ესაია წინასწარმეტყველი
წმინდა ესაია წინასწარმეტყველი — ძველი აღთქმის სულიერი მოღვაწე (მოღვაწეობდა ძვ. წ. 770 /760 -68 //642 წელს. მისი სახელი ნიშნავს "ღმერთი ჩემი ხსნაა") — ამოსის ვაჟი. ნეტარი ავგუსტინე (de Ciliatat, dia lib XVIII) და კლიმენტი ალექსანდრიელი (Strom.lib.1) მიიჩნევდნენ, რომ ესაიას მამა, ამოს წინასწარმეტყველი იყო, თორმეტ წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი, მაგრამ წინასწარმეტყველ ამოსის როგორც წარმომავლობა, ასევე მისი სახელის მოხსენიება დედნის ტექსტში არ იძლევა უფლებას, იგი ესაიას მამად იქნეს მიჩნეული. თვით ესაიას მითითებით, წინასწარმეტყველური მოღვაწეობა მას დაუწყია და დაუსრულებია იუდეის მეფეების ოსიას, იოთამის, აქაზის და ეზეკიას დროს.
უფალმა ესაიას განსაკუთრებული სასწაულებრივი ხილვით მოუწოდა. ესაიამ იხილა უფალი „მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა“. უფლის გარშემო იდგნენ ექვს-ექვს ფრთიანი სერაფიმნი, რომელნიც გალობდნენ: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!“ ამ დიდებულმა სანახაობამ მას ათქმევინა: „ჰოი, უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემული ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდა ბაგეთა მქონებელი საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელსა, მკვიდრვარ მე და მეუფე უფალი საბაოთ ვიხილე თვალითა ჩემითა“. მაშინ ერთმა სერაფიმმა ზეციური საკურთევლიდან მარწუხით ნაკვერცხალი აიღო, მის ბაგეებს შეახო და უთხრა: „აჰა, შევახე ესე ბაგეთა შენთა და მოგესპნეს უსჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი განწმინდნეს“. ამის შემდეგ მოესმა ხმა ღვთისა: „ვინ მივავლინო და ვინ წარვიდეს ერის ამის მიმართ?“ ესაიამ მიუგო: „აჰა, წარმავლინე მე“. უფალმა წარავლინა წინასწარმეტყველი მხილებად და მოწოდებად იუდეველთა, რათა კერპთაყვანისმცემლობა და ბიწიერება დაეტოვებინათ და სინანული შეემოსათ. მონანულთ უფალი წყალობას და ცოდვათა მიტევებას ჰპირდებოდა, ურჩებს - სასჯელი და ღვთის რისხვა ელოდებოდა. კერპთმსახურ მეფე აქაზს არ მოსწონდა ესაია, როგორც მისი უსჯულოების მამხილებელი. მეფე ეზეკია კი სიყვარულით ეპყრობოდა წმიდა წინასწარმეტყველს და პატივს სცემდა მას. მეფე ეზეკია ესაიას ლოცვით განიკურნა სენისაგან და მისივე ლოცვით მოსრა ანგელოზმა იერუსალიმის კედლებთან მომდგარი მტრის ჯარი.
ესაიამ იწინასწარმეტყველა იუდეველთა ტყვედ წასხმა ბაბილონში და დაბრუნება კიროს მეფის მიერ, იერუსალიმისა და სოლომონის ტაძრის დარბევა და აღდგენა. გარდა ამისა, მან იწინასწარმეტყველა იუდეველთა მეზობელი ხალხების მომავალი.
განსაკუთრებით საინტერესოა ესაიას წინასწარმეტყველება მესიის შესახებ: „აჰა, ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მის ემანუელ“ ; რომ იგი იქნება სრული ღმერთი და კაცი; „ყრმა იშვა ჩვენდა ძე და მოგუეცა ჩუენ. და ჰქვიან სახელი მისი. ღმერთი ძლიერი და ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა“ , რომ მასზე განისვენებს სული ღვთისა: „გამოვიდეს კვერთხი ძირისაგან იესესა და ყუავილი ძირისაგან აღმოხდეს, და განისვენოს მის ზედა სულმან ღვთისამან“, რომ ის იქმს სასწაულებს: „განძლიერდით ხელნი დახსნილნი და მუხლნი განრღვეულნი. ნუგეშინისეცით, ნუ გეშინინ, აჰა, ღმერთი ჩვენი. თვით მოვიდეს და მაცხოვნეს ჩვენ, მაშინ ხლდებოდის კოჭლი. და ცხად იყოს ენა ძლით მზრახველი, „აღდგენ მკვიდრნი და აღემართენ საფლავთაშინანი და იშვებდენ შორის ქვეყანასა“, რომ ის ეწამება და მოკვდება კაცთა ცოდვათათვის და აღდგება მკვდრეთით: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიმართ მიიგვარა და, ვითარცა კრავი წინაშე მრისველისა თვისისა უხმოჲ, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თვისისა.“ „და უსჯულოთა თანა შეირაცხა და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა და ცოდვათა მათთვის მიეცა“. წინასწარმეტყველებათა სიზუსტისა და სიცხადის გამო ესაიას ძველი აღთქმის მახარებელს უწოდებენ.
ესაია წინასწარმეტყველს სასწაულთქმედების ნიჭიც ჰქონდა; იერუსალიმის ალყის დროს მისი ლოცვით სიონის მთიდან აღმოვიდა წყარო, რომელსაც სილოამი, ანუ „ღვთისგან გამოგზავნილი“ ეწოდა. ამ წყაროს წყლით განკურნა მაცხოვარმა ბრადშობილი.
გადმოცემის თანახმად, კერპთმსახურმა მეფე მანასემ მოისურვა მისი მოკვლა და ბრძანა, დაეჭირათ იგი. ესაია ხის ფუღუროში დაიმალა, მაგრამ მტანჯველებმა იპოვეს, დაუწყეს ხეს ხერხვა და ხესთან ერთად წინასწარმეტყველიც გადახერხეს შუაზე. ესაია დაასაფლავეს სილოამის აუზთან. შემდგომ იმპერატორმა თეოდოსი მცირემ გადაასვენა კონსტანტინეპოლში. ამჟამად წმიდა ესაიას თავის ნაწილი დაცულია ათონზე, ხილენდარის მონასტერში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|