შინაარსზე გადასვლა

საბჭოების სასახლე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაცხოვრის ტაძარი
მაცხოვრის ტაძრის აფეთქება, 5 მაისი, 1931.

საბჭოების სასახლე (რუს. Дворец советов) — 1930-იანი წლების საბჭოთა ხელისუფლების განუხორციელებელი სამშენებლო პროექტი: გრანდიოზული ადმინისტრაციული შენობა, ყრილობებისა და დღესასწაულების აღნიშვნის ადგილი. სასახლე უნდა გამხდარიყო ე.წ. ახალი მოსკოვის ცენტრი.

საბჭოების სასახლისთვის სპეციალურად გამოცხადებულ კონკურსზე წარმოდგენილ იქნა რამდენიმე პროექტი სხვადასხვა არქიტექტურულ სტილში, მათ შორის კონსტრუქტივისტულშიც, თუმცა კონკურსის ფინალურ ნაწილში გავიდა პროექტების უფრო კლასიკური სტალინისტური გადახრით. საბოლოო პროექტით 415 მ სასახლე მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა უნდა გამხდარიყო. მას თავზე ლენინის გრანდიოზული ქანდაკება დაედგმებოდა.

სასახლისთვის გამოიყო ადგილი ბორცვზე მდინარე მოსკოვთან, სადაც მაცხოვრის ტაძარი იდგა. ასევე განიხილებოდა მოედანი ვორობიოვკაზე, სადაც შემდგომში ლომონოსოვის უნივერსიტეტის მთავარი შენობა აიგო. 1920-იანი წლების ბოლოს მიუხედავად საზოგადოების გარკვეული ნაწილის დიდი წინააღმდეგობისა გადაწყვიტეს სასახლისთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად მაცხოვრის ტაძრის დანგრევა.

1931 წლის 5 დეკემბერს მაცხოვრის ტაძარი ააფეთქეს. ადგილის ნანგრევებისგან გაწმენდის შემდეგ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მალევე წამოიწყეს. უპირველეს ყოვლისა გაითხარა და ჩაბეტონდა უზარმაზარი ქვაბული. მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობდა 1930-იანი წლების პირველ ნახევარში, თუმცა შემდგომში იგი შენელდა მოსკოვში სხვა მასშტაბური არქიტექტურული პროექტების წამოწყების, გეოლოგიური სიძნელეებისა (საძირკველში გამდინარე წყლების ჩადგომის) და მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო. გავლენა ასევე იქონია სტალინის გადაწყვეტილებამ შეეწყვიტათ ცენტრალური ხელისუფლების ახალი სიმბოლოების შექმნა და შეენარჩუნებინათ ისეთი ტრადიციული ორიენტირები, როგორიც იყო მაგ. კრემლი.

ომის შემდეგ სასახლის მშენებლობა პრაქტიკულად გაიყინა. ამ პერიოდში აღიმართა მოსკოვის მაღლივი შენობები, რომელთაც ზოგიერთი არქიტექტურული იდეეები სასახლის პროექტისგან ისესხეს.

სასახლის მშენებლობაზე ფორმალურად უარი 1961 წელს განაცხადეს. ქვაბულში მოეწყო ღია აუზი "მოსკოვი"; 1935 წელს გახსნილ მეტროს სადგურს "საბჭოების სასახლე" 1961 წელს "კროპოტკინსკაია" დაარქვეს. 1990-იან წლებში საბჭოების სასახლის ფუნდამენტი გამოიყენეს მაცხოვრის ტაძრის აღდგენისას.