შინაარსზე გადასვლა

მარტყოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მარტყოფი

ანტონ მარტყოფელის სახელობის კოშკი სოფელ მარტყოფში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თემი მარტყოფი
კოორდინატები 41°47′11″ ჩ. გ. 45°01′20″ ა. გ. / 41.78639° ჩ. გ. 45.02222° ა. გ. / 41.78639; 45.02222
ცენტრის სიმაღლე 770
მოსახლეობა 7397[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,4 %
სომხები 0,5 %
არაბები 0,4 %
რუსები 0,3 %
აზერბაიჯანელები 0,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მარტყოფი — საქართველო
მარტყოფი
მარტყოფი — ქვემო ქართლი
მარტყოფი
მარტყოფი — გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მარტყოფი

მარტყოფისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ალიხევისა და მარტყოფისწყლის ხეობებში. ზღვის დონიდან 770 მეტრზე. გარდაბნიდან დაშორებულია 55 კილომეტრით. ვაზიანიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7397 ადამიანი.

ახლანდელი მარტყოფის ტერიტორია დასახლებულია I-II საუკუნეებიდან; VI საუკუნემდე აკრიანი (ქვიანი ადგილი) ერქვა. ფიქრობენ, რომ სახელწოდება მარტყოფი მოდის ასურელი მამის ანტონ მარტყოფელის (მარტომყოფელი) სახელიდან. XIII საუკუნიდან აქ რუსთავ-მარტყოფის საეპისკოპოსოს კათედრალი იყო. XV საუკუნიდან სადროშოს ცენტრია, აქ იყო კახეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია. 1625 წელს მარტყოფის ველზე გაიმართა ბრძოლა სპარსელთა და ქართველთა ლაშქარს შორის. ძველად მარტყოფი ლიტერატურული საქმიანობის კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ პოეტები და მწიგნობრები ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVII-XVIII სს.), იოანე ქობულაშვილი (XVIII ს.), სტეფანე ჯორჯაძე (XVIII ს.) და სხვები.

სოფლის მახლობლად — ულევის ველზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლეულია ბრინჯაოს ხანის ადრეული პერიოდის გორასამარხები. სოფლის მიდამოებშივე აღმოჩნდა ქართული მონეტების განძი (ძვ. წ. I — ახ. წ. II სს.).

სოფელში შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესიის ნანგრევები. იგი 1810 წელს ააგო რუსთავის ეპისკოპოსმა სტეფანე II-მ. არის აგრეთვე XVIII საუკუნის რამდენიმე საგვარეულოს საცხოვრებელი-საბრძოლო კოშკი (შინჯიკაშვილების, ძამაშვილების, თუშმალიშვილების). უკეთესად შემოინახა თუშმალიშვილების კოშკი — გეგმით მრგვალი, ოთხსართულიანი ნაგებობა. საშენ მასალად გამოყენებულია რიყის ქვა, ხოლო კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ადგილებისათვის და გარედან გასაფორმებლად — აგური. მშენებელი, როგორც ჩანს, გამოცდილი ოსტატი ყოფილა, რაც იგრძნობა პროპორციებსა და სამხრეთ ფასადის ხუროთმოძღვრულ გადაწყვეტაში, აგურის წყობით გამოყვანილ მორთულებაში. სართულებს შორის ასასვლელები დატანებულია კედლებში.

სოფლის მახლობლად, ქედზე V-VI საუკუნეების სამონასტრო კომპლექსია.

ცნობილი მარტყოფელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მათიაშვილი ა., მენაბდე ლ., საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 462.
  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.