოლვა, როგორც ეს გალადრიელის შემთხვევაში მოხდა. წამიერად მას დაავიწყდა ომიც კი.
15 მარტს სამეული მოუახლოვდა მინას ტირითს. პელენორის ბრძოლის დასრულების შემდეგ ელფი და ჯუჯა ქალაქში მერისა და პიპინს ეძებდნენ და ლეგოლასმა აღნიშნა, რომ ქალაქში ბაღების მცირე რაოდენობა იყო. მან გადაწყვიტა, რომ ომის დასრულების შემდეგ, როდესაც არაგორნი მეფე გახდებოდა, მისი ხალხი აქ მოიყვანდა ფრინველებს და დარგავდა ბევრ ხეს. უფლისწულ იმრაჰილთან შეხვედრისას მან მუხლი მოიდრიკა, ვინაიდან მასში ნიმროდელის მოდგმის სისხლი იგრძნო.
25 მარტს ლეგოლასი ასევე იბრძოდა მორანონის ბრძოლაში, მორდორთან.
ბეჭდის საძმო კვლავ შეიკრიბა კორმალენის მინდორზე და ბედნიერი ლეგოლასი ითილიენის ტყეს ეწვია. მან გადაწყვიტა, იქ დარჩენილიყო რამდენიმე სილვანთან ერთად, თუკი მას ნებას თრანდუილი დართავდა.
1 მაისს არაგორნი მეფე გახდა. შუაწლის დღეს მან არვენთან იქორწინა. ამ დრომდე საძმო მინას ტირითში რჩებოდა და იგი მხოლოდ 22 ივლისს დატოვა. გზად შინისაკენ ლეგოლასი დაპირებისამებრ თან ახლდა გიმლის მოციმციმე გამოქვაბულებში მოგზაურობისას და იქაური სილამაზით ფრიად მოხიბლული ჩანდა. იზენგარდში გიმლი და ლეგოლასი გამოემშვიდობნენ მეგობრებს და ფანგორნის ტყისკენ აიღეს გეზი.
გვიანდელი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტყის ელფები ლეგოლასმა ნაწილობრივ ითილიენში შემოასახლა და მორდორის მიერ დამონებული მიწა კვლავ გამოცოცხლდა. მაგრამ ლეგოლასი კვლავ ფიქრობდა ზღვაზე. მეოთხე ეპოქის 120 წელს არაგორნი გარდაიცვალა და ლეგოლასმა გადაწყვიტა, მოქცეულიყო, როგორც გული ჰკარნახობდა. მან ააგო რუხი ფერიუს გემი და ანდუინზე გაცურა. ამბობენ, რომ მას გიმლიც ახლდა და ისინი იყვნენ ბეჭდის საძმოს უკანასკნელი წევრები, რომლებმაც შუახმელეთი დატოვეს და დასავლეთით გაცურეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|