შინაარსზე გადასვლა

ბასკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბასკები (ბასკ. euskaldunak; ესპ. vascos; ფრანგ. basques) — იზოლირებული ეთნოლინგვისტური ოჯახის მკვიდრი ხალხი ესპანეთსა (950 ათ.) და საფრანგეთში (140 ათ.).[1][2][3] ევროპის გარეთ არის მნიშვნელოვანი დიასპორები სამხრეთ ამერიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ბასკების ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
  • სახელები: თვითწოდება - Euskaldunak;
  • საერთო რაოდენობა: 1,25 მლნ.
  • ენა: ბასკური. ბასკები ძირითადად ორენოვანნი არიან.
  • მორწმუნეები: კათოლიკეები.

იდენტობა და განსახლების არეალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასკები განსახლებულნი არიან ევროპის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სადაც ერთმანეთს ხვდება პირენეს მთების დასავლეთი ფერდობები და კანტაბრიის საზღვაო ზოლი.

მათი ტერიტორია ფრანგულ-ესპანურ საზღვარზე მდებარეობს. ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა წარმოქმნის ერთგვარ განსხვავებას ესპანელი და ფრანგი ბასკების სახით. ესპანურ ნაწილში ოთხი ტრადიციული რეგიონია (ნავარა, ალავა, ბისკაია, გიპოსკოა) და სამი საფრანგეთის მხარეს (ლაბურდანი, ზუბერუ, ქვემო ნავარა). ბასკები საკუთარ სამშობლოს მოიხსენიებენ, როგორც Euskal Herria („ბასკების მიწა“) ან Euskadi („ბასკების ქვეყანა“). იმის გამო, რომ ათასწლეულების მანძილზე ეს შვიდი რეგიონი არ გაერთიანებულა ერთ ერთეულად, ბასკები რჩებიან ყველაზე მრავალფეროვან და გამორჩეულ ეთნიკურ ჯგუფად ევროპაში.

ბასკების ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ გრძედის 41- 43 გრადუსებს შორის და დასავლეთ გრძედის 0 და 3 გრადუსებზე. მისი ტერიტორიის ფართობი მოიცავს 20.747 კვადრატულ კილომეტრს, საიდანაც 17.682 კილომეტრი ესპანეთის ტერიტორიაზეა. ბასკების ქვეყანაში არის სამი ეკოლოგიური ზონა. ჩრდილოეთი ზონა მოიცავს კანტაბრის ზღვის სანაპიროს და მთისწინეთს. იგი ხასიათდება საზღვაო კლიმატით და ერთ- ერთი ყველაზე ტენიანი რეგიონია. პირენეს მთების ქედები შეადგენენ ცენტრალურ ზონას, სადაც ალპური კლიმატია გავრცელებული. სამხრეთი ზონა, რომელიც ბასკების ქვეყნის ტერიტორიის ორ მესამედს მოიცავს, პირენეს წვიმიან ნისლშია გახვეული და კონტინენტური კლიმატია გავრცელებული.[4]

1975 წელს მოსახლეობის რაოდენობა 2,871,717 ადამიანის შეადგენდა, რომელთაგან მხოლოდ 229,383 ცხოვრობდა საფრანგეთის ტერიტორიაზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე მნიშვნელოვნად მერყეობს რეგიონების მიხედვით. მაღალ ურბანიზებულ ბისკაის ზონაში 533 ადამიანი ცხოვრობს ერთ კვადრატულ კილომეტრზე, მაშინ როცა ქვემო ნავარაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 22 კაცს შეადგენს ერთ კვადრატულ კილომეტრზე. სავარაუდოდ არსებობს 828.000 ბასკი, რომელიც მშობლიურ, ბასკურ ენაზე საუბრობს. თუმცა მათი ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ და ცენტრალურ ზონებში ცხოვრობს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბასკური ენა უფრო მკვეთრადაა გამოხატული სასოფლო რაიონებში, ვიდრე ურბანულ ცენტრებში. ბოლო წლებში შეიმჩნევა საკმაოდ აქტიური პოლიტიკა, ბასკი ნაციონალისტების მხრიდან, რომლებსაც ბასკური ენის გავრცელების წახალისება სურთ. პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და მნიშვნელოვანი (თუმცა არა საყოველთაო) წარმატებაც მოიტანა. ამასთანავე ბასკები გამართულად ფლობენ ფრანგულ ან ესპანურ ენას იმის მიხედვით, თუ საზღვრის რომელ მხარეს ცხოვრობენ. დიგლოსია ეს არის ერთი ენის ორი ტერიტორიული დიალექტის ან მისი ორი ისტორიული ვარიანტის ცოდნა (მაგალითად, ძველბერძნულისა და ახალი ბერძნულისა). ჩვენს შემთხვევაში ეს ბასკური ენაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იდგა ამ პრობლემის წინაშე.[4]

ჩრდილო ეკოლოგიურ ზონებში არის ისეთი მთავარი ქალაქები, როგორებიცაა ბილბო/ბილბაო, დონასტია/სან სებასტიანი და ბაიონა/ბიონი, აგრეთვე დიდი მნიშვნელობის მქონე რეგიონალური წარმოების ცენტრები (ეიბარი, მონდრაგონი, ირუნი). ასევე ბევრია სოფლები, რომლებიც სანაპირო თევჭერას მიზდევენ და მათი მოსახლეობა 5000-10000 მცხოვრებს შეადგენს. შიდა მთისწინეთში არის გლეხთა სოფლები 500-დან 3000-მდე მოსახლეობით. ჩვეულებრივ სოფელი მოიცავს რომელიმე მდინარის ხეობასა და მიმდებარე ფერდობებს. ცენტრალური, მთავარი ინფრასტრუქტურა, როგორებიცაა ეკლესია, სკოლა, ბარები, მუნიციპალიტეტი, ხელბურთის კორტი, მაღაზიები და ნაგებობები სხვადასხვა პროფესიონალებისთვის( ექიმი, ვეტერინარი, პარმაცევტი, ფოსტალიონი), განთავსებულია ხეობის ნაწილში. ხოლო მიმდებარე ფერდობებზე მდებარეობს ფერმერთა კარ-მიდამოები, რომლებიც ან ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულია, ან დაჯგუფებულია ათი-თორმეტი საცხოვრებელი თავიანთი კოლექტიური მიწებით. ეს ფერმერთა სახლები უდიდესი ქვის ნაგებობებია, ხშირად სამსართულიანი. პირველი სართული ცხოველთა თავშესაფრებს უჭირავს, მეორე სართული არის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მესამე სართული გამოიყენება თივისა და სხვა მოსავლის შესანახად.[4]

ბასკებმა თავისი სახელი — Euskaldunak, აიღეს სიტყვიდან მათი ენის სახელწოდებისგან — Euskara. ტრადიციული ბასკური კულტურა რეგიონის ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის ზრდის გამო რეგრესირებადია. სამრეწველო ქალაქების უმეტესობაში არა მარტო ბასკური წეს-ჩვეულებები, არამედ ბასკური ენაც დავიწყებას ეძლევა. ბასკურად ძირითადად ლაპარაკობენ მაღალმთიან შორეულ რეგიონებში, მაგრამ XX საუკუნის ბოლოს თითქმის ყველა ბასკი ლაპარაკობდა ესპანურად ან ფრანგულად.

დიდი ხანია არსებობს აზრი, რომ ბასკები გენეტიკურად განცალკევებული ხალხია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბასკები ენათესავებიან იბერიულ-კავკასიურ ერებს, კერძოდ კი — ქართველებს. როგორც ჯგუფს, მათ აქვთ ყველაზე მაღალი პროპორცია რეზუს-უარყოფითი სისხლისა ევროპაში (25%) და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტი O ტიპის სისხლისა (55%).

ლინგვისტური წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასკური არის აგლუტინაციური ენა, რომელიც ლათინურ ანბანს იყენებს. ის არის ერთადერთი წარმომადგენელი საკუთარი ენობრივი ოჯახისა. მეცნიერები შეეცადნენ წარმოეჩინათ ერთგვარი მსგავსება ბასკური ენისა მსოფლიოს სხვა ენებთან, კერძოდ კავკასიურ ენათა ჯგუფებთან. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ბასკური ენა დაკავშირებული უნდა ყოფილიყო პირენეულ ენათა ჯგუფთან, რომელიც წინა რომაულ პერიოდში იყო გავრცელებული პირენეს ნახევარკუნძულზე.[4] 

ბასკური ენის უნიკალურობას ხაზს უსვამს ბასკების წარმოშობის საიდუმლოებით მოცული ისტორია. ზოგიერთმა მეცნიერმა ივარაუდა, რომ შესაძლოა ბასკები პირდაპირი შთამომავლები ყოფილიყვნენ კრომანიონელი ადამიანისა. შუა საუკუნეების ბასკები, გარემოცულნი იყვნენ ტომებით, რომლებიც მესქონლეობას მისდევდნენ და ამავდროულად სისასტიკითაც გამოირჩეოდნენ, სწორედ ამიტომ მათ ბარბაროსებად მოიხსენიებდნენ. რომაელები, გოთები, ფრანკები, მავრები - თითოეული მათგანი აკონტროლებდა ბასკების ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს, თუმცა ბასკები ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს და არ აძლევდნენ სრული გავლენის მოპოვების შესაძლებლობას. სწორედ ბასკები შეებრძოლნენ კარლოს დიდს რონსევალის ბრძოლაში.  ბასკებმა, რომლებიც არაბების მოკავშირეებად გამოდიოდნენ, სარაგოსის წარუმატებელი ალყის შემდეგ გაანადგურეს უკანდახეული ფრანკთა ჯარების არიერგარდი (ჯარის ან ფლოტის ნაწილი, რომელიც ფრონტიდან ზურგისაკენ მოძრაობისას მთავარ ძალებს ბოლოში მიჰყვება და იცავს მათ). ბრძოლისას დაიღუპა მხედართმთავარი როლანდი, რომლის გარდაცვალებასთან ერთად საფუძველი ჩაეყარა საგმირო ეპოსს სახელად „სიმღერა როლანდზე“.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შემდეგ, ბასკების ქვეყნის ზოგიერთი რეგიონი საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ინგლისელების, ფრანგებისა და ესპანელების მხრიდან. ისინი ბასკებს, როგორც პაიკებს ისე იყენებდნე ბრძოლის დროს. თუ ისინი შეძლებდნენ თავის წარმოჩენას სუვერენიტეტს მიიღებდნენ, რომელიც სინამდვილეში ფარსი იყო. ორივე მხარემ კარგად იცოდა, რომ ეს შეთანხმება იქამდე დარჩებოდა ძალაში, სანამ ახალი მოწინააღმდეგე არ გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე. მიუხედავად ყველა წინაპირობისა ბასკებმა მაინც მოახერხეს იდენტობის შენარჩუნება. აღადგინეს ძველი და შემოიღეს ახალი წესები, როგორც ეტიკეტის ასევე, სახელისუფლებო თვალსაზრისითაც. მაგალითისთვის კასტილის მეფე ტახტზე ასვლის შემდეგ ვალდებული იყო ჩასულიყო ქალაქ გერნიკაში და ფიცი დაედო წმინდა მუხის ძირას, რომ პატივს სცემდა ბასკურ კანონებს.

ბასკები გამოირჩეოდნენ გემთმშენებლობის კარგი ცოდნით, სწორედ მათ სახელს უკავშირდება ვეშაპებზე სანადირო გემის შექმნა. სანავიგაციო უნარების კარგად ფლობამ და გემით ზღვაში ოსტატურად მანევრირებამ ისინი პირენეს ნახევარკუნძულზე ყველაზე ცნობილ მეზღვაურებად აქცია.

XV საუკუნის დასაწყისში ბასკებმა უკვე გადაკვეთეს ატლანტიკა და ნადირობდნენ ვეშაპებზე ლაბრადორის სანაპიროზე. ბასკები ასევე შედიოდნენ კოლუმბისა და მაგელანის გემების ეკიპაჟს შემადგენლობაში. ბასკი მეზღვაურები, დაქირავებულები, ვაჭრები და მისიონერები ესპანური კოლონიალური ელიტის რიგებს ავსებდნენ, ისინი ამერიკაში მიმომავალი გემების უმრავლესობის კონტროლს ახდენდნენ. ასევე ბასკები აკონტროლებდნენ კოლონიების განვითარებისთვის გამოყოფილ სახსრებს. საფრანგეთის რევოლუციამ, თავისი ძლიერი ცენტრალისტური ტენდენციებით, გაანადგურა პოლიტიკური ავტონომია ლაპურდიის, ბიჰი-ნაფაროასა და ზუბეროას პოლიტიკური ავტონომია. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, ისინი გილიოტინაზე აიყვანეს ან კონცენტრაციულ ბანაკებში  გადაანაწილეს. XIX საუკუნეში ბასკები ესპანეთის ომში წაგებული კარლისტების მხარეს იბრძოდნენ, რის გამოც მოუწიათ უამრავი პოლიტიკური ავტონომიების დათმობა. ამასთან ერთად მეცხრამეტე საუკუნეში ბასკებს შეუმცირდათ მუშების შემოდინება, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა მრეწველობა და შეშფოთება გამოიწვია.

1990 წლისათვის შეიქმნა თანამედროვე ბასკების ნაციონალისტური მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა მადრიდის პოლიტიკის შეზღუდვას ბასკების ქვეყანაში. ნაციონალისტებმა გააპროტესტეს არჩევნები და ამით კონტროლი მოიპოვეს ისეთ პროვინციულ მუნიციპალიტეტებზე როგორიცაა გიპუსკოა და ბისკაია. როცა ესპანეთში სამოქალაქო ომი გაჩაღდა 1936 წელს, ეს ორი პროვინცია რესპუბლიკის ერთგული რჩებოდა, მათ აირჩიეს ახალი ავტონომიური მთავრობა, და საკუთარი ვალუტაც კი გამოუშვეს. ცხრა თვეში კი ბასკები ფრანკომ დაამარცხა და მათი უმრავლესობა დახვრიტეს ან ციხეებში მოათავსეს, ათასობით ადამიანი გადაასახლეს, ბასკების მთავრობა კი პარიზში გადავიდა. ფრანკოს რეჟიმის დროს იყო სისტემატიური ზეწოლა ბასკურ კულტურაზე. აქედან გამომდინარე 1950-იანი წლების დასასრულში ახალგაზრდა ბასკებმა ჩამოაყალიბეს მოძრაობა ETA და ესპანეთიდან ბასკეთის გამოყოფა და სრული დამოუკიდებლობა მოითხოვეს. მათი და ფრანკოს დაპირისპირება მასიურ ძალადობაში გადაიზარდა,  და ამიტომაც ეს ორგანიზაცია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო „ტერორისტულ“ ორგანიზაციად სახელდებოდა. ფრანკოს გარდაცვალებასთან ერთად 1975 წელს ესპანეთში დაიწყო დემოკრატიის ხანაც. ბასკების ნაციონალისტური მოძრაობები ღიად მონაწილეობდნენ ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბებაში, რომელიც მეტ თავისუფლებას ანიჭებდა ავტონომიებს.[4]

სოციო-პოლიტიკური ორგანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური ორგანიზაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალურ დონეზე თემები რეგულირდება არჩეული მერის და საქალაქო საბჭოს მიერ. საფრანგეთის სამი რეგიონი, ბერნა პირენეების დეპარტამენტი ატლანტიკაში და მათი მთავრობის რეზიდენცია პაუში. ესპანეთის ოთხი პროვინციიდან თითოეულს ჰყავს საკუთარი არჩეული კრება ან „დეპუტაცია“. დედაქალაქით ვიტორიაში მას აქვს თავისი სახალხოდ არჩეული პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა. ის აკონტროლებს მედია საშუალებების, განათლების სისტემის და ეკონომიკური განვითარების გარკვეულ ნაწილს. ყველა საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიები კი მადრიდში მუშავდება. ბასკები ასევე ირჩევენ ესპანური და ფრანგული პარლამენტის წარმომადგენლებსაც.

ბასკების რეგიონი ძლიერ არის დაცული განსაკუთრებით ესპანეთის მხარეს. ესპანეთის სამოქალაქო გვარდია არ სარგებლობს დიდი პოპულარობით მოსახლეობაში და ხშირად დაპირისპირების მიზეზიც ხდება. პოლიტიკურად ლმობიერი მხარეებიც კი თვლიან, რომ ამ ძალების გამო მათი ტერიტორია „ოკუპირებულია“, ამიტომაც გვარდიის გაყვანა ნაციონალისტების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება. ETA-სა და გვარდიას შორის შეტაკებებში დაფიქსირებულია 600-მდე სასიკვდილო შემთხვევა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე. ბასკები დიდი ხანია აქტიურობენ თავისი ენობრივი და კულტურული უფლებების დასაცავად, თითქმის რომის იმპერიის დასრულების პერიოდიდან. XX საუკუნეში, მცირე ხნით (1936-37 წწ) ბასკურმა მიაღწია ოფიციალურ აღიარებას ბასკეთის ავტონომიური მმართველობის ფორმით ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, მაგრამ ფრანსისკო ფრანკოს მმართველობის პერიოდში ეს ავტონომიურობა დაიკარგა. 1975 წელს, ესპანეთში მონარქიის აღდგენისთანავე, ბასკებმა გააგრძელეს ზეწოლა ესპანეთის მთავრობაზე და 1978 წელს კვლავ მიიღეს ავტონომიის უფლება, სადაც ესპანური და ბასკური ოფიციალურ ენებად გამოცხადდა.

ამან გამოიწვია მეტი თავისუფლება საშინაო მმართველობაში, მაგრამ ვერ დააკმაყოფილა უფრო ექსტრემისტული მოთხოვნების მქონე ორგანიზაციები, მაგალითად, ETA - Euzkadi Ta Azkatasuna („ბასკური სამშობლო და თავისუფლება“), რომელიც იბრძვის ბასკეთის თვითმმართველობისა და ესპანეთისაგან გამოყოფისათვის. ეტა-ს ხანგრძლივი გავლენისა და საქმიანობის გამო რთული ურთიერთობები ჩამოყალიბდა ბასკებსა და ესპანელებს შორის. ბოლო ხანებში ორივე მხარე ცდილობს კონფლიქტის დარეგულირებას.

სოციალური ორგანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასკების ქვეყანა მეტწილად ხელშეუხებელი დარჩა დასავლური ევროპული ფეოდალიზმისგან და არსებობს გავრცელებული აზრი, რომ ყველა ბასკი თავადია. აღინიშნება განსაკუთრებული სოციალური მობილობა და ქონებრივი განსხვავება ავტომატურად არ განსაზღვრავს სოციალურ სტატუსს. თუმცა არსებობს ერთგვარი ბასკური პლუტოკრატია მეწარმეების, ბანკირებისა და მდიდარი ბიზნესმენებისა, რომლებიც უფრო მეტად ფრანგ და ესპანელ ელიტასთან იყვნენ დაკავშირებულნი, ვიდრე საკუთარ თანამემამულეებთან. შეინიშნება გარკვეული საზღვარი ბასკებსა და არა-ბასკებს შორის, რაც ხშირად უკმაყოფილებისა და დისკრიმინაციის მიზეზი ხდება. სოციალური კონტროლი ადგილობრივ დონეზე დიდწილად ზეწოლის მეთოდით ხორციელდება. რელიგიურ სფეროში კი მრევლზე დიდ გავლენას ახდენენ მღვდლები.

ტრადიციულად ბასკები ამუშავებდნენ მცირე ზომის მინდვრებს იზოლირებულ მთიან რეგიონებში, იქ სადაც ისინი ახლაც ცხოვრობენ. სამოსახლოები განლაგებულია მცირე ჯგუფებად, რომლებიც ქმნიან სოფლებს, ან გაფანტულნი არიან მაღალმთიან ზონებში. სამოსახლო (სახლი, მინდორი და ოჯახი) არის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ერთეული. სოციალური ორგანიზაციის ეს ფორმა დაცული იყო ტრადიციული კანონით მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც აწესრიგებდა ურთიერთობებს, რომლის მიხედვითაც მთელი ქონება გადადიოდა ერთ მემკვიდრეზე. ტრადიციული ბასკური კულტურა ეფუძნებოდა ამ ინდივიდუალურ სამოსახლოებს, რომელთაც ეწოდებოდა caserios. იზოლირებულად ცხოვრების ასეთმა წესმა განაპირობა ოჯახური სოლიდარობის ძლიერი გრძნობა, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს სიძლიერეს და სიცოცხლისუნარიანობას ბასკური ენისა, კულტურისა და კოლექტიური იდენტურობისა.[4][5]

საარსებო საშუალებები და კომერციული აქტივობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის მხოლოდ 20% არის დაკავებული სოფლის მეურნეობით. ბისკაიში და გიპუსკოაში აქტიური სამუშაო ძალის 50% დასაქმებულია მრეწველობაში. დღევანდელობამდე „ბასერია“ იყო ბასკების შერეული მეურნეობების ერთგვარი გაერთიანება, რომელიც უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებდა თვითუზრუნველყოფაზე. ფერმერულ ოჯახებს მოჰყავდათ საკუთარი ხორბალი, სიმინდი, ბოსტნეული, ხილი და თხილი, აგრეთვე ზრდიდნენ ფრინველებს, კურდღლებს, ღორებს, ძროხებს და ცხვრებს. წვდომა სოფლის საერთო რესურსებზე (ცხოველთა საძოვრები, გვიმრები ცხოველეთა საწოლებისთვის, კირქვა სასუქისთვის და ტყე საწვავისა და საშეშენებლო მასალებისთვის) მნიშვნელოვანი წყარო იყო მოსახლეობისთვის. გასული 50 წლის განმავლობაში იზრდებოდა კომერციალიზაცია სოფლის მეურნეობაში. სახნავ-სათეს მიწებზე დაიწყეს ან ინტენსიური დათესვა/გაზრდა ბოსტნეულისა ან საკვების წარმოება სარძეო მეურნეუბისთვის, ორივე ეს საქმიანობა ხდებოდა, რათა მოემარაგებინათ ქალაქის ბაზრები. სოფლის მეურნეობა მექანიზირებულია, თუმცა მცირე მასშტაბებში ციცაბო რელიეფისა და გამო. ცენტრალურ ეკოლოგიურ ზონებში ცოტა შემთხვევაა სამუდამო დასახლებისა. აქ ზაფხულის თვეებში მწყემსები თავიანთ ფარასთან ერთად მაღლობებისკენ მიეშურებიან, ხოლო მეტყევეები მუხასა და წიფელს ჭრიან. სამხრეთ ეკოლოგიურ ზონებში აგროკულტურა ბევრ და მრავალფეროვან მამულებს მოიცავს, ფართოდ არის გაფანტული სხვადასხვა აგროქალაქები. ეგრეთ წოდებული „ხმელთაშუა ტრილოგია“ მცენარეებისა, ასე მოიხსენიებენ ხორბალს, ზეთისხილსა და ყურძენს, წამყვანი კულტურებია ამ ეკოლოგიურ ზონაში. მდინარე ებროსთან ახლოს არის ვრცელი სარწყავი სისტემა, რომელიც ფართო მასშტაბებით ბოსტნეულის მოშენების საშუალებას იძლევა. ბასკური სანაპირო მეთევზეობის სოფლები დღესაც აგზავნიან საკუთარ გემებს კანტაბარიისა და ირლანდიის ზღვებში სხვადასხვა სახეობის თევზების დასაჭერად (hake, anchovies, sea bream), აგრეთვე სტუმრობენ დასავლეთ აფრიკის სანაპიროებსაც იგივე მიზნით. აღსანიშნავია, რომ ეს გემები საკმაოდ კარგად არიან აღჭურვილები (მექანიკური ბადეებით,სამაცივრეებით, სიღრმის საზომი მოწყობილობებით და ა.შ).

ბასკეთი პირინეის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია. ქალაქი ბილბაოში შევხვდებით მძიმე მრეწველობისთვის განკუთვნილ ბევრ ნაგებობას, ფოლადის ქარხნებისა და გემთმშენებელი ობიექტების ჩათვლით. აგრეთვე აქ არის დასავლეთ ევროპაში გემებიდან ნავთობის გადმოსაზიზად განკუთვნილი პორტებიდან უდიდესი. უფრო პატარა ინდუსტრიული ქალაქები სპეციალიზდნენ თანამედროვე სამომხმარებლო საქონელზე, უბრალო პლასტმასის ნივთებიდან დაწყებული საკერავი მანქანებით დამთავრებული. განვითარებულია აგრეთვე იარაღის ინდუსტრია. ინდუსტრიული დაბინძურება მთავარი პრობლემაა ბასკეთისთვის. ჰაერის ძალიან დაბალი ხარისხიანობა გამოიწვია სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებმა და მათმა სიმრავლემ. მდინარეების უმეტესობა საგრძნობლად დაბინძურებულია.

მაშინ როცა ზოგიერთი ფერმერი თუ მეთევზე საკუთარ პროდუქციას პირდაპირ ახლო მდებარე ქალაქებსა და სოფლებში ყიდდა, ახლა ისინი ეფექტური სავაჭრო ცენტრებით სარგებლობენ, რომლებიც თავის მხრივ სუპერმარკეტებსა და უნივერმაღებს აერთიანებს.

სქესებს შორის შეიმჩნევა თანასწორობა. აგროკულტურაში, ქალები ხშირად მუშაობენ მამაკაცების მხარდამხარ იდენტურ სამუშაოებზე. ურბანულ არეალში ქალების დასაქმება ინდუსტრიასა და მომსახურების სფეროში მუდმივად იზრდება. თუმცა საშინაო საქმეები ძირითადად ქალების კომპეტენციის სფეროდ რჩება.

ფერმისა და მიწის მესაკუთრეობა ისტორიულად პრესტიჟული სოციალური სტატუსი იყო საზოგადოებაში, რომლისთვისაც დასამუშავებლად ვარგისი მიწა უძვირფასესია, თუმცა ბოლო 50 წლის ცვლილებებმა გამოიწვია ორივე, როგორც მიწის დეფიციტი, ისევე სიჭარბეც. ერთი მხრივ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის სიმწირემ, რომელიც მეოცე საუკუნის ადამიანისათვის საკმარისი აღარ იყო, ბევრ ოჯახს აიძულა უბრალოდ უარი ეთქვა საქმიანობაზე, დაუმუშავებლად დაეტოვა მიწა, გაეყიდა ან გაექირავებინა. მეორე მხრივ, ბევრი ქალაქის მოსახლე ყიდულობს ან არენდით იღებს ამ მიწებს, რათა გადატვირთული კვირის ბოლოს, ქალაქგარეთ თავშესაფარი გააჩნდეთ.[4]

მონათესავე და განსხვავებული ჯგუფები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურბანული ბასკური ოჯახები ატომური ტიპისაა, საკუთარი ბინით. სამხრეთ ეკოლოგიურ ზონაში, ასეთივე ოჯახის ტიპი დომინირებს აგრარულ დასახლებებში. ბასკურში ტერმინი ოჯახი მთავარი სოვიალური ფორმაა. ნათესაობა აღირიცხება ორმხრივად, არის ეგოცენტრულად განსაზღვრულიც, რომელიც ძირითადად მხოლოდ განსაზღვრული ელემენტის ქორწილის ან სიკვდილის შემთხვევაში აქტივირდება. მეზობლები, ჩვეულებრივ არა ნათესავნი,ასევე დიდი როლს თამაშობენ ბასკურ საზოგადოებაში. სამეზობლო გაერთიანებები, როგორც წესი მიმართვის პირველი ვარიანტია კრიზისულ სიტუაციებში. სამეზობლო სოციალური სიახლოვისა და მხარდაჭერის ძირითადი წყაროა.

ნათესაობის ტერმინოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოყენებული ტერმინოლოგია ესკიმოსთა მსგავსია. ტერმინები განსხვავდება მოსაუბრის სქესის მიხედვით.[4]

ქორწინება,ოჯახის შექმნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასკები მონოგამები არიან და პირად არჩევანს დიდი წონა აქვს. თუმცა ოჯახის მემკვიდრის ქორწინება,ქონებრივი გარიგებაცაა. ფერმისა და მიწის მფლობელობა ახლადდაქორწინებულთ საქორწინო შეთანხმების საფუძველზე გადაეცემათ. პატარა სოფლებში შეინიშნება ენდოგამობაც, ხშირია ნათესაური ქორწინებები, ზოგჯერ ნახევარ და-ძმებს შორისაც.

მემკვიდრე და მეუღლე მშობლებთან ერთად (მემკვიდრის) ქმნიან საოჯახო მეურნეობას. მემკვიდრის დაუქორწინებელი ძმები და დები შეიძლება დარჩნენ ოჯახში სიკვდილამდეც კი, მაგრამ ოჯახის თავის ავტორიტეტს ემორჩილებიან. ოჯახი მუშაობს ერთიანად, ბავშვები და მოხუცები შედარებით მსუბუქ სამუშაოებს ასრულებენ. ურბანულ არეებში, ასეთი ატომური, მდიდარი ოჯახებისთვის, მთელ საშინაო საქმეს შეიძლება დაქირავებული მსახური ასრულებდეს. ის შეიძლება ასევე უვლიდეს და პატრონობდეს ოჯახის უხუცეს წევრსაც.

საკუთრება თითოეული თაობის მხოლოდ ერთ წევრს გადაეცემა. ზოგიერთ რეგიონში ტრადიციებს მხოლოდ მამრობითი შთამომავლობა დიქტირებს. მემკვიდირის და-ძმები თავიდანვე უზრუნველყოფილნი არიან. ისინი თანაბრად იყოფენ მშობლების პირად ქონებას (ფული, ძვირფასეულობა და ა.შ.) ურბანულ არეებშიც, შთამომავლობა თანაბრად იყოფს გარდაცვლილის ქონებას. თუმცა ეროვნული კოდექსები თითოეულ მიმღებზე მაქსიმალურ რაოდენობას, მთლიანის ერთი მესამედით საზღვრავენ.

ბავშვების აღზრდა ოჯახის ყველა წევრზე თანაბრადაა განაწილებული. ქალაქებში ამას ხშირად ემატება ქალი-მსახურიც,რომელიც ძიძის ფუნქციებსაც ითავსებს. ბასკები აქცენტს აკეთებენ ინდივიდუალური ინტერესების სუბორდინაციაზე,მთლიანი „ორგანიზმის“ საკელთიდღეოდ. ერთი შთამომავალი სოციალიზდება როგორც მემკვიდრე, დანარჩენები კი ეგუებიან იმ აზრს, რომ მათ სახლი უნდა დატოვონ. ამ სისტემამ, ბასკების დიდი ნაწილი ემიგრაციის გარდაუვალ კანდიდატებად აქცია.[4]

ტრადიციულად ბასკები მეტწილად კათოლიკეები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ უკანასკნელები დასავლეთ ევროპაში, ვინც მიიღო ქრისტიანობა, მათ ისეთი დიდი წინამძღოლები ჰყავდათ კათოლიკურ ეკლესიაში როგორიცაა: იგნატიუს ლოიოლა და ფრანცისკო ხავიერი. ისინი დღეს წმინდანებად არიან შერაცხულნი. XIX, XX საუკუნეებში ბასკები განსაკუთრებით ღრმადმორწმუნე იყვნენ, მაგრამ უკანასკნელ წლებში ეკლესიაში სიარულს, როგორც უმრავლესობა დასავლეთ ევროპის ქვვეყნებში, მათაც უკლეს. დღესდღეობით, კვლევებბის თანახმად დგინდება, რომ ბასკების მხოლოდ 50%-ზე ოდნავ მეტს სწამს ღმერთის არსებობა, დანარჩენი კი აგნოსტიკოსი ან ათეისტია. სკეპტიტიზმი რელიგიის მიმართ შესამჩნევად იზრდება უმცროს თაობაში, მაშინ როცა უფროსები ინარჩუნებენ საკუთარ რწმენას.

ბასკების გაქრისტიანებაზე ორი მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ქრისტიანობამ ბასკეთში IV-V საუკუნეებში შეაღწია. მეორე მოსაზრებით კი ეს მხოლოდ XII-XIII საუკუნეებში მოხდა. მთავარი საკითხი იმაში მდგომარებს, თუ რას ვგულისხმობთ ჩვენ გაქრისტიანებაში. ქრისტიანობის ადრეული კვალი, ძირითად ურბანულ არეებში IV საუკუნიდან გვხვდება. 589 წელს პამპლონაში ეპისკოპოსი იჯდა, ასევე ცნობილია რამდენიმე განდეგილი მწირის მოღვაწეობის შესახებ. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, ქრისტიანობა „ადრე“ მოვიდა.

პრექრისტიანული რწმენა ორიენტირებულია ქალღმერთ მარიამზე. რიგი ლოკაციების დასახელებაში მისი სახელი ფიგურირებს, რაც, რა თქმა უნდა, მის საპატივცემულოდაა გაკეთებული (მაგალითად, anbotoko mari). ეს სახელები კი სხვადასხვა ლეგენდას უკავშირდება. ერთ-ერთი ამინდთან დაკავშირებული ლეგენდის მიხედვით, ის ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ, მოგზაურობდა ბასკეთის მთების მღვიმეებში. როცა ის იყო ანბოტოში, ამინდი წვიმიანი იქნებოდა, ხოლო გორბეასა ან სუპელეგორში ყოფნისას მშრალი. ჯერჯერობით არსებობს დისკუსიები იმის შესახებ, სახელი მარიამი არის ორიგინალი, თუ იგი უბრალოდ ემთხვევა ქრისტიანულ სახელს მარიას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარიამი არის ერთ-ერთი უძველესი  თაყვანცემული ქალღმერთი ბასკთა ტერიტორიაზე. მარიამის მეუღლე არის სუგარი. ამ წყვილს აქვს სუპერიული, უმაღლესი ძალაუფლება, ძალა შექმნისა და განადგურებისა[5][6].

ბასკური მითები და ლეგენდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე უფრო პრიმიტიული ადამიანიც კი გრძნობდა, რომ საჭირო იყო იმ მოვლენებისა და ფენომენებისთვის სახელი მიენიჭებინა, რომლებიც მის არსებობას ახლდა თან. ის ინტერპრეტაციას უკეთებდა მათ, ეძებდა ახსნას და მიღებული პასუხებით ქმნიდა საკუთარ მითებს, ლეგენდებს და რელიგიას. ამან ჩამოაყალიბა ადამიანის ურთიერთობა ბუნებასთან და ყველაფერ დანარჩენთან მის გარემოში, რაც გაუგებარად და ხშირად მაგიურადაც მოიაზრებოდა.

ბასკებმა ქრისტიანობა ძალიან გვიან მიიღეს. ისინი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყვნენ სხვა კულტურებისგან, რამაც აიძულა მრავალფეროვანი მითები და ლეგენდები შეექმნათ, რომლებიც დღემდე არსებობენ ზეპირსიტყვიერების დამსახურებით. მათი მიხედვით მტებმა და ხეობებმა თითქმის ადამიანური მნიშვნელობა შეიძინეს, დედამიწის სიღრმეებში კი მიკვდავთათვის მიუწვდომელი რძის მდინარეები მიედინება. ორი ძალა მართავს ბუნებაში მიმდინარე პროცესებს და ადამიანის სიცოცხლეს: ცის ღმერთი ოსტი ან ორცი, რომელიც რომაული იუპიტერის ან ბერძნული ზევსის ექვივალენტია და ლარგია, მთვარე, ფემინური ძალა, რომელიც სამყაროს უხილავი ნაწილიდან წარმოიშვა. ოსტი და ეგუცკი, მზის სინათლე, დღეს, დედამიწას ეკუთვნიან, ხოლო ლარგია-გარდაცვლილთა, სულების, სამყაროს. ბასკურ ლეგენდებში ხშირად ვხვდებით მთვარეს და მის ციკლებს. ძველი ბასკების ქალური ღვთაება იყო მარიამი, ქალბატონი, რომელიც დედამიწის ცენტრამდე ჩამავალ გამოქვაბულებში ცხოვრობდა. მას სხვადასხვა ფორმის მიღება შეეძლო, მაგრამ ხშირად ჩნდებოდა როგორც თვალწარმტაცი სილამაზის ქალი და გადაადგილდებოდა მთიდან მთაზე ცის გადაკვეთით,როგორც ცეცხლის ბურთი. ნებისმიერ მნიშვნელოვან ადგილს აქვს მარიამის საცხოვრებლის მოდელი, თავის უმაღლეს წერტილში, მაგალითად, გორბეას, ანბოტოსა და აკეტეგის მთები.

სხვა მნიშვნელოვანი პერსონაჟები ღმერთებსა და ადამიანებს შორის არიან ტყის ბატონები, ბასაჯაუნაკები, გასაოცრად ძლიერი ბანჯგვლიანი არსებები, რომლებიც ადამიანებამდე ამუშავებდნენ მიწებს. ადამიანებმა მიწათმოქმედების უფლება მიიღეს მას შემდეგ რაც სან-მარტინმა მათ მოუგო შეჯიბრი და პრიზად მცენარეთა თესლი მიიღო.

დინებებთან და სანაპიროებთან, ლამიაკები ან ლამინაკები, თავიანთ გრძელ თმებს ოქროს სავარცხლებით ივარცხნიან. ეს მაცდუნებელი არსებები, ქალთევზას მსგავსნი-ან რომლებსაც ფრინველის ფეხები აქვთ, აცდუნებენ ადამიანებს და ღუპავენ.

სახლი ეტხეა არის თავშესაფარი და ტაძარი ბასკი ხალხის ელემენტი, რაც მათ იდენტობასა და სახელს აძლევს. სახლი დაცულია ბოროტი ძალებისგან ცეცხლით, დაფნის ფოთლებით ან ფოთლების ფერფლით. ქრისტიანობის მიღების შემდეგ სახლების ტრადიცია გაგრძელდა ეკლესიაში, სადაც ყველა ოჯახს თავისი კუთვნილი ადგილი აქვს გამოყოფილი.

ქრისტიანობის შემოსვლამ შეამცირა საჯარო „ცირკულაცია“ ამ რწმენებისა, მაგრამ კერძო შემთხვევებში ისინი მაინც არსებობდნენ და ხალხი უზიარებდა მათ ერთმანეთს. როცა იესო ქრისტე გამოჩნდა, ის ზებუნებრივი ქმნილებები, რომლებსაც ბასკები სასწაულებრივ უნარებსა და ქმედებებს მიაწერდნენ, გაქრნენ. და რწმენა ნელ-ნელა გადაიქცა მითებად და ლეგენდებად.

ადგილები, სადაც ბასკების წარმოსახვით სულები სახლობენ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთებში, რომელიც აკრავს Oiartzun-ს, არის ქვებით შემოსაზღრული იდუმალი წრეები. ეს არის Intxitxu-ს ნამუშევარი, უხილავი სულისა, რომელიც კრომლეხებს აშენებს.

Autun-ში თუ Armontaitz-ისა და Malkorburu-ს მღვიმეების შესასვლელთან თუ შეჩერდები დაინახავ  Irelu-ს უცნაურ ანაბეჭდებს, მიწისქვეშეთის სულის, რომელიც შეიპყრობს ყველას, ვინც მას შეაწუხებს. Ubedi-ს მწვერვალზე კი მისი სიმღერის მოსმენაც შეიძლება, რომელიც არეულია სისინა ქარებში.

Peñas de Orduña-სა და Balzola-ს გამოქვაბულებს შორის ცხოვრობს საშინელი გველი, Erensuge, რომელიც იზიდავს ადამიანებს თავისი სუნთქვით, რათა შესანსლოს ისინი.

ზოგჯერ Albistura-სა და Zegama-ში შეიძლება გაგიკვირდეთ უცებადი და მოულოდნელი აფორიაქება ცხვრების ფარისა, რომელსაც მოჰყვება ტირილის შორეული ექო. ასე გვაგებინებს Basajaun, ტყეების მეფე, მის იქ ყოფნას, აგრეთვე აფრთხილებს მწყემსებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ.

Kortezubi - ეწოდება ადგილს გარშემორტყმულს რამდენიმე გამოქვაულით (Santimamiñe, Sagastigorri  და Covairada). აქ შეიძლება გადააწყდეთ მთლიანად წითელი ბალნით შემოსილ ხარს, ძროხას ან ხბოს, რომელთა თვალებში აუცილებლად ამოკითხება სისასტიკე და მძვინვარება. ეს არის Beigorri, Mari-ს სახლთა მცველი. Mari ძირითადი ქალღმერთია ბასკურ მითოლოგიაში. ცხოველები გამოსახულნი იყვნენ Santimami-სა და nitildee-ის გამოქვაბულების პრეისტორიულ ნახატებში.[6]

კათოლიკეობის მიღებასთან ერთად, ბასკთა ადგილობრივი რელიგიები გაქრა. ბასკთა ხელოვნების ნიმუშებიც უფრო ფართოდ ამ პერიოდში გვხვდება და რელიგიასთანაა, რა თქმა უნდა, დაკავშირებული. ქრისტიანულ მღვიმეებში წავაწყდებით სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებს, ასევე მოზაიკებს ბასკურ ეკლესიაში, კათოლიკე მღვდლების გრავიურებთან ერთად. თუმცა, სანამ ეს რელიგია ბასკეთში გამოჩნდებოდა, ადგილობრივები იქ ათასობით წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. ასე, რომ ბასკურ ხელოვნებას ამ პერიოდამდეც წავაყდებით. უძველესი ხელოვნებაც გამოქვაბულის კედლებზე სრულდებოდა და ადგილობრივთა ცრურწმენებზეა დაფუძნებული. ხშირად ვხვდებით ლაუბურუს გამოსახულებას, რომელიც იღბლის სიმბოლო იყო. კულტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში, ძალიანაა გადაჯაჭვული ბასკების ისტორიასთან, ისევე როგორც მათ სამშობლოსა და ტრადიციებთან.

სხვა დანარჩენების მსგავსად, ბასკური ლიტერატურაც რამდენიმე მთავარ პერიოდად თუ სტილად შეგვიძლია დავყოთ. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კათოლიკურ ნაშრომებს.

ტრენტის საბჭოსა (1545-63 წ.) და კონტრ-რეფორმაციის შედეგად, რომაულმა კათოლიკე მღვდლებმა დაიწყეს კატეხიზისის, ქადაგებების და სხვა საეკლესიო მასალების წერა ბასკურ ენაზე. საღვთო მოღვაწეები შეადგენდნენ ბასკური ენის მცოდნე უმრავლესობას XVI-XIX საუკუნეებში, ამიტომაც პირველი 300 წლის განმავლობაში ბასკურ ლიტერატურაში რელიგიური ხასიათის ტექსტები დომინირებდნენ. პირველი წიგნი ბასკურ ენაზე იყო ლექსების კრებული, რომლის ავტორია ბერნატ დეჩეპარე (სხვა ცნობებით დეტხეპარე ), რომელიც ჩვეულებრივი მღვდელი იყო. მისი წიგნი ლათინური სახელწოდების „Linguae vasconum primitiae“ ქვეშ გამოვიდა (1545; „პირველი ხილი ბასკური ენისა“). 1571 წელს ბასკურ ენაზე გადაიწერა ახალი აღთქმაც. თარგმანი დედოფალ ნავარის მიერ იყო შეკვეთილი, მისი კალვინიზმზე გადასვლის შემდეგ 1560 წელს. ამ წიგნს ინახავდა მოყვარული მეცნიერი და სახელმწიფო მინისტრი იოანე ლიზარრაგა. რომაულ-კათოლიკე მღვდელმა პედრო დე აკსულარმა დაწერა რელიგიური ნაშრომი „გერო“ (1643 წელს) რომელიც „გვიანს“ ნიშნავდა. ეს ნაშრომი განკუთვნილი იყო იმ ადამიანებისთვის ვინც თავისი სულის „მოვლა“ ბოლო წამს მოინდომა. ეს ნაწარმოები ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლება, რომელიც ბასკურ ენაზეა შესრულებული. XVI-XIX საუკუნეებში რელიგიური ნაშრომების უმრავლესობა ბასკურად ითარგმნა, ამით ბასკი საღვთო მოღვაწეები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ბასკური ენა სხვა ენებზე არანაკლებ ლამაზი და სასარგებლოა.[7]

რენესანსმა მათ ხელოვნებაზე ისეთივე გავლენა მოახდინა, როგორიც იტალურსა და ფრანგულზე. ბასკებმა დაიწყეს ხატვა და სკულპტურების შექმნა უფრო რთული, დეტალური და ექპრესიონისტული გზებით. XIX საუკუნისთვის, მხატვრები უფრო ემოციურ ნამუშევრებს ქმნიან. ბასკებს ჰყავთ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები. მაგალითად, მწერლები – ბაროხა და უნამუნო, სკულპტორი – ედუარდო ჩილიდა.

რაც შეეხება მუსიკასა და ფოლკლორს, პრაქტიკულად ყველა ბასკურ სოფელს საკუთარი საცეკვაო ჯგუფი ჰყავს. გამორჩეული ინსტრუმენტებია ფლეიტა და დრამი, რომელებზეც ძირითადად, მხოლოდ ერთი შემსრულებელი უკრავს. ასევე არსებობს სპეციალური ჯგუფი, რომლის თითოეულ წევრს სიმღერა და ლექსის თქმა უნდა შეეძლოს ნებისმიერ თემაზე. ასეთი წარმოდგენები სოფელში ჩატარებული ყველა ფესტივალის შემადგენელი ნაწილია, ასევე პერიოდულად იმართება რეგიონალური და ნაციონალური ჩემპიონატები.[5]

ბასკური მუსიკა შესანიშნავად გვიჩვენებს ამ ხალხის საზოგადოებრივ მოწყობასა და ტრადიციებს. მათი ტრადიციული მუსიკა არის რეგიონის ისტორიული განვითარებისა და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის პროდუქტი. მათ კულტურაზე და მუსიკაზე სხვადასხვა ერებმა მრავალი, დადებითი თუ უარყოფითი, ზეგავლენა მოახდინეს ისტორიის განმავლობაში, დაწყებული ბრიტანული და ჩრდილო ევროპული ქვეყნებიდან, დამთავრებული ხმელთაშუა და არაბული ქვეყნებით. ტრადიციულმა საერთაშორისო ვაჭრობამ ინგლისთან თავისი კვალი დატოვა ბასკურ ინსტრუმენტებსა თუ მელოდიებში.ხალხური ინსტრუმენტები ფართოდ იყო გავრცელებული ევროპაში, მაგრამ ისტოორის რაღაც ეტაპზე მათი გამოყენება შეწყდა გარკვეულ რეგიონებში და შემორჩა მხოლოდ იმ სპეციფიკურ ადგილებში, სადაც მოხერხდა ამ ინსტრუმენტების შერწყმა აბორიგენი მოსახლეობის ხასიათთან და ზნე-ჩვეულებებთან. მაგალითად ისეთი საკრავები, როგორებიცაა „three-hole pipe” და „tabor pipe”, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრცელებული ევროპაში, ჩამოყალიბდნენ ორ კონკრეტულ ინსტრუმენტად ბასკეთში: Txistu და Xirula (ორივე სამნახვრეტიანი ფლეიტაა, უბრალოდ Xirula უფრო მოკლეა და მაღალ ტონალობაშია ვიდრე Txistu). აგრეთვე შესაძლებელი იყო სხვადასხვა ინსტრუმენტებისგან ერთი ინსტრუმენტის ჩამოყალიბება, ამის კარგი მაგალითია Navarrese Dulzaiana და Souletin Txanbela, რომელთა შორის მხოლოდ მცირეოდენი განსხვავებაა. უმეტესობა ხალხური ინსტრუმენტებისა ექვს საუკუნეზე მეტს არ ითვლის, ზოგიერთი კი საერთოდ მეცხრამეტე საუკუნეში გაეცნო ბასკურ საზოგადეობას, როგორიცაა Trikiti. ბევრი ბასკური ინსტრუმენტი შეიქმნა ბასკეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და მხოლოდ გარკვუელი დროის მერე გახდა პოპულარული ამ ადგილას, Txalaparta (ხის ქსილოფონის ნაირი დასარტყმელი საკრავი, რომელიც განკუთვნილია ორი დამკვრელისთვის) გამონაკლისია.[8]

ბასკები განსაკუთრებულ ტალანტს და სიყვარულს ამჟღავნებენ მუსიკისადმი. ბასკური ენას რომანულ ენებზე უფრო მდიდარი ორალური ტრადიცია აქვს და ის წერილობით პირველად მეტექვსმეტე საუკუნეში ჩაიწერა. არის ბალადები, რომლებიც მეთხუთმეტე საუკუნით თარიღდება და თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა. მაგალითად Ozaze Jaurgainian, რომელიც ექვსი საუკუნის წინანდელ მოვლენებს აღწერს და ჩვენამდე განსხვავებული ვერსიებით მოაღწია, ან Alostorrea. ეს ბალადები შედგენილ და გავრცელებულ იქნა ტრუბადურებისა და მოხეტიალე მუსიკოსების მიერ, შენახულ იქნა ხალხის მიერ და გადაიქცა ე. წ. kopla zaharrak-ად, ტრადიციულ პოემათა ნაკრებად, რომელიც განსაკუთრებული მელოდიურობით გამოირჩევა და იმღერება. მაგალითისთვის: ბასკების პირველი ლიტერატურული ნამუშევარი, Linguæ Vasconum Primitiæ არის გრძელი ლექსების კრებული, რომლებიც მიუხედავად თავისი ზომისა მაინც მისდევენ იმ შინაგან რიტმულობის სქემას რასაც kopla-ს უწოდებენ და ისინი შეიძლება უპრობლემოდ ვიმღეროთ. დღესაც კი, ჩვეულებრივი მოვლენაა ქუჩაში შეხვდეთ მომღერალთა ჯგუფებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დადიან და მეზობლებს საჭმელს, სასმელს და ფულსაც კი სთხოვენ. მსგავს დღესასწაულთაგან ყველაზე ცნობილია შობის ღამესა და წმინდა აგატას დღეს გამართული ფესტივალები, ამ დროს მომღერლები ტრადიციულ ტანისამოსში არიან გამოწყობილნი.

აქედან გამომდინარეობს, რომ ტრადიციული სიმღერები მჭიდროდ არის დაკავშირებული მოხეტიალე მუსიკოსებსა და მგოსნებთან, რომლებსაც დღესაც კი მნიშვნელოვანი როლი აქვთ ბასკურ კულტურაში. მნიშვნელოვან ნაწილს ტრადიციული სიმღერებისა თავი მოუყარა  Resurrección María de Azkue and Aita Donostia-მ, ორმა რელიგიურმა თეოლოგმა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ბასკების ხალხურ კულტურაში, XX საუკუნის დასაწყისში. ასევე მოგვიანებით, მცირე სამუშაოები ჩაატარა ამ მხრივ კანსიონერო ვასკომ.[8]

უკანასკნელ წლებში, ბენდმა Hiru Truku-მ (რომელშიც უკრავენ ცნობილი მუსიკოსები: Joseba Tapia, Ruper Ordorika and Bixente Martinez) აირჩია რამდენიმე ბასკთა ძველი ხალხური სიმღერა, მცირე ცვლილებები შეიტანა მათში და გამოუშვა რიგი ალბომები. მათი ეს ექსპერიმენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. კიდევ ერთი თანამედროვე და ცნობილი ჯგუფი, რომელიც უკრავს ბასკური მუსიკას მცირე ცვლილებებით, არის Oskorri. ეს უკანასკნელი, საკმაოდ ხშირად აწყობს კონცერტებს, სადაც ხალხური სიმღერების ტექსტს ურიგებენ მაყურებლებს, რომ უშუალოდ მათაც შეძლონ ბენდთან ერთად სიმღერა. მათაც შეძლეს რამდენიმე ალბომის წარმატებით გამოშვება და ამ პერფორმანსის წყალობით, საკმაოდ პოპულალურნი და მოსაწონნი არიან, განსაკუთრებით შუახნის ადამიანებისთვის.

მთავარი ფიგურა და მიზეზი, ძველი სასიმღერო ტრადიციის აღდგენისა ბასკებში, არის მეოცე საუკუნეში მოღვაწე Pierre Bordazaharre (1907–1979). ამ მომღერალმა, შეაგროვა ძველი და ასევე მოდაში შემოსული ახალი სიმღერები და დაიწყო მათი გავრცელება. მან ასევე შექმნა რამდენიმე ახალი პასტორალური ნაწარმოები Soul-ის სტილში, ფორმა შეუცვალა პასტორალს და დაუმატა ახალი მოტივები.[9]

ასევე არსებობს საგუნდო მუსიკის ტრდიცია მთელს ბასკების ქვეყანაში. ზოგიერთ ქალაქში საეკლესიო გუნდები შეიქმნა იმ მიზნით, რომ დაეკმაყოფილებინათ ხალხის მოთხოვნილება რელიგიური მუსიკის მიმართ. თუმცა XX საუკუნის დასაწყისში ზოგიერთი ანსამბლი ეკლესიის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა. ასეთი იყო Sociedad Coral de Bilbao (შეიქმნა 1886 წელს), Orfeón Donostiarra (შეიქმნა 1897 წელს) ან კიდევ Coral Santa Cecilia სან-სებასტიანიდან (ბასკურად - დონასტია), რომელიც ზემოთ ხსენებულთაგან განსხვავებით ყველაზე გვიან 1928 წელს შეიქმნა. შემდგომ პერიოდში სხვა ანსამბლებიც ჩამოყალიბდა, ისეთები როგორიცა Oldarra Abesbatza ბიარიციდან. ამ ჯგუფის წევრები მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ზოგჯერ მართავდნენ წარმოდგენას სახელად „ochote“ (იყურე ქვემოთ). დღესდღეობით არსებული პატარა საგუნდო მუსიკალური ანსამბლები ბასკურ ხალხურ რეპერტუარს სთავაზობენ მსმენელს. საინტერესო გართობის ტრადიციაა ბაიონასა და დონასტიაში, ამ ქალაქების ძველ უბნებში არსებულ ბარებში ხშირად გახედებით ბასკური ტრადიციული სიმღერისა და კულტურის თანამოზიარე.

კიდევ ერთი ბასკური ფენომენია ეგრეთ წოდებული „ochote“, რომელიც პოპულარული გახდა 1930- იან წლებში ბილბაოს რეგიონში: 8 მამაკაცი, ბოხი ხმით, ადგილობრივი ხალხური ელემენტების გამორჩეული გემოვნებით, მღერის ესპანურად და ბასკურად. ეს ჟანრი შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გავრცელდა და გასცდა ბილბაოს ფარგლებს.[5]

ბასკური სამზარეულო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასკური სამზარეულო შთაგონებულ იქნა მრავალფეროვანი პროდუქტებით, ერთი მხრივ ზღვიდან და მეორედან ნაყოფიერი ებროს ველებიდან. ქვეყნის მაღალმთიანობამ გამოიწვია განსხვავებათა მთელი რიგი სანაპიროს სამზარეულოსა, რომელიშიც ზღვის პროდუქტი დომინირებს და დანარჩენ, ე.წ. შიდა მიწების სამზარეულოს შორიც, რომელიც ხორცითა და ბოსტნეულითაა გამორჩეული. ფრანგულ-ესპანური გავლენაც აღსანიშნია, რაც მათთან მოსაზღვრეობის მიხედვით ჩამოყალიბებულ განსხვავებებში აისახა. ყველაზე გამორჩეული ჩრდილო ბასკური კერძიც კი - Jambon de Bayonne იშვიათად თუ შეგხვდებათ სამხრეთში და პირიქით.

ბასკები წარმატებით ითვისებდნენ ახალ ინგრედიენტებსა და ტექნიკას ახალმოსახლეებისგან, საკუთარი სავაჭრო და კვლევითი მოგზაურობებიდან. ესპანელმა და პორტუგალიელმა ებრაელებმა შექმნეს შოკოლადისა და კონდიტერობის მთელი ინდუსტრია ბაიონეში, რომელიც დღემდე საქვეყნოდ ცნობილია. ბასკებმა კარგად აითვისეს კარტოფილი და სხვა ახალი ამერიკული პროდუქტებიც.

ზეითუნის ზეთი უფრო ფართოდ გამოიყენება ბასკურ კულინარიაში ვიდრე სხვა სახის ცხიმი.

სამზარეულო ბასკური კულტურის გულია და ამიტომ ლოდიოში ფუნქციონირებს კულინარიის მუზეუმი. პირველი ბასკური რეცეპტების წიგნი გამოქვეყნდა 1933 წელს და დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში.[5][5]

მომზადების კულტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლუდებისა და პროდუქტის გარდა ბასკები ფლობენ რეგიონში უნიკალურ მეთოდებს საკვების მომზადებისა გაზიარებისა.

სიდრის სახლები დონოსტიასა და განსაკუთრებით ასტიგარაგაში გავრცელებული დაწესებულებებია, რომლებიც ჩვეულებრივ რესტორნებს მოგვაგონებს სიდრის უზარმაზარი კასრებით. სიდრის ასხავენ სიმაღლიდან პირდაპირ სტუმრის ჭიქაში, სოფლის დანარჩენ მენიუსთან ერთად, რაც შეუცვლელად მოიცავ მარილიან ომლეტს,გრილზე მომზადებულ სტეიკს, ცხვრის ყველს ბერძნული თხილითა და კომშის საწებლით.

ტხიკეტეო არის ტაპების მოძრავი რიგი ბარიდან ბარამდე,რომელიც მთელ ესპანეთს ფარავს, მაგრამ პიკს დონოსტიაში აღწევს. ასობით ადამიანი დასეირნობს ძველი ქალაქის ქუჩებში ბარიდან ბარში და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ნიშნით გამოარჩევს: ტორტილა, ტოსტები ან ზღვის პროდუქტი. ტხიკიტეო პოპულარულია პამპლონასა და ბილბაოშიც. Gerezi beltza arno gorriakin არის ალუბლის სუპი, რომელსაც თბილს ან ცივს მიირთმევენ. ალუბლები, რომლებსაც წინასწარ კურკებს აცლიან, ტივტივებენ ღვინოში, ხშირად უმატებენ შაქარსაც, რათა სიროფი მიიღონ. ჩვეულებრივ ამ სუპს იმ დღეს ამზადებენ, როცა უნდა მიირთვან, რადგან ალუბლები 24 საათში შეიძლება სითხეში გაითქვიფონ. კერძს ხშირად უმატებენ არაჟანს ან ნაყინს.

გასტრონომული საზოგადოებები არის ორგანიზაციები, ძირითადად მამაკაცებისგან შედგენილი, რომლებიც ამზადებენ და ჭამენ ერთად კომუნაში - txoko. დიდ ქალაქებში მსგავსი გაერთიანებები უფრო მეტად ფორმალურია, რადგან ორიგინალური txoko, ხშირად პატარა სივრცეა, რამდენიმე მეგობრისა, პატარა ქალაქებსა და გარეუბნებში, სადაც საკვები და დანახარჯები საერთოა. პირველი txoko აღნიშნულ იქნა დონოსტიაში 1870 წელს. ეს უნიკალური მოვლენა მამაკაცებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სამზარეულო საქმიანობაში და გაატარონ დრო ერთად, ამ სფეროში არსებული ტრადიციული მატრიაქატისგან მოშორებით. თუმცა ბოლო წლებში მსგავს კლუბებში ქალების დაშვებაც დაიწყეს.[10]

  • ძიძიგური, შოთა., ბასკები და ქართველები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1982.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Basque. Encyclopædia Britannica Kids. ციტირების თარიღი: 16 March 2013.
  2. Basque. Oxford Reference. ციტირების თარიღი: 16 March 2013.
  3. Totoricagüena, G. Identity, Culture, and Politics in the Basque Diaspora (2003) p.59 University of Nevada Press
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 Douglass, W. A., & Beierle, J. (2001). Culture Summary: Basques. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ex08-000
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Zallo, R., & Ayuso, M. (2009). The Basque Country insight into its culture, history, society and institutions. Vitoria-Gasteiz: Eusko Jaurlaritzaren Argitalpen Zerbitzu Nagusia = Servicio Central de Publicaciones del Gobierno Vasco.
  6. 6.0 6.1 Murua, A., & Aguirre, I. (1998). Folklore and traditions. Vitoria-Gasteiz: The Basque Government, Departament of Trade, Consumer Affairs and Tourism.
  7. Basque literature. (2016). In Encyclopædia Britannica. Retrieved fromhttps://www.britannica.com/art/Basque-literature
  8. 8.0 8.1 Buber's Basque Page: Basque Music and Art. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://www.buber.net/Basque/Music/
  9. Bask Progressive Music. (n.d.). Retrieved July 06, 2016, from http://progressive.homestead.com/BASKPROG.html
  10. Perkins, C. S. (1995). Recipes from Basque restaurants of the West. Woodland, CA: C. Perkins.