შინაარსზე გადასვლა

ხუან არაგონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან არაგონელი
ასტურიის პრინცი
მმართ. წლები: 1478-1497
წინამორბედი: ისაბელა
მემკვიდრე: ისაბელა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 ივნისი, 1478
დაბ. ადგილი: სევილია, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 4 ოქტომბერი, 1497, (19 წლის)
გარდ. ადგილი: სალამანკა, ესპანეთი
მეუღლე: მარგარეტ ავსტრიელი
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ფერდინანდ II, არაგონის მეფე
დედა: ისაბელ I, კასტილიის დედოფალი
რელიგია: კათოლიციზმი

ხუან არაგონელი (ესპ. Juan de Aragón; დ. 30 ივნისი, 1478, სევილია, ესპანეთი — გ. 4 ოქტომბერი, 1497, სალამანკა, ესპანეთი) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. დედოფალ ისაბელ I კასტილიელისა და მეფე ფერდინანდ II არაგონელის ერთადერთი ვაჟი. ასტურიის პრინცი დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

ხუანის ნათლობა

ხუანი დაიბადა 1478 წლის 30 ივნისს სევილიაში. იგი იყო კასტილიის დედოფალ ისაბელ I-ისა და არაგონის მეფე ფერდინანდ II-ის ერთადერთი ვაჟი და მეორე შვილი ხუთიდან. ამ პერიოდში მისი მშობლები კასტილიის მემკვიდრეობის ომში იყვნენ ჩამბულები ისაბელის ძმისწულ ხუანა ლა ბელტრანეხასა და მის ქმართან, პორტუგალიის მეფე აფონსუ V-თან, რომელიც ხუანის მშობლების ტრიუმფით დასრულდა.

ხუანის დაბადებამ გაამყარა ისაბელის მემკვიდრეობა და მისი პოზიციები ტახტზე იმის ფონზე, რომ ხუანა უშვილო იყო. ამასთან, ხუანს ერთი უფროსი და ჰყავდა — ისაბელა, მის გარდა კი კიდევ სამი უმცროსი და: ხუანა, მარია და კატალინა.

პორტუგალიელებთან ომში გამარჯვების შემდეგ დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, რა დროსაც აფონსუ V-მ დედოფალ ისაბელს მოსალაპარაკებლად მისი დეიდა, ვიზეუს ჰერცოგინია ბეატრიზ პორტუგალიელი მიუგზავნა. 1479 წლის მარტში ორი ქალი ერთმანეთს შეხვდა. ხელშეკრულების პირობები ასეთი იყო: ან ხუანი უნდა დანიშნულიყო ხუანაზე და 14 წლის ასაკში ექორწინა მასზე (ამ დროს ხუანა 30 წლის იქნებოდა), ან უარი ეთქვა ტახტზე და მონასტერში წასულიყო. იგი სწორედ ასე მოიქცა.

მიუხედავად დედოფლობისა, ისაბელ I ერთობ ყურადღებიანი დედა იყო. ხუანი, როგორც მისი ერთადერთი ვაჟი, მის გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა, რაც იქიდანაც ჩანს, რომ იგი მას „ჩემი ანგელოზის“ სახელით მოიხსენიებდა, მაშინაც კი, როდესაც რამის გამო საყვედურობდა. იმ პერიოდის კასტილიაში ყველაზე გავლენიანი საგვარეულოს, მენდოსას ოჯახის წევრებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედოფალი თავის ვაჟს ძუძუთი კვებავდა, რაც პროტოკოლით იკრძალებოდა და ევროპის მონარქებში ერთობ იშვიათი მოვლენა იყო.

ხუანის პაპა, არაგონის მეფე ხუან II ასევე დაინტერესებული იყო მომავალი მეფის აღზრდით, რის გამოც ფერდინანდს ურჩია ვაჟი „კასტილიელად“ არ აღეზარდა. ამის გამო ხუანმა პრინცის არაგონში გადაყვანასა და განათლების იქ მიცემაზე გამოთქვა პრეტენზია, რაც ისაბელმა თავიდანვე უარყო. 1492 წელს კოლუმბმა აღმოჩენილ კუბას თავიდან „ხუანის კუნძული“ უწოდა, რითაც გამოხატა თავისი პატივისცემა პრინცი ხუანის, ტახტის პირველი მემკვიდრისადმი.

საქორწინო მოლაპარაკებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხუანის ცოლი, მარგარეტ ავსტრიელი 1490 წელს

თავდაპირველად ისაბელი და ფერდინანდი თავიანთი ვაჟის დაქორწინებას გეგმავდნენ ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა II-ის უფროს ასულ ანა ბრეტონელზე, რომელიც ბრეტანის საჰერცოგოს ტახტის მემკვიდრე იყო. ისინი ჰერცოგთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ, თუმცა კონკრეტული მიზეზების გამო ქორწინება ვერ შედგა.

ამის შემდეგ მეფე-დედოფალმა გადაწყვიტა საღვთო რომის იმპერიასთან დასაახლოვებლად ორმაგი დინასტიური ქორწინება მოეწყოთ, რის გამოც დაიწყეს მოლაპარაკებები იმპერატორ მაქსიმილიან I-თან, რომლის ვაჟი, პრინცი ფილიპე ცოლად ინფანტა ხუანას შეირთავდა, პრინცი ხუანი კი მის ასულ მარგარეტზე იქორწინებდა. დაახლოებით ამ პერიოდში საფრანგეთის მეფე შარლ VIII შეიჭრა ნეაპოლში და დაამხო მისი მეფე, რომელიც მეფე ფერდინანდის ბიძაშვილი იყო. ამასთან, შარლმა ჩაშალა ნიშნობა მაქსიმილიან I-ის ასულ მარგარეტთან და ცოლად იმპერატორის საცოლე, ანა ბრეტონელი შეირთო, რის გამოც ესპანელებსა და გერმანელებს საკმარისი მიზეზი ჰქონდათ ფრანგების წინააღმდეგ რომ გაერთიანებულიყვნენ. ფრანგებზე განრისხებულმა ერებმა კი თავიანთი კავშირის დასადასტურებლად ორმაგი დინასტიური ქორწინების გეგმა შეიმუშავეს.

1495 წლის 20 იანვარს ანტვერპენში დაიდო ხელშეკრულება წინასწარი ალიანსის შესახებ, რომელშიც შედიოდა პრინცი ხუანისა და ერცჰერცოგინია მარგარეტ ავსტრიელის საქორწინო კონტრაქტიც. აქვე გაფორმდა ფილიპესა და ხუანას საქორწინო კონტრაქტიც.

პრინცი ხუანის გერბი

ხუანის, როგორც ტახტის პირველი მემკვიდრის, განათლებას ისაბელი და ფერდინანდი დიდ ყურადღებას უთმობდნენ. მისი მთავარი მასწავლებელი იყო დომინიკელი ბერი ფრაი დიეგო დესა, რომელიც სალამანკას უნივერსიტეტში თეოლოგიას ასწავლიდა. მოგვიანებით დესა ესპანეთის დიდი ინკვიზიტორიც გახდა. იგი ასტურიის პრინცს საღვთისმეტყველო საგნებს ასწავლიდა, რადგან იგი შორს იყო რენესანსული ჰუმანიზმისაგან. უკვე 1480-იანი წლების ბოლოს დედოფალმა ვაჟისათვის იტალიელი ჰუმანისტი პიეტრო მარტინი დაიქირავა, რათა მისი ცოდნა გაეფართოვებინა.

დედოფალი ისაბელი იმაზეც წუხდა, რომ ხუანი გაიზრდებოდა განათლებული და ზრდილობიანი, თუმცა სამეფო კარზე არ იყვნენ მისი თანატოლი არისტოკრატი ვაჟები, რომლებთან ერთადაც იგი შეძლებდა გართობას. ამის გამო დედოფლის ბრძანებით გამოჩენილი ესპანელი არისტოკრატები, რომელთაც ხუანის ასაკის ვაჟები ჰყავდათ სამეფო კარზე მიიწვიეს. ამ ახალგაზრდებს შორის იყვნენ: ინდოეთის მომავალი გუბერნატორი ნიკოლ დე ოვანდო ი კასერესი და მომავალი ისტორიკოსი გონსალო ფერნანდეს დე ოვიედო ი ვალდესი. გარდა თეოლოგიური სწავლებისა, ხუანის საგანმანათლებლო სისტემა მოიცავდა ნადირობას, ლაშქრობას, ბრძოლას, ჭადრაკს, ასევე სიმღერებისა და ლექსების დასწავლას. ხუანმა პატარაობიდანვე გამოავლინა მიდრეკილება მუსიკისადმი, რის გამოც მარტივად ისწავლა ფლეიტაზე, ვიოლინოსა და კლავიკორდზე დაკვრა. მას ასევე უყვარდა ტენორში სიმღერა. ცნობილია, რომ მეგობრებთან ერთად სამეფო კარზე იგი ხშირად მღეროდა.

1496 წლის დამლევს ინფანტა ხუანამ დატოვა ესპანეთი, რათა პრინც ფილიპეზე დაქორწინებულიყო. მომდევნო წელს ესპანეთში ჩავიდა ერცჰერცოგინია მარგერეტ ავსტრიელი, პრინც ხუანზე დასაქორწინებლად. 1497 წლის 3 აპრილს ხუანი და მარგარეტი ბურხოსში დაქორწინდნენ. ესპანეთის მეფე-დედოფალმა მათ ერთობ პომპეზური ქორწილი გადაუხადეს. მიუხედავად იმისა რომ ქორწინება პოლიტიკური მიზეზებით განხორციელდა, ხუანსა და მარგარეტს მალე შეუყვარდათ ერთმანეთი. „ავსტრიის პრინცესა მარტივი შესაყვარებელი იყო“, რადგან მან ესპანეთში მალევე მოხიბლა ყველა თავისი გარეგნობით, იუმორითა და მხიარული ხასიათით. აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანეთისკენ მიმავალ გზაზე, ბისკაის ყურეში მარგარეტის გემი შტორმში მოყვა, რის გამოც მან იფიქრა, რომ „ღმერთმა აუკრძალა ახალ სამეფოში ჩასვლა“, თუმცა ხუანთან ბედნიერი, მაგრამ ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა.

პრინცი ხუანის აკლდამა ავილაში

1497 წლის 4 ოქტომბერს შიკრიკი მივიდა ხუანის მშობლებთან და აცნობათ, რომ მათი ვაჟი უკიდურესად ავად გახდა სალამანკაში. ის და მისი ცოლი, მარგარეტი აქ გავლით იყვნენ, რადგან მისი უფროსი დის, ისაბელისა და პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის ქორწილზე დასასწრებად მიდიოდნენ. ფერდინანდი სასწრაფოდ ჩავიდა სალამანკაში და მიუსწრო ხუანს, თუმცა ისაბელმა ვერ მოახერხა თავის ვაჟთან ჩასვლა გადაუდებელი საქმეების გამო. ხუანი იმავე დღეს, 4 ოქტომბერს გარდაიცვალა სალამანკაში, 19 წლის ასაკში, მამის, ცოლისა და დამრიგებლის გარემოცვაში.

მისი გარდაცვალების მიზეზად ტუბერკულოზი დასახელდა, თუმცა ხალხში მუსირებდა ჭორები, რომ პრინცის გარდაცვალების რეალური მიზეზი სექსუალური გამოფიტვა იყო. ცნობილია რომ ხუანის საყვარელი ძაღლი, სახელდა ბრუტო, დიდ ხანს იჯდა მის საფლავთან და პატრონს ელოდა. ვაჟის გარდაცვალებით განადგურებულმა დედოფალმა ისაბელმა ძაღლი თავისთან წაიყვანდა და თავად უვლიდა, როგორც ვაჟის სახსოვარს. ორი თვის შემდეგ, 8 დეკემბერს ასტურიის ქვრივმა პრინცესა მარგარეტმა მათი ერთადერთი შვილი, მკვდარი გოგონა გააჩინა.

  • Jansen, Sharon, L., The Monstrous Regiment of Women: Female Rulers in Early Modern Europe Pg. 17
  • Tremlett, Giles., Catherine of Aragon, Henry's Spanish queen (London, 2010) pg.46
  • Rubin, Stuart, Nancy., Isabella of Castile: The first renaissance queen (2004) pg. 170
  • Wiesflecker, Herman., Maximilian I (Munchen, 1991) pg. 392
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Ferdinand V. of Castile and Leon and II. of Aragon" . Encyclopædia Britannica. 10 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Isabella I, Queen of Spain at the Encyclopædia Britannica
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "John II of Aragon" . Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Ortega Gato, Esteban (1999). "Los Enríquez, Almirantes de Castilla" [The Enríquezes, Admirals of Castille] (PDF). Publicaciones de la Institución "Tello Téllez de Meneses" (in Spanish). 70: 42. ISSN 0210-7317.
  • Henry III, King of Castille at the Encyclopædia Britannica
  • Lee, Sidney, ed. (1896). "Philippa of Lancaster" . Dictionary of National Biography. 45. London: Smith, Elder & Co. p. 167.
  • Gerli, E. Michael; Armistead, Samuel G. (2003). Medieval Iberia. Taylor & Francis. p. 182. ISBN 9780415939188. Retrieved 17 May 2018.
  • Ferdinand I, King of Aragon at the Encyclopædia Britannica
  • Miron, E. L. (1913). "Doña Leonor of Alburquerque". The Queens of Aragon: Their Lives and Times. Brentano's. p. 265. Retrieved 21 August 2018.
  • "Mariana de Ayala Córdoba y Toledo". Ducal House of Medinaceli Foundation. Retrieved 21 August 2018.
  • Leese, Thelma Anna, Blood royal: issue of the kings and queens of medieval England, 1066–1399, (Heritage Books Inc., 1996), 222.
  • Armitage-Smith, Sydney (1905). John of Gaunt: King of Castile and Leon, Duke of Aquitaine and Lancaster, Earl of Derby, Lincoln, and Leicester, Seneschal of England. Charles Scribner's Sons. p. 77. Retrieved 17 May 2018.