შინაარსზე გადასვლა

ანბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  ლათინური ანბანი
  კირილიცა
  არაბული ანბანი
  ბრაჰმული ანბანი
  შერეული: ლათინური ანბანი და კირილიცა
  შერეული: ლათინური და არაბული ანბანი
  შერეული: უანბანო და სხვა ანბანი
  სხვა ანბანი
  უანბანო

ანბანი (შედგენილია პირველი „ან“ და მეორე „ბან“ ასოების სახელწოდებათაგან, როგორც ლათინური alphabetum ბერძნ. alpha და beta–სგან) — ერთობლიობა ასოებისა, ან რაიმე სხვა სიმბოლოებისა, რომელთაგან თითოეული ცალკეულ ფონემას, ამა თუ იმ ენის შემადგენელ ბგერით ერთეულს, წარმოადგენს. ანბანის გამოყენებით შესაძლებელია ენაში შემავალი ყოველი სიტყვის ჩაწერა. ანბანის ასოებს, როგორც წესი გააჩნიათ დასახელება და კანონიკური თანადობა. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში გამოყენებულ დამწერლობის სისტემებს შორის ანბანი დამწერლობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მხოლოდ რამდენიმე, დღესდღეობით შემორჩენილი დამწერლობა არ იყენებს ანბანს, მათ შორის ჩინური და იაპონური.

პირველი ანბანი დაახლოებით 3500 წლის წინ შეიქმნა იმ ხალხთა მიერ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სახლობდნენ და სემიტური ენების წარმომადგენელ ენაზე ლაპარაკობდნენ. პირველი ჩვენამდე მოღწეული ანბანი ფინიკიელებმა შექმნეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინ ფინიკიური ანბანი ორი მიმართულებით გავრცელდა: აღმოსავლეთით – სხვა სემიტური ტომების წარმომადგენელ ხალხებში (არაბული და ებრაული ანბანი) და დასავლეთით – ძველ საბერძნეთში. ძველი ბერძნული ანბანი საფუძვლად დაედო ეტრუსკულ, ლათინურ, გოთურ, სლავურ ანბანებს.

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში დაახლოებით 50 ანბანია გავრცელებული. ისინი განსხვავდებიან გრაფიკული იერ–სახით, ისტორიული წარმომავლობით და იდეალური ანბანისაგან დაშორების ხარისხით. ანბანური დამწერლობა მით უფრო იდეალურად ითვლება, რამდენადაც თითოეული ასო (გრაფემა) ზუსტად შეესატყვისება ფონემას. ამ მხრივ არსებულ ანბანთა შორის, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სრულყოფილი ანბანია. აქ თითოეული ფონემა სათანადო გრაფემით აღინიშნება. ქართულ ანბანში არ არის შემთხვევა, რომ რამდენიმე ნიშანი ერთ ფონემას გადმოსცემდეს, ერთი და იგივე გრაფემა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფონემას აღნიშნავდეს, ან კიდევ – გამოყენებული იყოს ფონემათა ჯგუფის აღსანიშნავად (როგორც ამას ადგილი აქვს სხვა ენებში, მაგალითად ფრანგულში, გერმანულში, ინგლისურში).

ასოების რაოდენობა ანბანში საშუალოდ 20–დან 30–მდე მერყეობს. ძველ ფინიკიურ კონსონანტურ ანბანში 22 ასო იყო. ძველ ბერძნულში 24, ქართულ ანბანში კი – 33 ასოა, მათ შორის 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანი. ჰავაის კუნძულებზე გავრცელებულ ანბანში მაგალითად 12 ასოა, რომელიც დღესდღეობით ყველაზე ნაკლებასოიან ანბანს წარმოადგენს, სინჰალური ანბანი კი, რომელსაც კუნძულ შრი-ლანკას მაცხოვრებლები იყენებენ, 50–ზე მეტ ასოს შეიცავს.

ანბანი ენაში არსებულ თითოეულ ბგერით ერთეულს უნდა გამოხატავდეს ერთი შესატყვისი ასოთი. ძველმა რომაელებმა ეს მეტნაკლებად მოახერხეს, შექმნეს რა 21 ასოიანი ანბანი. ძველი რომაელების მიერ შექმნილ ანბანზე, ლათინურ ანბანზე დაყრდნობით შეიქმნა რიგი ევროპული ანბანებისა, მათ შორის პრინციპი: „ერთ გრაფემას ერთი ფონემა“ ყველაზე უკეთ განხორციელებულია თურქულსა და ფინურში, ინგლისური და ფრანგული ანბანები კი ამ პრინციპს ძალიან დაშორდნენ. იდეალური ანბანის იდეა, სადაც ზემოთ აღნიშნული პრინციპი სრულყოფილად არის განხორციელებული, შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებულია ქართულში და კორეულში.

დამწერლობის ზოგიერთი სისტემა წარმოადგენს სილაბურ სისტემას. სილაბურ სისტემაში თითოეული ასოითი ნიშანი, როგორც წესი, ერთ მარცვალს გამოხატავს (მაგ. იაპონური ჰირაგანა), თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სილაბურ სისტემაში ერთი ასო შეიძლება მთელ სიტყვასაც აღნიშნავდეს. სილაბური ანბანის შესწავლა ჩვეულებრივ ანბანთან შედარებით რთულია, ვინაიდან მასში ასოითი ნიშნები უფრო დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ჩინური დამწერლობა მაგალითად რამდენიმე ათას ასოით ნიშანს და სიმბოლოს ითვლის. იაპონურ სილაბურ დამწერლობაში კი ორი ტიპის ანბანი გვხვდება – ჰირაგანა და კატაკანა, რომლებიც ჩინური იეროგლიფების გამარტივებულ სიმბოლოებს წარმოადგენენ.

პიქტოგრამული და იდეოგრამული დამწერლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამწერლობის ადრეული ნიმუშები გრაფემის სახით სურათებს იყენებდნენ, რომლის ყველაზე კლასიკური მაგალითი ძველი ეგვიპტური დამწელობაა. მაგალითად: თავდაპირველად სიტყვა beth სემიტურ ენებში აღნიშნავდა „სახლს“ და თანხმოვანი „ბ–ს“ ჩასაწერად სემიტურ პიქტოგრამულ დამწერლობაში სახლის მარტივ გამოსახულებას იყენებდნენ (იგივე პრინციპით ალეფი [ალფა] ნიშნავდა „ხარს“, გიმელი [გამა] – აქლემს, დალეთი [დელტა] – კარებს და ა.შ.). ჩინური დამწერლობა თავდაპირველად პიქტოგრამული იყო. ხელის გამოსახატავად ხატავდნენ ხელის მტევანს, მზის გამოსახატავად ხატავდნენ მზეს და ა.შ., თუმცა როდესაც მათ სურდათ ისეთი აბსტრაქტული ცნების გამოხატვა, როგორიცაა სიყვარული ან სიძლიერე, ისინი ამას რამდენიმე პიქტოგრამის გაერთიანებით და პიქტოგრამთა ამ ჯგუფისათვის ახალი აზრის მინიჭებით ახერხებდნენ. მაგალითად: მზის პიქტოგრამაზე დახატული ხის პიქტოგრამა აღნიშნავდა აღმოსავლეთს, რაც ხეს მოფარებულ, ამომავალ მზეს აღნიშნავდა, ისინი მზის ამოსვლას აღმოსავლეთს უკავშირებდნენ. შემდგომში პრაქტიკული მიზნით მზის და ხის ხატვას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩინელებმა მზის და ხის აღმნიშვნელი სიმბოლოები, იდეოგრამები არჩიეს და შედეგად ეს იეროგლიფი მიიღეს – 東. ასე იქცა პიქტოგრამული დამწერლობა იდეოგრამულ დამწერლობად. დღესდღეობით ჩინური და იაპონური დამწერლობა იდეოგრამულ დამწერლობას წარმოადგენს.

პიქტოგრამული ან იდეოგრამული სისტემა არაეფექტურია, გამომდინარე სიმბოლოთა იმ დიდი რაოდენობისგან, რომლებსაც ისინი შეიცავენ. მნიშვნელოვანი მომენტი კი, იდეოგრამული სისტემიდან ანბანურ სისტემაზე გადასვლისას ის იყო, როდესაც ასოითი ნიშნები გარკვეული იმპლიციტური მნიშვნელობებისაგან გაათავისუფლეს და თითოეულ ბგერით ერთეულს, ფონემას გრაფიკული ერთეული გრაფემა შეუსაბამეს. პირველი ასეთი მცდელობა ძველ შუმერება განახორციელეს შუმერულ ფონეტიკურ დამწერლობაში.

ფონეტიკური სისტემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილო სემიტური ჯგუფი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. ბერძნული და ლათინური ანბანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველმა ბერძნებმა საკუთარი ანბანი სემიტური ანბანის ფინიკიურ ვარიანტზე დაყრდნობით შექმნეს შეინარჩუნეს რა ასოების თავდაპირველი თანამიმდევრობა. მრავალი მეცნიერის მტკიცებით ეს განხორციელდა ძვ. წ. XI ს., თუმცა საერთო აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს და VIII საუკუნესაც ასახელებენ, როდესაც სავარაუდოდ იყო შესრულებული უძველესი, დღემდე ნაპოვნი, ძველი ბერძნული წარწერა, ღვინის ხელადაზე. ძველმა ბერძნებმა პირველებმა გამოხატეს ხმოვნები ასოების საშუალებით, ხმოვნები ძველ ფინიკიურ ანბანში ასოებით არ აღინიშნებოდა. ძველმა ბერძნებმა ფინიკიურ ანბანს დაამატეს ოთხი ასო: ფი, ფსი, ხი და ომეგა და საერთო ჯამში ასოების რაოდენობამ 24 შეადგინა. თავდაპირველად ძველი ბერძნები მისდევდნენ ჩანაწერის სისტემას, ბუსტროფედონს. ბუსტროფედონით წერისას პირველი ხაზი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე მარცხნიდან მარჯვნივ და ა.შ. ძვ. წ. V საუკუნეში კი მარჯვნიდან მარცხნივი მიმართულება კანონიკურ სახეს იღებს ბერძნულ დამწერლობაში.

ძველი ბერძნული ანბანიდან წარმოშობილ ანბანთა შორის გამოსარჩევია ეტრუსკული ანბანი, რომელმაც თავის მხრივ ლათინური ანბანის დასაბამი შექმნა. უძველესი ლათინური წარწერა, დღესდღეობით აღმოჩენილ წარწერათა შორის, განეკუთვნება ძვ. წ. VI საუკუნეს. ძველ რომაელთა დაპყრობითმა პოლიტიკამ კი შემდგომში ლათინური ანბანი დასავლეთ ევროპაში აღმოცენებული ყველა ენის საბაზისო ანბანად აქცია. ძველმა რომაელებმა ძველი ბერძნულიდან და ეტრუსკულიდან მხოლოდ 21 ასო ისესხეს, ლათინური ენის ბგერების გადმოსაცემათ. ძველი ბერძნული იფსილონი და ძეტა ლათინურში საჭირო არ იყო, თუმცა ბერძნული კულტურიდან რომაელებმა იმდენად ბევრი სიტყვა ისესხეს, რომ შემდგომში იძულებულები გახდნენ ხსენებული ასოები ლათინურში დაენერგათ ნასესხები სიტყვების ჩასაწერად. ამ ასოებმა საბოლოოდ ანბანის ბოლოში დაიდეს ბინა (X da Y).

შუა საუკუნეებში j და u ხშირად i და v–ს ენაცვლებოდა, ცალკეულ ასოტა სტატუსი ამ ასოებმა მხოლოდ რენესანსის ეპოქაში შეიძინეს. ჩრდილოეთ ევროპაში გაორმაგებულმა v–მ (vv) ახალი ასო w წარმოშვა, საბოლოოდ კი ამგვარად მრავალ დასავლეთევროპულ ენაში 26 ასოიანი ანბანი შეიქმნა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული და ა.შ.).

ლათინური ანბანი დღესდღეობით გამოიყენება გერმანული ენების (ინგლისური, გერმანული) და რომანული ენების (ფრანგული, ესპანური) საბაზისო ანბანად. ლათინური ანბანი რამდენიმე სლავური ჯგუფის ენის საბაზისო ანბანადაც გამოიყენება, როგორებიცაა პოლონური და ჩეხური. ფინურ–უიღორულ ენებში კი ლათინური ანბანი, კერძოდ ფინურში და ესტონურში, მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც მათ ქრისტიანობა მიიღეს. ზოგიერთ ენაში ლათინურ ანბანს განსხვავებული ასოები დაემატა, რომელიც საბოლოო ჯამში დიაკრიტიკული ნიშნების, ან იშვიათ შემთხვევაში სხვა სიმბოლოებით არის გამოხატული. გერმანული ენების ჯგუფში მაგალითად დაიწყეს k-ს აქტიური გამოყენება, რომელსაც ძველი რომაელები თითქმის არ იყენებდნენ. თანამედროვე ინგლისური, მისი მულტიკულტურული ბაზისის წყალობით თანაბრად იყენებს c-ს და k-ს ერთი და იმავე ბგერის გამოსახატავად.

არაბული ანბანი წარმოდგება არამეული დამწელობისაგან. მასში 18 განსხვავებული ასოითი ნიშანია, რომლებსაც ოთხი სხვადასხვა სახე აქვს იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში. ასოით ნიშნებზე დამატებული ერთი ან რამდენიმე წერტილის საშუალებით არაბულ ანბანში სულ საბოლოოდ მიიღება 28 ასო, რომელთაგან ყველა თანხმოვანია, ხმოვნების გამოსახატავდ კი გამოიყენება დიაკრიტიკული ნიშნები.

განასხვავებენ არაბული ანბანის ორნაირ სახესხვაობას: ქუფურს და ნასხს. ქუფური იხმარებოდა მეჩეთებზე ორნამენტული წარწერებისათვის, მონეტების ზედწერისათვის და ყურანია ხელნაწერებისათვის. ნასხს იყენებდნენ პაპირუსზე და ქაღალდზე საწერად. ნასხი საფუძვლად დაედო არაბულ სასტამბო და კომპიუტერულ შრიფტებს.

არაბული ანბანი ისლამის გავრცელებასთან ერთად გავრცელდა მაჰმადიანურ სამყაროში და დღესაც ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ ანბანად ითვლება მსოფლიოში

დაახლ. 860 წელს ორმა ბერძენმა მისიონერმა ძმამ, კონსტანტინემ და მეთოდემ, რომლებიც წარმოშობით კონსტანინოპოლიდან იყვნენ სლავებში ქრისტიანობა შეიტანეს. მათვე სლავებს შეუქმნეს დამწერლობის სისტემა გლაგოლიცა, რომელიც ძვ. ბერძნულს წააგავდა. კონსტანტინე სიკვდილის შემდეგ წმინდა კირილეს სახელით წმინდანად იქნა შერაცხილი, რომლის სახელსაც ატარებს გლაგოლიცას შემცვლელი ანბანი, კირილიცა. იმ ბგერების გამოსახატავად, რომელიც ბერძნულში და სლავურში ერთნაირად გამოითქმოდა, ძმებმა ბერძნული ასოები ხელუხლებლად გადმოიტანეს, ხოლო განსხვავებული ასოებისთვის კი, ძვ. ბერძნული ასოების მოხაზულობის ასოითი ნიშნები შექმნეს. კირილიცა განსხვავებული ფორმებით გვხვდება რუსულ, უკრაინულ, ბელორუსიულ, სერბულ, ბულგარულ და მაკედონურ ანბანებში.

რუსული ანბანი მომდინარეობს ძველი სლავური კირილიცადან, რომელიც გლაგოლიცასთან ერთად ქმნიდა ძვ. სლავურ დამწერლობათა სისტემას. თანამედროვე რუსულ ანბანში 33 ასოა, რომელთაგან 20 აღნიშნავს თანხმოვნებს (б, в, г, д, ж, з, к, л, м, н, п, р, с, т, ф, х, ц, ч, ш, щ), 10 კი – ხმოვნებს და დიფთონგებს (ხმოვნები: а, и, э, о, ы, у დიფთონგები: я, ю, е, ё). ასოები ь და ъ ბგერევს არ აღნიშნავენ. й – ზოგჯერ გადმოსცემს უმარცვლო и-ს, ზოგჯერ კი დიფთონგის ნაწილია.

XVIII ს. რუსულ ანბანს დაემატა ასო э, მოგვიანებით – ё.

ქართული ანბანი ცანგალას ნამუშევარი

ქართული ანბანი სავარაუდოდ ძვ. წ. III ს-ში შეიქმნა საქართველოს მეფის, ფარნავაზ I-ის მიერ. თავდაპირველად ქართულ ანბანში (ასომთავრულსა და ნუსხურში) 38 ასო იყო, თანამედროვე მხედრულიდან კი ამოღებულია 5 ასო: ჱ (ჰე), ჲ (იოტა), ჳ (ვიე), ჴ (ხარი) და ჵ (ჰოე), რომლებიც დღევანდელ ქართულში აღარ გამოიყენება. დღეს ქართულში 33 ასოა, რომელთაგან 28 თანხმოვანია, 5 ხმოვანი. დღევანდელ ქართულ ანბანში არ არის დიდი და პატარა ასოები, თუმცა ნუსხურში იყენებდნენ მთავრულ ასოებს. მათ ახალი აბზაცის თავში წერდნენ და ცდილობდნენ რომ ყველასგან ლამაზად დაეწერათ

სომხური ანბანი დაახლ. 405 წელს იქნა შექმნილი მესროპ მაშტოცის მიერ. თავდაპირველ ვარიანტში სომხურ ანბანში 36 ასო იყო, რომელსაც XII საუკუნეში კიდევ ორი ასო დაემატა. თანამედროვე სომხურ ანბანში 38 ასოა, რომელთაგან 7 ხმოვანია, დანარჩენი კი – თანხმოვანი.

ალბანური ანბანი, ერთ-ერთი ვერსიით, შექმნილია მესროპ მაშტოცის მიერ, სავარაუდოდ მას შემდეგ რაც შეიქმნა სომხური ანბანი. ალბანურ ანბანში 52 ასო იყო, რომელმაც სულ რამდენიმე საუკუნე გასძლო, რის შემდეგადაც მკვდარ ენათა რიცხვში აღმოჩნდა.