უესტმინსტერის ხიდი
უესტმინსტერის ხიდი (ინგლ. Westminster Bridge) — მდინარე ტემზაზე არსებული თაღოვანი ხიდი, რომელიც დასავლეთ ნაპირზე მდებარე უესტმინსტერის უბანს აკავშირებს აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე ლამბეთის უბანთან. ხიდის დასავლეთ მხარეს დგას უესტმინსტერის სასახლე, რომელშიც ინგლისის პარლამენტია განთავსებული, და ინგლისის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული ბიგ-ბენი, ხოლო მოპირდაპირე მხარეს „ლონდონის თვალი“ და მუზეუმია.
ეს არის უესტმინსტერის უბანში არსებული ყველაზე ძველი ხიდი მდინარე ტემზაზე.
მშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უესტმინსტერთან ხიდის აგების იდეა 1664 წელს გაჩნდა, მაგრამ სოლიდურ წინააღმდეგობას გადააწყდა ლონდონის კორპორაციისა და მენავეების მხრიდან. ოპოზიციურად განწყობილი ძალები 1722 წელს კვლავ გააქტიურდნენ და 1729 წელს აგებული პატნის ხის ხიდიც გააპროტესტეს, მაგრამ 1736 წელს პარლამენტმა მოიწონა და მიიღო უესტმინსტერის ხიდის აგების გეგმა. 1739-1750 წლებში მიმდინარე მშენებლობა ფინანსდებოდა კერძო კაპიტალით, ლატარიითა და გრანტებით. პროექტის ხელმძღვანელი იყო შვეიცარიელი ინჟინერი შარლ ლაბელი.
თანამედროვე ხიდი 1862 წლის 24 მაისს საზეიმოდ გაიხსნა. მისი დიზაინი ეკუთვნის თომას პეიჯს.
2005-2007 წლებში ხიდს სრული რეკონსტუქცია ჩაუტარდა და მთლიანად გადაიღება. იგი განკუთვნილია როგორც ქვეითად მოსიარულეების, ისე სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
ხიდის დიზაინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უესტმინსტერის ხიდი, უმთავრესად, მწვანედაა შეღებილი და შეესაბამება თემთა პალატაში განთავსებული ტყავის სკამების ფერს. ლამბეთის ხიდი ისეთივე წითელი ფერისაა, როგორც ლორდთა პალატის სკამები. ლოგიკურად მდებარეობს ორივე პალატაც: თემთა პალატა უესტმინსტერის სასახლის იმ მხარესაა, რომელიც უესტმინსტერის მწვანე ხიდთან არის ახლოს, ხოლო ლორდთა პალატა სასახლის მოპირდაპირე მხარესაა და, შესაბამისად, ლამბეთის ხიდის მეზობლად.
ხიდის სიგრძეა 250 მეტრი, ხოლო სიგანე — 26 მეტრი. იგი ექვსი საყრდეისა და შვიდი თაღისგან შედგება. მორთულია გოთური დეტალებით, რომლებიც შექმნა უესტმინსტერის სასახლის არქიტექტორმა, ჩარლზ ბერიმ.
უესტმინსტერის ტერაქტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის 22 მარტს უესტმინსტერის ხიდზე განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა, რომელიც 82 წამი გაგრძელდა. ტერორისტი, ხალიდ მასუდი, ავტომობილით მოძრაობდა უესტმინსტერის ხიდზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ხიდის სამხრეთით მდებარე ტროტუარზე მიმავალ ქვეითებს გამიზნულად ეჯახებოდა. თავდასხმისას დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი გამვლელი. მას შემდეგ, რაც ტერორისტმა დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა უიარაღო პოლიციელს, კით პალმერს, ხალიდ მასუდი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შეაჩერა, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, მაიკლ ფელონის ერთ-ერთმა მცველმა. მიწაზე დავარდნილი მასუდის ახლოს იპოვეს თავდამსხმელის ორი დანა.