შინაარსზე გადასვლა

იუნის კენედი შრაივერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუნის კენედი შრაივერი
დაბადების სახელი იუნის მერი კენედი
დაბადების თარიღი 10 ივლისი, 1921
მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 11 აგვისტო, 2009 (88 წლის)
მასაჩუსეტსი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი სტენფორდის უნივერსიტეტი
საქმიანობა ქველმოქმედი, აქტივისტი
პარტია დემოკრატიული პარტია (აშშ)
მეუღლე(ები) სარგენტ შრაივერი
შვილ(ებ)ი 5
მშობლები მამა: ჯოზეფ კენედი
დედა: როუზ კენედი
საიტი eunicekennedyshriver.org
ხელმოწერა

იუნის მერი კენედი შრაივერი (ინგლ. Eunice Mary Kennedy Shriver; დ. 10 ივლისი, 1921 – გ. 11 აგვისტო, 2009) — ამერიკელი ქველმოქმედი [1] და კენედის ოჯახის წევრი. იყო სპეციალური ოლიმპიადის დამფუძნებელი, რომელიც სპორტული ორგანიზაციაა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ინვალიდთა სახელით გაწეული ძალისხმევისთვის შრაივერი 1984 წელს დაჯილდოვდა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.

ის იყო აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის, ამერიკელი სენატორების რობერტ ფ. კენედის, როუზმერი კენედის და აშშ-ს ელჩის, ჟან კენედი სმიტის და. დაქორწინებული იყო სარჯენტ შრაივერზე, რომელიც იყო შეერთებული შტატების ელჩი საფრანგეთში და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 1972 წელს.

ადრეული ცხოვრება, განათლება და ადრეული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნის მერი კენედი დაიბადა ბრუკლაინში, მასაჩუსეტსში,1921 წლის 10 ივლისს. მის და-ძმებს შორის იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი, აშშ-ს გენერალური პროკურორი და სენატორი რობერტ ფ. კენედი, აშშ-ს სენატორი ედვარდ კენედი და აშშ-ს ელჩი ირლანდიაში ჟან კენედი სმიტი. [2]

შრაივერმა განათლება მიიღო წმინდა გულის მონასტერში, როჰემპტონში (ლონდონში), მოგვიანებით კი მანჰეტენვილის კოლეჯში. 1943 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მეცნიერების ბაკალავრის ხარისხით სოციოლოგიაში, მუშაობდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ომის პრობლემების განყოფილებაში. ის საბოლოოდ გადავიდა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში, როგორც აღმასრულებელი მდივანი არასრულწლოვანთა დანაშაულთან დაკავშირებული პროექტისთვის. სოციალურ მუშაკად მუშაობდა ქალთა ფედერალურ ინდუსტრიულ ინსტიტუტში ერთი წლის განმავლობაში, სანამ 1951 წელს გადავიდოდა ჩიკაგოში და იმუშავებდა ჩიკაგოს არასრულწლოვანთა სასამართლოში.

საქველმოქმედო საქმიანობა და ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იუნის კენედი შრაივერი 1980 წელს
2008 წელს ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნულ ინსტიტუტს იუნის კენედი შრაივერის სახელი ეწოდა მის პატივსაცემად
იუნის კენედი შრაივერი საუბრობს 2008 წლის 3 მარტს

შრაივერი 1957 წელს გახდა ჯოზეფ კენედი უმცროსის ფონდის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი [3]. მან ორგანიზაციის ყურადღება გადაიტანა კათოლიკური საქველმოქმედო ღონისძიებებიდან ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარებასა და მათთან მკურნალობის ჰუმანური გზების კვლევაზე. [4]

1962 წელს შრაივერმა დააარსა Camp Shriver, ბანაკი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რომელიც ტარდებოდა თავის ფერმაში, მერილენდში. Camp Shriver მოგვიანებით გადაიქცა სპეციალურ სპორტულ ორგანიზაციად, ხოლო სპეციალური ოლიმპიადა მან 1968 წელს დააარსა. იმ წელს, ჯოზეფ კენედი უმცროსის ფონდი დაეხმარა შრაივერს პირველი სპეციალური ოლიმპიური საზაფხულო თამაშების დაგეგმვასა და დაფინანსებაში, რომელიც გაიმართა ჩიკაგოში, ილინოისში. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას შრაივერმა თქვა: „ჩიკაგოს სპეციალური ოლიმპიადა ადასტურებს ძალიან ფუნდამენტურ ფაქტს, ფაქტს, რომ გამორჩეული ბავშვები - გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვები შეიძლება იყვნენ განსაკუთრებული სპორტსმენები, და რომ სპორტის საშუალებით მათ შეუძლიათ გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა.“ Special Olympics Inc. 1968 წელს დაარსდა, როგორც არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია; მას შემდეგ მასში თითქმის სამი მილიონი სპორტსმენი მონაწილეობდა.

1969 წელს შრაივერი გადავიდა საფრანგეთში, სადაც ასევე დიდი ყურადღება გამოიჩინა გონებრივად შეზღუდული ადამიანების მიმართ. მან დაიწყო მცირე აქტივობების ორგანიზება პარიზის სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ძირითადად ეხმარებოდა ბავშვების იმ ოჯახებს, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება სჭირდებოდათ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. ამ ყველაფრის შედეგად შრაივერმა 1970-იანი და 1980-იანი წლებისთვის საფუძველი ჩაუყარა სპეციალური ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო გაფართოებას.

1982 წელს შრაივერმა დააარსა იუნის კენედი შრაივერის საზოგადოების ეროვნული ცენტრი იუტას უნივერსიტეტში, სოლტ ლეიკ სიტიში. ცენტრი არის ყოვლისმომცველი ხასიათის განათლების პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

შრაივერს მიენიჭა ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, 1984 წელს აშშ-ს პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასარგებლოდ მუშაობისთვის. 1988 წელს ნოტრ-დამის უნივერსიტეტისგან მიიღო ლაეტარის მედალი, რომელიც ამერიკელ კათოლიკეთა უმაღლეს ჯილდოდ ითვლება. 1990 წელს შრაივერს მიენიჭა არწივის ჯილდო შეერთებული შტატების სპორტული აკადემიისგან. არწივის ჯილდო არის აკადემიის უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო, ხოლო შრაივერს საერთაშორისო სპორტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა.

1992 წელს შრაივერმა მიიღო სენატორი ჯონ ჰაინცის ჯილდო საზოგადოებრივი სამსახურისთვის. ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა ჯეფერსონის ჯილდოების მიერ. [5]

იუნის და სარჯენტ შრაივერები 1999 წელს

1953 წლის 23 მაისს შრაივერი დაქორწინდა სარჯენტ შრაივერზე რომაულ კათოლიკურ ცერემონიაზე ნიუ-იორკში, წმინდა პატრიკის ტაძარში. მისი ქმარი მსახურობდა აშშ-ს ელჩად საფრანგეთში 1968-1970 წლებში და იყო 1972 წლის დემოკრატიული პარტიის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი (ჯორჯ მაკგოვერნთან ერთად).[6] მათ ჰყავდათ ხუთი შვილი: რობერტ სარჯენტ შრაივერ III, მარია ოუინგს შრაივერი, ტიმოთი პერი შრაივერი, მარკ კენედი შრაივერი და ენტონი პოლ კენედი შრაივერი. შრაივერს ცხრამეტი შვილიშვილი ჰყავდა.

ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის დასთან როზმარი კენედისთან, რომელიც ინტელექტუალურად შეზღუდული იყო და ლობოტომიის გამო ქმედუუნარო გახდა.

2005 წელს შრაივერს ინსულტის შეტევა ჰქონდა. 2007 წლის 18 ნოემბერს იგი წაიყვანეს ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალურ საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე კვირა გაატარა. [7] [8]

2009 წლის 7 აგვისტოს შრაივერი გადაიყვანეს კეიპ კოდის საავადმყოფოში ჰიანისში, მასაჩუსეტსში გაურკვეველი დაავადებით. [9] 10 აგვისტოს მისი ახლობლები საავადმყოფოში გამოიძახეს. [10] იგი გარდაიცვალა საავადმყოფოში ერთი დღის შემდეგ, 88 წლის ასაკში. გარდაიცვალა დაახლოებით 15 დღით ადრე, სანამ მისი ძმა სენატორი ედვარდ მურ კენედი გარდაიცვალებოდა 2009 წლის 25 აგვისტოს.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შრივერის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნა, რომ ის იყო „არაჩვეულებრივი ქალი, რომელმაც ასწავლა ჩვენს ერს და ჩვენს სამყაროს, რომ ვერც ერთი ფიზიკური და გონებრივი ბარიერი ვერ შეაკავებს ადამიანის სულის ძალას“. [11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jackson, Harold (August 11, 2009). „Eunice Kennedy Shriver – Obituary“. The Guardian – წარმოდგენილია www.theguardian.com-ის მიერ.
  2. Eunice Kennedy Shriver's Death Leaves 2 Living Kennedy Siblings (March 25, 2015).
  3. Baranauckas, Carla (August 11, 2009). „Eunice Kennedy Shriver, Influential Founder of Special Olympics, Dies at 88“. The New York Times.Baranauckas, Carla (August 11, 2009). "Eunice Kennedy Shriver, Influential Founder of Special Olympics, Dies at 88". The New York Times.
  4. Smith, J.Y. (August 12, 2009). „Eunice Kennedy Shriver, Special Olympics Founder, Dies at 88“. washingtonpost.com. ციტირების თარიღი: March 2, 2010.Smith, J.Y. (August 12, 2009). "Eunice Kennedy Shriver, Special Olympics Founder, Dies at 88". washingtonpost.com. Retrieved March 2, 2010.
  5. National – Jefferson Awards Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-24. ციტირების თარიღი: 2022-02-10.
  6. McFadden, Robert D. (January 18, 2011). „R. Sargent Shriver, Kennedy In-Law and Peace Corps Founding Director, Dies at 95“. The New York Times.
  7. „Eunice Kennedy Shriver Hospitalized“. washingtonpost.com. Associated Press. November 25, 2007. ციტირების თარიღი: August 12, 2009.
  8. Beggy, Carol and Mark Shanahan, "She's loyal to father's 'Ideal'", The Boston Globe, January 14, 2008. Retrieved August 11, 2009.
  9. McGreevy, Patrick. "Schwarzenegger, Maria Shriver at Eunice Shriver's bedside", Los Angeles Times. August 7, 2009. Retrieved August 7, 2009.
  10. „Eunice Kennedy Shriver's relatives called to hospital“. CNN. August 11, 2009. ციტირების თარიღი: August 11, 2009.
  11. Farr, Michael (August 11, 2010). „One year ago: Eunice Kennedy Shriver“. Los Angeles Times.