შინაარსზე გადასვლა

იტალიის გაერთიანება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იტალიის გაერთიანება ან რისორჯიმენტო (იტალ. il Risorgimento) — პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა, რომლის შედეგადაც მეცხრამეტე საუკუნეში იტალიის ნახევარკუნძულის სხვადასხვა სახელმწიფოები გაერთიანდნენ და ერთი სახელმწიფო - იტალია შექმნეს. ამ მოძრაობის დაწყების და დამთავრების ზუსტი თარიღების შესახებ კონსენსუსი არ არსებობს. თუმცა ბევრი მეცნიერი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ იტალიის გაერთიანების პროცესი 1815 წელს დაიწყო მაშინ როდესაც ვენის კონგრესი დაიწყო, ნაპოლეონური მმართველობა კი დასრულდა. პროცესის დაბოლოების თარიღად 1861 ან 1871 წლები მიიჩნევა.

XVIII საუკუნეში იტალია იყო ათი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამეფო, სამთავრო, საჰერცოგო, არისტოკრატიული რესპუბლიკა და სასულიერო სამთავრო. ამათგან ერთს, სარდინიის სამეფოს, რომელიც შედგებოდა სავოიის, პიემონტისა და კუნძულ სარდინიისაგან, მართავდა ადგილობრივი დინასტია, დანარჩენებს ავსტრიელი ჰაბსბურგები ან ბურბონები. ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებით XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ქვეყანა თანდათანობით გადადიოდა ფეოდალიზმიდან კაპიტალისტურ ურთიერთობაზე, იტალიელ ხალხში ძლიერდება გაერთიანებისაკენ ლტოლვა.

იტალიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო ნაპოლეონის ომების დროს, როდესაც იტალიაში შეიქმნა საფრანგეთზე დამოკიდებული რამდენიმე რესპუბლიკა. ქვეყანაში ფართოდ ვრცელდებოდა დიდი რევოლუციის იდეები და ეროვნული განთავისუფლებისა და გაერთიანების მოთხოვნები. იტალიის ბურჟუაზიის, მემამულეებისა და ინტელიგენციის რადიკალურად განწყობილი ნაწილი აღდგა საფრანგეთის ბატონობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა განსაკუთრებით გაძლიერდა XIX საუკუნის 30-40-იან წლებში. გამოიკვეთა რისორჯიმენტოს ორი მიმდინარეობა: ბურჟუაზიულ-დემოკრატიული და ლიბერალური. პირველის მეთაური იყო ჯუზეპე მაძინი; მან 1831 წელს მარსელში შექმნა ფარული პატრიოტული საზოგადოება „ახალგაზრდა იტალია“. მანვე 1832 წელს გამოსცა ჟურნალი „ახალგაზრდა იტალია“, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია იტალიელ ხალხში ეროვნული თვითშეგნების ფორმირების საქმეში. მიუხედავად ამისა, მაძინისტების მიერ მოწყობილი არაერთი გამოსვლა მარცხით დამთავრდა.

XIX საუკუნის 40-იან წლებში სარდინიის სამეფოში ჩამოყალიბდა იტალიის ეროვნულ-განმათვაისუფლებელი მოძრაობის ლიბერალური მიმართულება. მის მომხრეებს მეფის კარლო ალბერტის სახელის მიხედვით „ალბერისტები“ ეწოდათ, მათ სურდათ მონარქიულ საფუძველზე იტალიის გაერთიანება.

XIX საუკუნის 30-40-იან წლებში იტალიის ცალკეულ სახელმწიფოებში მიმდინარეობს კაპიტალიზმის შემდგომი განვითარება. ამ პროცესს თან ახლდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა. 1848 წელს იტალიაში დაიწყო რევოლუცია, რომლის მთავარი მიზანი იყო აბსოლუტური რეჟიმებისა და ავსტრიელთა ბატონობის მოსპობა, მაგრამ რევოლუცია ევროპის რეაქციული ძალებისა და შინაგანი კონტრრევოლუციის მიერ ჩახშობილ იქნა. დანაწევრებული იტალია კვლავ უცხოელთა ბატონობის ქვეშ მოექცა.

იტალია 1848-1849 წლების რევულუვიის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიაში 1848-1849 წლებში მომხდარი რევოლუციების ჩახშობის შემდეგ ავსტრიის იმპერიამ დაიპყრო ვენეცია და მილანი. ავსტრიელებმა კვლავ აღადგინეს თავიანთი ბატონობა აპენინის ნახევარკუნულის ჩრდილოეთ ნაწილში. ფრანც იოზეფის გენერლებმა სასტიკი ტერორი დაამყარეს ამ პროვინციებში. განმათავისუფლებლურ მოძრაობის მონაწილე პატრიოტ იტალიელებს სასტიკად უსწორდებოდნენ, ასევე, ადგილობრივი სამეფოებისა თუ საჰერცოგოების (ორივე სიცილიის, პარმის, მოდენის) მმართველები. იტალიის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილში პაპის ოლქში რომის პაპის მომხრეები დევნიდნენ პატრიოტებს. ასეთივე მდგომარეობა იყო ქალაქ რომშიც, რომელსაც პაპი პიუს IX აკონტროლებდა, საფრანგეთის ჯარების დახმარებით.

პოლიტიკური რეაქციის მიუხედავად, იტალიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა არ შეწყვეტილა.

XIX საუკუნის 40-იან წლების მიწურულს პატრიოტი იტალიელები თავისუფლებას ელედნენ არა უკვე დედაქალაქ რომიდან არამედ პიომენტ-სარდინიის სამეფოდან და მის პოლიტიკურ ცენტრ ტურინიდან, სადაც 1849 წლიდან მეფობდა ვიტორიო ემანუელი. იგი საშინაო და საგარეო საქმეში ატარებდა ლოიალურ და თანმიმდევრულ კურსს. საგარეო პოლიტიკის კუთხით, მან იცოდა, რომ შეიძლებოდა სწორად გამოეყენებინა საფრანგეთისა და ავტრიის იმპერიების მეტოქეობა, კერძოდ, საფრანგეთი ავსტრიასთან წინააღმდეგობის გამო შეიძლებოდა იტალიის მოკავშირე გამხდარიყო. სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი პიემონტი გახადებოდა იტალიელი პატრიოტების შემაკავშირებელი ცენტრი. სწორედ ამიტომ, ვიტორიო ემანუელმა გადადგა აქტიური ნაბიჯები და კარგი ურთიერთობა დაამყარა ნაპოლეონ III-სთან.

ორი მიმდინარეობის ბრძოლა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის 50-იან წლებში იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ორი მიმდინარეობა არსებობდა: ზომიერ-ლიბერალური და რევოლუციური. პირველს სათავეში ედგა პიემონტის სამეფოს პრემიერ-მინისტრი კამილო კავური, მეორეს კი ჯუზეპე მაძინი. მათგან კავური გახდა იტალიის გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.

უპირველესად, კამილო კავურმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პიემონტის ეკონომიკურ განვითარებასა და შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ქვეყანა სარკინიგზო ქსელით დაიფარა, ორჯერ გაიზარდა სახელმწიფო შემოსავალი; განამტკიცეს თავდაცვითი სიმაგრეები, გაადიდეს არმიის რაოდენობრივი შემადგენლობა.

კამილო კავური მზად იყო იტალიის განთავისუფლებისა და გაერთიანებისთვის ყველა საშუალებისთვის მიემართა, მაგრამ რევოლუციურ არმიასთან თანამშრომლობისგან მაინც თავს იკავებდა. ჯუზეპე მაძინის მომხრეთა მოწოდებები არ შეესაბამებოდა მის შეხედულებებს ქვეყნის გაერთიანების საქმეში. კავურს სურდა ევროპის მონარქების, განსაკუთრებით კი ლუი ნაპოლეონის, დარწმუნება, რომ მისი პოლიტიკა ტახტების დამხობას კი არ ითვალისწინებდა, არამედ მათ განმტკიცებას, რათა შეჩერებულიყო რევოლუციური მოძრაობა და დამყარებულიყო წესრიგი.

ავსტრიის წინააღმდეგ ომისთვის მზადება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის გაერთიანების პროცესში, სარდინიის სამეფოს წამომადგენლებმა იცოდნენ, რომ აუცილებლად მოუწევდათ ავსტრიის იმპერიასთან სამხედრო დაპირისპირება, ვინაიდან ამ დროს იტალიის ჩრდილეოთში მდებარე ორი მნიშვნელოვანი პროვინცია — ლომბარდია და ვენეცია სწორედ ავსტრიის შემადგენლობაში შედიოდა. იმპერიასთან დაპირისპირებაში, კავურმა იცოდა, რომ სჭირდებოდა მინიმუმ ერთი საგარეო მოკავშირე, ამიტომ იგი ყოველნაირად ცდილობდა დაეთანხმებინა საფრანგეთი ავსტრიის წინააღმდეგ ომზე, დახმარების სანაცვლოდ კი საფრანგეთს ჰპირდებოდა სავოიასა და ნიცას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს პირობები ხელსაყრელი აღმოჩნდა ფრანგებისთვის, ამიტომ ნაპოლეონ III დათანხმდა სარდინიის სამფოსთან მოკავშირეობზე.

1858 წლის 21 ივლისს მოეწყო საიდუმლო შეხვედრა პიეომონტ-სარდინიის სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის იმპერატორს შორის. მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ერთობლივი ძალებით განდევნიდნენ ავსტრიელებს იტალიიდან. სარდინია მიიღებდა ლომბარდიას, ვენეციას და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, პარმისა და მოდენის საჰერცოგოებს, აგრეთვე რომანიას, საფრანგეთი კი — სავოიას და ნიცას.

ომის მიმდინარეობა. აჯანყენები ცენტრალურ იტალიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრიის იმპერიის სამხედრო ხელმძღვანელობა, ეყრდნობოდა რა ჩრდილოეთ იტალიაში თავისი ძალების რიცხობრივ უპირატესობას, იმედოვნებდა რომ ვიტორიო ემანუელ II-ის ჯარებს ადვილად გაანადგურებდა და ომს მოკლე დროში დაასრულებდა. ტრანსპორტის ახალი სახეობებით — რკინიგზითა და ორთქმავალი გემებით, ფრანგებმა შეძლეს ჩრდილოეთ იტალიაში საჭირო ძალების სწრაფად თავმოყრა, მალე თავად ნაპოლეონ III ჩავიდა იქ და თავის არმიას პირადად ჩაუდგა სათავეში. ამ სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდა ჯუზეპე გარიბალდიც.

ომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპრება მაჯენტასთან ფრანგულ-იტალიური კოალიციის გამარჯვებით დასრულდა. ნაპოლეონ III-სა და ვიტორიო ემანუელ II-ის ჯარები მილანში შევიდნენ. ამ მოვლენების პარალელურად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაიწყო რევოლუციური გამოსვლები, იტალიური სამეფო-სამთავროებისა თუ საჰერცოგოების ერთი ნაწილი (პარმა, მოდენა, ბოლონია და სხვ.) აჯანყდა ავსტრიელების წინააღმდეგ და სარდინიის მხარე დაიჭირა.

ომის შემდეგ ეტაპზე ავსტრიულ ჯარებს სათავეში თავდად იმპერატორი ფრანც იოზეფი ჩაუდგა, ისინი კიდევ ერთხელ შეეცადნენ დაკარგული პოზიციების აღდგენას და ომის თავის სასიკეთოდ შემობრუნებას, მაგრამ კიდევ ერთ გენერალურ დაპირისპირებაში — სორფერინოსთან ავსტრიელები კვლავ დამარცხდნენ და ომის ბედი უკვე საბოლოოდ გადაწყდა.

სავოიისა და ნიცას შეერთება საფრანგეთთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, ნაპოლეონ III-მ თვითონ გამოიჩინა ავსტრიასთან საზავო მოლაპარაკების დაწყების ინიციატივა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ფრანგებმა დიდი ძალისმხმევა გაიღეს გამარჯვებისთვის (განსაკუთრებით სოლფერინოს ბრძოლაში), ასევე, გასათვალისწინებელი იყო საერთაშორისო მდგომარეობა, რაც ზავის სწრაფად გაფორმების საჭიროებას აჩქარებდა.

1859 წლის 11 ივლისს ნაპოლეონ III-სა და ფრანზ იოზეფს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით ლომბარდია გადაეცა საფრანგეთს, მას იგი თავის მხრივ უნდა დაეთმო სარდინიისთვის; ავსტრიას რჩებოდა ვენეცია; ტოსკანას დიდი ჰერცოგი და მოდენას ჰერცოგი იბრუნებდნენ ტახტებს; რომის პაპს სთავაზობდნენ თავის სამფლობელოში რეფორმების ჩატარებას და, ბოლოს, ცხადდებოდა ამნისტია იმ პირთათვის, რომელბმაც თავიანთი მოქმედებებით, უკანასკნელი მოვლენების დროს, სასჯელი დაიმსახურეს.

უნდა აღნიშნოს, რომ ავსტრიასა და საფრანგეთს შორის გაფორმებული ეს საზავო ხელშეკრულება მოულოდნელი იყო ევროპისთვის, განსაკუთრებით კი იტალიელი ხალხისათვის — ავსტრიის გავლენა აპენინის ნახევარკუნძულზე შენარჩუნებულ იქნა.

იტალიელი ხალხი ნაპოლეონ III-ს მოღალატედ მიიჩნევდა. შეთანხმების პირობების შესახებ ცნობების მიღებისთანავე კამილო კავური გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც დიდ როლს ასრულებდა. მისი უშუალო მითითებებით შეიქმნა დროებითი მთავრობები ფლორენციაში, მოდენასა და ბოლონიაში. მათ ჩაატარეს პლებისციტი სარდინიის სამეფოსთან შეერთების თაობაზე. ხალხმა მხარი დაუჭირა ამ მოთხოვნას.

ნაპოლეონ III ცდილობდა იტალიაში შექმნილი დროებითი მთავრობები და პაპი პიუს IX დაერწმუნებინა მათაც ეცნოთ საფრანგეთ-ავსტრიას შორის გაფორმებული ზავის პირობები, მაგრამ ამ მცდელობიდან არაფერი გამოვიდა, ცენტრალური იტალიის შეერთება პიემონტთან უკვე გადაწყვეტილი იყო. მაშინ საფრანგეთის იმპერატორმა გადაწყვიტა ცენტრალური იტალიის ტერიტორიების სარდინიის სამეფოსთან შეერთების სანაცვლოდ სავოიისა და ნიცას შემოერთება. ამ მიზნით ნაპოლეონ III-მ ხელი შეუწყო კამილო კავურის მინისტრთა საბჭოს პოსტზე დაბრუნებას.

კავურმა კარგად იცოდა, რომ სავოიისა და ნიცას გადაცემა საფრანგეთისთვის დასცემდა მის ავტორიტეტს ხალხში. თუმცა, როდესაც საფრანგეთმა იტალიელებისაგან მკაცრად მოითხოვა თავდაპირველი შეთანხმების შესრულება (რომლის მიხედვითაც მხარეები სავოიისა და ნიცას საფრანგეთთან მიერთებაზე შეთანხმდნენ), იტალიური მხარე იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. საბოლოოდ, სავოია და ნიცა გადაეცა საფრანგეთს იმ პირობით, რომ იქ ჩატარდებოდა პლებისციტი, შედეგებიდან გამომდინარე კი, ადგილობრივმა მოსახლეობამ საფრანგეთთან შეეთება აირჩია.

ჯუზეპე გარიბალდი სიცილიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე მოვლენების დროს, ორი სიცილიის სამეფოში საკმაოდ რთული ვითარება იყო, მეფე და ადგილობრივი მთავრობა მკაცრ და შეურიგებელ პოლიტიკას ადგა. ახალგაზრდა მეფე ფრანჩესკო II რეპრესიებით და ტერორით ცდილობდა ხალხის დამორჩილებას და აბსოლუტიზმის განმტკიცებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რევოლუციის ზღულბზე იდგა, მეფე არ აქცევდა ყურადღებას ნაპოლეონ III-ის რჩევებს მიეცა ქვეშევრდომებისთვის კონსტიტუცია და დაემყარებინა კავშირის სარდინიასთან. 1860 წლის 3 აპრილს სიცილიაში რევოლუცია დაიწყო.

რევოლუციის დაწყებისთანავე ჯუზეპე გარიბალდიმ გენუაში შეკრიბა მოხალისეები, ჩამოაყალიბა საექსპედიციო კორპუსი და გაემართა აჯანყებული კუნძულისაკენ. აღსანიშნავია, რომ გარიბალდის ამგვარ მოქმედებაზე თვალები დახუჭეს ვიტორიო ემანუელმა და კავურიმ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ექსპედიციის მარცხით დამთავრების შემთხვევაში უარს იტყოდნენ გარიბალდისთან რაიმე კავშირის არსებობაზე, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ამ ფაქტს ფართო პროპაგანდას გაუწევდნენ, როგორც იტალიასა და, საერთოდ, ევროპაში მოსალოდნელი ქაოსის აღსაკვეთად განხორციელებულ ღონისძიებას.

ექსპედიციის დაწყებისას გარიბალდის თან ახლდა 1000 შეიარაღებული ლეგიონერი — მუშები, ხელოსნები, სტუდენტები და წვრილი ბურჟუაზიის წარმომადგენლები. სიცილიაში ჩასვლისთანავე მან მოხალისეებისგან ჩამოყალიბა ნამდვილი არმია და 1860 წლის 15 მაისს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ფრანჩესკო II-ის არმიის წინააღმდეგ. მძიმე ბრძოლები გაიმართა კუნძულის დედაქალაქის — პელერმოს დაუფლებისათვის. ამ დაპირისპირებაში გარიბალდის ეხმარებოდნენ ქალაქის ადგილობრივი მცხოვრებლებიც, საბოლოოდ 1860 წლის 7 სექტემბერს გარიბალდის მომხრეებმა დაიკავეს ორივე სიცილიის დედაქალაქი პალერმო. ფრანჩესკო II გაიქცა.

მეფის ჯარი მაინც არ იყო ბოლომდე დამარცხებული. პალერმოს ჩრდილოეთიდან მათი შემოჭრის საფრთხე არსებობდა მანამდე, ვიდრე 1860 წლის 1 ოქტომბერს გარიბალდიმ საბოლოოდ არ გაანადგურა მოწინააღმდეგის ჯარები.

გარიბალდის ასეთი სამხედრო წარმატებები განპირობებული იყო იმით, რომ სიცილიისა და კალაბრიის გლეხობა მას აქტიურად უჭერდა მხარს. გარიბალდიმ გააუქმა თავადაზნაურთა და სამღვდელოების ბევრი პრივილეგია, ჩაატარა მონასტრების ქონების კონფისკაცია, აკრძალა გლეხებისათვის განსაკუთრებით მძიმე გადასახადები, ასევე, თავის მომხრე უმიწო გლეხებს გამარჯვების შემდეგ თავადზნაურთა მიწებს ჰპირდებოდა. ამის გამო, შეშინებულმა თავადაზნაურობამ დახმარებისათვის ვიტორიო ემანულესა და კავურს მიმართა.

სამხრეთში დემოკრატიული მოძრაობების წარმატებებმა, აგრეთვე გარიბალდის განზრახვამ განეგრძო ლაშქრობა რომის მიმართულებით, შეაშფოთა ლიბერალი მონაქრისტები. მათ უნდოდათ გარიბალდის გამარჯვებები გამოეყენებინათ ვიტორიო ემანუელ II-ის ხელისუფლების კიდევ უფრო გავრცელებისთვის და გაძლიერებისთვის მთელს სამხრეთ იტალიაში. არსებულ მდგომარეობას კი შეიძლებოდა გაერთულებინა საერთაშორისო სიტუაცია (აქ მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის პოზიცია) და ხელი შეეწყო იტალიაში და, კავურის აზრით, შემდეგ მთელ ევროპაში რევოლუციური გამოსვლების დაწყებისათვის.

იტალიის ძირითადად გაერთიანება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამილო კავურს ეშინოდა, რომ თავისი სასახელო გამარჯვებებით გათამამებულ ჯუზეპე გარიბალდის, არ დაეღუპა იტალიის გაერთიანების წარმატებით დაწყებული საქმე. ამიტომ მან რამდენიმე გემით ნეაპოლისაკენ გაგზავნა 2-3 ათასი მეომარი. ორივე სიცილიის სამეფო არ იმყოფებოდა სარდიანიასთან საომარ მდგომარეობაში, მაგრამ სარდინიის ჯარებმა მაინც დაარღვიეს მისი საზღვრები. გარიბალდის მოქმედებები ვიტორიო ემანუელისა და მისი პირველი მინისტრის შეშფოთებას იწვევდა. თავის მხრივ გარიბალდი მოითხოვდა კავურის გადაყენებას. საბოლოოდ, მოხერხდა სიტუაციის განმუხტვა. 1860 წლის 21 ოქტომბერს, პლებისციტის შედეგად, ორივე სიცილიაში მეფედ ცნეს ვიტორიო ემანუელ II. ამის შემდეგ მოხდა შეხვედრა მეფის და გარიბალდისა, რომელმაც მას წინააღმდეგობის გაუწევლად დაუთმო ხელისუფლება.

ახალი კონსტიტუციის მიხედვით, გაერთიანებულ იტალიაში უნდა შექმნილიყო ორპალატიანი სისტემა — პარლამენტი, რომელიც შედგებოდა სენატისა და დეპუტატთა პალატისაგან. სენატში უნდა შესულიყვნენ სასახლის პრინცები და მუდმივად დანიშნული წევრები, დეპუტატთა პალატაში კი — მაღალი საარჩევნო ცენზის საფუძველზე არჩეული დეპუტატები. მეფეს ეძლეოდა დიდი აღმასრულებელი უფლებები და, რაც მთავარია, შეეძლო თავისი შეხედულებისამებრ დაეთხოვა პარლამენტი. კათოლიციზმი ცხადდებოდა სახელმწიფო რელიგიად.

1861 წლის 7 მარტს იტალიის პირველმა პარლამენტმა სარდინიის სამეფოს მეფე ვიტორიო ემანეუელე II გამოაცხადა სრულიად იტალიის მეფედ. მართალია, ძირითადად გაერთიანებულ იტალიაში ჯერ კიდევ არ შედიოდნენ რომი და ვენეცია, მაგრამ მათი შემოერთებაც, კავურის აზრით, დროის საკითხი იყო.

იტალიის საბოლოო გაერთიანება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1860 წლის მოვლენების შემდეგ იტალიის გაერთიანება არ იყო დამთავრებული: ვენეციაში კვლავ ბატონობდა ავსტრიის იმპერია, ხოლო რომში კი, საფრანგეთის გარნიზონზე დაყრდნობით, პაპი პიუს IX განაგებდა საერო ხელისუფლებას. ვენეციის ოლქის განთავისუფლებისთვის, 1866 წელს, სარდინიის სამეფოს მთავრობამ გადაწყვიტა სამხედრო ხელშეკრულება გაეფორმებინა პრუსიის სამეფოსთან, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ომის დაწყება ავტრიის იმპერიის წინააღმდეგ.

1866 წლის ივნისში პრუსიამ და იტალიამ დაიწყეს საომარი მოქმედებები ავსტრიის იმპერიის წინააღმდეგ. იტალიელები ავსტრიის ჯარებთან შეჯახებისას მარცხს მარცხზე განიცდიდნენ , პრუსილებმა კი სახელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ავსტრიელებზე სადოვის ბრძოლაში. იტალიელებმა წარუმატებლობის მიუხედავად, ომში ავსტრიის მარცხის გამო, მაინც მიიღეს სარგებელი და საზავო მოლაპარაკებაში ჩართული მხარეთა გადაწყვეტილებით, ასევე, ოლქში ჩატარებული პლებისციტის შედეგად, ვენეცია იტალიის შემადგენლობაში შევიდა.

ახლა იტალიის სრულად გაერთიანებისათვის რომის შემოერთება იყო საჭირო. იტალიის ახლად არჩეული მეფე და მისი მთავრობა, რომლებიც თავს დავალებულად გრძნობდნენ ნაპოლეონ III-სგან, დიდად არ ცდილობდნენ რომიდან ფრანგული გარნიზონის გაყვანას, ამიტომ ეს მისია თავის თავზე ჯუზეპე გარიბალდიმ აიღო. იგი თავის მოხალისეებთან ერთად სამჯერ შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო ფრანგული ჯარების დამარცხება. გარიბალდის, ამ მცდელობების დროს, დახმარებას არ უწევდნენ სარდინიის სამეფოს ჯარები.

რომში კვლავ პაპი ინაჩუნებდა საერო ხელისუფლებას, პიუს IX-ს არ სურდა თავისი პრივილეგიების არათუ დათმობა, არამედ ოდნავი შეზღუდვაც კი. პაპის დასაყრდენი, ამ შემთხვევაში, აქ მყოფი ფრანგული ჯარები იყვნენ. თავის მხრივ, არც ნაპოლეონ III ცდილობდა რომიდან ჯარების გამოყვანას, რადგან იცოდა რომ ეს ფაქტი პაპის ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. რომ არა საფრანგეთ-პრუსიის ომი, პიუს IX, ალბათ, კიდევ დიდხანს შეინარჩუნებდა საერო ხელისუფლებას.

ნაპოლეონ III პრუსიის წინააღმდეგ ომში მოკავშირეების გარეშე ჩაება. მას შემდეგ, რაც 1870 წლის 4 სექტემბერს სედანის ბრძოლაში ფრანგებმა სასტიკი მარცხი იწვნიეს და პარიზში დაიწყო რევოლუცია, იტალიელებმა შეძლეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაეკავებინათ რომი. ამ დროისთვის იმპერატორის ჯარებმა უკვე დატოვეს პაპის სამფლობელოები.

1870 წლის 8 სექტემბერს ვიტორიო ემანუელმა ულტიმატუმი გაუგზავნა პიუს IX-ს. პაპმა, როგორც მოსალოდნელი იყო, უარი განაცხადა ყოველგვარ მოლაპარაკებაზე. მან კარგად იცოდა, რომ ვერ გაუმკლავდებოდა იტალიელებს რომში შემოსვლის დროს, მაგრამ არ სურდა წინააღმდეგობის გაუწევლად უარი ეთქვა თავის უფლებებზე. ამიტომ, როდესაც მიიღეს ცნობა სარდინიის სამეფოს ჯარების მოახლოების შესახებ, პაპის ბრძანებით ჩაკეტეს ქალაქის კარები. საბოლოოდ, მოიერიშეებმა ქვემეხის ჭურვებით აიძულეს პიუს IX დანებებულიყო. ამის შემდეგ, იტალიელებმა 20 სექტემბერს დაიკავეს რომი, 2 ოქტომბერს კი პაპის სახელმწიფოს ეს ტერიტორიები შეუერთდა იტალიის სამეფოს.

იტალიის გაერთიანების რუკები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • თვალავაძე ვ., ახალი ისტორია 1815-1871 წლები, ნაკვეთი II, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2006, გვ. 157-175.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]