კარლ I ლუდვიგი
კარლ I ლუდვიგი | |
---|---|
პფალცის კურფიურსტი | |
მმართ. წლები: | 1648-1680 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ V |
მემკვიდრე: | კარლ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 დეკემბერი, 1617 |
დაბ. ადგილი: | ჰაიდელბერგი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 28 აგვისტო, 1680, (62 წლის) |
გარდ. ადგილი: | ედინგენი, გერმანია |
მეუღლე: |
შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი (ქ. 1650 - განქ. 1657) მარია ლუიზა ფონ დეგენფელდი (ქ. 1658 - გარდ. 1677) ელიზაბეთ ჰოლანდერ ფონ ბერნაუ (ქ. 1679) |
შვილები: |
კარლ II, პფალცის კურფიურსტი ელიზაბეთ შარლოტა, ორლეანის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ფრიდრიხ V, პფალცის კურფიურსტი |
დედა: | ელიზაბეთ სტიუარტი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
კარლ I ლუდვიგი (გერმ. Karl I. Ludwig; დ. 22 დეკემბერი, 1617, ჰაიდელბერგი, გერმანია — გ. 28 აგვისტო, 1680, ედინგენი, გერმანია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბოჰემიის მეფე ფრიდრიხ V-ისა და დედოფალ ელიზაბეთ სტიუარტის ძე. პფალცის კურფიურსტი 1648-1680 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარლ ლუდვიგი დაიბადა 1617 წლის 22 დეკემბერს ჰაიდელბერგში. იგი იყო პფალცის კურფიურსტ ფრიდრიხ V-ისა და მისი ცოლის, ელიზაბეთ სტიუარტის შუათანა ვაჟი. მისი დაბადებიდან სულ რამდენიმე თვეში ევროპაში ოცდაათწლიანი ომი გაჩაღდა, რომელშიც მამამისიც აქტიურად ჩაება. ომის პირობებში ფრიდრიხმა მოახერხა და გახდა ბოჰემიის მეფე, თუმდა ეს ძვირად დაუჯდა, რამეთუ ბოჰემიის წინამორბედმა მეფემ, საღვთო რომის იმპერატორმა ფერდინანდ II-მ იგი ჩამოაგდო და მეტიც, თავისი ბიძაშვილის, ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის ჯარების დახმარებით მთელი კურპფალციც დაიპყრო, რის გამოც კარლ ლუდვიგის ოჯახს ემიგრაციაში ნიდერლანდებში წასვლა მოუხდა.
ემიგრაციის დროს, 1629 წელს მისი უფროსი ძმა გარდაიცვალა, რითაც იგი ტახტის პირველი მემკვიდრე ხდება. მალევე, 1632 წელს მამამისიც გარდაიცვალა, ამიტომაც კარლ ლუდვიგი დედასთან ერთად ინგლისში გადადის, სადაც მათ მისი ბიძა, მეფე ჩარლზ I იფარებთ. 1642 წლიდან იწყება ინგლისის რევოლუციაც, რის გამოც კარლ ლუდვიგს კიდევ ერთხელ მოუხდა ნიდერლანდებში გაქცევა. ამ ამბების პარალელურად, 1648 წელს ოცდაათწლიანი ომი დასრულდა და გაფორმებული ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით ესპანეთის ჯარებმა დატოვეს პფალცი, მისი ტახტი კი კარლ ლუდვიგს გადაეცა, რის შემდეგაც იგი კურფიურსტი ხდება და მშობლიურ მხარეს უბრუნდება.
თავისი ოცდაათწლიანი მმართველობის განმავლობაში კარლ ლუდვიგმა მოახერხა დანგრეული და გაჩანაგებული კურპფალცის ხელახლა აღორძინება. განსხვავებით მამისაგან, რომელიც პროინგლისურ პოლიტიკას ატარებდა, კარლ ლუდვიგმა პროფრანგული პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამის დასტურად მან 1671 წელს თავისი უფროსი ქალიშვილი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ძმაზე დააქორწინა. ამან მისი ნათესავი სტიუარტების აღშფოთება გამოიწვია, პირველ რიგში იმის გამო, რომ იგი მათ არ დაეხმარათ სამოქალაქო ომის დროს, რაც უმადურობაში ჩაუთვალეს იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში იგი თავად მათთან ცხოვრობდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ლუი XIV-ის ძმა, ჰერცოგი ფილიპე კარლ ლუდვიგის ქალიშვილზე ქორწინებამდე ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის დაზე, ჰენრიეტაზე იყო დაქორწინებული, რომელიც 1670 წელს დაიღუპა. ყოველივე ამან, პფალცსა და ინგლისს შორის არსებული ახლო ურთიერთობები სამუდამოდ გააფუჭა.
კარლ I ლუდვიგი გარდაიცვალა 1680 წლის 28 აგვისტოს, 62 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტი მისმა ძემ, კარლ II-მ დაიკავა.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1650 წლის 22 თებერვალს კარლ ლუდვიგმა ცოლად შეირთო ლანდგრაფინია შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი (1627-1686), ლანდგრაფ ვილჰელმ V-ისა და ამალია ელიზაბეთ ჰანაუ-მიუცენბერგელის ქალიშვილი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:
- კარლ II (1651-1685), პფალცის კურფიურსტი. ცოლად შეირთო დანიისა და ნორვეგიის პრინცესა ვილჰელმინა ერნესტინა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ელიზაბეთ შარლოტა (1652-1722), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ძმას, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
- ფრიდრიხი (1653), გარდაიცვა ჩვილი;
1657 წლის 14 აპრილს კარლ ლუდვიგი და შარლოტა განქორწინდნენ. მალევე, 1658 წლის 6 იანვარს შვეცინგენში მან ცოლად შეირთო მარია ლუიზა ფონ დეგენფელდი, რომელთანაც კიდევ ცამეტი შვილი შეეძინა:
- კარლ ლუდვიგი (1658-1688);
- კაროლინა (1659-1696), ცოლად გაჰყვა შომბერგის ჰერცოგ მაინჰარდტს;
- ლუიზა (1661-1733);
- ლუდვიგი (1662), გარდაიცვალა ჩვილი;
- ამალია ელიზაბეთი (1663-1709);
- გეორგ ლუდვიგი (1664-1665), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფრედერიკა (1665-1674), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფრიდრიხ ვილჰელმი (1666-1667), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- კარლ ედუარდი (1668-1690);
- სოფია (1669), გარდაიცვალა ჩვილი;
- კარლ მორიცი (1671-1702);
- კარლ ავგუსტი (1672-1691);
- კარლ კაზიმირი (1675-1691);
1677 წლის 18 მარტს მარია ლუიზა გარდაიცვალა, რის გამოც 1679 წლის 11 დეკემბერს შლოს ფრიდრიხსბურგში კარლ ლუდვიგი მესამედ დაქორწინდა ელიზაბეთ ჰოლანდერ ფონ ბერნაუზე, რომელთანაც კიდევ ერთი შვილი შეეძინა:
- კარლ ლუდვიგი (1681), გარდაიცვალა ჩვილი;
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ პირველ ქორწინებამდე, კარლ ლუდვიგს უცნობი საყვარლისაგან ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟიც:
- ლუდვიგი (1643-1660);
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Großkopf, Gertrud (1987). "Wilhelm Curtius. Lebensspuren eines kurpfälzischen Adeligen aus Bensheim im Dienst der englischen Krone" [William Curtius. The path of a Palatine nobleman, from Bensheim to the service of the English Crown]. In Historischer Verein für Hessen (ed.). Archive für hessische Geschichte und Altertumskunde (in German). Neue Folge 45. Band 1987. ISSN 0066-636X.
- Queen Elizabeth (Consort of Frederick King of Bohemia) (2011) [1636], Akkerman, Nadine (ed.), The Correspondence of Elizabeth Stuart, Queen of Bohemia, Oxford: Oxford University Press, p. 139, ISBN 978-0-19-955108-8
- Chisholm, Hugh, ed. (1911a). "Elizabeth (daughter of James I.)" . Encyclopædia Britannica. 9 (11th ed.). Cambridge University Press. p. 286.
- Chisholm, Hugh, ed. (1911b). "Frederick V." . Encyclopædia Britannica. 11 (11th ed.). Cambridge University Press. p. 59.
- Louda, Jirí; MacLagan, Michael (1999). Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe (2nd ed.). London: Little, Brown and Company.