შინაარსზე გადასვლა

კამბეჩოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კამბეჩოვანი, კამბეჩანი, კამბეჩიანი (სახელწოდება წარმოდგება კამეჩ-კამბეჩისაგან) — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, დღევანდელი ქიზიყი.

სახელი ეწოდა მესაქონლეობის, კონკრეტულად მეკამეჩეობის გავრცელების გამო. ანტიკურ წყაროებში მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I - ახ. წ. I სს.) როგორც კამბისენე.

კამბეჩოვანი ძველი ჰერეთის ნაწილი იყო მოიცავდა უფრო დიდ ტერიტორიას, ვიდრე დღევანდელი ქიზიყი, კერძოდ ტერიტორიას ალაზნის ქვემოწელსა და მტკვარს შორის. სამეურნეო თვალსაზრისით იყოფოდა ორ ნაწილად. სამხრეთ-აღმოსავლეთში საძოვრების სიმრავლის გამო მეცხოველეობა იყო განვითარებული, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი ინტენსიური მიწათმოქმედება. ამ ორი სამეურნეო ერთეულის შესაყართან მდებარეობდა მხარის ცენტრი ხორნაბუჯი.

ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში კამბეჩოვანი ალბანურ ტომთა კავშირის გაერთიანებაში შედიოდა. აქ ერთმანეთს ემიჯნებოდნენ იბერიელები (აღმოსავლეთ ქართველები), ალბანელები და სომხები. კამბეჩოვანის გამო ხშირად ეცილებოდნენ ერთმანეთს იბერიისა და ალბანეთის სახელმწიფოები.

V საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აქ მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯის საეპისკოპოსო დააარსა, კამბეჩოვანი მკვიდრად შევიდა ქართული კულტურული და პოლიტიკური გავლენის სფეროში. VI საუკუნეში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, კამბეჩოვანი სპარსელთა მოხელეს ემორჩილებოდა. VII საუკუნის შუა წლებიდან აქ არაბები ბატონობდნენ. VIII საუკუნის II ნახევრიდან კამბეჩოვანი ჰერეთის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნის დასაწყისში, კახეთისა და ჰერეთის გაერთიანების შემდეგ, კახეთის სამეფოს საერისთავო გახდა. XII საუკუნეში გაერთიანებულ საქართველოს სახელმწიფოში კამბეჩოვანი ერთ-ერთი სანაპირო საერისთავოა. XIII საუკუნის ბოლოს იგი რამდენიმეჯერ ააოხრეს ხვარაზმელებმა, შემდეგ - მონღოლებმა. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი განადგურდა როგორც ეკონომიკურად, ასევე დემოგრაფიულად. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოსახლეობა კვლავ აგრძელებდა ცხოვრებას, მაგრამ ფუნქცია დაკარგა ძველმა ცენტრმა, ამიტომ ახალ ცენტრად დაბა ქიზიყი იქცა. XIV საუკუნის ბოლო XV საუკუნის დასაწყისიდან კამბეჩოვანი ქიზიყად იწოდება, გვიან შუა საუკუნეებში შეერწყა კახეთს.

  • მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 343-344.
  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 111 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0