შინაარსზე გადასვლა

სიუზან ანრიეტა ლოთარინგიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიუზან ანტიეტა ლოთარინგიელი
მანტუისა და მონფერატის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 8 ნოემბერი, 1704
მმართ. დასასრული: 5 ივლისი, 1708
წინამორბედი: ანა იზაბელა გონძაგა
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 თებერვალი, 1686
დაბ. ადგილი: საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 19 ოქტომბერი, 1710, (24 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: კარლო IV, მანტუის ჰერცოგი
დინასტია: ლოთარინგიელები
მამა: შარლი, ელბეფის ჰერცოგი
დედა: ფრანსუაზ დე ნავალიე
რელიგია: კათოლიციზმი

სიუზან ანრიეტა ლოთარინგიელი (ფრანგ. Suzanne Henriette de Lorraine, იტალ. Susanna Enrichetta di Lorena; დ. 1 თებერვალი, 1686, საფრანგეთი — გ. 19 ოქტომბერი, 1710, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი არისტოკრატი და ლოთარინგიული დინასტიის წარმომადგენელი. მანტუისა და მონფერატოს უკანასკნელი ჰერცოგინია 1704-1708 წლებში როგორც კარლო IV გონძაგას მეორე ცოლი.

სიუზან ანრიეტა დაიბადა 1686 წლის 1 თებერვალს საფრანგეთში, თუმცა უცნობია ზუსტად სად. იგი იყო ელბეფის ჰერცოგ შარლ ლოთარინგიელისა და მისი მესამე მეუღლის, ფრანსუაზ დე ნავალიეს ქალიშვილი. მამამისი კლოდ დე გიზის პირდაპირი შთამომავალი იყო, რომელიც თავის მხრივ ლოთარინგიის ჰერცოგ რენე II-ის ვაჟი იყო. მას ორი უფროსი ნახევარ-ძმა ჰყავდა: ანრი და ემანუელი, რომელთაგან ორივე გახდა ელბეფის ჰერცოგი.

1703 წელს მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგ კარლო IV-ის მეუღლე, ანა იზაბელა გონძაგა უშვილოდ აღესრულა, რის გამოც ჰერცოგმა ახალი ცოლის ძიება დაიწყო, თუმცა ამჯერად საფრანგეთში. თავდაპირველად მას კონდეს პრინცმა ანრი ჟიულმა შესთავაზა თავისი ქალიშვილი, მადმუაზელ დე მონმორანსი მარი ანა დე ბურბონი, თუმცა ეს საქორწინო მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა.

მიუხედავად იმისა, რომ ელბეფელი ლოთარინგიელები საფრანგეთის სამეფო კარზე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები ძალაუფლების მქონე საგვარეულო იყო და არც დიდი ადგილ-მამულები ჰქონდათ, მანტუას ჰერცოგმა კარლო IV-მ თავისი არჩევანი მრავალ ფრანგ არისტოკრატს შორის სწორედ სიუზან ანრიეტაზე შეაჩერა, თუმცა ეს უფრო მისი გარეგნობის გამო მოხდა და არა წარმომავლობის. აღსანიშნავია ისიც, რომ სიუზანის მამის დედა იყო კატრინ ანრიეტა დე ბურბონი, თავად საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და მისი საყვარლის, გაბრიელ დესტრეს უკანონო ქალიშვილი, რაც მას ფაქტობრივად საფრანგეთის მეფის ბიძაშვილად აქცევდა, რამაც ცხადია, ხელი შეუწყო მისი და მანტუის ჰერცოგის ქორწინებას.

1704 წლის ოქტომბერში სიუზან ანრიეტა ლოთარინგიელი თავისი ფრანგული ამალითურთ ჩავიდა მილანში, სადაც მას უკვე იტალიელები დახვდნენ, რომელთაც მიუყვანეს მის მომავალ მეუღლეს. ამავე წლის 8 ნოემბერს შედგა მისი და კარლო IV-ის ქორწინება, რითაც იგი მანტუისა და მონფერატის ჰერცოგინია გახდა.

მათი ქორწინება მეტად ხანმოკლე და უნაყოფო აღმოჩნდა. 1708 წლის 5 ივლისს კარლო IV უშვილოდ გარდაიცვალა, რითაც შეწყდა გონძაგას დინასტია და 22 წლის სიუზან ანრიეტა ქვრივად დარჩა. ვინაიდან ტახტი დაცარიელდა, მონფერატი სავოიის ჰერცოგმა დაიპყრო, ხოლო მანტუა ჰაბსბურგებმა მიიერთეს.

ამგვარი პირობების გამო, სიუზან ანრიეტა იძულებული გახდა უკან, საფრანგეთში დაბრუნებულიყო. მოგვიანებით მას თავისი მემკვიდრეობით ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდ I-ისა და კონდეს პრინცესა ანა ჰენრიეტა ბავარიელისაგან დასაცავად ბრძოლა მოუწია. იგი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც მალევე შეეყარა ყვავილი და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 1710 წლის 19 ოქტომბერს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს სენ-ჟერმენის საძვალეთში, ბაბუამისის, მარშალ დე ნავალიეს გვერდი

  • Foucault (comte). Histoire de Léopold I, duc de Lorraine et de Bar, père de l'Empereur, 1856, p.430
  • Leo van de Pas, Histoire de Charleville.