ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | |
---|---|
აბრევიატურა | ენმ |
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | მიხეილ სააკაშვილი |
თავმჯდომარე | თინათინ ბოკუჩავა |
გენერალური მდივანი | პეტრე ცისკარიშვილი |
ისტორია | |
დამფუძნებელი | მიხეილ სააკაშვილი |
დაფუძნდა | სექტემბერი, 2001 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
ეკონომიკური ლიბერალიზმი პროგრესივიზმი სამოქალაქო ნაციონალიზმი ევროატლანტიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სახალხო პარტია (ასოცირებული წევრი) |
საერთაშორისო აკრედიტაცია | საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
8 / 150 |
საკრებულოები |
441 / 2 068 |
თბილისის საკრებულო |
10 / 50 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | კახეთის გზატკეცილი 45, თბილისი, საქართველო |
unm.ge |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — პოლიტიკური პარტია საქართველოში, მისი თავმჯდომარე და ლიდერი დაარსებიდან 2015 წლამდე იყო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2003 წელს იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. იყო მმართველი პარტია 2004-2012 წლებში. 2012 წელს პარტია დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში. არის კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ თანადამფუძნებელი. პარტია თბილისის საკრებულოში წარდგენილია 10 წევრით, ხოლო საქართველოს პარლამენტში – 15-ით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკური გაერთიანება დაფუძნდა 2001 წელს როგორც „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“. 2002 წელს შეუერთდა 1999 წლიდან არსებულ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიიღო მისი სახელი.
2002 წელს შექმნა ბლოკი კონსერვატორებთან და რესპუბლიკელებთან ერთად. ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. ამ უკანასკნელთან პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
სააკაშვილის თბილისის საკრებულოში მოღვაწეობამ გაზარდა პარტიისა და ბლოკის პოპულარობა. უკვე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით. თუმცა ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი „თავისუფალ დემოკრატებთან“ (ზურაბ ჟვანია) და „ტრადიციონალისტებთან“ (აკაკი ასათიანი) ერთად.
საპროტესტო აქციები ვარდების რევოლუციით დასრულდა, რამაც კვლავ გაზარდა პარტიის ავტორიტეტი, ხოლო მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 96%-ით. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. იმავე წლის გაზაფხულზე ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს ადრინდელმა პარტნიორებმა: კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა. ამას ხელი არ შეუშლია ნაციონალური მოძრაობისთვის მოეგო 2005 წლის შუალედური არჩეევნები ხუთივე საარჩევნო ოლქში და მოეგო 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები. პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმათა დაახლოებით 60% და მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.
2007 წელს პარტიას გამოეყო წევრთა ჯგუფი, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. მათ ჩამოაყალიბეს მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. ამის მიუხედავად პარტიამ წარმატება მოიპოვა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა მისი კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, კვლავ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 53%-ით. იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმათა 59,18% და კვლავ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში.[1]
2008 წლის შემოდგომაზე ნაციონალური მოძრაობა კვლად დატოვა წევრთა ჯგუფმა. ერთმა ნაწილმა ჩამოაყალიბა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო ნინო ბურჯანაძის მეთაურობით. ეს უკანასკნელი არასდროს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ 2004 წლიდან მჭიდროდ ასოცირდებოდა მასთან. ხოლო მეორე ნაწილმა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მეთაურობით შექმნა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. 2009 წელს ნაციონალურ მოძრაობასთან ადრე ასოცირებულმა კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შექმნა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ქვეყნის მასშტაბით მიიღო ხმათა 74%, ხოლო თბილისში ხმათა 52%. პარტიის კანდიდატი, გიგი უგულავა გახდა ქალაქ თბილისის პირველი პირდაპირი წესით არჩეული მერი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა ახალშექმნილ კოალიციასთან ქართული ოცნება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა 65 მანდატი 150-დან და წააგო არჩევნები ოლქების უმრავლესობაში. არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი კვლავ ივანე მერაბიშვილი გახდა.
პარტია ასევე მონაწილეობდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც კანდიდატად წაყენებული ჰყავდა საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე. ბაქრაძე არჩევნებში გავიდა მეორე ადგილზე ხმათა 21,72%-ით. 2015 წელს პარტიის ლიდერმა სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო. პარტიას ახალი თავმჯდომარე არ აურჩევია. 2016 წელს კვლავ დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში.[2]
2017 წელს პარტიას გამოეყო პარლამენტის 19 დეპუტატი, რომლებმაც დააფუძნეს პარტია ევროპული საქართველო.
2018 წელს იყო კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ თანადამფუძნებელი, კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო პარტიის წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა.
2019 წლის 24 მარტს პარტიის თავმჯდომარედ სწორედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.
2020 წლის 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის პარტიას ტოვებდა. მან წასვლის მიზეზად უთანხმოება დაასახელა. ამის შემდეგ საჭირო გახდა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. 27 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარედ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აირჩიეს.[3]
2021 წლის 23 თებერვალს დილით, ნიკა მელიას დაკავების მიზნით, რომელმაც ცოტა ხნით ადრე სასამართლოს გადაწყვეტილებით 20 ივნისის საქმეზე გაკეთებული ელექტროსამაჯური მოიხსნა, რამაც პროკურატურის მხრიდან მისი დაკავების მოთხოვნა მოჰყვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, განხორციელდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის შტურმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც შეკრებილი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, და ნიკა მელია დააკავეს.[4] იგი მოგვიანებით გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ (იხ. 20 ივნისის საქმე).[5]
2021 წლის 1 ოქტომბერს, თვითთმართველობის არჩევნებამდე 1 დღით ადრე პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა თავმჯდომარე მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 8 წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში,[6][7] რასაც მისი დაკავება მოჰყვა.[8]
2021 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა, თბილისში 27,96% მიიღო, სრულიად საქართველოს მასშტაბით კი 30,67% მიიღო (541 188 ხმა).[9] 64 მუნიციპალიტეტიდან ერთში პარტიამ მერის არჩევნებში გამარჯვება მოახერხა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერად არჩეული იქნა გია ხარჩილავა.[10] პარტიის კანდიდატები მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამართულ მეორე ტურში (ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და სხვ.). პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის ნაწილმა წარადგინა თბილისის მერობის კანდიდატად, პირველ ტურში მან 163 489 ხმა (34,01%) მიიღო.[11] მეორე ტურში მიიღო 206 598 ხმა (44,39%) და დაიკავა მეორე ადგილი.[12]
2022 წლის ბოლოს პარტიაში წევრთა ნაწილმა ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დააყენეს დღის წესრიგში. ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მანამდე, „TV პირველის“ ეთერში მელიამ ისაუბრა პარტიაში არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზეც და ამ კონტექსტში ახსენა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.[13] თავმჯდომარის შიდა არჩევნები 2023 წლის 28–29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდა. არჩევნებში დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი, მათგან ხმა მისცა 41 264-მა. 52,58%-ით გამარჯვებული ლევან ხაბეიშვილი გახდა (ნიკა მელიამ 40% მიიღო).[14] გამარჯვებულის წინასაარჩევნო კამპანია დიდწილად აგებული იყო მთავარი ოპონენტის მწვავე კრიტიკაზე, რომ, მელიამ თავისი უმოქმედობით, პარტიას საბრძოლო მუხტი დაუკარგა, მასშტაბური მიტინგები დაშალა და სააკაშვილის გათავისუფლება ვერ შეძლო.[15]
2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[16]
პოლიტიკური პლატფორმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაციონალური მოძრაობა მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. ის აქტიურად ეწევა პატრიოტიზმის იდეოლოგიურ პროპაგანდას (პროგრამები: „პატრიოტი“, „პატრინოტი“, „ტაძარი“). პარტიას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება.
საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებია: სახელმწიფო ინსტიტუტების რადიკალური რეფორმები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა, ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ქვეყნის მოდერნიზაცია. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია და აშშ-სთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები.
ორგანიზაციული სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურულ დაყოფას არეგულირებს 2004 წელს მიღებული წესდება.
პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა. იგი ორ წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვევა. ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. ჩვეულებრივ, პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ ლიდერები. თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია. პარტიას გააჩნია პოლიტიკური საბჭო.
პარტიული სტრუქტურის ყველაზე ქვედა რგოლი რაიონული ორგანიზაციაა. პარტიაში ძირითადი ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია. პარტია არის ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი და საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის სრული წევრი.
შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპარლამენტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი | კოალიცია |
---|---|---|---|---|---|---|
2003 | 345 197 | 18,08 | 42 / 235 |
ახალი | ოპოზიცია | დამოუკიდებელი |
2004 | 1 027 070 | 66,24 | 135 / 150 |
93 | მთავრობა | ენმ–დემოკრატები |
2008 | 1 050 237 | 59,18 | 119 / 150 |
16 | მთავრობა | დამოუკიდებელი |
2012 | 867 432 | 40,34 | 65 / 150 |
54 | ოპოზიცია | დამოუკიდებელი |
2016 | 477 053 | 27,11 | 27 / 150 |
38 | ოპოზიცია | დამოუკიდებელი |
2020 | 523 127 | 27,18 | 25 / 150 |
2 | ოპოზიცია | ძალა ერთობაშია |
2024 | 211 216 | 10,17 | 8 / 150 |
17 | ოპოზიცია | ერთიანობა |
საპრეზიდენტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნები | კანდიდატი | პირველი ტური | მეორე ტური | შედეგი | ||
---|---|---|---|---|---|---|
ხმები | % | ხმები | % | |||
2004 | მიხეილ სააკაშვილი | 1 890 739 | 96,24 | პირველი ადგილი | ||
2008 | მიხეილ სააკაშვილი | 1 060 042 | 53,47 | პირველი ადგილი | ||
2013 | დავით ბაქრაძე | 354 103 | 21,72 | მეორე ადგილი | ||
2018 | გრიგოლ ვაშაძე | 601 224 | 37,74 | 780 680 | 40,48 | მეორე ადგილი |
ადგილობრივი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2002 | 15 / 4 801 |
ახალი | ||
2006 | 78,8 | 1 539 / 1 733 |
1524 | |
2010 | 1 119 641 | 65,75 | 1 492 / 1 738 |
47 |
2014 | 317 395 | 22,42 | 281 / 2 088 |
1211 |
2017 | 256 547 | 17,08 | 183 / 2 058 |
98 |
2021 | 541 188 | 30,67 | 509 / 2 068 |
326 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები, თბილისი: CIPDD, 2006, ISBN 90-5972-113-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ცესკომ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა
- ↑ ენმ: ახალ თავმჯდომარეს არ ავირჩევთ, პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას
- ↑ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს
- ↑ „ნიკა მელია დაკავებულია“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა“. tabula.ge.
- ↑ Саакашвили призвал сторонников пойти колоннами на Тбилиси ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
- ↑ Михаил Саакашвили заявил, что вернулся в Грузию. Там он приговорен к двум тюремным срокам ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
- ↑ Михаил Саакашвили заявил, что вернулся в Грузию. Там он приговорен к двум тюремным срокам ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
- ↑ Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-11-21.
- ↑ „"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი ითხოვს, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ხაბეიშვილი "ჯარს" ქმნის, მელიას მომხრეები პოსტებს ტოვებენ - როდის შესრულდება დაპირებები?“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა
|
|