ციცინათელების საფლავი
„ციცინათელების საფლავი“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
რეჟისორი | ისაო ტაკაჰატა |
სტუდია | Studio Ghibli |
გამოსვლის თარიღი | 16 აპრილი 1988 |
ხანგრძლივობა | 88 წთ. |
ციცინათელების საფლავი (იაპონ. 火垂るの墓 ჰოტარუ ნო ჰაკა?) — 1988 წლის ანიმე ფილმი, დაწერილი და გადაღებული ისაო ტაკაჰატას მიერ Studio Ghibli-სთვის. აკიუკი ნოსაკას ამავე სახელწოდების ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანის ადაპტაცია. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ეს დღემდე შექმნილი ერთ-ერთი უძლიერესი ომისსაწინააღმდეგო ფილმია. ანიმაციის ისტორიკოსი ერნესტ რისტერი ამ ფილმს ადარებს სტივენ სპილბერგის „შინდლერის სიას“, მისი სიტყვებით „ეს არის ყველაზე მკაფიოდ ჰუმანური ანიმაციური ფილმი“.
Ghibli-ს სხვა პროდუქციის მსგავსად, ფილმი გამოირჩევა დიზაინისა და მხატვრობის მაღალი ხარისხით. იგი თავდაპირველად კინოთეატრებში გამოვიდა ჰაიაო მიაძაკის კიდევ ერთი ფილმის „ჩემი მეზობელი ტოტორო“ თანხლებით, თუმცა ზოგადად კინოგაქირავებაში ჩავარდა[1].
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმში მოქმედება მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ იაპონიაში და მოთხრობილია ობოლი და-ძმის - სეიტა და მისი უმცროსი და სეცუკოს - გულისამაჩუყებელი ურთიერთობის შესახებ. ბავშვებმა დედა კობეს საჰაერო დაბომბვის დროს დაკარგეს, მამა კი იაპონიის იმპერიის ფლოტის სამსახურში. შედეგად ისინი იძულებული არიან არსებობაზე იზრუნონ საყოველთაო შიმშილისა და თანამემამულეთა უგულობის პირობებში (რომელთა შორის ზოგიერთი მათი საკუთარი ნათესავები არიან). საბოლოოდ ორივე ბავშვი შიმშილით იღუპება და მათი ტანჯვისა და სიკვდილის ეპიზოდები მთელ ფილმს ლეიტმოტივად გასდევს.
ისტორიის წყარო და ინტერპრეტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორია ეყრდნობა ამავე სახელწოდების ნახევრად-ავტობიოგრაფიულ რომანს, რომლის ავტორმა, ნოსაკამ, 1945 წელს ომისდროინდელ იაპონიაში და დაკარგა შიმშილით დაუძლურების გამო. მის სიკვდილში ავტორი საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ეს ისტორია დისთვის პატიების თხოვნისა და ტრაგედიის გადასატანად დაწერა.
საზოგადოებასა და თითოეულ ადამიანზე ომის უარყოფითი შედეგების გრაფიკული და ძლიერ ემოციური აღწერის გამო ზოგიერთი კრიტიკოსი "ციცინათელების საფლავს" ომის საწინააღმდეგო ფილმად განიხილავს, ვინაიდან მასში ომის რაიმე პოზიტიური შედეგი ნაჩვენები არ არის. ფილმში იაპონური კულტურა აღწერილია ყურადღების თითქმის ცალსახად ომით გამოწვეულ პერსონალურ ტრაგედიაზე გამახვილებით, პოლარულ იდეოლოგიათა შორის ჰეროიკული წინააღმდეგობის განდიდების ნაცვლად. თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი ფილმის ვიწრო ფოკუსს მხოლოდ იაპონელ ხასიათთა ტანჯვაზე მიაწერს საკუთრივ იაპონელთა მიერ მეორე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებსა და იაპონიის მიერ ომში აგრესიული აქტებისა და 1930-იანი წლების სამხედრო კრიმინალის პასუხისმგებლობის გაუთვითცნობიერებლობას.
ალტერნატიული ინტერპრეტაციით "ციცინათელების საფლავი" ხაზს უსვამს კეთილგონიერებაზე სიამაყის მაღლა დაყენების საშიშროებას. ამ შეხედულებით ნოსაკას ალტერ ეგო, სეიტა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას (ორჯერ - როცა დეიდამისის სახლს ტოვებს და როცა გლეხი ბრინჯის ველზე უარყოფს მას), ან უნდა დარჩეს ენამწარე დეიდასთან, იმუშაოს, და რეალობას მიესადაგოს, ან გაიქცეს. საბოლოოდ, სეიტა საკუთარ სიამაყეს ანიჭებს უპირატესობას და მისი და სეცუკოს ბედი ამ გადაწყვეტილების შედეგია — დარჩენის შემთხვევაში უეჭველად გადარჩებოდნენ.
სათაურის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იაპონური არსებითი სახელები მრავლობითში ფორმას არ იცვლის, ანუ ჰოტარუ შეიძლება ერთ ციცინათელას ნიშნავდეს, ან მრავალს. სეიტა და სეცუკო ციცინათელებს იჭერენ და მათ იმ ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფრის გასანათებლად იყენებენ, სადაც ცხოვრობენ. მომდევნო დღეს, სეცუკო საფლავს თხრის მკვდარი მწერებისთვის და კითხულობს "რატომ კვდებიან ციცინათელები ასე მალე?" შესაბამისად, სათაური სავარაუდოდ ხაზს უსვამს ამ მოვლენის სიმბოლურ და თემატურ მნიშვნელობას.
ალტერნატიულად, შესაძლოა სეცუკო თავად იყოს სათაურში ნაგულისხმევი "ციცინათელა", ვინაიდან თავად კვდება ნაადრევად. თუ ასეა, სათაური შეიძლება გავიგოთ როგორც "საფლავი ციცინათელასთვის", ან კიდევ მრავლობითი რიცხვის განუსაზღვრელობის გამო "ციცინათელას საფლავი" უფრო გამართული იყოს.
ფილმის იაპონურ სათაურში სიტყვა ჰოტარუ (ციცინათელა) წერია არა ჩვეულებრივი კანძით 蛍, არამედ ორი კანძით 火 (ცეცხლი) და 垂 (ვარდნა, როგორც წყლის წვეთი ეცემა ფოთლიდან). ანუ, შეიძლება წარმოვიდგინოთ ციცინათელები, როგორც ცეცხლის წვეთები, ანუ მაშხალა (სენკო ჰანაბი), რომელიც აღმართულად უნდა დავიჭიროთ, რომ ცეცხლი არ ჩაქრეს და მოკვდეს, რაც სიცოცხლის სიმყიფეზე მიუთითებს. სენკო ჰანაბი ზოგიერთში ასევე იწვევს ოჯახის ასოციაციას, ვინაიდან იაპონური ტრადიციით ზაფხულობით ოჯახის წევრები თავს იყრიან მაშხალების ფოიერვერკის მოსაწყობად. მაშხალები, ზოგადად, წარმოდგენილია როგორც სიცოცხლის ეფემერულობის კიდევ ერთი სიმბოლო. ციცინათელების ცქერა კიდევ ერთი საზაფხულო საოჯახო ტრადიციაა. ერთობლიობაში, ეს მნიშვნელობები სეიტასა და სეცუკოს შორის კავშირს აძლიერებს, თუმცა ამასთან ხაზს უსვამს მათ გამიჯნულობას მშობლების არარსებობის გამო.
კიდევ ერთი ვერსიით, "ცეცხლისა" და "ვარდნის" ორი კანძის შეწყვილებით იქმნება საჰაერო დაბომბვის მეტაფორა. გადმოცემით იაპონელები ომის დროს ჩამოცვენილ და ფეთქებად ყუმბარებს "ციცინეთელებს" უწოდებდნენ.
ციცინათელების სიმბოლიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფაქტობრივად ციცინათელები (რომლებსაც სიკვდილის შემდეგ სეცუკო მარხავს)
- არიან თავად ბავშვები, განსაკუთრებით, სეცუკო, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში მოკვდება.
- კამიკაძე თვითმფრინავები და პილოტები: სეცუკო უყურებს თუ როგორც გადაუფრენენ ცას კამიკაძე თვითმფრინავები, რომლებიც ციცინათელებს ჰგვანან.
- ფეთქებადი ყუმბარები (როგორც სათაურის კანძი მიანიშნებს).
- ზრდასრული ციცინათელები, რომლებიც ძალიან მოკლე ხანს ცხოვრობენ და ტრადიციულად წუთიერების სიმბოლოდ მიიჩნევა, რაც განუყოფელია კლასიკურ იაპონურ ტრადიციასთან (ისევე როგორც ალუბლის ყვავილობა).
- ციცინათელები ასევე ადამიანის სულის სიმბოლოდ მიიჩნევა (ჰიტოდამა), რომელსაც ტრადიციულად აღწერენ, როგორც მოციმციმე, მცურავ მანათობელ ბურთულას.
გამოშვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Ghibli-ს სხვა ფილმებისგან განსხვავებით, რომლებსაც უოლტ დისნეი კომპანი უშვებდა, ციცინათელების საფლავი გამოსცა ამერიკულმა სენტრალ პარკ მედიამ ორ დისკზე. პირველ დისკზე შესულია დაუმონტაჟებელი ფილმი ორ ვერსიად - ინგლისურად და იაპონურიად ინგლისური სუბტიტრებით. მეორე დისკზე შეტანილია რამდენიმე დამატება, მათ შორის საწყისი წიგნის ავტორის რეტროსპექტივა, ინტერვიუ რეჟისორთან ისაო ტაკაჰატასთან და ასევე ინტერვიუ ცნობილ კინოკრიტიკოსთან როჯერ ებერტთან, რომელიც ამ ფილმის დიდი თაყვანისმცემელი იყო.
კინოვერსია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპანიამ NTV იაპონიაში გამოუშვა ციცინათელების საფლავის კინოვერსია (Live Action), მეორე მსოფლიო ომის 60 წლისთავთან დაკავშირებით. ფილმი ტელეეკრანებზე გამოვიდა 2005 წლის 1 ნოემბერს 21:00 საათზე იაპონიის დროით. ანიმეს მსგავსად, ციცინათელების საფლავის კინოვერსიაში მთავარი გმირები გადარჩენისთვის იტანჯებიან მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში კობეში, იაპონია. თუმცა ანიმე ვერსიისგან განსხვავებით, ფილმში ისტორიას ბავშვების დეიდა ჰყვება და აღწერს იმას, თუ როგორ ცვლის ომისდროინდელი მდგომარეობა გულკეთილ ქალბატონს გულქვა დემონად. ფილმში დეიდის როლს იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ნანაკო მაცუშიმა თამაშობს. ფილმის ხანგრძლივობაა 2 საათი და 28 წუთი.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კომერციული მნიშვნელობით, ფილმის თეატრალური პრემიერა ჩავარდა. ფილმის მარკეტინგი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის იყო გამიზნული, თუმცა ციცინათელების საფლავის უკიდურესად დამთრგუნველმა სიუჟეტმა ამ სეგმენტის მაყურებლები არ მოიზიდა.
- სეიტასა და სეცუკოს შესაბამისი ასაკის ბავშვები ახმოვანებდნენ, თუმცა სეცუკოს ასაკის გამო თავდაპირველად მისი ხმა ჩაწერეს და ანიმაცია შემდეგ გადაიღეს. ანიმატორები არ იყვნენ მიჩვეული ამგვარად მუშაობას, სწორედ ამიტომაც სეცუკოს ტუჩების მოძრაობა თითქმის შეუმჩნეველია.
- სამხრეთ კორეაში ფილმის გამოსვლა უსასრულოდ გადაიდო, ვინაიდან ხელმძღვანელობა შიშობდა, რომ მას მაყურებელი გაიგებდა, როგორც იაპონიის როლის გამართლებას მეორე მსოფლიო ომში.
- ფილმის ბოლოს ქალაქს გადაუფრენს ერთი B-29 ბომბდამშენი, Enola Gay, რომელმაც სავარაუდოდ ატომური ბომბი ჩამოაგდო ჰიროშიმაზე. სინამდვილეში Enola Gay იყო სამთვითმფინავიანი ეკადრონის ნაწილი.
- "საკუმას წვეთები" ფილმიდან შემდგომში იაპონიაში პოპულარული საწუწნი კანფეტი გახდა, რომელზეც სეცუკო იყო გამოსახული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Runyon, Christopher. The Studio Ghibli Retrospective: ‘Grave of the Fireflies’. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 22 November 2014.
კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ. |