თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 მარტი, 1948 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 1 აგვისტო, 2024[1] (76 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ექიმი და იმუნოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
მეუღლე | ანა თოფურია |
ჯილდოები | ღირსების ორდენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი |
თენგიზ ცერცვაძე (დ. 16 მარტი, 1948 — გ. 1 აგვისტო, 2024[2]) — ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი,[3][4] ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი,[5] ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი 1999 წლიდან. ღირსების ორდენისა (1998)[6] და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2019).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თენგიზ ცერცვაძე დაიბადა 1948 წლის 16 მარტს თბილისში.[7] დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს.[8]
1972-1974 წლებში იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1974-1979 წლებში იმავე ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი.
1979-1981 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1983 წლებში — უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983-1986 წლებში — იმუნოფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე.[8]
1986-1990 წლებში მუშაობდა ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს კლინიკური იმუნოლოგიის და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1990-2001 წლებში შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორად; 1997-2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი; 2001-2007 წლებში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.[9]
2004 წლიდან საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტია; 2006 წლიდან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2007 წლიდან ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკის „ჰეპა“ ხელმძღვანელი.[10]
თენგიზ ცერცვაძე მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია. იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის,[11] ღირსების ორდენისა (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2019).[12] თბილისობასთან დაკავშირებით, 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[13]
ჰყავს მეუღლე — რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ანა თოფურია.[14]
გარდაიცვალა 2024 წლის 1 აგვისტოს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად.[15]
სამეცნიერო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თენგიზ ცერცვაძე არის რიგი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების წევრი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი. იგი არის 20-ზე მეტი ნაციონალური გაიდლაინის ავტორი და რამდენიმე საერთაშორისო გაიდლაინის თანაავტორი. იგი არაერთი მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმის და კონფერენციის ორგანიზატორია.
თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეშიც, ის არის 12 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი უშუალო ძალისხმევით უცხოეთის წამყვან ცენტრებში გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა 30-მდე ახალგაზარდა სპეციალისტმა - ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში [16].
თენგიზ ცერცვაძე წარმატებულ საექიმო პრაქტიკასთან ერთად ეწევა უაღრესად საინტერესო სამეცნიერო საქმიანობას. აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში მისი ინოვაციური სამეცნიერო კვლევების შედეგები სისტემატურად იბეჭდება მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ავტორია საქართველოში. მას ხშირად იწვევენ მომხსენებლად მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებზე. თენგიზ ცერცვაძის გუნდის და აშშ-ს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 1997-2000 წლებში ერთობლივად ჩატარებული კვლევა აღიარებულ იქნა აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ერთობლივ პროექტად და თენგიზ ცერცვაძე მოხსენებით წარსდგა ჯერ აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტებში (ქალაქი ბეთესდა), ხოლო შემდეგ - 2000 წლის 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში, რაც დღემდე უპრეცედენტო შემთხვევაა.
თენგიზ ცერცვაძე მსოფლიოში უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია და უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის წარმატებულ განხორციელებაში. პროგრამა ითვალისწინებს 120 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფის გამოვლენას და განკურნებას. სადღეისოდ უკვე განკურნებულია 40 ათასზე მეტი ავადმყოფი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, როდესაც მოხდება ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით.
ორგანიზაციის და ასოციაციის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების (IDSA) წევრი (1999—);
- ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიის და ინფექციური დაავადებების საზოგადოებს (ESCMID) წევრი (2005—);
- ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის (EASL) წევრი (2005—);
- ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1992—);
- საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი (2004—);
- შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი (2002—);
- შიდსის საერთაშორისო საზოგადოების (IAS) წევრი (1996—);
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 926, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თენგიზ ცერცვაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თენგიზ ცერცვაძე დაარქივებული 2017-04-04 საიტზე Wayback Machine. — Med.Ge
- თენგიზ ცერცვაძე — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თენგიზ ცერცვაძე[მკვდარი ბმული] — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
- თენგიზ ცერცვაძე დაარქივებული 2021-09-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://1tv.ge/news/gardaicvala-tengiz-cercvadze/
- ↑ გარდაიცვალა თენგიზ ცერცვაძე 1tv.ge
- ↑ თსუ-ში თენგიზ ცერცვაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. „პირველი არხი“ (3 მარტი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2019.
- ↑ აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორი. „Ambebi.ge“ (11 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2019.
- ↑ თენგიზ ცერცვაძე/სამუშაო გამოცდილება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №309. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (11 მაისი, 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-18. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
- ↑ თენგიზ ცერცვაძე დღეს იუბილარია - უცნობი ფაქტები მედიკოსის შესახებ. Fortuna.ge (16 მარტი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
- ↑ 8.0 8.1 თენგიზ ცერცვაძე. „საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
- ↑ თენგიზ ცერცვაძის ბიოგრაფია. Med.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი, 2017. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
- ↑ ჰეპატოლოგიური კლინიკა ჰეპა. Vidal.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2020.
- ↑ თენგიზ ცერცვაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2020.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორი თენგიზ ცერცვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. „ინტერპრესნიუსი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 05 ივნისი, 2019.
- ↑ COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ. netgazeti.ge (2020-20-03). ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2020.
- ↑ უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ (14 მარტი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: accessdate=16 მარტი, 2020.
- ↑ გარდაიცვალა თენგიზ ცერცვაძე 1tv.ge
- ↑ ინფორმაცია თენგიზ ცერცვაძეზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-02. ციტირების თარიღი: 2021-09-02.
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 16 მარტი
- დაბადებული 1948
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 1 აგვისტო
- გარდაცვლილი 2024
- თბილისში გარდაცვლილები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოებულები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აგვისტო 2024
- ქართველი ექიმები
- ქართველი იმუნოლოგები
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2020)
- ცერცვაძეები