ფედერაციული სახელმწიფო
ფედერაციული სახელმწიფო (ლათ. foedus – შეთანხმება) — წარმოადგენს ნაწილობრივი თვითმმართველობის უფლების მქონე სახელმწიფოებისა ან რეგიონების კავშირს, რომელთაც აერთიანებს ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლება. ეს არის სახელმწიფო მოწყობის ფორმა, რომლის დროსაც საქმე გვაქვს რთულ საკავშირო სახელმწიფოსთან. ფედერაციულ სახელმწიფოში გაერთიანებულია რიგი ყოფილი სახელმწიფოები ან სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც ფედერაციის სუბიექტების სახელწოდებითაა ცნობილი. ფედერაციაში შემავალი სახელმწიფოების თვითმმართველობის სტატუსი, ჩვეულებრივ კონსტიტუციურადაა გაფორმებული და მისი შეცვლა ცენტრალური ხელისუფლების ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლებელია. ფედერაციულ სახელმწიფოს მაგალითებად შეგვიძლია განვიხილოთ: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ავსტრალია, კანადა, რუსეთი, შვეიცარია. მაგალითად გერმანიის შემადგენლობაში შედის 16 მიწა. ფედერაციების დაარსება ხშირად ხდება რამდენიმე სუვერენულ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების საფუძველზე. იგულისხმება, რომ კონფედერაცია სტრუქტურულად იგივეა, რაც ფედერაცია. ოღონდ, ფედერაციისგან განსხვავებით, კონფედერაციას გააჩნია უფრო სუსტი ცენტრალური ხელისუფლება.
წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით ფედერაციას უწოდებენ ისეთ სახელმწიფოს რომელიც დაყოფილია ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ავტონომიებად და შეზღუდული უფლებით აღჭურვილ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს წარმოადგენენ. რომლის შედეგადაც მიიღება ერთი ახალი თვისობრივი სახელმწიფო. ფედერაციის სუბიექტებს შესაძლოა წარმოადგენდნენ შტატები, მიწები, რესპუბლიკები, პროვინციები, მათ არ გააჩნიათ სუვერენიტეტი, მაგრამ სარგებლობენ დამოუკიდებლობით ადგილობრივი მმართველობის კუთხით. ფედერაციის სუბიექტებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, როგორიცაა საკანონმდებლო ორგანო, სასამართლოს ხელისუფლება და სხვა სახელმწიფო ორგანოები.
ფედერაციის უმთავრესი საკითხია, კომპეტენციათა გამიჯვნა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ფედერაციის სუბიექტთა შორის. ფედერაცია - წარმოადგენს ერთ სახელმწიფოში, რამდენიმე სუბიექტის სახელმწიფოებრივ-ტერიტორიულ გაერთიანებას, რომელიც ორიენტირებულია საერთო მიზნის მიღწევაზე, ფედერალური ხელისუფლების მეშვეობით, იმ პირობით რომ ფედერაციაში შემავალ თითოეულ სუბიექტს შეუნარჩუნდება განსაზღვრული დამოუკიდებლობა ფედერაციის ფარგლებში. ფედერაციული სახელმწიფოს არსებობას განსაზღვრავს სახელმწიფოსა და მისი შემადგენელი ერთეულების (ნაწილების) ურთიერთდამოკიდებულების ხასიათი, კერძოდ თუ რა დონის კონტროლს ახორციელებს ფედერალური ხელისუფლება ფედერაციის სუბიექტებზე და რა სახით ხორციელდება აღნიშნულ სუბიექტებს შორის პოლიტიკურ-სამართლებრივი საკითხების დარეგულირება.
ფედერციის ძირითადი მახასიათებელი ნიშნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფედერაცია შედგება სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებისაგან ფედერაციის სუბიექტებისაგან. ფედერაციის სუბიექტებს ძირითად შემთხვევებში გააჩნიათ საკუთარი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა და სახელმწიფოებრიობის ძირითადი ელემენტები, მათ შორის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მოქმედებს შესაბამისი სუბიექტის ხელისუფლებაც.
ფედერაციის ტერიტორია როგორც წესი მოიცავს ფედერაციის სუბიექტების ტერიტორიას. აღსანიშნავია, რომ ფედერაციის სუბიექტებს არ გააჩნიათ სეცესიის უფლება, კერძოდ ფედერაციის სუბიექტებს ეკრძალებათ თვითნებურად ფედერაციის შემადგენლობის დატოვება და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ან სხვა ფედერაციასთან შეერთება. მსგავსი პრობლემის შექმნის შემთხვევაში მისი მოგვარება ფედერალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციების გზით უნდა მოხდეს. სეცესიის უფლების არ არსებობა ფედერაციის სტაბილურობის ძირითადი გარანტიაა. თუმცა, აღსანიშნავია რომ ფედერაციებში, რომელთა ჩამოყალიბების საფუძველი ნაციონალური ფაქტორია, ფედერაციის სუბიექტებს სეცესიის უფლების არქონის მიუხედავად, უფლება აქვთ გადადგან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნაბიჯები ფედერაციის შემადგენლობიდან გასვლის მიზნით.
ფედერაციის სუბიექტებს არ გააჩნიათ სუვერენიტეტი, არ წარმოადგენენ სუვერენულ სახელმწიფოებს. ფედერაციის სუბიექტები მოკლებულნი არიან საერთაშორისო ურთიერთობებში საკუთარი სახელით მონაწილეობის უფლებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც ფედერაციის სუბიექტებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოდგენილნი იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობებში საკუთარი სახელით შეზღუდულად ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლების კონტროლის ქვეშ.
ფედერაციის სუბიექტებს გააჩნიათ საკუთარი კანონმდებლობა, უფლება აქვთ მიიღონ ნორმატიულ სამართლებრივი აქტები, მათ შორის საკუთარი კონსტიტუცია , თუმცა ფედერაციული სახელმწიფოებში უზრუნველყოფილია ცენტრალური ხელისუფლების კონსტიტუციის უზენაესობა, როგორც სახელმწიფოს ძირითადი კანონისა.
ცალკეულ შემთხვევებში ფედერაციაში, მოქალაქეებს შესაძლებელია გააჩნდეთ როგორც ფედერაციული სახელმწიფოს მოქალაქეობა, ასევე ფედერაციის სუბიექტის მოქალაქეობა. ფედერაციის სუბიექტებს აქვთ ტერიტორია, რაც არ შეიძლება შეიცვალოს ამ სუბიექტის თანხმობის გარეშე.
მოცემული შემთხვევა ითვალისწინებს ორდონიანი მოქალაქეობის არსებობას და არ გულისხმობს ორმაგი მოქალაქეობის ქონის შემთხვევას. საერთაშორისო სამართლის კუთხით არსებითი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ ფედერაციის მოქალაქეობის არსებობას, მხოლოდ ფედერაციის სუბიექტის მოქალაქეობის ქონა, პირს არ ანიჭებს უფლებებსა და ვალდებულებებს.
ფედერაციის უმთავრესი მახასიათებელი ნიშანია, ორპალატიანი ფედერალური პარლამენტის არსებობა. სადაც უმეტეს შემთხვევაში ქვედა პალატა წარმოადგენს საერთო ნაციონალურ წარმომადგენლობით ორგანოს და ყალიბდება საერთო ტერიტორიული ნიშნით ჩატარებული არჩევნების გზით, ხოლო მეორე ზედა პალატა წარმოადგენს ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლობით ორგანოს და გამოხატავს ფედერაციის სუბიექტების ინტერესებს. ორპალატიანი ფედერალური პარლამენტის ზედა პალატა შესაძლებელია ჩამოყალიბდეს როგორც არჩევნების გზით, ისე მის გარეშე. ხელისუფლების დანაწილება ფედერაციაში შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ჰორიზონტალური, ასევე ვერტიკალური პრინციპის საფუძველზე. ფედერაციულ სახელმწიფოში, ცენტრალურ ხელისუფლებაში პოლიტიკური ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შტოებს შორის დანაწილების პარალელურად, ასეთივე დაყოფა შესაძლოა არსებობდეს ფედერაციის სუბიექტების დონეზე. ფედერაციის სუბიექტების დონეზე აღნიშნული ხელისუფლების შტოების ურთიერთდამოკიდებულება, როგორც წესი განისაზღვრება ფედერაციის ძირითადი კანონების თანახმად.
ფედერაციის ჩამოყალიბების საფუძვლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფედერაცია შესაძლებელია ჩამოყალიბდეს, ერთ-ერთი შემდეგი პრინციპის საფუძველზე: ტერიტორიული (აშშ, ავსტრალია, გერმანია, არგენტინა, ვენესუელა,ბრაზილია, მექსიკა), ნაციონალური (ინდოეთი, ბელგია, ნიგერია, პაკისტანი) და შერეული ანუ ტერიტორიულ-ნაციონალური (რუსეთი, შვეიცარია,კანადა) პრინციპის საფუძველზე. უმრავლეს შემთხვევებში ფედერაციული სახელმწიფოები შექმნილია ტერიტორიული პრინციპის საფუძველზე, თუმცა შესაძლებელია ფედერაციის შექმნის საფუძველი იყოს როგორც ტერიტორიული ასევე ნაციონალური პრინციპი. სახელმწიფოებში, სადაც ფედერაციის ჩამოყალიბების საფუძველია ტერიტორიული პრინციპი, (მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია) ფედერაციის სუბიექტები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით. ფედერაციული სახელმწიფოების განვითარება ცხადყოფს, რომ არც ტერიტორიული პრინციპით და არც ნაციონალური პრინციპით ფედერაციის ჩამოყალიბება არ შეიძლება მივიჩნიოთ ფედერაციის შექმნის პროცესში აბსოლუტურ პრინციპად, თითოეული მათგანი შესაძლებელია გამოყენებული იქნას კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით.
ფედერაციის სახეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფედერაციის სახეებს შორის შესაძლოა გამოვყოთ სახელშეკრულებო და საკონსტიტუციო ფედერაციები. პირველ შემთხვევაში ფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველია ფედერაციის სუბიექტებს შორის შეთანხმების არსებობა, ასეთი სახის ფედერაციებს განეკუთვნებიან ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია, სადაც სამართლებრივი საკითხები ფედერალურ ხელისუფლებასა და ფედერაციის სუბიექტს შორის რეგულირდება ურთიერთშეთანხმებით. მეორე შემთხვევაში კი ფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბება პირდაპირ განსაზღვრულია კონსტიტუციით, ასეთი სახის ფედერაციებია გერმანია და რუსეთი. თუმცა აღსანიშნავია, რომ როგორც სახელშეკრულებო, ასევე საკონსტიტუციო ფედერაციის შემთხვევებში, ორივე ტიპის ფედერაციას გააჩნიათ ის საერთო მახასიათებლები, ისეთი სახის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა და სახელმწიფოებრიობის ძირითადი ელემენტები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის რომ სახელმწიფო მოწყობის ფორმის მიხედვით, მიჩნეულ იქნეს ფედერაციად.
ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დანაწილების კუთხით შესაძლოა არსებობდეს ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფედერაცია, თუმცა მათ შორის მკვეთრი გამიჯვნა არ არსებობს.
ფედერაციის სუბიექტების სტატუსისა და მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლების მიხედვით ფედერაცია შესაძლებელია იყოს სიმეტრიული და ასიმეტრიული. სიმეტრიული ტიპის ფედერაციებში, ფედერაციის სუბიექტებს გააჩნიათ თანაბარი უფლებები და მოვალეობები. ასიმეტრიული ტიპის ფედერაციებში კი ფედერაციის ზოგიერთი სუბიექტის უფლებამოსილების ფარგლები გაცილებით დიდია, ფედერაციის სხვა სუბიექტებთან შედარებით, იქიდან გამომდინარე რომ მათ ფედერაციის შიგნით განსაკუთრებული კონსტიტუციურ – სამართლებრივი სტატუსი აქვთ მინიჭებული.
ფედერალური ხელისუფლების ორგანიზების ნიშნების შესაბამისად გამოიყოფა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფედერაციები. ეროვნულ-სახელმწიფოებრივია ფედერაცია, სადაც მრავალეროვან სახელმწიფოში შემავალ ერებს საკუთარი სუვერენული უფლებები გადაცემული აქვთ სახელმწიფოსთვის. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფედერაციის საფუძვლებია ეკონომიკური, გეოგრაფიული, კულტურული, ენობრივი ფაქტორები.
ფედერაცია და კონფედერაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონფედერაცია ფედერაციის მსგავსად შედგება მასში შემავალი სუბიექტების - პოლიტიკური-ტერიტორიული ერთეულებისაგან. თუმცა, ფედერაციისგან განსხვავებით, კონფედერაციის შემთხვევაში, სუბიექტები წარმოადგენენ სუვერენულ სახელმწიფოებს. კონფედერაციულ სახელმწიფოში ერთმანეთის პარალელურად არსებობს რამდენიმე სუვერენული სახელმწიფო ხელისუფლება.
კონფედერაცია, როგორც წესი წარმოიქმნება საერთაშორისი სამართლებრივი შეთანხმების საფუძველზე და ფედერაციისგან განსხვავებით არის არა საკავშირო სახელმწიფო, არამედ სახელმწიფოთა კავშირი.
კონფედერაცია, როგორც სახელმწიფოთა კავშირი, შექმნილია საერთო მიზნის მისაღწევად. მიზანი შესაძლოა იყოს ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური და სხვა. დასახული მიზნის მისაღწევად კონფედერაციაში იქმნება შესაბამისი ორგანოები, რომელთა საქმიანობა ძირითადად ატარებს მაკოორდინირებელ ხასიათს და ახორციელებს მხარეთა პოზიციების შეჯერებას.
კონფედერაციის შემთხვევაში, მასში შემავალ სუბიექტებს არ გააჩნიათ საერთო საკანონმდებლო ბაზა. სამართლებრივი აქტები, კონფედერაციაში შემავალი სუბიექტებისათვის საერთოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მის მიღებაზე თანხმობა განაცხადა კონფედერაციაში შემავალმა ყველა სუბიექტმა. იმისათვის, რომ სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდეს წევრ სახელმწიფოებში, საჭიროა კონფედერაციის წევრმა სახელმწიფომ, შიდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოს მათი რატიფიცირება. წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ უფლებამოსილება მოახდინონ რატიფიცირებული აქტების ნულიფიკაციაც.
კონფედერაციას არ გააჩნია ერთიანი თავდაცვის ორგანო, კონფედერაციაში შემავალი სუბიექტები არ ქმნიან საერთო არმიას, თუმცა შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში შესაძლებელია ჩამოაყალიბონ ერთიანი სამხედრო ფორმირება.
კონფედერაციაში შემავალი სუბიექტები ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და თანასწორუფლებიანობას ერთმანეთთან მიმართებით. გარდა ამის, ფედერაციისგან განსხვავებით, კონფედერაციის შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ერთიანი ტერიტორიის არსებობა.
ფედერაცია და უნიტარიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნიტარიზმის (ლათ. unus - ერთი) ცნების ქვეშ მოიაზრება სახელმწიფოს ერთიანობა, სახელმწიფოს შიგნით სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების არარსებობა და მთელი სახელმწიფო აპარატის ცენტრალიზება. უნიტარულ სახელმწიფოში გვაქვს მხოლოდ ერთი სახელმწიფო ხელისუფლება, ტერიტორიულ-ორგანიზაციული თვალსაზრისით, დაყოფილია წმინდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად (რაიონები, დეპარტამენტები, პროვინციები და ა.შ.) ცენტრალური ხელისუფლება ფლობს ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ბერკეტს და ახდენს პირდაპირ ან ირიბ კონტროლს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში არსებულ ხელისუფლების ორგანოებზე.
უნიტარულ სახელმწიფოში შესაძლოა არსებობდნენ ავტონომიური ერთეულებიც, თუმცა ფედერაციის სუბიექტებისგან განსხვავებით, მათი დამოუკიდებლობის ხარისხი გაცილებით დაბალია.
უნიტარულ სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი - უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოები, მსგავსი უმაღლესი ორგანოები ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულების დონეზე არ გვხვდება.
სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის როგორც ფედერალურ, ისე უნიტარულ ფორმას ერთი მიზანი აქვს, ორივეს მიზანია გაერთიანება, თუმცა განსხვავებულია მიზნის მიღწევის მეთოდები.
ფედერაცია გულისხმობს ტერიტორიული ერთეულების გაერთიანებას იმ პირობით, რომ დაცული იქნება ფედერაციის სუბიექტების დამოუკიდებლობა მაღალი ხარისხით, მიუხედავად იმისა რომ სუბიექტებს არ გააჩნიათ სუვერენიტეტი.
უნიტარიზმი, კი პირიქით, ამოდის მთლიანობისა და ერთიანობის პრინციპიდან და ესწრაფვის ისეთი ერთობის ჩამოყალიბებას, რომლის დროსაც ტერიტორიული ერთეულები არ წარმოადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების სუბიექტებს.
ფედერაციული სახელმწიფოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავსტრიის რესპუბლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავსტრიაში სახელმწიფო მოწყობის ფედერაციული ფორმა, 1920 წელს მიღებული კონსტიტუციით შემოიღეს. კონსტიტუციის თანახმად, ავსტრიის რესპუბლიკა შედგება დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულების მიწებისაგან, რომლებსაც არ გააჩნიათ სეცესიის უფლება. ავსტრიის ადმინისტრაციული ერთეულებს - მიწებს აქვთ საკუთარი კონსტიტუცია, პარლამენტი და მთავრობა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, სახელმწიფო მოწყობის ფედერაციული ფორმა, შემოღებული იქნა 1949 წელს მიღებული კონსტიტუციით. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ - მიწად. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს ფედერალური კრება. ფედერალური კრების შემადგენლობაში შედიან ფედერალური პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატები და ფედერაციის სუბიექტების - მიწების წარმომადგენლები.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - მიწებში, საკანონმდებლო ფუნქციებს ასრულებს ადგილობრივ დონეზე არსებული პარლამენტი. ადგილობრივი პარლამენტი ნიშნავს ფედერაციის სუბიექტის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს. ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი პარლამენტის მიერ, აღნიშული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული არ არის.
ფედერალური (ცენტრალური) ხელისუფლების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება თავდაცვის, უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, ფინანსური, სატრანსპორტო, საგადასახადო საკითხების მოწესრიგება და გადაწყვეტა, თუმცა აღნიშნული მიმართულებით გერმანიის ფედერაციის სუბიექტებსაც ფართო უფლებამოსილებები გააჩნიათ.
ამერიკის შეერთებული შტატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკის შეერთებული შტატები ფედერალური რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებიც არიან 50 შტატი, ერთი ფედერალური ოლქი და დამოკიდებული ტერიტორიები. ამერიკის შეერთებულ შტატებში საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს, ფედერაციისათვის დამახასიათებელი, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო - კონგრესი. კონგრესის ზედა პალატის - სენატის შემადგენლობაში შედიან ფედერაციის სუბიექტების - შტატების წარმომადგენლები, ხოლო ქვედა პალატის ფორმირება ხდება მაჟორიტარული არჩევნების გზით. შტატში უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელია გუბერნატორი, რომელიც აირჩევა ადგილობრივ დონეზე ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით. ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლების ექსკლუზიური უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ფულადი ნომინალის გამოშვება, არმიისა და ფლოტის ფორმირება, საყოველთაო გადასახადების შემოღება და აკრეფა, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები.
ფედერაციის სუბიექტები - შტატები საკუთარი კანონმდებლობის მეშვეობით, ადგილობრივ დონეზე ახდენენ ისეთი საკითხების რეგულირებას როგორიცაა: სისხლის სამართლის საკითხები, შიდა სავაჭრო ურთიერთობები, ადგილობრივი გადასახადები, ჯანდაცვის სისტემის ფორმირება, განათლება, სასამართლო სისტემის ფორმირება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული არ არის სახელმწიფო ენის საკითხი.
ბელგიის სამეფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბელგიის სამეფო მეოცე საუკუნის ბოლოს განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმებამდე, სახელმწიფო მოწყობის ფორმის მხრივ, უნიტარულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. დღეის მდგომარეობით ბელგიის სამეფო, მისი კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციური მონარქიის პირობებში არსებული ფედერალური საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანაა. ბელგიის სამეფო, ფედერაციად ჩამოყალიბდა ნაციონალური პრინციპის საფუძველზე და შედგება სამი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის - რეგიონისგან: ბრიუსელი, ვალონია და ფლანდრია. აღნიშნული რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად იყოფიან.
ბელგიის სამეფო, გარდა იმისა რომ იყოფა სამ რეგიონად, კონსტიტუციის მეორე მუხლის თანახმად, დაყოფილია ასევე სამ საზოგადოებად: ფრანგულად (French Community), ფლამანდიურად (Flemish Community) და გერმანულ ენოვან (German-speaking Community) საზოგადოებად.
ფედერაციის სუბიექტების - რეგიონების უფლებამოსილებებს განეკუთვნება ისეთი სფეროების მართვა და განკარგვა, როგორიცაა ეკონომიკა, საგარეო ვაჭრობა, ადგილობრივი გადასახადების შემოღება და აკრეფა, ეკოლოგია და ა.შ.
ბელგიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი საზოგადოების კომპენტენციას კი განეკეუთვნება ისეთი საკითხების რეგულირება როგორებიცაა კულტურა, განათლება და სხვადასხვა სოციალური საკითხები. სახელმწიფო მოწყობის ფედერაციული ფორმის შესაბამისად, ბელგიის სამეფოს ფედერაციის სუბიექტებს, ჰყავთ საკუთარი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისფლება. ფედერალურ (ცენტრალურ) დონეზე კი უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება სენატის და წარმომადგენელთა პალატისაგან.
ფედერაციული სახელმწიფოების ჩამონათვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავსტრიის რესპუბლიკა
- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
- რუსეთის ფედერაცია
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- ბელგიის სამეფო
- შვეიცარიის კონფედერაცია
- არგენტინის რესპუბლიკა
- ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა
- კანადა
- მექსიკის შეერთებული შტატები
- ამერიკის შეერთებული შტატები
- ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
- სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაცია
- პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა
- მალაიზია
- არაბეთის გაერთიანებული საამიროები
- ინდოეთის რესპუბლიკა
- ერაყის რესპუბლიკა
- ნეპალის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკა
- სუდანის რესპუბლიკა
- ეთიოპიის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკა
- ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა
- კომორის კუნძულების კავშირი
- სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა
- სომალის ფედერაციული რესპუბლიკა
- ავსტრალიის კავშირი
- მიკრონეზიის ფედერალური შტატები
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემოკრატია და მოქალაქეობა, რედ. ზვიად მიმინოშვილი; თბ., 2011; ISBN 978-9941-0-3667-5
- კონსტიტუციური სამართალის სახელმძღვანელო, რედ. ავთანდილ დემეტრაშვილი, თბ., 2005
- ავთანდილ დემეტრაშვილი, ირაკლი კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2011
- ოთარ მელქაძე, კონსტიტუციონალიზმი, თბ., 2008 გვ. 153.
- Elazar D.J., Federalism: an overview, Pretoria: HSRC Publishers, 1995, გვ. 17.
- კონსტიტუციური სამართალის სახელმძღვანელო, რედ. ავთანდილ დემეტრაშვილი, თბ., 2005 გვ.127.
- გიორგი ხუბუა, ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი, თბ., 2000
- Sahadzic, Maja., Federal Theory on Constitutional Asymmetries: revisited, Queen Mary Law Journal: Special Conference Issue, Autumn 2016, pp. 135–147.
- ოთარ მელქაძე, საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი, კრებული I, თბ., 1999 გვ 21-22.
- The Constitution of Belgium