შინაარსზე გადასვლა

ალკოჰოლური სასმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალკოჰოლური სასმელები)
ბრაზილიური სასმელი კაშასას ბოთლები.

ალკოჰოლური სასმელიეთანოლის შემცველი სასმელი. ალკოჰოლის გაყიდვა და გამოყენება ქვეყანათა უმრავლესობაში იზღუდება.

ეთანოლი (CH3CH2OH) ალკოჰოლურ სასმისებში თითქმის ყოველთვის ფერმენტაციის საშუალებით მიიღება, რაც ჰიდროკარბონატების (როგორც წესი, შაქრის) მეტაბოლიზმია საფუარი სოკოს ზოგიერთი ნაირსახეობის მეშვეობით უჟანგბადო გარემოში. ამ პროცესს გამოხდას უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ ქიმიაში ალკოჰოლი საერთო ტერმინია ნებისმიერი ორგანული შენაერთისა, რომელშიც ჰიდროქსილის ჯგუფი (-OH) ეჯაჭვება კარბონიუმის ატომს, რომელიც თავის მხრივ ებმის სხვა წყალბადისა და/ან კარბონიუმის ატომებს. სხვა ალკოჰოლები, როგორიცაა პროპილენის გლიკოლი და შაქრის ალკოჰოლები შეიძლება აღმოჩნდეს საკვებსა და სხვა სახის სასმელებში, თუმცა ეს ალკოჰოლები მათ ალკოჰოლურს არ ხდის.

არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს ალკოჰოლური სასმელი ტვინის მასტიმულირებელი საშუალებაა, სინამდვილეში კი ის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს. რომაელებს ჩვეულებად ჰქონდათ სიკვდილმისჯილ დამნაშავეთათვის ტკივილის შესამსუბუქებლად გამაბრუებელი ღვინის მიცემა.

ალკოჰოლი კიდევ ერთ ფარულ საშიშროებას უქმნის ღვიძლს. ღვიძლი ნაკლებად უწევს წინააღმდეგობას კიბოს გამომწვევ უჯრედებს. ალკოჰოლი არა მარტო ღვიძლის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს, არამედ საგრძნობლად ზრდის კიბოს საფრთხეს პირის ღრუში, ხახაში, ხორხსა და საყლაპავ მილზე. გარდა ამისა, ალკოჰოლის მიღებისას პირის ღრუს ლორწოვანი გარსი უფრო ადვილად ატარებს თამბაქოში არსებულ კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს, რაც ზრდის მწეველებში კიბოს განვითარების საფრთხეს. ქალები, რომლებიც ყოველდღე სვამენ, მკერდის კიბოს განვითარების უფრო მეტი საშიშროების წინაშე არიან. ერთი გამოკვლევის თანახმად, სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკი იმ ქალებში, რომლებიც დღეში სამ ან მეტ ჭიქას სვამდნენ, 69 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე მათში, რომლებიც არ სვამდნენ.

ალკოჰოლის უზომოდ მიღება განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ნაყოფზე. „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნში“ აღნიშნულია, რომ „ალკოჰოლი უფრო საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე, ვიდრე რომელიმე ნარკოტიკი“. როდესაც ფეხმძიმე ქალი სვამს, „ნაყოფიც სვამს“. ალკოჰოლი განსაკუთრებით საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე განვითარების პროცესში. ის შეუქცევადად აზიანებს ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ნეირონები სათანადოდ არ ყალიბდება. ზოგი უჯრედი კვდება, ზოგი კი სხვა ადგილას ვითარდება. ჩანასახოვანი ალკოჰოლური სინდრომი არის იმის უმთავრესი მიზეზი, რომ იბადებიან გონებადაქვეითებული ბავშვები. ისინი გონებრივად განუვითარებლები არიან, კარგად ვერ ლაპარაკობენ, ასაკის შესაბამისად არ ვითარდებიან, ნელა იზრდებიან, ზედმეტად აქტიურები არიან და აღენიშნებათ სმენისა და მხედველობის დარღვევა. ბევრი ბავშვი სახის დეფექტებითაც იბადება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]