შინაარსზე გადასვლა

ვიტორია ფარნეზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტორია ფარნეზე
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 12 თებერვალი, 1648
მმართ. დასასრული: 10 აგვისტო, 1649
წინამორბედი: მარია კატერინა ფარნეზე
მემკვიდრე: ლუკრეცია ბარბერინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 აპრილი, 1618
დაბ. ადგილი: პარმა, იტალია
გარდ. თარიღი: 10 აგვისტო, 1649, (31 წლის)
გარდ. ადგილი: მოდენა, იტალია
მეუღლე: ფრანჩესკო I, მოდენის ჰერცოგი
დინასტია: ფარნეზეები
მამა: რანუჩო I, პარმის ჰერცოგი
დედა: მარგერიტა ალდობრანდინი
რელიგია: კათოლიციზმი

ვიტორია ფარნეზე (იტალ. Vittoria Farnese; დ. 29 აპრილი, 1618, პარმა, იტალია — გ. 10 აგვისტო, 1649, მოდენა, იტალია) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმის ჰერცოგ რანუჩო I-ისა და მარგერიტა ალდობრანდინის ასული. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია 1648-1649 წლებში როგორც ფრანჩესკო I-ის მეორე ცოლი.

ვიტორია ფარნეზე დაიბადა 1618 წლის 29 აპრილს პარმაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო I-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარგერიტა ალდობრანდინის უმცროსი ქალიშვილი.

მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ძალიან მწირი ცნობები არსებობს. 1631 წელს მისი უფროსი და, მარია კატერინა ფარნეზე მიათხოვეს მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ფრანჩესკო I-ს. მის დას ჰერცოგთან ცხრა შვილი შეეძინა და 1646 წელს მეცხრე მშობიარობას 31 წლის ასაკში გადაჰყვა.

მოდენა-პარმის ალიანსის შესანარჩუნებლად სულ მალე, 1648 წლის 12 თებერვალს ვიტორია დააქორწინეს მისი დის ქვრივ ფრანჩესკო I-ზე, რითაც იგი მოდენისა და რეჯიოს ახალი ჰერცოგინია გახდა, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა.

ქორწინებიდან მალევე ვიტორია დაორსულდა და 1649 წლის 10 აგვისტოს, 31 წლის ასაკში გადაჰყვა პირველივე მშობიარობას. მან გოგონა გააჩინა, რომელსაც მის პატივსაცემად ვიტორია დაარქვეს, თუმცა იგი 1656 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ფრანჩესკო I მესამედ და უკანასკნელად დაქორწინდა ლუკრეცია ბარბერინიზე, რომელთანაც კიდევ შეეძინა შვილები.

  • Fabbri P. Musica in torneo nell'Italia del Seicento. — Lucca: Libreria Musicale Italiana, 1999. — P. 50. — 190 p. — ISBN 978-8-87-096194-2.
  • Ghiraldi Gh. La Galleria estense: doni, lasciti, acquisti, 1884—1990. — Modena: F. C. Panini, 1990. — P. 15, 191. — 197 p. — ISBN 978-8-87-686154-3.