შინაარსზე გადასვლა

ცნობიერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჩვიდმეტე საუკუნის წარმოდგენა ცნობიერებაზე

ცნობიერება — შინაგანი მოვლენებისა და გარემოს პირობების ცნობიერად აღქმის მდგომარეობა. ჩვეულებრივი, ფხიზელი ცნობიერება მოიცავს აღქმებს, აზრებს, გრძნობებს, წარმოდგენებსა და სურვილებს მოცემულ მომენტში. პირობითად შესაძლებელია ცნობიერების 3 დონის განსაზღვრა:

  1. ბაზისური დონე — შინაგანი და გარეგანი სამყაროს ცნობიერება. ამ დონეზე ჩვენ სხვადასხვა შეგრძნების გაცნობიერება, შემჩნევა შეგვიძლია.
  2. იმის ასახვა, გააზრება, რასაც ვაცნობიერებთ. ამ დონეზე სიმბოლურ ცოდნას ვიყენებთ, რომელიც გვათავისუფლებს რეალურ ობიექტებსა და მიმდინარე მოვლენებზე მიჯაჭვულობისგან და უფრო ზოგად ხასიათს ატარებს.
  3. უმაღლესი დონე — საკუთარი თავის, როგორც ცნობიერი, მოაზროვნე ინდივიდის გაცნობიერება, ანუ თვითცნობიერება. ამ დონეზე პიროვნულად განცდილი მოვლენების ავტობიოგრაფიულად შემეცნება ხდება.

ცნობიერების ხელმისაწვდომობის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი სახის პროცესები:

  • არაცნობიერი პროცესები — პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ცნობიერებისა თუ მეხსიერების ჩარევის გარეშე (მაგ.: სუნთქვის პროცესი).

ადამიანის ქცევაზე არაცნობიერი ძალების ზეგავლენის შესახებ პირველი თეორია ზიგმუნდ ფროიდს ეკუთვნის. მის თანახმად, ფსიქიკური პროცესები არასასიამოვნო ცხოვრებისეულ მოგონებებს და ტაბუირებულ სურვილებს პერმანენტულად დევნიან ცნობიერებიდან. ფროიდის ახალი ხედვა ეწინააღმდეგებოდა მანამდე არსებულ ჯონ ლოკისეულ ხედვას, რომლის თანახმად ადამიანს, როგორც რაციონალურ არსებას, ფსიქიკის ყველა პროცესზე მიუწვდება ხელი.

  • წინარეცნობიერი მეხსიერება — ისეთი ტიპის ინფორმაციას მოიცავს, რომელიც მოცემულ მომენტში ცნობიერი არაა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ცნობიერდება. წინარეცნობიერში ინფორმაცია შეუმჩნევლად არსებობს, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მისი ამოტანა ადვილად ხდება.

ცნობიერების განვითარება, უპირველეს ყოვლისა, გარემოსთან ადაპტაციის ფუნქციასთან არის დაკავშირებული. ამას ის სამი გზით ახორციელებს:

  1. შემზღუდავი ფუნქცია — ის ამცირებს შემომავალ სტიმულთა ნაკადს შემჩნეული და ყურადღების ცენტრში მოხვედრილი სტიმულების რაოდენობის შეზღუდვით.
  2. სელექციური (შერჩევითი) შენახვის ფუნქცია — ცნობიერება საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ და შევინახოთ ის სტიმულები, რომელთა ანალიზი, ინტერპრეტაცია და მათზე რეაგირება გვსურს მომავალში. ანუ საჭიროებისდა მიხედვით, ცნობიერება გამოცდილების კლასიფიცირებისა თუ იგნორირების საშუალებას გვაძლევს.
  3. დამგეგმარებელი(აღმასრულებელ-მაკონტროლებელი) ფუნქცია — ალტერნატივების გააზრება, განხილვა და სხვადასხვა შესაძლო შედეგის წარმოსახვა წარსულ ცოდნაზე დაყრდნობით. ცნობიერება ამ ფუნქციის მეშვეობით თავს ართმევს ძლიერ სურვილებს, როდესაც ისინი ეწინააღმდეგებიან მორალურ ან პრაქტიკულ მიზნებს.
  • ფ. ზიმბარდო, რ. გერიგი. ფსიქოლოგია და ცხოვრება

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]