ონოფრე გარეჯელი
ღირსი ონოფრე გარეჯელი (ერისკაცობაში: ოთარ მაჭუტაძე; გ. 1732/1733) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 12 ოქტომბერი (ძვ. სტ. 29 სექტემბერი).
აზნაურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ონოფრე მაჭუტაძე გურული აზნაური იყო. 1676 წელს თავის ძმასთან, მაქსიმესთან, ერთად გურიიდან ქართლში გადავიდა, როცა ლევან ბატონიშვილმა ცოლად შეირთო ქაიხოსრო I გურიელის ასული თუთა. ძმები მაჭუტაძეები, რომლებიც სასულიერო პირები იყვნენ, თუთა გურიელის ამალაში ირიცხებოდნენ.
1683 წელს ლევან ბატონიშვილმა „სამწევრისის მესთულეობის" სახელო უბოძა. მაჭუტაძე საოცარი სტუმართმოყვარეობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშისცემით გამოირჩეოდა. ოთარს მონაზვნობა სურდა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის ბერული ცხოვრების ძალა.
ერთხელ თავის მეუღლეს უთხრა: „აწ მნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილ მორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქუენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემისა ნებსითთა და უნებლიეთთა“. ქალმა არ დააბრკოლა მეუღლე და შენდობა მისცა. ოთარი ორ უფროს ვაჟიშვილთან ერთად ჩავიდა თბილისში, შვილები დალოცა, დაარიგა და გამოეთხოვა.
შვილებთან განშორების შემდეგ ოთარმა მიაშურა გარეჯის მონასტერს. არქიმანდრიტმა გერმანემ მიიღო შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა: „კაცი ესე დიდსა საზომსა მიწევნად არს, რამეთუ აწვე გამოსვლით სოფლით აღესრულებიეს სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა ბრძანებს უფალი, „რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი სახელისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“.“ ონოფრე ბერად შედგა დაახლოებით 1683-1690 წლებში.
ბერობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთხელ დავით გარეჯის მონასტერს ლეკები შეესივნენ, რამდენიმე მღვდელი, მათ შორის მღვდელ-მონაზვნები - მაქსიმე და იოაკიმე, ბერი ონოფრე, და კიდევ ოთხი კერძოდიაკონი, ტყვედ წიყვანეს. ლეკებს ონოფრეს მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ის გაათავისუფლეს და მონასტერში დააბრუნეს.
ლეკთა შემოსევებისაგან მონასტერი ძალზე გაღარიბდა. ერთხელ არქიმანდრიტმა მოუწოდა ღირს ონოფრეს და უთხრა, "სიყვარულისთვის ძმათასა, წარვედ ქუეყნად ქართლისა და იღვაწე საზრდო, რათა მიიღო გვირგვინი უოხჭნო მორჩილებისა და მეცა წავიდე სხვით კერძო და რაოდენ ძალ მედვას, მოვირეწო". ონოფრეს ეძნელებოდა მონასტრიდან გასვლა, მაგრამ წინამძღვრის ბრძანებას დაემორჩილა და ერთ კარდაკარ სიარული დაიწყო წყალობის სათხოვნელად. "ნამდვილვე ესე მიიტაცებს სასუფეველსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა", - ამბობდნენ მისი ნაცნობები.
ცხინვალს მიახლოებული მამის ყურადღება მიიპყრო მშფოთვარე ბრბომ: ვიღაც ჭაბუკი გაგიჟებულიყო და ებრაელებთან მიჰყავდათ მიზეზის დასადგენად. ონოფრემ ლმობიერად უთხრა შეკრებილებს: "შვილნო, არა არს საქმე ეგე ყოვლადვე წესი ქრისტეანთა, არამედ მომგავარეთ მე იგი აქა". ავადმყოფის დედა ფეხებში ჩაუვარდა და შემწეობა სთხოვა. ონოფრემ წამოაყენა დედაკაცი და ანუგეშა: "მაქვს მე აქა წმიდის დავითის გარეჯელის საფლავისაგან მტვერი ევლოგიად", წყალში გაურია წმიდანის საფლავიდან აღებული მიწა, დაალევინა და განკურნა. სასწაულის მხილველნი ადიდებდნენ ონოფრეს. ის კი გაექცა დიდებას, უმცროსი ვაჟი, იოანე წაიყვანა და კვლავ მონასტერში დაბრუნდა, თან სამი-ოთხი წლის სამყოფი საზრდო ჩაიტანა.
ერთხელ მონასტერში მივიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა და რადგან არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, მას გამოელეპარაკა. ღირსმა ონოფრემ წმიდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მობანა მას სნეული თვალი. ორიოდე დღის შემდეგ მონასტერში დაბრუნებულმა განკურნებულმა არაბმა მადლობა შესწირა უფალსა და ღირს ონოფრეს.
ღირს ონოფრეს დიდი სქიმით სურდა შემოსვა. მონასტრის არქიმანდრიტი ყოყმანობდა, მაგრამ ოცდაათდღიანი ლოცვისა და მარხვის შემდეგ შემოსა. ამის მერე ონოფრემ მდუმარების აღთქმა დადო, დღენიადაგ ფსალმუნებს კითხულობდა და დაგლეჯილ ჭილოფზე ეძინა, შიშველ ტანზე რკინის ჯაჭვი ემოსა; სენაკიდან მხოლოდ წირვა-ლოცვის დროს გამოდიოდა.
1690 წელს საეკლესიო კრებამ მაჭუტაძე დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. იგი ენერგიულად იღვწოდა სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის, რისთვისაც "დავითგარეჯის უდაბნოს მეორე აღმშენებელი" უწოდეს. 1699 წელს მაჭუტაძის ინიციატივით შედგა ჰაგიოგრაფიული კრებული (ხელნაწერი A-160), რომელშიც პირველად გაერთიანდა ასურელ მამათა ცხოვრების ამსახველი თხზულებანი.
მოხსენიებულია იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების 1708 წლის სიგელში, როდესაც მეფისაგან მოითხოვა კვლავ დაემტკიცებინათ დავითის ლავრისათვის სოფელი აკურა.
მისი ძმა მაქსიმე მაჭუტაძე ქართლში გადაასვლამდე ჯუმათის ეპისკოპოსი იყო, 1688-1701 წლებში კი ბოლნისის ეპისკოპოსი იყო და ჯუმათელის ტიტულსაც ინარჩუნებდა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლოს ონოფრე ისე დასნეულდა, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ძმები ევედრებოდნენ მას, საწოლში ჩაწოლილიყო და თავი სასთუმალზე დაედო. მაშინ ნეტარმა პირველად თქვა: "აღთქმა მაქმნიეს, რათა იყოს აღსასრული ჩემი ჭილსა ამასა ზედა". ონოფრე ითმენდა სნეულებას, ხელიდან ფსკვნილს არ იშორებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. მასთან მიდიოდნენ თაყვანისსაცემად, მაგრამ ბერი მნახველებს სთხოვდა: "მიბოძეთ ფესვი სამოსელისა თქუენისა, რათა ამბორს-უყო და ფერხნი თქუენნი მომეცით, რათა დაგბანოთ ცრემლითა".
ონოფრემ წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავის მოძღვარს, მაქსიმეს მოუწოდა და ზიარება სთხოვა. მოძღვარმა უთხრა, ამ მარხვაში სამჯერ ხარ ნაზიარები, შობამდე ოთხი დღეა დარჩენილი, დღესასწაულზე გაზიარებო. ონოფრემ კი აუწყა, რომ ჩვენებით ჰქონდა გამოცხადებული აღსასრულის მოახლოება. ზიარების მიღების შემდეგ ონოფრემ გონება დაკარგა. ძმებმა სულთმბრძოლის ლოცვის კითხვა დაიწყეს. თვრამეტი დღის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, საჭმელი არ უჭამია, მხოლოდ თვალები ჰქონდა ზეაპყრობილი და მარჯვენა ხელით პირჯვარს ისახავდა.
ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანი გარდაიცვალა. მისი ნეშტი დაკრძალეს წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხეველის სარკმელთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმიდათა ცხოვრებანი (ივლისი–დეკემბერი), წიგნი მეორე, თბილისი, 2008 წელი.
- მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1962;
- ქავთარია მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965;
- ქავთარია მ., ქსე, ტ. 6, გვ. 515, თბ., 1983