ჰელენ პატრისია ტომპსონი
ჰელენ პატრისია ტომპსონი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ინგლ. Helen Patricia Thompson |
დაბადების თარიღი |
15 ივნისი 1926 ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
1 აპრილი 2016 (89 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მწერალი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, პედაგოგი |
შვილ(ებ)ი | როჯერ შერმან ტომპსონი |
მშობლები |
მამა: ვლადიმერ მაიაკოვსკი დედა: ელიზავეტა ზიბერტი (ელი ჯონსი) |
ჰელენ პატრიცია ტომპსონი (ინგლ. Helen Patricia Thompson, დაბ. ჰელენ (ელენა) ჯონსი, ასევე ცნობილი როგორც ელენა მაიაკოვსკაია ; დ. 15 ივნისი, 1926, ნიუ-იორკი — გ. 1 აპრილი, 2016, იქვე) — ამერიკელი ფილოსოფოსი და მწერალი, მასწავლებელი. ვლადიმერ მაიაკოვსკის და რუსი ემიგრანტის ელიზავეტა ზიბერტის ქალიშვილი.[1]
ფილოსოფიი დოქტორი, მწერალი, 15-ზე მეტი წიგნის ავტორი.
ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1926 წლის 15 ივნისს ნიუ იორკში. დედა — ელიზავეტა ზიბრტი (1904-1985), დიდი მიწის მესაკუთრის პიტერ ზიბერტის ქალიშვილი, წარმოშობით გერმანელი. მამა — რუსი პოეტი, ვლადიმერ მაიაკოვსკი (1893-1930).
1925 წელს მაიაკოვსკი ნიუ-იორკში მეგობარს, მხატვარ დევიდ ბურლიუკს ეწვია, იქ პოეზიის ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო ემიგრანტი ელი ჯონსი (დაბ.ელიზავეტა ზიბერტი). ერთი წლის შემდეგ ელი ჯონსს ქალიშვილი შეეძინა. გოგონა რომ „უკანონოდ“ არ ჩაეთვალათ, ელის ყოფილმა ქმარმა, ჯორჯ ჯონსმა, ბავშვს საკუთარი გვარი მისცა და მისი კანონიერი მამა გახდა.
შეხვედრა მამასთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალიშვილის დაბადების შესახებ ცნობას მაიაკოვსკი სიხარულით შეხვდა და ძალიან სურდა მისი ნახვა, მაგრამ ძნელი იყო ისევ ამერიკაში წასვლა. 1929 წელს პოეტმა მიიღო ვიზა პარიზში გასამგზავრებლად. პარალელურად ელი და მისი ქალიშვილი დასასვენებლად წავიდნენ ნიცაში. მაიაკოვსკი იქ პარიზიდან ჩამოვიდა. ეს იყო მათი პირველი და ერთადერთი შეხვედრა. 1930 წლის 14 აპრილს ვლადიმერ მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა. ამის შესახებ ელიმ გაზეთებიდან შეიტყო.
შემდგომი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც გოგონას ცხრა წელი შეუსრულდა, უთხრეს ვინ იყო მისი მამა. თუმცა ეს ოჯახური საიდუმლო იყო: დედამ და შემდეგ მამინაცვალმა სთხოვეს, რომ სიკვდილამდე არავისთვის გაემხილა სიმართლე.
15 წლის ასაკში ჩააბარა სამხატვრო სკოლაში. შემდეგ შევიდა ბარნარდის კოლეჯში, რომელიც 1948 წლის ივნისში დაამთავრა სამართლის ბაკალავრიატის განხრით. 1960 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სოციოლოგიაში, 1973 წელს დაიცვა კიდევ ერთი მაგისტრის ხარისხი „საოჯახო და სამომხმარებლო ურთიერთობაში,“ ხოლო 1980 წელს გახდა განათლების მაგისტრი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების მიმართულებით.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ, იგი მუშაობდა რედაქტორად ფართო ტირაჟიან ჟურნალებში (მათ შორის "მაკმილანში"): იყო ფილმების, მუსიკალური ჩანაწერების მიმომხილველი და ასევე რედაქტირებას უკეთებდა ვესტერნებს რომანებს, დეტექტივებსა და სამეცნიერო ფანტასტიკას.
1954 წელს ცოლად გაჰყვა ამერიკელ უეინ ტომპსონ-შერმანს, მიიღო გვარი ტომპსონი და შეინარჩუნა ორი სახელის მხოლოდ მეორე ნაწილი ჰელენ-პატრისია. 1974 წელს წყვილი დაშორდა. მისი ვაჟი, როჯერი ადვოკატია, დაქორწინებულია, მაგრამ საკუთარი შვილი არ ჰყავს; იშვილა კოლუმბიელი ბიჭი — ლოგანი (დაიბადა 1993 წელს).
1991 წელს, 65 წლის ასაკში, მან ფართო საზოგადოებას განუცხადა, რომ მისი ნამდვილი მამა იყო ვლადიმერ მაიაკოვსკი და სთხოვა მისთვის ამიერიდან ელენა მაიაკოვსკაია დაეძახათ. იმავე წელს, შვილთან, როჯერ შერმანთან ერთად, იგი პირველად ჩავიდა რუსეთში . მოსკოვში შეხვდნენ მაიაკოვსკის ნათესავებს, მოინახულეს პოეტის მუზეუმი ლუბიანკას მოედანზე და მისი საფლავი ნოვოდევიჩის სასაფლაოზე. ტომპსონმა დაიწყო აქტიური საუბარი, ინტერვიუების მიცემა, დაინტერესებულ პრესას უყვებოდა მშობლების რომანის და მამასთან ერთადერთი შეხვედრის შესახებ, რომელიც შედგა 1929 წელს ნიცაში და ა.შ.
ჰელენ ტომპსონი ასწავლიდა ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის ლემანოვის კოლეჯში. მან გამოაქვეყნა თხუთმეტზე მეტი წიგნი, მათ შორის „მაიაკოვსკი მანჰეტენზე, სიყვარულის ისტორია “ (1993). 1993 წელს მაიაკოვსკის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე ნიუ-იორკში მან გააკეთა პრეზენტაცია „რას ნიშნავს იყო მაიაკოვსკის ქალიშვილი“.
იგი აქტიურად მონაწილეობდა რუსულ-ამერიკული კულტურული ცენტრის — „მემკვიდრეობის“ მუშაობაში. [2] 2008 წელს დაჯილდოვდა მიხეილ ლომონოსოვის ( რუსეთი) ორდენით „სახელმწიფოებრივი, სამეცნიერო-კვლევითი, სოციალური, კულტურული, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, დიდი მიღწევებისთვის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში “.[3]
გარდაიცვალა 90 წლის ასაკში 2016 წლის 1 აპრილს.[4]
მისი ცხედრის კრემაცია მოახდინეს აშშ-ში. ანდერძის მიხედვით, ჰელენის ფერფლი გაფანტეს მამის საფლავზე მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიაკოვსკის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალის მთავარი ექსპოზიცია — "ბინა ბოლშაია პრესნიაზე" ეძღვნება მაიაკოვსკის მოგზაურობას აშშ-ში, მის ნაცნობობას ელი ჯონსთან (ელიზაბეტ ზიბერტი) და მათი ქალიშვილის, პატრიცია ტომპსონის ცხოვრებას. [5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Thompson, Patricia J. (1993) Mayakovsky in Manhattan: A love story : with excerpts from the memoir of Elly Jones. West End Productions
- ↑ Потрясающая Патрисия — Статьи — Русская еженедельная газета «Единение» — Russian newspaper in Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-18. ციტირების თარიღი: 2012-03-25.
- ↑ Karpel, Dalia (July 5, 2007). "The Raging Bull of Russian Poetry". Haaretz.
- ↑ „Дочь Маяковского Хелен Патрисия Томпсон скончалась в возрасте 89 лет“. ТАСС. 2016-04-04.
- ↑ Экспозиция «Дочка» დაარქივებული 2021-06-05 საიტზე Wayback Machine. . // Официальный сайт государственного музея В. В. Маяковского.