შინაარსზე გადასვლა

ლაგო-მაჯორე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაგო-მაჯორე
Lago Maggiore
კოორდინატები: 45°57′ ჩ. გ. 8°38′ ა. გ. / 45.950° ჩ. გ. 8.633° ა. გ. / 45.950; 8.633
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიგრძე 66 კმ
სიგანე 10 კმ
ფართობი 213 კმ²
საშუალო სიღრმე 177,4 
მაქსიმალური სიღრმე 372 
აუზის ფართობი 6 599 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ტიჩინო, მაჯია, ტოჩე, ტრეზა
გამომდინარე მდინარე ტიჩინო
ლაგო-მაჯორე — იტალია
ლაგო-მაჯორე
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ლაგო-მაჯორე (იტალ. Lago Maggiore ან Verbano; ლათ. Lacus Verbanus) — დიდი ტბა ალპების სამხრეთ ნაწილში, შვეიცარია-იტალიის საზღვარზე. იგი იტალიის სიდიდით მეორე და სამხრეთ შვეიცარიის პირველი ტბაა. ლაგო-მაჯორე იტალიის ალპების მთისწინეთის სამი დიდი ტბიდან ყველაზე დასავლეთით მდებარეობს და იშლება 70 კმ-ზე ლოკარნოსა და არონას შორის.

ზამთარშიც და ზაფხულშიც კლიმატი რბილია, რაც ხელს უწყობს ხმელთაშუაზღვიური მცენარეულობის გავრცელებას. ულამაზეს ბაღებში იზრდება იშვიათი და ეგზოტიკური მცენარეები.

ლაგო-მაჯორესა და ალპების ხედი ლომბარდიის ლევანოს კომუნიდან

ტბის სიგრძე 68 კმ-ია, სიგანე კი 3-დან 5 კმ-მდე იცვლება, გარდა იმ ყურისა, რომელიც ქალაქ პალანცასა და სტრეზას შორის იშლება, აქ სიგანე 10 კმ-ს აღწევს. სიგრძით ლაგო-მაჯორე იტალიის ყველა სხვა ტბას აღემატება, მაგრამ ზედაპირის ფართობით მხოლოდ გარდას ტბას ჩამორჩება. ტბის სიღრმე მნიშვნელოვნად იცვლება, მაგრამ მისი ქვაბული თითქმის ყველა მონაკვეთში ზღვის დონეზე არანაკლებ 179 მეტრით დაბლა მდებარეობს. მას საკმაოდ დაკლაკნილი ფორმა აქვს, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე წერტილიდანაა ტბის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილის ერთი თვალის გადავლებით დანახვა. საკმაოდ პეიზაჟურია ტბის მიდამოები. ზემო ნაწილში ჭარბობს ალპები, შუა ნაწილი ბორცვებს შორისაა გაწოლილი, ქვემო ნაწილში კი დომინირებს ლომბარდიის ვაკე.[1]

ტბის ქვაბული ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა და მისი ფართობი 37კმ³-ია, ზედაპირის ფართობი კი 213 კმ². ჩამდინარე მთავარი მდინარეებია ტიჩინო, მაჯია, ტოჩე და ტრეზა. გამოსვლით კი კვლავ გამოედინება მდინარე ტიჩინო, რომელიც შემდეგ პოს ერწყმის.

ტბის დაკბილული სანაპირო გარშემორტყმულია ლეპონტის ალპებით. აღმოსავლეთ ნაპირი პიემონტის რეგიონს მიეკუთვნება, დასავლეთი — ლომბარდიას, უკიდურესი ჩრდილოეთი კი შვეიცარიის ტიჩინოს კანტონს, სადაც მოქცეულია ტბის ზღვის დონიდან მაქსიმალურად დაბლა მდებარე მონაკვეთი.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. John Ball, The Alpine Guide, Central Alps, p. 306