კარლფელდტი შვედეთში, დარლის პროვინციის პატარა სოფელში, კარლბოში, დაიბადა. თავდაპირველად მისი სახელი იყო ერიკ აქსელ ერიქსონი, მაგრამ 1889 წელს მამისგან გამიჯვნის მიზნით, მან გვარი გამოიცვალა. სწავლობდა უფსალის უნივერსიტეტში, ერთდროულად ასწავლიდა რამდენიმე ადგილას, მათ შორის, დიურშოლმის (სტოკჰოლმის გარეუბანი) სკოლაში და სხვა სკოლებში. სწავლის დასრულების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში კარლფელდტი სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკაში მუშაობდა. 1904 წელს კარლფელდტი შვედეთის აკადემიის წევრად აირჩიეს და მან 11 ნომერი სკამი დაიკავა. 1905 წელს აკადემიის ნობელის ინსტიტუტში მიიღეს, 1907 წელს კი — ნობელის კომიტეტში. 1912 წელს აკადემიის მუდმივ მდივნად აირჩიეს. მას ეს პოსტი სიკვდილამდე ეკავა.