აბსოლუტური მონარქია
ნაწილი პოლიტიკური სერიისა |
მმართველობის ძირითადი ფორმები |
---|
ძალაუფლების წყაროს მიხედვით |
ხელისუფლების დანაწილების მიხედვით |
რეგიონული მოწყობის მიხედვით |
მარტივი
|
სუვერენიტეტის მიხედვით |
აბსოლუტური მონარქია, აბსოლუტიზმი (ლათ. absolutus — „თავისთავადი“, „უთუო“) — სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი მატარებელია სახელმწიფოს მეთაური — მონარქი. აბსოლუტური მონარქიის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ფრანგი მონარქის ლუი XIV-ის (1643-1715) მმართველობა. ცენტრალიზებული და აბსოლუტური მონარქიული მმართველობის ფრანგული მოდელი მისაბაძ ნიმუშად იქცა ევროპის სახელმწიფოებისათვის. აბსოლუტიზმის სახელით ცნობილია XVII და XVIII საუკუნეებში ევროპაში შეუზღუდავ მონარქიულ სახელმწიფოებში მოქმედი პოლიტიკური რეჟიმი. აბსოლუტიზმი ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ევროპის ისტორიის ამ შუალედს.
აბსოლუტიზმი ფეოდალური სახელმწიფოს განვითარების ბოლო სტადიაა. წარმოიქმნა ფეოდალიზმის ქრობისა და კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვის პერიოდში, ე.ი. გვიან შუა საუკუნეებში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ყალიბდებოდა XV საუკუნიდან, აპოგეას მიაღწია ახალ დროში, XVII საუკუნეში. აბსოლუტიზმის ნიშნებია: 1) მთელი ხელისუფლების მონარქის ხელში მოქცევა, წოდებრივ-წარმომადგენლობითი დაწესებულებების საქმიანობის შეწყვეტა; 2) განშტოებული ბიუროკრატიული აპარატის არსებობა, რომლის საშუალებითაც მონარქი მართავს ქვეყანას; 3) მუდმივი არმიის ყოლა. მონარქი ეყრდნობა არა ვასალების მხარდაჭერას, არამედ მუდმივ არმიას; 4) სენიორების სასამართლო და ადმინისტრაციული ხელისუფლების დაკარგვა, მათ პოლიტიკას ახორციელებს სახელმწიფო.[1]
აბსოლუტიზმში სახელმწიფო აღწევს ცენტრალიზაციის უმაღლეს დონეს, რადგანაც საკანონმდებლო, საგადასახადო და საგარეო პოლიტიკა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. ზოგჯერ სამეფო ხელისუფლება იმორჩილებს ეკლესიასაც. აბსოლუტიზმის სოციალურ საფუძველს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს თავადაზნაურობა, თუმცა აბსოლუტური მონარქია თავადაზნაურობასა და ბურჟუაზიას შორის კომპრომისის შედეგად წარმოიქმნა. ასე მაგალითად, ბურჟუაზიის ინტერესებისათვის მონარქია აწყობდა სავაჭრო ომებს, ატარებდა მერკანტილიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკას, იყენებდა საგარეო-ეკონომიკური იძულების მეთოდებს.[1]
აბსოლუტური მონარქია ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში: საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში. ყველაზე დასრულებული ფორმა მიიღო საფრანგეთში, სადაც მისთვის დამახასიათებელ ყველა თავისებურებას ჰქონდა ადგილი. საფრანგეთში აბსოლუტიზმს საფუძველი ჩაეყარა ლუი XI-ის დროს და გაგრძელდა მისი მემკვიდრეების მეფობისას (შარლ VIII, ლუი XII, ფრანსუა I).[1]
ლუი XIV-ის ცნობილი დევიზი — „სახელმწიფო მე ვარ!“, საფუძვლად დაედო მთელს მის 54-წლიან დამოუკიდებელ მმართველობას. სახელმწიფო და საზოგადოებრივი სისტემის ცენტრად მონარქის ძალაუფლების ქცევის სიმბოლიზაცია იყო ლუი XIV-ის „მეფე-მზედ“ გამოცხადება.
აყვავების პერიოდში აბსოლუტიზმმა (საფრანგეთსა და ინგლისში) პროგრესული როლი ითამაშა ეკონომიკის განვითარებაში, პოლიტიკური ცენტრალიზაციის დასრულებაში. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში აბსოლუტიზმს ბოლო მოეღო ბურჟუაზიული რევოლუციების დროს.[1]
დღეს არსებული ქვეყნები აბსოლუტური მონარქიით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 37-39.
- მსოფლიოს ხალხთა რელიგიები და სარწმუნოებრივი წარმოდგენები., გვ357, თბ., 2005
- ისტორია 11, ავტორები: ნოდარ ასათიანი, ნინო კიღურაძე, გიორგი სანიკიძე, ლალი ფირცალავა, ISBN 978-99940-994-7-4
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Смирнова Е. Д., Сушкевич Л. П., Федосик В. А. Абсолютизм // Средние века : Культура, искусство, история. Иллюстрированная энциклопедия / под ред. В. А. Федосика. — М.: Эксмо, 2008. — стр. 7–8, 304 c. ISBN 978-5-699-24660-1.