ოთარ ბურჯანაძე
ოთარ ბურჯანაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 26 აგვისტო, 1923 |
დაბ. ადგილი | ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 25 სექტემბერი, 1975 (52 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | საბურთალოს პანთეონი |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ქირურგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ოთარ იროდიონის ძე ბურჯანაძე (დ. 26 აგვისტო, 1923, ჭიათურა — გ. 25 სექტემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი ექიმი, ქირურგი, პროფესორი (1973), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1990), სტალინის სახელობის სტიპენდიატი, საქართველოს ქირურგიული სამეცნიერო საზოგადოების წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. იმავე წლიდან ამავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკის უფროსი ლაბორანტი, შემდეგ ორდინატორი, პარალელურად აქვე კითხულობს ლექციებს ქირურგიაში. 1949 წლიდან საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1956 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
1950-1951 წლებში იყო ბორჯომ-ლიკანის სანატორიუმ „ВЦСПС“-ის ზოგად ქირურგიული განყოფილების ორდინატორი პროფესორ არჩილ ერისთავთან, სადაც ატარებდა რთულ ოპერაციებს ზოგად ქირურგიაში.
1953 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მაობლიტერებელი ენდარტერიიტის საკითხისათვის“, 1966 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ბრონქიალური ფისტულების პროფილაქტიკა და მკურნალობა ფილტვის ნაწილობრივი რეზექციის დროს“. 1950-იან წლებში საქართველოში ოთარ ბურჯანაძის საკანდიდატო დისერტაცია პირველ ფუნდამენტალურ კვლევას წარმოადგენდა სისხლძარღვთა ქირურგიაში.
1955-1956 წლებში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მე-4 სამმართველოს საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ორდინატორი; 1962 წელს მივლინებით გააგზავნეს ბრატისლავის კომენსკის სახელობის მე-2 ქირურგიულ კლინიკაში აკადემიკოს კოროლ შიშკასთან, სადაც სრულყოფილად აითვისა ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის პირობებში გულზე ოპერაციების წარმოების მეთოდები და ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის მუშაობის პრინციპები; 1966 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიის განყოფილების გამგე, 1959 წელს აირჩეს უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდებაში.
1962 წელს პირველმა საქართველოში „მშრალ გულზე“ წარმატებით ჩაატარა ოპერაცია ჯერ ექსპერიმენტულად, ხოლო შემდეგ კლინიკის პირობებში. ოთარ ბურჯანაძემ გულმკერდის ქირურგიაში პირველმა გაავრცელა ახალი თეორია „თრომბოჰემორაგიული სინდრომი“. მნიშვნელოვანია, რომ მან ასევე პირველად მსოფლიოსა და საბჭოთა კავშირში ფილტვზე უშუალოდ ოპერაციის წინ და პირველად საქართველოში გულზე ოპერაციის დროს, ოპერაციის შემდგომი თრომბოჰემორაგიული გართულებების პროფილაქტიკის მიზნით იხმარა პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი „ჰეპარინი“ და მოგვაწოდა მისი ხმარების ოპტიმალური დოზები გულზე და ფილტვზე ოპერაციების დროს; გამოიყენა ბრონქის ტაკვის დახურვის საკუთარი მეთოდი ფილტვზე ოპერაციისას, ჩაატარა ფილტვის რაციონალური სეგმენტური რეზექცია, მოგვაწოდა ბრონქული ფისტულების გამარტივებული კლასიფიკაცია; პირველმა საქართველოში შეისწავლა ფილტვზე ოპერაციის შემდგომი მძიმე გართულების შედედებითი ჰემოთორაქსის კლინიკა და ეთიოპათოგენეზი, მოგვაწოდა მისი მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდები; კლინიკის პირობებში მან პირველმა გამოიყენა ფილტვის რეზექციის შემდგომი ინტრაპლევრალური რეგიონალური ნეკნთაშუა გაუტკივარება ოპერაციის შემდგომი გართულებების ასაცილებლად; პირველმა შეისწავლა ფილტვის პათოლოგიის კლინიკაში მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის საკითხები; ექსპერიმენტულად შეისწავლა ფილტვის გადანერგვის საკითხები; დაამუშავა ბრონქებისა და ბრონქ-სასულეს შერთულების დადების რაციონალური მეთოდიკა და ტექნიკა; პირველმა შეისწავლა ფილტვზე ოპერაციის დროს ბრონქის ქსოვილში მიმდინარე რეაქციული პროცესები სხვადასხვა სახის საკერავი მასალის გამოყენებისას და კლინიკაში დანერგა ბრონქის ქსოვილისთვის საუკეთესო მასალით ნაკერის დადების ვარიანტი და სხვა.
იგი არის 7 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, აგრეთვე 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 4 სახელმძღვანელო და 6 მონორგაფიის ავტოროი — ეხება თანამედროვე ქირურგიის სხვადასხვა სფეროს: გულის, მუცლის ღრუს, სისხლძარღვთა, ფილტვის ქირურგიას, ჰიპოთერმიას, გაუტკივარებას, გამოგონებებს, ექსპერიმენტებს და მრავალ სხვას. ოთარ ბურჯანაძე პირველი იყო საქართველოში, რომელმაც შეისწავლა მეზენტერიალურ სისხლძარღვთა მწვავე გაუვალობის კლინიკის, მათი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხები; ადრეულ წლებში მოგვაწოდა მაობლიტერებელი ენდარტერიიტის წარმოშობის მიზეზები და მისი მკურნალობის მეთოდები; 1950-იან წლებში თანაავტორებთან ერთად წარმოადგინა სისხლის ხელოვნური მიმოქცევის და გამაციებელ-გამათბობელი ორიგინალური აპარატები; 1960 წელს პირველმა საქართველოში შეისწავლა მიოკარდიუმის მორფოლოგიური ცვლილებები გულის სიცივით გაჩერებისას (სხვადასხვა ნივთიერებებით, მათ შორის ქლორეთილით), აგრეთვე მისი ცხოველმოქმედების აღდგენისას ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის პირობებში, რაც მნიშვნელოვანია გულზე რეკონსტრუქციული ოპერაციების წარმოებისას.
ოთარ ბურჯანაძე გარდაიცვალა 1975 წლის 25 სექტემბერს თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1990 — საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ)
- სტალინის სახელობის სტიპენდიატი
- სსრკ-ის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), დიპლომი და ვერცხლის მედალი, შრომისთვის „გულის გაჩერება გამაციებელი ქლორეთილით“
- მედალი „ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი“
- მედალი „ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო“
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბრონქის დამუშავება ფილტვის რეზექციის დროს, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1953.
- მეზენტერიულ სისხლძარღვთა მწვავე გაუვალობა, თბილისი, საქმედგამი, 1956.
- მაობლეტერებელი ენდარტერიიტი , თბილისი, საქმედგამი, 1956.
- ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევა და მისი გამოყენების პერსპექტივა ქირურგიაში, საქართველოს სსრ სამეცნიერო სამედიცინო საზოგადოების შრომები, ტ. 1, 1961.
- К вопросу о методе сегментарной резекции лёгкого, Сообщения академии наук ГССР, т. XXVI, 4, 1961.
- Закрытие дефекта трахеи бронха лоскутом из стенки противоположного бронха, труды инст. экспериментальной и клинической хирургии и гематологии АН Груз. ССР, т. X, 1962.
- Об одном способе профилактики свернувшегося гемоторакса, труды инст. экспериментальной и клинической хирургии и гематологии АН Груз. ССР, т. XI, 1963.
- Профилактика и лечение дыхательного ацидоза при резекции легкого, Тбилиси, Сабчота Сакартвело, 1963.
- Применение хлорэтила для искусственной остановки сердца, Сообщения академии наук ГССР, XXXVII, 3, 1965.
- Профилактика и лечение бронхиальных свищей при частичной резекции легкого, Тбилиси, 1966.
- ფილტვის რეზექციის შემდგომი ბრონქული ფისტულები, მონოგრაფია , თბილისი, „საბჭო საქართველო“, 1969.
- Пульмонохирургический тромбогеморрагический синдром, Клиническая хирургия, 1971, 12.
- Тромбогеморрагический синдром, Тбилиси, Сабчота Сакартвело, 1989.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 509.
- მარადი ანასაშვილი, „ოთარ ბურჯანაძე“, თბილისი, 2015, ISBN 978-9941-450-98-3
- ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდტი გიორგი ციცქიშვილი; Галерея отечественных хирургов .-Тб.,.-1988.-с.354
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოთარ ბურჯანაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ოთარ ბურჯანაძის ბიოგრაფია — „ავერსის“ ოფიციალური საიტი
- დაბადებული 26 აგვისტო
- დაბადებული 1923
- ჭიათურაში დაბადებულები
- გარდაცვლილი 25 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1975
- თბილისში გარდაცვლილები
- ქართველი ექიმები
- ქართველი ქირურგები
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საბურთალოს პანთეონში დაკრძალულები
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ბურჯანაძეები