მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტვიბერი — მყინვარი საქართველოში , სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში , მესტიის მუნიციპალიტეტში . მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — მულხრას აუზში. სიგრძე 9,5 კმ, ფართობი 24,7 კმ². მყინვარის ენის სიმაღლეა ზღვის დონიდან 2150 მ. ტვიბერი ხეობის ტიპის პოლისინთეზური მყინვარია. აქვს მრავალი შენაკადი: ლასხედარი , ირითი , ასმაში , თოთი , სერი და სხვა. მთავარ ტოტს სათავეში ეწოდება ლიჭადი , შუაში — ძინალი , ქვემოთ — ტვიბერი. ზედაპირის უმეტესი ნაწილი დაფარულია მორენული მასალით. საზრდოობს მწვერვალების კულაკთაუს , ბაშილის , თოთის , სვეტღარის , ასმაშისა და ბანგურიანის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით და თოვლის ზვავებით. მყინვარიდან გამოდის მდინარე ტვიბერი (მულხრის მარჯვენა შენაკადი).
მყინვარი ასიოდე წლის წინ რამდენიმე მყინვარული ნაკადისგან შედგებოდა და უდიდესი იყო კავკასიაში . მყინვარის ენა ინტენსიურად იხევს უკან, რასაც ხეობის რთული ტიპის მყინვარის დაშლა მოჰყვა.