შინაარსზე გადასვლა

სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამეგრელოს სამთავრო)
სამეგრელოს სამთავრო

15571867
დროშა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით გერბი ვახუშტის მიხედვით
დედაქალაქი ზუგდიდი
ენა ქართული, მეგრული
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია დადიანები, დადიან-ჩიქოვანები (1691 წლიდან)
მთავარი
 - 1533–1572 ლევან I დადიანი
 - 1853–1867 ნიკო დადიანი
 - რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლა 4 დეკემბერი 1803

სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XIV-XIX საუკუნეებში. ჩამოყალიბდა ოდიშის საერისთავოს ბაზაზე. სამთავროს ძირითად მოსახლეობას მეგრელები შეადგენენ, რის გამოც მას XIX საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს უწოდებენ. ოდიშის მთავრების პირველი დინასტია დადიანთა საგვარეულოს ეკუთვნოდა.

XVI საუკუნის 50-იან წლებამდე სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები სამეფო ხელისუფლების უზენაესობას აღიარებდნენ და ერისთავთერისთავისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობები ეკავათ. XIV საუკუნის I ნახევარში ოდიშის ერისთავებმა ცხუმის საერისთავო შეიერთეს და XVI საუკუნამდე ოდიშის სამთავროს ეკავა ტერიტორია მდინარეებს ცხენისწყალსა და ანაკოფიისწყალს შორის. ხშირად ოდიშის ერისთავებს ემორჩილებოდა ბალს ქვემო სვანეთიც. XIV-XV საუკუნეებში ოდიშის ერისთავები საქართველოს მეფეებს ემორჩილებოდნენ და ებრძოდნენ იმერეთის ერისთავების მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ. მთავრები დიდი ყურადღებას აქცევდნენ საქართველოს საზღვრების დაცვას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ვამეყ I დადიანის ლაშქრობა ჯიქეთში. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ოდიშის საერისთავო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდა.

სამეგრელოს (ოდიშის) თავადები, მე-17 საუკუნე
სამეგრელოს აზნაური სრულ ფორმაში, მე-17 საუკუნე

1557 წელს ლევან I დადიანმა იმერეთის სამეფო კარისაგან სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. ამის შემდეგ ოდიშის მთავრები „ხელმწიფე დადიანის“ ტიტულს ატარებდნენ. XVI-XVII საუკუნეებში საზღვარმა ოდიშის სამთავროს ჩრდილოეთ-დასავლეთი მდინარე კელასურამდე გადმოიწია, აღმოსავლეთი საზღვარი კი უცვლელი დარჩა. XVI საუკუნეში ოდიშის სამთავროს საზღვრებს ოსმალეთის იმპერია დაემუქრა. 1578 ოსმალებმა აიღეს ფოთი და შიგ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. ოდიშის სამთავრო განსაკუთრებით გაძლიერდა ლევან II დადიანის დროს, რომელიც შეეცადა განთავისუფლებულიყო ოსმალებზე დამოკიდებულებისაგან, მაგრამ 1615 წელს ოდიშ-ოსმალეთის ხელშეკრულებით იძულებული გახდა ეცნო სულთნის უზენაესობა და ხარკიც იკისრა მის სასარგებლოდ. 1640 წელს ლევან II დადიანმა ოსმალებისაგან გაათავისუფლა ფოთი და ფაქტობტივ დამოუკიდებლობას მიაღწია. ლევან II დადიანმა რამდენიმეჯერ წარმატებით ილაშქრა აფხაზეთში, მაგრამ მაინც იძულებული გახდა აფხაზი ფეოდალების თავდასხმათა აღსაკვეთად აეგო სიმაგრეთა სისტემა კელასურის კედელი, რომელსაც მორიგეობით იცავდნენ ოდიშის სამთავროს ფეოდალები. ლევან II დადიანის შემდეგ მთავარმა ვამეყ III დადიანმა მცირე ხნით იმერეთის სამეფო ტახტის დაკავება მოახერხა.

ჩიქოვანთა დინასტია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დაღუპვის შემდეგ, ოდიშის სამთავრო დასუსტდა. სამთავროს კარზე დაწინაურდნენ ლეჩხუმის ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები — ჩიქოვანები. XVII საუკუნის მიწურულში გიორგი ჩიქოვანმა განიმტკიცა სამთავრო ტახტი, იწოდა გიორგი IV დადიანად და მთავართა ახალი დინასტიას ჩაიყარა საფუძველი. ოდიშის სამთავროს დასუსტებით ისარგებლეს აფხაზმა ფეოდალებმა, რომელმაც XVII საუკუნის 90-იან წლებში ხელთ იგდეს ოდიშის სამთავროს ტერიტორია მდინარე ენგურამდე. გიორგი IV დადიანმა რამდენიმეჯერ წარმატებით ილაშქრა მათ წინააღმდეგ, მაგრამ დაკარგული ტერიტორიის დიდი ნაწილის დაბრუნება ვერ მოხერხდა. საზღვარი ოდიშის სამთავროსა და აფხაზეთის სამთავროს შორის გავიდა მდინარე ღალიძგაზე. სამეგრელოს მთავრებს ემორჩილებოდა სამურზაყანო, რომელსაც შარვაშიძეთა ერთი შტო მართავდას. XVIII საუკუნეში ოდიშის სამთავროს საზღვრებში შევიდა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

XVII საუკუნის II ნახევარიდან დასავლეთ საქართველოში თანდათანობით დამძიმდა ოსმალეთის უღელი, რასაც 1703 ქართველთა აჯანყება მოჰყვა. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ოდიშის სამთავრომ. საპასუხოდ ოსმალეთმა დალაშქრა იმერეთის სამეფო. ოსმალებმა დაიკავეს ფოთის, ანაკლიის და რუხის ციხეები. მალე სტამბოლში არეულობა დაიწყო და ოსმალეთის მთავრობამ დასავლეთ საქართველოდან ლაშქარი გაიყვანა. 1723 ოსმალეთმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ოსმალეთის გარნიზონებმა დაიკავეს ფოთის, ანაკლიისა და რუხის ციხესიმაგრეები. ოდიშის სამთავრო ფაქტობრივად მოწყვეტილი აღმოჩნდა ზღვისაგან. ოსმალთა ბატონობამ დასავლეთ საქართველოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. წინააღმდეგობის ერთ-ერთი მეთაური ოდიშის მთავარი ბეჟან I დადიანი იყო, რომელიც 1728 ოსმალებმა ღალატით მოკლეს.

1730 წელს ოსმალებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის დასამორჩილებლად დიდი ლაშქრობა დაიწყეს ფოთიდან. ოდიშის მთავარმა ოტია დადიანმა ლაშქრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ოსმალებმა დალაშქრეს ოდიშის სამთავრო, დაწვეს ილორის ეკლესია და აფხაზეთში გადავიდნენ. მალე აქ ანტიოსმალურმა აჯანყებამ იფეთქა და თურქთა ლაშქრობა ჩაიშალა. ოსმალებმა ვერ მოახერხეს ოდიშის სამთავროს გადაქცევა თავის პროვინციად და აქ ქართული მმართველობის მოსპობა. 1730 ოსმალეთა ლაშქრობაში იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის მონაწილეობამ ძალზე გაამწვავა ურთიერთობა ოდიშის სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის. მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა მხოლოდ ალექსანდრე V-ის მეფობის ბოლო წლებში აღდგა. ოტია დადიანმა თავისი ქალიშვილი მიათხოვა სოლომონ I-სა და იმერეთის სამეფოსთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. 1757 წელს ოდიშის სამთავრო მონაწილეობას იღებდა ოსმალთა წინააღმდეგ ხრესილის ბრძოლაში. 1769—1772 წლებში რუსეთის იმპერიის კორპუსის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობის დროს კაცია II დადიანს ორჭოფული პოზიცია ეკავა, თუმცა რუსეთის ჯარს დახმარებას უწევდა. ამ წლებში ოსმალებმა მიატოვეს ანაკლიისა და რუხის ციხეები, რომლებიც ოდიშის მთავართა ხელში გადავიდა. 1779 წელს აფხაზმა ფეოდალებმა დიდი ლაშქრობა მოაწყვეს ოდიშის სამთავროს წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა რუხთან. ოდიშის ლაშქარს ეხმარებოდა სოლომონ I. ბრძოლა მოკავშირეების გამარჯვებით დამთავრდა.

რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის მიწურულს იმერეთის სამეფო შეეცადა შეეერთებინა ოდიშის სამთავრო სოლომონ II-მ გრიგოლ დადიანს ჯერ მანუჩარ II დადიანი დაუპირისპირა, ხოლო 1795 წლიდან სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს გაუქმებას შეეცადა. 1802 წლის 5 ოქრომბერს გრიგოლ დადიანი დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას და მზაობა გამოხატა შესულიყო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ[1]. გრიგოლ დადიანი იმავე წლის 20 დეკემბრის წერილში თხოვნით მიმართავს რუსეთს ან შეიყვანონ რუსეთის იმერიის მფარველობის ქვეშ, ან მისცენ უფლება ეძებოს საფარველი ოსმალეთის იმპერიაში[2]. 1803 წლის 22 აპრილის წერილში გრიგოლ დადიანი გამოხატავს იმედს, რომ სულ მალე მისი ქვეყანა (სრულიად ოდიში და ლეჩხუმის მხარე სვანეთითურთ) ღირსი გახდება რუსეთის მფარველობისა, და რომ მის სურვილს მხარს უმაგრებენ მისი ერთგული აფხაზებიც[3]. 1803 წლის 2 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორის სახელზე თხოვნის ფორმით შედგენილ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის მუხლებს. 1804 წლის 4 ივლისს თხოვნა ალექსანდრე I-მა დაამტკიცა და ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლოპბაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით. 1804 წლის ოქტომბერში ოდიშის სამთავროში ზღვით რუსეთის ერთი პოლკი შეიყვანეს და სამთავროს რამდენიმე პუნქტში გაანაწილეს. რუსეთის ხელისუფლების დახმარებით უკვე 1804 წელს ოდიშის სამთავროს დაუბრუნდა ლეჩხუმის დიდი ნაწილი, 1810 წელს იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კი — ამ პროვინციის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც იმერეთის მეფეს ჰქონდა დასაკუთრებული. 1813 წელს ლევან დადიანმა სამურზაყანო დაუმორჩილა ოდიშის სამთავროს. 1840 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ეს მხარე ჩამოართვა ოდიშის მთავარს და თავის უშუალო განმგებლობაში შეიყვანა. ოდიშის მთავარმა ამის სანაცვლოდ ვერცხლით 25 ათასი მანეთის კომპენსაცია მიიღო. 1853 წელს გარდაიცვალა ოდიშის უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი. ნიკოლოზ I-მა 1853 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებულებით უდლისწულის სრულწლოვანებამდე სამთავროს მმართველად დანიშნა დედოფალი ეკატერინე დადიანი. ყირიმის ომის დროს, 1854 წლის ივლისში ოსმალებმა დაიკავეს რედუტ-კალე, ხოლო 1855 წლის 25 ოქტომბერში ოსმალები ომარ-ფაშას მეთაურობით ოდიშის სამთავროს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ეკატერინე დადიანი ლეჩხუმში გაიხიზნა. პარტიზანული ბრძოლის შედეგად სამთავროს დიდი ნაწილი განთავისუფლდა ოსმალებისგან, ხოლო 1856 წლის თებერვალში ოსმალებმა მთლიანად დატოვეს ოდიშის სამთავრო. ყირიმის ომმა დიდი ზარალი მიაყენა ოდიშის სამთავროს ეკონომიკას. გაბატონებული კლასი თავისი მდგომარეობის გამოსწორებას ყმა გლეხების ექსპლოატაციის გაზრდით შეეცადა. ამას კი სამეგრელოს გლეხთა აჯანყება მოჰყვა. სამთავრო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საკუთარი ძალებით აჯანყების ჩაქრობა და რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა დახმარება. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ოდიშის სამთავროს ავტონომია გააუქმა და 1857 წლის 8 სექტემბერს დებულების თანახმად, იქ რუსეთის მმართველობა დააწესა. 1860 წლის კამერალური აღწეით სამეგრელოში აღირიცხა 303 თავადი და 2073 აზნაური.[4] 1867 წლის 4 იანვარს ალექსანდრე II ბრძანებულებით ოდიშის სამთავრო გაუქმდა. სამთავროს ტერიტორია ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების სახით შევიდა ქუთაისის გუბერნიაში.

სოციალ-ეკონომიკური წყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდიშის სამთავროს პოლიტიკური და სოციალური აღნაგობა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროთა მსგავსი იყო. მთავრის ხელისუფლება კანონით შეუზღუდველი იყო. იგი სამთავროს კარის მოხელეთა სშუალებით განაგებდა. თავდაპირველად სამთავროს უპირველეს მოხელეს ვეზირი წარმოადგენდა, XVII საუკუნის დასაწყისიდან — ლიპარტიანი, ხოლო XVIII საუკუნიდან სახლთუხუცესი. აღმასრულებელი ხელისუფლება ბოქაულთუხუცესი ხელთ იყო. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს პირველად ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა სასოფლო თემი, რომელსაც სათავეში „ხელოსნები“ ედგნენ. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო დაყოფილი იყო სამოურავოებად. დავით დადიანის დროს იყო რვა სამოურავო, მათ შორის სუჯუნა და საჭილაო. თავდაპირველად სამეგრელოს მთავრის ძირითადი რეზიდენცია ჭაქვინჯა იყო, ხოლო XVI საუკუნიდან — ზუგდიდი, სადაც იდგა დადიანთა სასახლე, „დიდშენი და პალატებიანი“. ამის გარდა მთავარს 12-ზე მეტი სასახლე ჰქონდა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ორი ძირითადი კლასი იყო: გლეხები და ფეოდალები. გლეხობის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიას მებეგრე ანუ მოინალე გლეხები წარმოადგენდნენ. მათ საკუთარი კარმიდამო ჰქონდათ და ევალებოდათ ბეგარის გაღება და მუშაობა. გლეხთა ყველაზე უუფლებო კატეგორიას მოჯალაბე ანუ დოლმახორე გლეხობა წარმოადგენდა.

ოდიშის სამთავროში ფეოდალური კლასის ქვედა წოდებას აზნაურები ქმნიდნენ. მათი ერთი ნაწილი სამეგრელო მთავრის, მეორე კი მსხვილი ფეოდალებისა და ეკლესიის ვასალები იყვნენ. ფეოდალური კლასის უმაღლეს წოდებას თავადები ქმნიდნენ, რომელთაც საკუთარი სათავადოები ჰქონდათ. XV—XVII საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ჩამოყალიბდა აფაქიძეების, ჭილაძეების, გოშაძეების, ჩიჩუების, ფაღავების, ჯაიანების, ქოჩაკიძეებისა და დგებუაძეების სათავადოები. XVIII საუკუნის დასაწყისში ახალი — ჩიქოვანთა სათავადო. საქართველოს ერთიანობის ხანაში ოდიშის საერისთავო ეკლესიურად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსის ცალკე გამოყოფის შემდეგ აფხაზეთის კათალიკოსს. XVII საუკუნის 80-იან წლებამდე ოდიშის სამთავროში 6 საეპისკოპოსო იყო: ჭყონდიდის, ცაიშის, წალენჯიხის, ბედიის, მოქვისა და დრანდის. მონასტრები არსებობდა ყველა საეპისკოპოსო კათედრალთან. ამას გარდა ოდიშის სამთავროში იყო ხობის ღვთისმშობლის, ეკის ნათლისმცემლის, ობუჯის წმინდა გიორგის მონასტრები. 2 მონასტერი იყო სოფ. ჭალაში (ახლანდელი ჭლოუ). ლევან II დადიანის დროს ცნობილია ქიაჩის მონასტერი, რომელიც ჯგერდის მიდამოებში მდებარეობდა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში დიდი სახელითნ სარგებლობდა ილორისა და სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიები.

XVII საუკუნის I ნახევარში ოდიშის სამთავროში დაახლოებით 150 ათასი კაცი ცხოვრობდა. ამავე საუკუნის 70-იან წლებში მოსახლეობა განახევრდა. XIX საუკუნის დასაწყისში ოდიშის სამთავროს მოსახლეობა დაახლოებით 75 ათას კაცს შეადგენდა. 1860 წელს 127395 კაცს. სამეგრელოს სამთავროში არქანჯელო ლამბერტისა და ჟან შარდენის ცნობებით სრულებით არ იყო ქალაქები. მთელ სამთავროში იყო ცხრა თუ ათი ციხე, რომელთა შორის უპირველესი და მთავრის რეზიდენცია იყო რუხის ციხე.[5]

ოდიშის სამთავროს წამყვანი დარგი მიწათმოქმედება იყო. თავდაპირველად კულტურა იყო ღომი, რომელიც XVIII საუკუნის 50 წლებიდან თანდათანობით სიმინდმა შეცვალა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში მოჰყავდათ ბრინჯი, ფეტვი, მცირე რაოდენობით — ხორბალი. ტექნიკური მცენარეთაგან — კანაფი და სელი. განვითარებული იყო მევენახეობა. დიდი რაოდენობით ამზადებდნენ აბრეშუმის პარკს. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს სოფლის მეურნეობაში დიდი ადგილი ეკავა მებოსტნეობას და მეხილეობას. ფართოდ იყო განვითარებული მეცხოველეობა, შედარებით მცირე რაოდენობით ჰყავდათ ცხვარი. ფართოდ იყო გავრცელებული მეფუტკრეობა, დიდი რაოდენობით ამზადებდნენ თაფლსა და ცვილს. მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მონადირეობასა და მეთევზეობას. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებდა საზღვაო ვაჭრობა. XIV—XV საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან, ტრაპიზონის იმპერიასთან და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის იტალიის სავაჭრო კოლონიებთან. ამავე საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს უშუალო საზღვაო ურთიერთობა ჰქონდა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს უმნიშვნელოვანესი ნავსადგურები ფოთი, კემხელი (ახლანდელი ყულევი), სათამაშია (ახლანდელი ტამიში), კელასური და ცხუმი. ფოთში იყო იტალიელთა მნიშვნელოვანი დასახლება, ხოლო ცხუმში — გენუელთა სავაჭრო კოლონია სებასტოპოლსი. ვაჭრობის მიზნით სამეგრელოს მთავრები ზოგჯერ საკუთარ ფულსაც ჭრიდნენ: დღემდე მოაღწია ვამეყ I დადიანის მიერ მოჭრილმა კირმანეულის ტიპის მონეტამ. შავ ზღვაზე ოსმალთა გაბატონების შემდეგ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საზღვაო ურთიერთობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შეწყდა. XVI—XVII საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საზღვაო ვაჭრობა დასავლეთ ევროპასთან ოსმალეთის მეშვეობით წარმოებდა. ამ დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს ნავსადგურად იქცა ისგაური, რომელიც მდ.კოდორის აღმოსავლეთით მდებარეობდა. 1728-იდან, როდესაც თურქები გაბატონდნენ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ოდიშის სამთავრო საზღვაო ვაჭრობას თურქების მიერ დაკავებული ნავსადგურების მეშვეობით აწარმოებდა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს რუსეთის მმართველობაში შესვლის შემდეგ მის მთავარ ნავსადგურად რედუტ-კალე გადაიქცა. ოდიშის სამთავროში ზღვით შემოდიოდა ხელოსნური ნაწარმი, აგრეთვე მარილი. ოდიშის სამთავროდან გაჰქონდათ ძვირფასი ხე-ტყე, ტილო, სელის ნაწარმი, აბრეშუმი, თაფლი, ცვილი, ღვინო, ტყავეული და ბეწვეული.

XV საუკუნიდან ოდიშის სამთავროში ფეხი მოიკიდა ტყვეებით ვაჭრობამ, რომელმაც განსაკუთრებით საშიში ხასიათი XVII—XVIII საუკუნეებში მიიღო. ოდიშის სამთავროს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ტყვეებით ვაჭრობა თანდათან აღიკვეთა. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში შინავაჭრობა ძირითადად ბაზრობებზე მიმდინარეობდა. XVI—XVII საუკუნეებში ბაზრობები იმართებოდა ილორში, წიფურიასა და კოცხელში, ხოლო XIX საუკუნის I ნახევარში — სენაკში, ჯვარში, ცაგერში, ხობში. ამ დროს მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტები იყო ლაილაში, ბანძა, სუჯუნა.

XIV-XVII საუკუნეებში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში განვითარებული იყო ნაოსნობა. ზღვიდან ხომალდები ადიოდნენ მდინარე ხობზე ხობის მონასტრამდე, მდ. მოქვზე - სოფ. მერკულამდე. მდინარე რიონი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენებოდა სანაოსნოდ. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში აგებდნენ ხომალდებს, რომლებიც გამოიყენება სანაოსნოდ როგორც მდინარეებში, ისე ზღვაში.

სამეგრელოს მთავრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მმართველობის წლები სახელი
1185-1191 ბედიან I
1191-1215 ცოტნე I
1215-1239 შერგილ I
1239-1248 ცოტნე II (კოხტასთავის გმირი)
1248-1255 ვარდანი
1255-1285 ბედიან II
1285-1305 შერგილ II
1305-1323 გიორგი I
1323-1345 მამია I
1345-1365 ცოტნე III
1365-1386 გიორგი II
1386-1396 ვამეყ I
1396-1412 მამია II
1412-1470 ლიპარიტ I
1470-1475 შამადავლე
1475-1482 ვამეყ II
1482-1512 ლიპარიტ II
1512-1533 მამია III
1533-1572 ლევან I
1572-1582 გიორგი III
1582-1590 მამია IV
1590-1611 მანუჩარ I
1611-1657 ლევან II დიდი
1657-1658 ლიპარიტ III
1658-1661 ვამეყ III
1661-1680 ლევან III
1680-1691 ლევან IV
1691 წელს სამეგრელოს ტახტზე ადის გიორგი ლიპარტიანი (ჩიქოვანთა, ანუ ჩიქვანთა გვარიდან)
1691-1704 და 1710-1715 გიორგი IV ლიპარტიანი
1704-1710 კაცია I
1715-1728 ბეჟანი
1728-1758 ოტია
1758-1788 კაცია II
1788-1792, 1795-1802 და 1803-1804 გრიგოლი
1792-1795 მანუჩარ II
1802-1803 ტარიელი
1804-1840 ლევან V
1840-1853 დავითი
1853-1857 ნიკო
1804 წლიდან სამეგრელო რუსეთის იმპერიის მფარველობაში შევიდა, ხოლო 1867 წლის 4 იანვარს ალექსანდრე II-ის ბრძანებულებით საბოლოოდ იქნა გაუქმებული.