შინაარსზე გადასვლა

ლუი ანრი I (კონდეს პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი ანრი I
კონდეს პრინცი
მმართ. დასაწყისი: 4 მარტი, 1710
მმართ. დასასრული: 27 იანვარი, 1740
წინამორბედი: ლუი III
მემკვიდრე: ლუი ჟოზეფი
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
მმართ. დასაწყისი: 2 დეკემბერი, 1723
მმართ. დასასრული: 1726
წინამორბედი: ფილიპ II ორლეანელი
მემკვიდრე: ანდრე ერკულ დე ფლორი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 აგვისტო, 1692
დაბ. ადგილი: ვერსალის სასახლე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 27 იანვარი, 1740, (47 წლის)
გარდ. ადგილი: შატო დე შანტილი, საფრანგეთი
მეუღლე: მარი ანა დე ბურბონი
(ქ. 1713 - გარდ. 1720)
კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი
(ქ. 1728)
შვილები: ლუი ჟოზეფი, კონდეს პრინცი
სრული სახელი: ლუი ანრი ჟოზეფ დე ბურბონ-კონდე
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი III, კონდეს პრინცი
დედა: ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ლუი ანრი I დე ბურბონ-კონდე (ფრანგ. Louis Henri Ier de Bourbon-condé; დ. 18 აგვისტო, 1692 — გ. 27 იანვარი, 1740) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ლუი III-ისა და ლუი XIV-ის ასულ ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის უფროსი ვაჟი. კონდეს პრინცი 1710-40 წლებში და საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის პრემიერ-მინისტრი 1723-26 წლებში.

ლუი ანრი დაიბადა 1692 წლის 18 აგვისტოს ვერსალის სასახლეში. იგი იყო კონდეს პრინც ლუი III-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი სამეფო საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უფროსი ლეგიტიმური ქალიშვილის, ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის მეორე და უფროსი ვაჟი.

იგი "დიდი კონდეს" შვილიშვილი იყო მამის მხრიდან და ატარებდა "სისხლისმიერი პრინცის" წოდებას. გარდა ამისა, მას ასევე ჰქონდა ენგიენისა და ბურბონის ჰერცოგის ტიტულები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იგი მეფის ვაჟისა და მისი ძმის შვილის შემდეგ, რიგით მესამე ტახტის მემკვიდრე იყო. მის შესახებ სამეფო კარის მემატიანე წერდა:

"იგი ჭეშმარიტად კარგი შესახედაობის ახალგაზრდა კაცია, მაგრამ მას შემდეგ რაც საკმარის სიმაღლეს მიაღიწია, ზრდა შეწყვიტა, თუმცა თინეიჯერობის ასაკში შესვლასთან ერთად მას ბურბუშელის ტყესავით მშრალი ხასიათი განუვითარდა."

თუმცა, ჩვენთვის ასევე ისიც ცნობილია, რომ მისთვის მემკვიდრეობის წართმევისა და ცუდის მოსურნენი, მის წინააღმდეგ უამრავ საშინელ ჭორს ავრცელებდნენ, რათა მისი სახელი შეელახათ. ბევრი მას მისი სიმაღლის გამო მოუქნელსა და შეუხედავს უწოდებს, თუმცა სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ სიმაღლე მისი ნაკლი კი არ იყო, არამედ უხდებოდა კიდეც.

1710 წელს კი მამის გარდაცვალების შემდეგ იგი კონდეს პრინცი ხდება.

1715 წლის სექტემბრის დასაწყისში ლუი XIV გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ხუთი წლის შვილთაშვილი ლუი XV ავიდა, რომლის რეგენტადაც ლუი XIV-ის ძმის შვილი, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II დაინიშნა. ამ დროს 23 წლის ლუი ანრი რეგენტის პირველი კონსული ხდება.

1718 წელს იგი თანამდებობიდან მოხსნეს და მის ადგილას მისი ბიძა, ლუი XIV-ის ვაჟი, მაინის ჰერცოგი ლუი ავგუსტი დაინიშნა, თავად ლუი ანრი კი მეფის განათლებაზე მეთვალყურედ გადაიყვანეს. ეს მოხდა 26 აგვისტოს, როდესაც ლუი XIV-ისა და მონტესპანის ვაჟები სამეფო საბჭომ ლეგიტიმურ შვილებად სცნო, რამაც ლუი ანრი ცხადია ტახტსა და ძალაუფლებას კიდევ უფრო ჩამოაშორა. მისთვის დამამცირებელი იყო მცირეწლოვანი მეფის მასწავლებლებთან კონტაქტი და მათთან მუშაობა.

სწორედ ამ პერიოდში აღწევს პიკს ლუი ანრის წინააღმდეგ მიმართული ჭორები, სადაც იგი აღწერილია როგორც გაუმაძღარი, ცუდი მანერების მქონე, გაუნათლებელი და ამბიციური კაცი, თუმცა ასე არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მას სამეფო კარის მემატიანე სულელ კაცს უწოდებს, რომელიც მხოლოდ ნადირობასა და სიამოვნებაზე ფიქრობდა.

1723 წელს ფილიპ ორლეანელის გარდაცვალებით დასრულდა ლუი XV-ის რეგენტობის პერიოდი. ამის შემდეგ ძალაუფლება ხელში კარდინალმა დიუბუამ აიღო ხელში, რომელმაც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ლუი დანიშნა. დიუბუა ამავე წლის აგვისტოში გარდაიცვალა, თუმცა ლუი ანრი მეფეს ძალიან დაუახლოვდა. იგი მეფის უახლოესი და ნდობით აღჭურვილი პირი გახდა, რომელიც ყოველდღე ხვდებოდა მას. სულ მალე ლუი XV კარდინალ ფლორის ხვდება, რომელმაც მასზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა, დროთაგანმავლობაში კი დიდი ძალაუფლება მოიპოვა. რამდენიმე წლის განმავლობაში კონდეს, ორლეანელებსა და ფლორის შორის დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა მეფის ფავორიტობისათვის, რომელშიც საბოლოოდ კარდინალმა ფლორიმ გაიმარჯვა.

ლუი ანრის პირველი ნაბიჯი პრემიერ-მინისტრის ამპლუაში იყო პოლიციის უფროს დ'არჟენსონის თანამდებობიდან გადაყენება და მის ადგილას თავისი ნათესავის, ნიკოლა რავო დ'ობრევალის, იგივე მარკიზ დე პრიეს დანიშნვა. ცხადია ამან მას საშუალება მისცა უფრო მეტად ეკონტროლებინა ადამიანები.

იგი ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა საფრანგეთის მარშლებს. მისი რამდენიმეწლიანი პრემიერ-მინისტრობისას უამრავი მარშალი მოიხსნა და დაინიშნა თანამდებობაზე.

ლუი XIV-ის დროს დაწყებული ჰუგენოტების სასტიკი დევნა და ხოცვა დროებით შეწყდა ფილიპ ორლეანელის რეგენტობისას, თუმცა იგი ლუი ანრის პრემიერ-მინისტრად დანიშვნისთანავე განახლდა. ჰუგენოტები დიდად აპროტესტებდნენ ამას, თუმცა მათ ორი არჩევანი ჰქონდათ: ან კათოლიციზმი უნდა მიეღოთ, ან სიკვდილს შეხვედროდნენ. ლუი ანრის ამაში განსაკუთრებულად რუანის არქიეპისკოპოსი და რომის პაპი ეხმარებოდნენ. მიუხედავად მათ მიერ გატარებული უმკაცრესი ზომებისა, ჰუგენოტების უმეტესობამ შეინარჩუნა თავისი რწმენა და მხოლოდ მცირე რიცხვმა უშველა თავს კათოლიკობის მიღებით.

ცნობილია, რომ ამისათვის ლუი ანრის სასულიერო წოდება დიდ პატივს სცემდა და მას "ერესის მგობელს" უწოდებდნენ.

ლუი ანრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული მიღწევა იყო მეფე ლუი XV-ის ქორწინების მოწყობა. 1721 წლიდან ლუი XV დანიშნული იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის უფროს ასულ მარიანა ვიქტორია ესპანელზე, რომელიც ნიშნობის შემდეგ საფრანგეთის სამეფო კარზე ცხოვრობდა. ნიშნობის დროს მარიანა ვიქტორია მხოლოდ სამი წლის იყო, ლუი XV კი თერთმეტის. 1724 წელს მეფე თოთხმეტი წლის გახდა, თუმცა სანამ მარიანა ვიქტორია ქორწინებისათვის შესაბამის ასაკს (რომელის იმ დროს 14 წელი იყო) მიაღწევდა, კიდევ მრავალი წელი იყო დარჩენილი. ბევრი ფიქრობდა, რომ ამის გამო გარკვეული პერიოდით საფრანგეთი მემკვიდრის გარეშე დარჩებოდა. ეს განსაკუთრებით თავად ლუი XV-ს აღელვებდა, რომელიც ფიქრობდა, რომ თუ იგი მემკვიდრის გარეშე გარდაიცვლებოდა, ფილიპე V მასთან დადებულ უტრეხტის ხელშეკრულებას უარყოფდა და საფრანგეთის ტახტსაც დაეპატრონებოდა.

ცნობილია, რომ ლუი ანრისა და მის საყვარელ მადამ დე პრიესაც დიდად არ მოსწონდათ მეფის კვლავ ესპანეთის ინფანტაზე ქორწინების იდეა (ვინაიდან მის წინამორბედებს, ლუი XIV-სა და ლუი XIII-ს ასევე ესპანეთის მეფის ასულები ჰყავდათ ცოლებად), თუმცა ნიშნობის ჩაშლას მაინც ვერ ბედავდნენ, რადგანაც ესპანელების რეაქციის ეშინოდათ. ამას დაერთო ისიც, რომ 1724 წელს ფილიპე V-ის ვაჟის, პრინცი ლუისის ცოლი ლუიზ ელიზაბეტი, რომელიც ლუი XV-ის ბიძაშვილი იყო, დაქვრივების შემდეგ ესპანელებმა უხეშად დააბრუნეს საფრანგეთში, რამაც მარიანა ვიქტორიასა და ლუის შორის პირველი დიდი ბზარი გააჩინა.

ამ ყოველივეს საპასუხოდ ლუი ანრის ბრძანებით მარიანა ვიქტორიასა და მეფის ნიშნობა გაუქმდა და აპრილში იგი ესპანეთში დააბრუნეს, რის შემდეგაც მეფისათვის მეორე საცოლის ძიება დაიწყო. თავდაპირველად ლუის საცოლეებად ლუი ანრი ინგლისის მეფე ჯორჯ II-ის ასულებს: ანას ან ამელიას განიხილავდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა, როდესაც მათ უარი განაცხადეს კათოლიციზმის მიღებაზე.

ამის შემდეგ კიდევ მრავალი საპატარძლო შეირჩა და ჩაიშალა მოლაპარაკებები ისეთ კანდიდატებთან, როგორებიცაა რუსეთის იმპერატრიცა ელიზავეტა I, პრინცესა ანა შარლოტ ლოთარინგიელი და ლანდგრაფინია კაროლინა ჰესენ-როტენბურგელი (რომელიც შემდეგში მეფის ნაცვლად თავად ლუი ანრის გაჰყვა ცოლად).

საბოლოო არჩევანი ლუი ანრიმ პოლონეთის მეფე სტანისლავ I-ის უმცროს ქალიშვილ მარია ლეშჩინსკაზე შეაჩერა. ამ დროისათვის სტანისლავ I უკვე ჩამოგდებული იყო პოლონეთის ტახტიდან და შვედეთის მეფე კარლ XII-ის კარზე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ცნობილია, რომ გარდა შვედებისა, სტანისლავსა და მის ცოლ-შვილს თავად რუსეთის საიმპერატორო კარიც მფარველობდა და აფინანსებდა. მარია მართალია დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდა, თუმცა იგი ძალიან განათლებული, მოხდენილი, გემოვნებიანი, დახვეწილი და ღვთისმოსავი კათოლიკე გოგონა იყო, რასაც ისიც ემატებოდა, რომ წარმოშობით იგი პოლონეთის პრინცესა იყო, რაც მას საფრანგეთის მეფის შესაფერის საცოლედ აქცევდა.

მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი მზითვი არ მოჰყოლია, თუმცა მან ლუი მოხიბლა. საქორწინო ხელშეკრულება ლუი ანრიმ შეადგინა, რომლის მიხედვითაც სტანილავ I-ს სამართავად ლოთარინგია ებოძებოდა და მას პოლონეთის დაბრუნებასაც აღუთქვამდნენ, სანაცვლოდ კი იგი ნებისმიერ დროს უნდა გამოსულიყო როგორც საფრანგეთის სამხედრო მოკავშირე.

მარია ლეშჩინსკას დიდი თავგამოდებით ეწინაღმდეგებოდა კარდინალი ფლორი, თუმცა ლუი XV-მ საბოლოოდ მაინც ლუი ანრისა და მადამ დე პრიეს დაუჭირა მხარი და 1725 წლის აპრილში იგი მარიას შეხვდა და დაინიშნა მასზე, სექტემბერში კი დაქორწინდა კიდეც, რის შემდეგაც მარია ლეშჩინსკა საფრანგეთის დედოფალი და ლუი ანრის დიდი მფარველი ხდება.

დარჩენილი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1726 წელს მისი თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ მან დატოვა ვერსალი და თავის მფლობელობაში მყოფ შატო დე შანტილში გადასახლდა, პარიზიდან 40 კილომეტრში ჩრდილოეთით. მან ეს შატო გაარემონდა და ბრწყინვალე რეზიდენციად აქცია, სადაც ცოლთან ერთად გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები. იგი გარდაიცვალა 1740 წლის 27 იანვარს, 47 წლის ასაკში. ამის შემდეგ კონდეს პრინცი მისი ოთხი წლის ვაჟი ხდება. ლუი ანრის გარდაცვალებიდან სულ ერთ წელიწადში გარდაიცვალა მისი ცოლი კაროლინაც.

ქორწინებები და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1713 წლის 9 ივლისს ლუი ანრიმ ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი, კონტის პრინც ფრანსუა ლუისა და მისი ცოლის, მარი ტერეზ დე ბურბონ-კონდეს ასული მარი ანა დე ბურბონი. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება ბურბონთა დინასტიის კონდესა და კონტის შტოებს შორის, რა დროსაც მათთან ერთად დაქორწინდნენ ლუი ანრის უმცროსი და, ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი და მარი ანას ძმა, კონტის პრინცი ლუი არმან II.

ლუი ანრისა და მარი ანას შვილები არ ჰყოლიათ. იგი 1720 წელს გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მარი ანამ მთელი თავისი ქონება თავის დას, ლა როშე-სურ-იონის მადმუაზელ ლუიზ ადელაიდას დაუტოვა.

1728 წლის 23 ივლისს ლუი ანრი მეორედ დაქორწინდა ჰესენ-როტენბურგის ლანდგრაფ ერნესტ ლეოპოლდისა და მისი ცოლის, ელეონორა ლოივენშტაინ-ვერთეიმელის ქალიშვილ კაროლინა ჰესენ-როტენბურგელზე. სწორედ მასთან შეეძინა ლუი ანრის თავისი ერთადერთი ვაჟი და მემკვიდრე:

  1. ლუი ჯოზეფი (1736-1818), კონდეს პრინცი და სამეფო არმიის ლიდერი ფრანგული რევოლუციის პერიოდში. პირველად მან ცოლად შეირთო შარლოტ დე როანი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა მონაკოს პრინცის ქვრივ მარია კატერინა ბრინოლზე, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია;

ლუი ანრიზე ქორწინებამდე, კაროლინა მეფე ლუი XV-ის ერთ-ერთ საცოლედ განიხილებოდა. მათმა ქორწინებამ მეფე განარისხა და ისინი სამეფო კარიდან გააძევა, თუმცა 1730 წელს ისინი შეიწყალა და კვლავ დართო ვერსალში დაბრუნების ნება, თუმცა ისინი ბურბონის სასახლეში ცხოვრობდნენ, რომელის ლუი ანრის დედამ, ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონმა ააშენა.

ქვრივობის პერიოდში, ლუი ანრის თავის საყვარელთან, არმანდა ფელიჩე დე ლა პორტე მაზარინთან (რომელიც გათხოვილი ქალი იყო) შეეძინა ერთი არალეგიტიმური ქალიშვილი:

  1. ანრიეტი (1725-1780), მადმუაზელ დე ვერნუალი, 1740 წელს ცოლად გაჰყვა ლაგიშის მარკიზ ჟანს.
  • 18 აგვისტო 1692 - 4 მარტი 1710: მისი სამეფო უდიდებულესობა ენგიენის ჰერცოგი;
  • 4 მარტი 1710 - 27 იანვარი 1740: მისი სამეფო უდიდებულესობა კონდეს პრინცი;
  • Olivier Bernier,Louis the Beloved, The Life of Louis XV. 1984, Garden City, New York; Doubleday & Co.
  • Mouffle d'Angerville, The Private Life of Louis XV. "Annotated and amplified by quotations from original and unpublished documents by Albert Mirac." Translated from the French by H. S. Mingard. 1924, New York; Boni and Liveright. D'Angerville's original title: Vie privée de Louis XV, ou principaux évènements, particularités et anecdotes de son règne. 4 vols. crown 8vo., published in London in 1781. Meyrac says he "extracted these piquant pages" from the original.
  • G. P. Gooch, Louis XV: The Monarchy in Decline. 1956, London; Longmans.
  • Guizot, History of France. Transl. from the French by Robert Black. No date, but a publisher's note is dated 1876; New York; Klemscott Society. vol. 6, p. 110ff.
  • Colin Jones, The Great Nation: France from Louis XV to Napoleon. 2002, New York; Columbia University Press.
  • G. W. Kitchin, D.D., F.S.A., dean of Durham, History of France vol. III. 1903, Oxford, at the Clarendon Press.
  • Ernest Lavisse, Histoire de France, reprinted from the editions of 1900–1911, Paris. 1969, New York; AMS Press, Inc. Vol. VIII, part 2.
  • James Breck Perkins, France Under Louis XV, vol. i. 1897, Boston; Houghton Mifflin Co.
  • J.H. Shennan, Philippe, Duke of Orleans. 1979, London; Thames and Hudson.