შინაარსზე გადასვლა

გორასამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი უფსალის გორასამარხები, შვედეთი.

გორასამარხი, ყორღანიარქეოლოგიური ძეგლების კატეგორია, მიწაყრილი ან ქვაყრილი სამარხის თავზე. გორასამარხი ჩვეულებრივ ნახევარსფერულია, უფრო იშვიათდ, ოვალურ-, კვადრატულ-, ან მოგრძოფუძიანი. ზოგი გორასამარხი პატარაა (სიმაღლე 30 სმ, ფუძის დიაეტრი 3 მ), ზოგი ძალიან დიდი (სიმაღლე 20 მ, ფუძის დიამეტტრი 100 მ-ზე მეტი). თრიალეთის ზოგიერთი გორასამარხის ფართობი 300 მ² აღემატებოდა. გორასამარხის ფუძეს ხშირად ქვების წრიული წყობა ან თხრილი შემოუყვება. მიწაყრილით ან ქვაყრილით დაფარულია სამარხთა სხვადასხვა სახეობა: აკლდამები, დოლმენები, კატაკომბები, ქვით ან ძელით ამოშენებული დასაკრძალავი დარბაზები, ორმოსამარხები და სხვ. გამოირჩევა დრომოსიანი და უდრომოსო გორასამარხები.

ჩვეულებრივ გორასამარხი ერთი პიროვნებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ზოგჯერ წარჩინებულთა სამარხში კრძალავდნენ მის მეუღლეს, მონებს და მოახლეებს. ინვენტარის სიმდიდრით გამოირჩევა ტომთა ბელადებისა და მეფეთა გორასამარხები (სკვითური გორასამარხები ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, ფრიგიის მეფეთა სამარხები გორდიონში და სხვ.) ზოგი გორასამარხი გვარის რიგითი წევრების სამარხებსაც ფარავს (გრძელი ყორღანები რუსეთში, ტყვიავისა და ქორეთის გორასამარხები საქართველოში).

გორასამარხებში თითქმის ყოველთვის გვხვდება აღაპის ნაშთები; ხშირია დაკლული საქონლის ჩატანების შემთხვევებიც. ზოგჯერ მთავარი მიცვალებულის და მის თანმხლებთა სამარხების გარდა გორასამარხის ყრილში გვხვდება გვიანდელი ე. წ. ჩაშვებული სამარხები. ადრინდელ ხანაში გორასამარხები ჩვეულებრივ ჯგუფებად იყო განლაგებული, მაგრამ ზოგი გორასამარხი განმარტოებით იდგა. გვიანდელ ხანაში გვხვდება გორასამარხების ძალიან დიდი ჯგუფები. მაგ. სმოლენსკთან (რუსეთი), ზასლავლში (ბელარუსი). გორასამარხები გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში. კასპიისა და შავიზღვისპირეთის ველებზე და ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩენილია გვიანდელი ნეოლითისა და ენეოლითის ხანის (ძვ. წ. IV-III ათასწლეული) გორასამარხები, მაგრამ ყველაზე მეტად გორასამარხი დამახასიათებელია ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანისათვის. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გორასამარხები გვიანდელ შუა საუკუნეებამდე იყო გავრცელებული.

გორასამარხები საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში გორასამარხები გვიანდელი ენეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა, მაგრამ განსაკუთრებით ცნობილია შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრის) გორასამარხები (თრიალეთში, მესხეთ-ჯავახეთშა და კახეთში). მათში ნაპოვნია პოლიქრომული ოქრომჭედლობის და მაღალმხატვრული კერამიკის უბადლო ნიმუშები (ოქროს და ვერცხლის თასები, ოქროს ყელსაბამები და შტანდარტები, მოხატული კერამიკა, სპილენძის ჭურჭელი და სხვ.) გაითხარა ქვით ნაგები დიდი დასაკრძალავი დარბაზები, ძელსამარხები, მუხის დიდი მორებით ნაგები „სახლი საკრძალავი“ (ბედენში). საქართველოში შესწავლილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მდიდრული გორასამარხიც (დიდ დიღომში, კახეთში). დაკრძალვის ეს წესი ანტიკურ ხანამდე შემორჩა.