შინაარსზე გადასვლა

კოჯორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოჯორი (თბილისი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოჯორი (მრავალმნიშვნელოვანი).
დაბა
კოჯორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
რაიონი მთაწმინდა
კოორდინატები 41°39′39″ ჩ. გ. 44°42′12″ ა. გ. / 41.660944° ჩ. გ. 44.703444° ა. გ. / 41.660944; 44.703444
ცენტრის სიმაღლე 1350
მოსახლეობა 1232 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 96,2 %
ბერძნები 1,6 %
რუსები 0,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კოჯორი — საქართველო
კოჯორი
კოჯორი — თბილისი
კოჯორი

კოჯორიდაბა და კურორტი თბილისში. ფეოდალურ ხანაში იყო ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, ხოლო XIX საუკუნეში წარმოადგენდა რუსული მმართველი ელიტის სააგარაკე ადგილს.

დაბის სახელწოდების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით მას სვანური წარმომავლობა აქვს: „კოჯო“ ნიშნავს ქვას, „კოჯორი“ — ქვიანს. სხვა ვერსიით კოჯრის წინა სახელწოდებაა კოჟორი. ეს ტოპონიმი თავისი წარმოშობით უკავშირდება კოჟოს, რაც კლდის თხემს ნიშნავს. სწორედ ვულკანური წარმოშობის კლდის თხემზეა დაშენებული კოჟრის ციხე. სახელწოდება კოჯორი რუსული ტრანსკრიპციით დამკვიდრდა 1800 წლიდან.

კიდევ ერთი ვერსიით სახელწოდება კოჯორი შესაძლოა უკავშირდებოდეს სიტყვას „ქოჩორი“, რადგან ძველად კოჯრის პლატო დაფარული იყო ტყეებით და მოგაგონებდათ ქოჩორს. მეოთხე ვარიანტით სახელწოდება მოდის სიტყვიდან „კოჟორა“ (დაკოჟრებული), რაც ახასიათებს ადგილის რელიეფს.

კიდევ ერთი თვალსაზრისით კოჯორი ორფუძიანი კომპროზიტია. პირველი ფუძეა სიტყვა „კო“, მეორე ფუძეა „ჯორი“. „კო“ სახელნაცვალი ფორმა უნდა იყოს სიტყვისა რკო, რაც ძველ ქართულში მუხას აღნიშნავდა. „ჯორი“ სახელნაცვალი ფორმა უნდა იყოს სიტყვისა ჯვარი. ამ მნიშვნელობით კოჯორი იგივეა, რაც მუხაჯვარი. მუხაჯვარი თავდაპირველად სალოცავი ადგილის სახელი უნდა ყოფილიყო. ასეთი წინაქრისტიანული სალოცავი კოჯრის ტერიტორიაზე იყო უძოს მთა, სადაც ახლაც შემორჩენილია მუხნარის ნაშთები. უძოზე არის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი.[1] საქართველოს სინამდვილეში წმინდა გიორგის კავშირი მუხასთან დადგენილ ფაქტად ითვლება.[2]

მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოებაზე, თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 1350 მ-ის სიმაღლეზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 20 კილომეტრში. კოჯორს ჩრდილოეთიდან აკრავს უძოს, სამხრეთიდან კი აზეულას მთები. ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ზაფხული აქ ხანგრძლივია და გრილი (ივლისის საშუალო ტემპერატურა 18,1 °C), ზამთარი — ცივი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,6 °C), საშუალო წლური ტემპერატურა 7,4 °C, აბს. მინიმუმი -26 °C, აბს. მაქსიმუმი 33 °C. ნალექების საშუალო რაოდენობა 875 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ.

კოჯრის პლატოდან ჩანს ლისისა და კუს ტბები, ბეთანია და წყნეთი, საგურამოს ქედი, ნახშირგორა, კავკასიონი.

კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი კოჯორში

კოჯორი, კოჯრის ციხე და კოჯრის გზა მრავალ ქართულ ისტორიულ წყაროშია მოხსენიებული. ფეოდალურ ხანაში იყო აგარანის ნაწილი, რაც მოიცავდა კოჯორს, შინდისს, ტაბახმელას, წავკისს. აქ საზაფხულო სადგომები ჰქონდათ ქალაქის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს. აგარანის ციხე კი იცავდა თბილისში სომხითიდან მიმავალ მთავარ გზას. ამიტომ მის დაუფლებას XI-XII საუკუნეებში დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები და მსხვილი ფეოდალები. აგარანის ციხეში გარდაიცვალა თამარ მეფე. XIII საუკუნიდან შეწყდა კოჯორში ზაფხულობით მეფეთა დგომის ტრადიცია.

XV საუკუნეებში კოჯორში აშენდა ორმოცი მოწამის სხელობის ეკლესია. ამავე საუკუნიდან კოჯრის ციხის მფლობელები გახდნენ სოლოღაშვილები. XVII საუკუნეში კათალიკოსმა ნიკოლოზ IX-მ კოჯორში ააშენება სასახლე და და კარის საყდარი. ამავე საუკუნეში როსტომ მეფემ კოჯორი კვლავ აქცია მეფეთა საზაფხულო რეზიდენციად. XVII-XVIII საუკუნეებში კოჯრის სასახლეში არსებობდა საჭურჭლე, რომელსაც ჰყავდა მეჭურჭლეთუხუცესი და მეჯამეთუხუცესი. სასახლეს როსტომის შემდეგ იყენებდნენ გიორგი XI და ვახტანგ VI. 1963 წელს კოჯორში აღმოჩენილი იქნა ვახტანგ VI-ის კუთვნილი ნივთების განძი სპილენძის ოთხი თეფში და ერთი თასი, რომლებიც ვახტანგმა 1721-1722 წლებში მიიღო შაჰ ჰუსეინისგან. XVIII საუკუნისათვის კოჯრის ორმოცი მოწამის ეკლესია თითქმის დანგეული და დაცარიელებული იყო. 1759 წელს ორბელიან-ყაფლანიშვილების ბრძანებით მონასტერი აღადგინეს.

1850-იან წლებში კოჯორში გაიხსნა ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება, რომელიც მაშინ მხოლოდ ზაფხულში, სააგარაკო სეზონის დროს, მუშაობდა. 1857-1858 წლებში (სხვა ვერსიით 1865-1866 წლებში) თბილისსა და კოჯორს შორის საფოსტო მომსახურების ნიშნად გამოიყენებოდა საფოსტო მარკა ტფილისის უნიკა (იგივე ტფილისის მარკა, კოჯრის მარკა), რომელიც დღეისთვის ფილატელისტური იშვიათობაა. ამავე პერიოდში კოჯორი მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით დაიყო უბნებად და იწყო მისი განაშენიანება სააგარაკედ. 1852 წელს ვოროცოვის შვილმა აქ ააშენა სააგარაკე სახლი ბაღით, თუმცა მისით თავად მეფისნაცვალი უფრო ხშირად სარგებლობდა. შემდგომში ვორონცოვმა სასახლე და ბაღი გადასცა წმინდა ნინოს სასწავლებელს.[3] XIX საუკუნეში არსებობდა გეგმა, რომლის მიხედვითაც თბილისიდან კოჯრის მიმართულებით უნდა გაყვანილიყო სარკინიგზო გზა.[4] XX საუკუნის დასაწყისისთვის კოჯორში იდგა 300-მდე სახლი, ხოლო სეზონურად დამსვენებელთა რაოდენობა აღწევდა 6000-ს.[5] 1904 წლის 21 ოქტომბერს კოჯორში გაიხსნა სამრევლო დაწყებითი სკოლა კორნილე ელიზბარაშვილის ხელმძღვანელობით. სკოლაში მიღებულ იქნა 40 ბავშვი: ქართველები, სომხები, მაჰმადიანები.

1921 წელს კოჯრის სიახლოვეს მიმდინარეობდა კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები რუსეთ-საქართველოს ომის დროს. საბჭოთა პერიოდში ვორონცოის ყოფილი სახლში განთავსდა ბავშვთა სახლი, ხოლო ვორონცოვის ბაღი გახდა საჯარო.[6] დაბის სტატუსი მიენიჭა 1968 წელს. შედიოდა გარდაბნის რაიონში და იყო სასოფლო საბჭოს ცენტრი (სოფლები: კიკეთი, კვესეთი). 2007 წლიდან მოექცა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონში, 2013 წელს გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში და კიკეთთან ერთად შეადგენს ერთ ადმინისტრაციულ უბანს.

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1867[7][8]
2014 1232[9]

კოჯორი ადგილობრივი მნიშვნელობის საშუალომთიანი კლიმატური კურორტია. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არასპეციფიური დაავადებები, ძვალ-სახსართა და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, მეორეული სისხლნაკლებობა. სეზონი - ზაფხული.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კოჯრის ციხე

სამხრეთით, აზეულას მთის ქიმზე დგას კოჯრის ციხე. შემორჩენილია გალავნისა და მის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლოებში მდგარი ორი კოშკის ნანგრევები. ციხესიმაგრე ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. მრავალჯერ არის შეკეთებული და განახლებული. მისი უძველესი ფენა არა უგვიანეს XI საუკუნის II ნახევრით თარიღდება, ხოლო დღემდე მოღწეული კედლის ფრაგმენტები XVI-XVIII სს თარიღდება.

კოჯორის ტერიტორიაზე შემორჩენილია XV საუკუნის ორმოც მოწამეთა სახელობის ეკლესია. ესაა შვერილფასადიანი ერთნავიანი ნაგებობა. მის სამხრეთით აღმართულია შეისრულკამარიანი ნაგებობა.

კოჯრის სამხრეთ-დასავლეთით, ასურეთისწყლის ხეობაში მდებარეობს XIII საუკუნის I ნახევრის ძეგლი კაბენის მონასტერი.

კოჯრის სამხრეთით მდებარეობს გუდელისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.[10] მისგან შემორჩენილია საყდრის სამი კედელი, სადაც არის საგვარეულო საძვალე. საფლავის ქვაზე გარკვევით იკითხება: „ორბელიანი“. საყდრის გარშემო განლაგებულია საფლავის ქვები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № უძოს წმინდა გიორგი № 17902
  2. გეგეშიძე მ. „კოჯორი“ გვ. 40. — კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები. თბილისი, 1976
  3. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ვორონცოვის სახლი № 16824
  4. ჩიჯავაძე ლ. „კოჯრის ელექტრო-რკინის გზა“ — თბილისი, 1931
  5. ჟურნალი „მოგზაური“ N4 გვ. 365 — 1901 წ.
  6. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № კოჯრის ბაღი № 16139
  7. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-09-16.
  8. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  9. georgia-ethnic-2014
  10. საქართველოს მთავრობის განკარგულება N571 2020 წ.