შინაარსზე გადასვლა

აზავრეთის დარბაზული ეკლესია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზავრეთის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში. მდებარეობს ახალქალაქიდან 21 კილომეტრზე, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. ტაძარი სტილისტური ნიშნებით თარიღდება X საუკუნის II ნახევრით, შეინიშნება უფრო ადრინდელი, VI-VII საუკუნეების სამშენებლო ფენაც.

ეკლესია ერთნავიანი, დარბაზული ტიპისაა. ნაგებია ძირითადად სუფთად გათლილი ქვის კვადრებით, გამოყენებულია აგრეთვე ყორე და ნატეხი ქვა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდი აქვს. სამხრეთით მთელს სიგრძეზე გასდევს მინაშენი. განსაკუთრებული ყურადღებით არის დამუშავებული ინტერიერი. გრძივ კედლებზე ორ-ორი პილასტრია, რომლებსაც კედლის თაღები ეყრდნობოდა. კამარას აქვს ერთმანეთთან ახლო-მახლო განლაგებული 6 საბჯენი თაღი, რომლებიც უჭირავს 6 წყვილ სხვადასხვაგვარად პროფილირებულ კონსოლს. დასავლეთ კედელში ზემოთ ორი დიდი თაღოვანი ღიობია. თაღები დაყრდობილია შუაში მოთავსებულ მრგვალ სვეტზე, რომლის კაპიტელი ვოლუტებით არის გაფორმებული. საფიქრებელია, რომ აქ პატრონიკე იყო მოთავსებული. შენობას თითო კარი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.

ეკლესიაზე გარედან წარწერა არ ჩანს. შიგნით, ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებული ასომთავრული წარწერა კი დაზიანებულია და ნაწილობრივ იკითხება:

ვიკიციტატა
„უფალო, თეოდ[ორე?]...მამას..?. შეეწიე.“

მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთ მხრიდან მიუდგამთ კარიბჭე. ფასადები ძუნწადაა მორთული, მაგრამ მაინც გამოირჩევა ჩუქურთმებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია სარკმლის თავების ჩუქურთმები. აზავრეთის ეკლესია რესტავრირებულია 1981 წელს.

აზავრეთის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 69.
  • ხარაძე კ., ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, თბ., 2003, გვ. 33

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]