შინაარსზე გადასვლა

იოსებ ელიგულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოსებ ელიგულაშვილი
დაბადების თარიღი 12 ნოემბერი, 1890(1890-11-12)
დაბადების ადგილი ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი, 1952(1952-10-20) (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი

იოსებ აარონის ძე ელიგულაშვილი (დ. 12 ნოემბერი, 1890, ქუთაისი, — გ. 20 ოქტომბერი, 1952, პარიზი) — ქართველი ებრაელი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი და ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე.

იოსებ ელიგულაშვილი დაიბადა 1890 წლის 12 ნოემბერს (ძვ. სტ.) ქუთაისში ვაჭრისა და ქველმოქმედის, ქუთაისის ხმოსანთა საბჭოს წევრის აარონ ელიგულაშვილის მდიდარ ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. სწავლის დროს ჩაერთო მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, რის გამოც სასწავლებლიდან გარიცხეს და გადაასახლეს ქუთაისიდან. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში. სწავლის პარალელურად ეწეოდა კომერციულ საქმიანობას. 1917 წლის ოქტობრის გადატრიალების შემდეგ მოსკოვში ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მის ოჯახს დიდძალი ქონება ჩამოართვა. გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

1918 წელს დაინიშნა საგარეო ვაჭრობის კომიტეტის წევრად, 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1920 წლის აგვისტოდან იყო ეკონომიკური აგენტი როტერდამსა და საფრანგეთში, რის გამოც გათავისუფლებულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრობიდან. შემდეგ იკავებდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილის პოსტს. 1921 წლის თებერვალში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საგანძურის ევაკუაციაში საფრანგეთში. ემიგრაციაში ცხოვრობდა პარიზში, მონაწილეობდა ქართველ ემიგრანტთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1922 წელს მისი ხელშეწყობით შეიძინა საქართველოს დევნილმა მთავრობამ ლევილის მამული. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1] მეორე მსოფლიო ომის წლებში მიხეილ კედიასთან ერთად ათასამდე ქართველი ებრაელი გამოიხსნა გერმანელთა ტყვეობიდან. ემიგრაციაში ცხოვრების პერიოდში აგროვებდა წიგნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის და საეკლესიო სიძველეების თბილისის სიონის ტაძრისათვის გადასაცემად, თუმცა ამ სურვილის განხორციელება ვერ შეძლო.

იოსებ ელიგულაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1952 წლის 20 ოქტომბერს, პარიზში. დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე.

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 135-136.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 222-223, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • დაუშვილი, რ. იოსებ ელიგულაშვილი // პრაიმტაიმი. - , 2012. - 23 აპრილი. - N16. - გვ.53.
  • შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. II, თბილისი: „მერანი“, 1993. — გვ. 112-120.
  • საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი #1836, ანაწერი #1, საქმე #108; საქმე #109; ფონდი #1833, ანაწერი #1, საქმე #155; საქმე #157; საქმე #187; საქმე #1382.
  • ჩვენი დროშა, #14, ივლისი, 1953 წ. პარიზი; თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია.
  • მებრძოლი საქართველო, #8, დეკემბერი, 1952 წ. პარიზი; თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია.
  • ქართველები უცხოეთში, (ავტორთა ჯგუფი), „შპს. საქართველოს მაცნე", დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეკვეთით, თბილისი, 2012 წ.
  • იოსებ ელიგულაშვილი. რუსუდან დაუშვლი. პრაიმტაიმი #16. 23 აპრილი, 2012 წელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]