შინაარსზე გადასვლა

იუჯინ დებსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუჯინ ვიქტორ დებსი
ინგლ. Eugene V. Debs
250პქპქ
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1855
დაბადების ადგილი ტერე-ჰოტი, ინდიანა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 20 ოქტომბერი, 1926 (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ელმჰარსტი, ილინოისი, აშშ
მოქალაქეობა ამერიკელი
პარტია დემოკრატიული (1894 წლიდან)
სოციალ-დემოკრატიული (1897–1898)
სოციალისტური (1901–1926)
მეუღლე/ები ქეით მეთცელი
ჯილდოები შრომის საპატიო დარბაზი[1]

იუჯინ ვიქტორ დებსი (დ. 5 ნოემბერი, 1855 – გ. 20 ოქტომბერი, 1926) — ამერიკელი სოციალისტი პოლიტიკოსი და პროფესიული კავშირის წევრი, მსოფლიოს ინდუსტრიული მუშების (IWW) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. ხუთჯერ იყარა კენჭი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად სოციალისტური პარტიიდან.[2] პრეზიდენტის კანდიდატობის, ასევე მისი ჩართულობის გამო მუშათა მოძრაობებში, დებსი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალისტი.

მისი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში დებსი იყო დემოკრატიური პარტიის წევრი. 1884 წელს იგი აირჩიეს ინდიანას გენერალური ასამბლეის დემოკრატად. რამდენიმე პატარა კავშირთან მუშაობის შემდეგ, მათ შორის ლოკომოტივის მეხანძრეების საძმო, დებმა დიდი წვლილი შეიტანა ამერიკული რკინიგზის კავშირის (ARU) დაარსებაში. ეს კავშირი იყო ერის ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული კავშირი. მას შემდეგ რაც პულმანის სასახლის მანქანების კომპანიის მუშებმა ორგანიზება გაუწიეს „გარეული კატების“ გაფიცვას 1894 წლის ზაფხულში, ბედსმა ბევრი შეიყვანა ARU-ში. პულმანის მანქანების გაფიცვას ეროვნული მნიშვნელობა მიანიჭა დებმა ARU-სთან ერთად, ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ მათ რკინიგზას. ამ მოძრაობამ დიდი ზეგავლენა მოახდინა დეტროიტის დასავლეთის სარკინიგზო ხაზებზე, მასში ჩართული იყო 27 შტატის დაახლოებით 250 000-მდე მუშა. ფოსტის მუშაობის გაგრძელების მიზეზით პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატების არმია, რათა დაეშალა გაფიცვა. ვინაიდან დებსი იყო ARU-ს ლიდერი, მას ბრალი წაუყუნეს ბოიკოტის მოწყობის ბრალდებით სახელმწიფოს წინააღმდეგ, რის გამოც იუჯინმა ციხეში გაატარა ექვსი თვე.

ციხეში დებსი კითხულობდა სხვადასხვა ნაშრომებს სოციალური თეორიის საკითხებზე და ექვსი თვის შემდეგ გახდა საერთაშორისო სოციალისტური მოძრაობის აქტივისტი. დებსი იყო ამერიკის სოციალურ-დემოკრატიული პარტიისა (1898) და ამერიკის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი წევრი (1901).

დებსმა ხუთჯერ იყარა კენჭი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად სოციალისტური პარტიიდან. 1900 წელს (მოიპოვა ხმების 0.6%), 1908 (3.0%), 1908 (2.8%), 1912 (6.0%) და 1920 (3.4%). ის ასევე 1916 წელს დაასახელეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კანდიდატად მშობლიური ინდიანას შტატიდან.

დებსი 1855 წლის 5 ნოემბერს ინდიანის შტატის ქალაქ ტერ-ჰოტში საფრანგეთიდან ემიგრირებული ჟან დანიელ და მარგერიტ მარი ბეტრიშ დებსების ოჯახში დაიბადა. დებსის მამა, შეძლებული ოჯახის შთამომავალი, თავად საფეიქრო ფაბრიკისა და ხორცის ბაზრობის მფლობელი იყო.

საფრანგეთის რევოლუციისგან შთაგონებული იგი ხშირად უკითხავდა საკუთარ ვაჟს ფრანგულ და გერმანულ კლასიკურ ლიტერატურას. დებსსაც სახელი ფრანგი რადიკალი მწერლების ეჟენ სიუსა და ვიქტორ ჰიუგოს პატივსაცემად დაარქვეს. იუჯინის საყვარელი წიგნი ჰიუგოს „საბრალონი“ ყოფილა, რომელიც სოციალურ უთანასწორობას და ჩაგრულთა ბედს შეეხება და რომელსაც დებსი მთელი ცხოვრების განმავლობაში უბრუნდებოდა.

დებსი საჯარო სკოლაში დადიოდა, საიდანაც 14 წლის ასაკში წამოვიდა და მუშაობა ვაგონების საპოხი საშუალებებისგან მწმენდავად დაიწყო, რისთვისაც დღეში 50 ცენტს იღებდა. 1871 წლის დეკემბერში იმის გამო, რომ ლოკომოტივის ერთ-ერთი ცეცხლფარეში სამუშაოზე სიმთვრალის გამო არ გამოცხადდა, მისი საქმის შესრულება დებსს მოუწია. მომდევნო სამი წლის განმავლობაში დებსი ტერ-ჰოტი-ინდიანაპოლისის ხაზზე ცეცხლფარეშად მუშაობდა.

1875 წელს დედის მოთხოვნით დებსმა რკინგიზაზე მუშაობას თავი დაანება და ოთხი წლის განმავლობაში სასურსათო მაღაზიაში მუშაობდა, რის პარალელურადაც ღამის ბიზნეს სკოლის გაკვეთილებს ესწრებოდა.

1875 წლის თებერვალში დებსი პროფკავშირულ გაერთიანებას, ლოკომოტივის ცეცხლფარეშთა საძმოს შეუერთდა. 1877 წელს ორგანიზაციის საერთოეროვნულ ყრილობაზე ის ტერ-ჰოტის ლოჟას წარმოადგენდა. 1878 წელს დებსი საძმოს ყოველთვიური გამოცემის ამხანაგ რედაქტორად აირჩიეს. ორი წლის შემდეგ ის საძმოს პირველი მდივანი და ფინანსთა გამგე გახდა. იმავე წელს ჟურნალის რედაქტორობაც თავად ჩაიბარა. საძმოს სტრუქტურებში დებსი 1893 წლამდე, ხოლო ჟურნალში 1894 წლამდე მუშაობდა.

ამ პერიოდში ის საკუთარ ქალაქში ცნობილ ადამიანად იქცა. 1879-1883 წლებში ორი ვადით ტერ-ჰოტის ქალაქის საბჭოს მდივანი იყო. 1884 წელს იგი ერთი წლით დემოკრატიული პარტიის რიგებიდან ინდიანის გენერალური ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს.

1885 წლის 9 ივნისს დებსი ქეიტ მეტცელზე დაქორწინდა. მათი სახლი ტერ-ჰოტში დღემდე არსებობს ინდიანის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე და ამჟამად მუზეუმის სახით ფუნქციონირებს. დებსს და ქეითს შვილები არასდროს არ ჰყოლიათ.

პროფკავშირული აქტივიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ამერიკაში პროფკავშირული გაერთიანებები კონსერვატიული ტიპისა იყო და თეთრკანიანი დაოსტატებული მუშების საძმოებს წარმოადგენდა. ნაცვლად საერთო კლასობრივი ბრძოლისა, იმდროინდელი ამერიკული კავშირები ორიენტირებულნი იყვნენ საკუთარი წევრებისთვის გარკვეული პირობების შექმნაზე.

ლოკომოტივის ცეცხლფარეშთა საძმოც (Brotherhood of Locomotive Firemen), რომლის დევიზიც ასე ჟღერდა: „გულკეთილობა, სიფხიზლე და ინდუსტრია“, ამგვარ გაერთიანებას წარმოადგენდა. დებსი საძმოს ყოველთვიურ ჟურნალში აღნიშნავდა, რომ საძმოს ძალისხმევით სამუშაო ადგილზე გარდაცვალების დაზღვევა ათას დოლარამდე გაიზარდა, თუმცა საძმოს საქმიანობის ძირითადი ძალისხმევა მუშებისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობების მიცემისა და მათი ყოფაქცევის გაუმჯობესებისკენ უფრო იყო მიმართული.

დებსი რეგულარულად მოუწოდებდა მუშებს გულმოდგინე მუშაობისკენ, პატიოსნებისა და სიბეჯითისკენ, აძლევდა რჩევებს, როგორ გამხდარიყვნენ სანდო და სასურველი სამუშაო ძალა დამქირავებლისთვის. ამასთან, საძმოში მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ცეცხლფარეშთათვის ალკოჰოლის რეგულარული მოხმარების ჩვევა მოეშალა.

იმ დროისთვის დებსს სწამდა, რომ „კაპიტალი და მუშა-ხელი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ“ და დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის დავის გაფიცვებით გადაჭრა არასწორად მიაჩნდა. ისტორიკოს დევიდ შენონის შეფასებით,

ვიკიციტატა
„დებსის სანუკვარი სურვილი მუშა ხელსა და კაპიტალის მფლობელთა შორის ჰარმონიული თანამშრომლობის მიღწევა იყო, თუმცა დებსი დამსაქმებლებისგან მუდამ მოელოდა, რომ ისინი დასაქმებულებს თანასწორად, პატივისცემითა და ღირსეულად მოეპყრობოდნენ.[3]

პროფკავშირული საქმიანობის პირველ წლებში დებსი თითქმის არასდროს ემხრობოდა გაფიცვების ორგანიზებას და აკრიტიკებდა იმდროინდელ ანარქისტებსა და სოციალისტებს, ვინც არეულობისკენ მოუწოდებდნენ მშრომელებს.

1880-იანი წლების ბოლოდან დებსი სულ უფრო მეტად ხვდებოდა, რომ მუშებისთვის ინდივიდუალური პირობების შექმნა საკმარისი აღარ იყო და საჭირო იყო კოლექტიური მოთხოვნების წაყენება. სხვადასხვა პროფესიის მიხედვით დანაწევრებულ საძმოებს შორის კოორდინაცია არ არსებობდა, რის გამოც დამსაქმებლები მარტივად ახერხებდნენ გვერდი აეარათ მშრომელთა მოთხოვნების შესრულებისთვის. დებსის თვალთახედვის ცვლილებაზე დიდი გავლენა ჰქონდა 1888 წლის ბერლინგტონის რკინიგზელთა გაფიცვას, რომელშიც თვითონაც მონაწილეობდა და რომელიც ათთვიანი ბოიკოტის შემდეგ უშედეგოდ დასრულდა.

საბოლოოდ 1892 წელს, მას მერე, რაც ბუფალოში მეისრეთა მიერ ორგანიზებული გაფიცვა იმის გამო დამარცხდა, რომ სხვა პროფესიათა საძმოებმა მათ დახმარებაზე უარი თქვეს, დებსმა ცეცხლფარეშთა საძმოს დატოვება გადაწყვიტა.

1893 წელს საძმოს პირველი მდივნობიდან გადადგომის შემდეგ დებსმა სხვა 50 რკინიგზელთან ერთად ჩიკაგოში გამართულ პირველ ყრილობაზე ამერიკაში ერთ-ერთი პირველი საერთო დარგობრივი პროფკავშირი „ამერიკელ რკინიგზელთა კავშირი“ დააარსა, რომელიც ყველა თეთრკანიანი რკინიგზელისთვის ღია იყო. დებსი ეწინააღმდეგებოდა კავშირში მხოლოდ თეთრკანიანთა მიღებას, თუმცა კენჭისყრაზე ის და მისი თანამოაზრეები ორი ხმით დამარცხდნენ. დებსი კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. 1894 წელს კავშირმა პირველი წარმატებული გაფიცვა მოაწყო ჩრდილოეთის სარკინიგზო ხაზების წინააღმდეგ.

1894 წელს დებსი მონაწილეობას იღებდა პულმანის სამანქანო კომპანიის ვაგონმშენებელი მუშების მიერ წარმოებულ მასშტაბურ გაფიცვაში. მას მერე რაც, ჩიკაგოს სამხრეთით მდებარე ქალაქ პულმანის სამანქანო კომპანიამ, 1893 წლის ეკონომიკური კრიზისით მიყენებული ზარალის მიზეზით თანამშრომლებს ხელფასები 28%-ით შეუმცირა, მუშებმა გაფიცვა გადაწყვიტეს. კომპანიის მუშებმა, რომელთაგან ბევრი უკვე „ამერიკელ რკინიგზელთა კავშირის“ წევრი იყო, კავშირის ჩიკაგოში გამართულ ყრილობაზე მხარდაჭერა ითხოვეს. დებსი შეეცადა კავშირის წევრები დაერწმუნებინა, რომ კავშირის ჯერ კიდევ ჩანასახოვანი არსებობისა და რკინიგზის და მთავრობის მტრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ბოიკოტის გამოცხადება იმ მომენტისთვის საშიში იყო.

თუმცა კავშირის წევრებმა გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და უარი თქვეს პულმანის კომპანიის მიერ წარმოებულ ვაგონებზე ასვლასა და მათ მართვაზე. მას მერე რაც გაფიცვამ სენტ-ლუისში გადაინაცვლა და გაფიცულთა რაოდენობამ 80 000-ს მიაღწია, დებსი გაფიცვას შეუერთდა. 1894 წლის ივლისს ნიუ-იორკ თაიმსის მოწინავე სტატიაში დებსი „საშიშ კანონდამრღვევად და კაცობრიობის მტერად“ იყო მოხსენიებული. გაფიცვისას დებსის აქტიურობის გამო პრესაში პულმანის გაფიცვას „დებსის ამბოხადაც“ იხსენიებდნენ.

ვინაიდან პულმანის კომპანიის მიერ წარმოებული შემადგენლობები ამერიკაში ფოსტის გადატანისთვისაც გამოიყენებოდა, ამერიკის პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა ფოსტის მიმოსვლის აღდგენის საბაბით, გაფიცვის ჩასახშობად აშშ-ის რეგულარული არმია გამოიყენა. გაფიცვის ჩახშობას 30 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მუშა კი ან შავ სიაში იქნა შეყვანილი ან დააპატიმრეს. დაპატიმრებულთა შორის იყო დებსი, რომელიც სასამართლოს მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის ექვსი თვით ფედერალურ ციხეში გაგზავენს.

პოლიტიკური აქტივიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალისტ აქტივისტად ჩამოყალიბება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დებსი დაპატიმრებისას სოციალისტი არ ყოფილა. თუმცა საპატიმროში ყოფნის პერიოდში ის და მისი თანამებრძოლები ამერიკაში მოღვაწე ცნობილი სოციალისტებისგან რეგულარულად იღებდნენ წერილებს, წიგნებსა და პამფლეტებს. წლების მერე დებსი იგონებდა:

ვიკიციტატა
„ვკითხულობდი, ვფიქრობდი და სულ უფრო ღრმად ვაცნობიერებდი ანატომიას იმ სისტემისა, რომელშიცმშრომელი ადამიანები, როგორ კარგადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი ორგანიზებულნი,განწირულნი იყვნენჩაგვრისა და ერთი ხელის მოსმით განადგურებისთვის. თავიდან ედვარდ ბელამისა და რობერტ ბლაჩფორდის ნაწერებმა მიიზიდა ჩემი ყურადღება. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ლორენს გრონლუნდის „კოოპერატიულმა თანამეგობრობამ“, მაგრამ კაუცკის ნაწერები იმდენად ნათელი და დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ არამარტო ბოლომდე დამითანხმა თავის არგუმენტებში, არამედ მაგრძნობინადაუყოვნებელი აუცილებლობა სოციალისტური მოძრაობის საჭიროებისა, რისთვისაც დიდ მადლობა ვუხდი მას და ყველას ვინც, სიბნელიდან დღის შუქზე გამოსვლაში დამეხმარა.[4]

დებსს საპატიმროში სტუმრობდა ბრიტანელი პროფკავშირელი და სოციალისტი კირ ჰარდი და მილოუკის სოციალისტური გაზეთის რედაქტორი ვიქტორ ბერგერი, ვინც გერმანული სოციალიზმის შესახებ წერდა.ამ პერიოდში დებსი კარლ მარქსისა და სხვა სოციალისტების ნაშრომებს გაეცნო და საბოლოოდ ჩამოყალიბდა სოციალისტად.

მართალია, დებსი სოციალისტური თეორიით არასდროს ყოფილა ზედმეტად გატაცებული, მაგრამ სოციალისტურ ნაწერებში იგი პოულობდა ახსნას იმისა, რაც პროფკავშირული აქტივიზმისას უკვე გამოცდილი ჰქონდა. ერთ-ერთი მაგალითიამისა პულმანის გაფიცვა იყო. მოგვიანებით მისივე თქმით, დებსი მიხვდა, რომ როცა პულმანში აშშ-ის რეგულარული არმია გამოჩნდა, ქვეყნის მთავრობა ნეიტრალურ პოზიციაში არ ყოფილა. 1902 წელს დებსი წერდა:

ვიკიციტატა
„ჩემი სოციალისტური ნათლობა შედგა. ახლა უკვე ხიშტის ყოველ გაელვებასა და შაშხანის ყოველ გასროლაში კლასობრივ ბრძოლას ვხედავდი. სოციალიზმში პირველი პრაქტიკული გაკვეთილი ასე მივიღე.[4]

პირველ ეტაპზე დებსი კვლავ არ იყო ჩამოყალიბებული კაპიტალისტური სისტემიდან სოციალიზმზე გადასვლის გზებში. თავდაპირველად დებსს სწამდა, რომ სოციალისტურ პრინციპებზე მოწყობილი მცირე კომუნებით შესაძლებელი იქნებოდა მთელი ამერიკის მოცვა. ჯერ კიდევ პულმანის გაფიცვამდე დებსი მხარს უჭერდა წარმოების საშუალებების კოლექტიურ მფლობელობაში გადანაცვლებას. დებსმა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გააცნობიერა, რომ სოციალიზმის დამყარებას ძლიერი რევოლუციური მოძრაობა ესაჭიროებოდა, შესაბამისად წლებთან ერთად დებსის გამოსვლები და ნაწერებიც სულ უფრო რადიკალური ხდებოდა. დებსის ცოლი, ქეითი სოციალიზმს მხარს არ უჭერდა. ცოლ-ქმარს შორის წარმოშობილი უთანხმოების შესახებ მოგვიანებით ამერიკელმა მწერლმა ირვინგ სტოუნმა ბიოგრაფიული რომანი დაწერა, სახელწოდებით „მოწინააღმდეგე სახლში“.

სოციალისტური პარტიების დაარსება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალისტური იდეებით შთაგონებულმა დებსმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ძველ თანამებრძოლ მარტინ ელიოტთან ერთად პოლიტიკური კარიერა წამოიწყო. 1897 წელს დებსის მიერ რკინიგზელთა კავშირიდან შემორჩენილი თანამებრძოლების დახმარებით დაარსებულ პარტიაში, „ამერიკულ სოციალ-დემოკრატიაში“, თავიდანვე არსებობდა ორი ძირითადი მიმდინარეობა, ერთი მხრივ ადამიანებისა, ვინც სოციალიზმის პრაქტიკაში გატარებას და შემდეგ ამერიკაში გავრცელებას სოციალისტურ პრინციპებზე აშენებული მცირე კოლონიების დაარსებით ცდილობდა და მეორე მხრივ ადამიანებისა, ვინც მხარს უჭერდა ევროპული სტილის სოციალისტური პოლიტიკური პარტიის დაარსებას, რომელიც ქვეყნის სათავეში მოსვლას არჩევნების საშუალებით მოახერხებდა.

„ამერიკული სოციალ-დემოკრატიის“ 1898 წლის ყრილობაზე ერთობას პოლიტიკურ აქტივისტთა ფრთა გამოეყო და ახალი ორგანიზაცია „ამერიკის სოციალ-დემოკრატიული პარტია“(Social Democratic Party of America) დააარსა, რომელიც „შეერთებული შტატების სოციალ-დემოკრატიული პარტიის“(Social Democratic Party of the United States) სახელითაც იყო ცნობილი.

დებსი პარტიის ხუთკაციანი აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს, რომელიც პარტიის მართვაზე იყო პასუხისმგებელი. პარტიის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა დებსის ძმა, თეოდორ დებსი, რომელიც პარტიის ყოველდღიურ საქმიანობას კურირებდა. მართალია პარტიაში დებსი სხვა წევრებისგან დამოუკიდებლად არასდროს იღებდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ პულმანის გაფიცვისას მოპოვებულმა პოპულარობამ და სახელმა მას გაზეთებში პარტიის მთავარი წარმომადგენლის სტატუსი დაუმკვიდრა.

1901 წელს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ამერიკის უძველეს მუშათა სოციალისტური პარტიიდან წამოსულ წევრებთან ერთად ინდიანაპოლისში გამართულ ყრილობაზე ახალი, „ამერიკის სოციალისტური პარტია“ დააარსა. 1905 წელს დებსი თანაპარტიელებთან ერთად ასევე მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო პროფესიული კავშირის Industrial Workers of the World-ის დაარსებაში.

საპრეზიდენტო არჩევნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1900 წლის არჩევნებზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით დებსი პრეზიდენტობისთვის, ელიოტი კი კონგრესმენობისთვის იბრძოდნენ. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯობ ჰარიმანთან ერთად წარმოებული საპრეზიდენტო კამპანიის შემდეგ დებსმა 87 945 ხმა (ხმათა 0,6 %) დააგროვადა საარჩევნო კოლეგიაში არც ერთი ხმა არ მიუღია.

1901 წელს დაარსებული ამერიკის სოციალისტური პარტიის სახელით დებსი ოთხჯერ იღებდა მონაწილეობას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, 1904, 1908, 1912 და 1920 წლებში. 1904 წლის არჩევნებში დებსმა 402 810 ხმა მიიღო, რაც ხმათა 3 %-ს შეადგენდა. საარჩევნო კოლეგიაში დებსს კვლავ არ რგებია არცერთი ხმა, თუმცა ხმათა საერთო რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა. 1908 წელს 420 852 ხმა მიიღო, ხმათა 2,8 % და კვლავ ვერ მოიპოვა საარჩევნო კოლეგიაში ხმა.

1912 წლის არჩევნებში უკვე ხმათა 6 % მოაგროვა (901 551 ხმა). ფლორიდის შტატში გამართულ არჩევნებში ის ვუდრო უილსონის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა და აჯობა პრეზიდენტ უილიამ ჰოვარდ ტაფტსა და ყოფილ პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს. საარჩევნო კოლეგიაში კვლავ არ მოუპოვებია ხმა. 1920 წლის საპრეზიდენტო არჩვენებში, როცა უკვე ქალებსაც შეეძლოთ ხმის მიცემა დებსმა 913 693 ხმა მიიღო, რაც სოციალისტური პარტიის კანდიდატის მიერ ოდესმე ნაჩვენებ შედეგებს შორის დღემდე საუკეთესოა.

აღსანიშნავია, რომ დებსმა ეს შედეგი ფედერალურ ციხეში სასჯელს მოხდისას აჩვენა, როცა მას პრეზიდენტობის უფლება არ ჰქონდა, თუმცა პირობას დებდა, რომ არჩევის შემთხვევაში საკუთარ თავს შეიწყალებდა.

ანტისაომარი კამპანია და მეორედ დაპატიმრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტისაომარი კამპანია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპაში 1914 წელს პირველი მოსფლიო ომის დაწყებასთან ერთად დებსი შეუერთდა მოძრაობას, რომელიც ომში აშშ-ის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას უჭერდა მხარს. ომის პირველ წლებში საზოგადო აზრი ამერიკაში ევროპისგან თავის შორს დაჭერას ემხრობდა, თუმცა ამ პოზიციაზე მყოფი ლიბერალური და კონსერვატიული უმრავლესობისგან განსხვავებით,დებსი ომს სოციალისტური პერსპექტივიდან აკრიტიკებდა.

ის ამტკიცებდა, რომ პირველი მსოფლიო ომი, ისევე როგორც სხვა მანამდე არსებული ყველა ომი, მმართველ კლასებს შორის წარმოებული ომი იყო და მუშებს და უბრალო ადამიანებს ამ ომში არაფერი ესაქმებოდათ. 1917 წელს, როცა ომში ამერიკის ჩართვის შესახებ ხმები ვრცელდებოდა, დებსმა კამპანია წამოიწყო, პირადად მოგზაურობდა, აწყობდა გამოსვლებს და აცხადებდა, რომ „კაპიტალისტური მთავრობისათვის, ომში არასდროს წავიდოდა.“

ამერიკის ომში ჩართვასთან ერთად ანტისაომარი კამპანიაც უფრო გააქტიურდა. აშშ-ის მთავრობამ საომარ მდგომარეობაში მიღებული ჯაშუშობის შესახებ ახალი კანონის ძალით ანტისაომარ გაზეთებზე ცენზურა დააწესა და მათი გავრცელება აკრძალა. დააპატიმრეს 2000 მეტი პროტესტანტი, ვინც მოქალაქეთა ომში გაწვევას ეწინააღმდეგებოდა.

ავადმყოფობამ და გულის პრობლმებმა დებსი ომის პირველ თვეებში მშობლიურ ქალაქს მიაჯაჭვა. სხვადასხვა სოციალისტურ გამოცემებში ის აქტიურად აქვეყნებდა ანტისაომარ სტატიებსა და მოწოდებებს, თუმცა ცენზურის შემოღების მერე ესეც შეუძლებელი გახდა. 1917 წლის დეკემბერში, მას მერე რაც დებსის მეგობარი ქეით ო’ჰერი ანტისაომარი საჯარო გამოსვლისათვის დააკავეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, დებსი ო’ჰერს სწერდა: „თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ახლა თავისუფალი ვარ.“

1918 წელს აშშ-ის მთავრობამ აკრძალვები კიდევ უფრო გაამკაცრა. პარალელურად დებსმა კვლავ განაახლათავისი კამპანია, ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობა და გამოსვლები. ილინოისისა და ინდიანის შტატების შემდეგ დებსი ოჰაიოში განაგრძობდა მოგზაურობას, სადაც 16 ივნისს ქალაქ კანტონში მისი საბედისწერო სიტყვით გამოსვლა შედგა.

დებსი ორი საათის განმავლობაში მიმართავდა კანტონის ერთ-ერთ პარკში შეკრებილ მსმენელებს. მიმართვისას დებსმამმართველი კლასი ომის ხარჯზე კაპიტალის დაგროვების მცდელობაში ამხილა, საკუთარი აზრის გამოხატვისა და ადამიანთა ომში გაწვევის წინააღმდგეობისათვის მანამდე დაპატიმრებული ამხანაგები დაიცვა და შეაქო რუსი რევოლუციონერები, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთი პირველი მსოფლიო ომიდან გაიყვანეს და დებსის თქმით, შეძლეს „პირველი ნამდვილი დემოკრატიული წყობის“ დაარსება. დებსმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითიც საომარ პერიოდში კვლავ დაშვებულ იქნა ბავშვთა შრომა და იმედიანად განაცხადა, რომ სოციალიზმი კაპიტალიზმზე აუცილებლად გაიმარჯვებდა.

გამოსვლისას დებსმა პირველ მსოფლიო ომს მმართველი კლასის ომი უწოდა:

ვიკიციტატა
„მიუხედავად იმისა, რომ ომში სწორედ მუშათა კლასი იბრძვის, სწორედ მუშათა კლასი იღებს უდიდეს მსხვერპლს და სწორედ მუშათა კლასი ღვრის დაუფიქრებლად საკუთარ სისხლს, მუშათა კლასს არასოდეს არც ომის წამოწყებისას ჰქონია სიტყვა და არც ზავის დადებისას. ომის წამოწყებაც და მისი დასრულებაც მხოლოდ მმართველი კლასის გადასაწყვეტია. თქვენ ამ ომის მიზეზი არ ხართ, მაგრამ მსხვერპლს თქვენ კი იღებთ და თავს თქვენ კი სწირავთ. თუკი ომი ასეთი სწორი და აუცილებელია, დაე ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაწყვიტონ მისი წამოწყება.[5]

მეორედ დაპატიმრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანტონის გამოსვლიდან ორი კვირის შემდეგ 63 წლის დებსი დააპატიმრეს და აბოხისკენ მოწოდების ბრალდებით გაასამართლეს. სასამართლოზე დებსსმოწმეები არ წარუდგენია და თავდაცვითი სიტყვის წარმოთქმა თავადვე ითხოვა. დებსი ორი საათის განმავლობაში ლაპარაკობდა სასამართლოს წინაშე. 12 სექტემბერს ის დამნაშავედ სცნეს. 18 სექტემბრის მოსმენაზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვა მოგვიანებით კლასიკად იქცა:

ვიკიციტატა
„თქვენო ღირსებავ, მე უკვე ვთქვი ამ სასამართლოს წინაშე, რომ მმართველობის დღეს არსებულ ფორმას ვეწინააღმდეგები, რომ სოციალურ სისტემას, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, ვეწინააღმდეგები და რომ, მწამს ორივე მათგანის ცვლილებისა, მხოლოდ აუცილებლად მშვიდობიანი და კანონიერი საშუალებებით...

მე ამ დილას ფაბრიკებსა და ქარხნებში მომუშავე მამაკაცებზე მეფიქრება, იმ ქალებზე მეფიქრება, ვისაც უმცირესი ანაზღაურებისთვის ქანცისგაწყვეტამდე შრომა უწევთ, იმ ბავშვებზე მეფიქრება, ვისაც ეს სისტემა ბავშვობას ართმევს და აიძულებს თავიანთი ყრმობის უმანკო წლებშივე გაუსინჯონ გემო უმოწყალო მომხვეჭელობას მამონასი, ბავშვებზე, ვინც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდუსულო რკინის მანქანების გამოსაკვებად საწარმოო ჯურღმულებში არიან გამოკეტილნი, თვითონ კი დღითა და ღამით შიმშილობენ...

თქვენო ღირსებავ, შეწყალებას არ გთხოვთ. მე ვიცი, რომ სამართლიანობა მაინც იზეიმებს. ახლა, როგორც არასდროს, მესმისდა ვხედავ რა დიდია ბრძოლა გამართული ერთი მხრივ სიხარბით შეპყრობილ ძალებსა და მეორე მხრივ თავისუფლების აღმაფრენით შთაგონებულ ათასებს შორის. ვხედავ კაცობრიობისათვის უკეთეს დღეთა მაუწყებელ განთიადს. ვხედავ გამოფხიზლებას ხალხისა. სულ მალე ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან.

როცა ტროპიკულ ზღვებში მოცურავე მეზღვაური დაღლილ მზერას ჰორიზონტს მოსწყვეტს, ნუგეშის ძიებაში ის ქარიშხლისგან აღელვებულ ტალღებზე თეთრად მოკაშკაშე სამხრეთის ჯვარს გასცქერის. შუაღამის მოახლოებასთან ერთად სამხრეთის ჯვარი გადახრას იწყებს და ქარიშხალიც მიმართულებას იცვლის, თეთრად მოკაშკაშე ვარსკვლავებით შემოქმედი დროის შეუჩერებელ სვლას ამცნობს ადამიანს. და მიუხედავად იმისა, რომ საომრად აღძრულ ტალღებს ვერცერთი ზარის რეკვა ვერ აშოშმინებს, მეზღვაურმა იცის, რომ შუაღამე გადადის, რომ შვება და ნუგეში ახლოსაა. დაე, იმედითა და ნუგეშით აღივსოს ადამიანთა გულები, რადგან ჯვარი გადახრას იწყებს, შუაღამე გადადის და დილასთან სიხარული მოაქვს.[6]

1918 წლის 18 სექტემბერს დებსს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს. სასჯელის მისჯამდე დებსმა მისი ყველაზე ცნობილი სიტყვები წარმოთქვა:

ვიკიციტატა
„თქვენო ღირსებავ, წლების წინ მე თავი თითოეული ცოცხალი არსების მოძმედ ვცანი და გადავწყვიტე, რომ დედამიწის ყველაზე დაცემულ მკვიდრზეც კი არაფრით მეტი არ ვიყავი. მაშინ ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ სანამ არსებობს ჩაგრული კლასი, მე მისი ნაწილი ვიქნები, სანამ არსებობს დამნაშავეთა ჯგუფი, მე ერთი მათგანი ვიქნები და მანამ სანამ ერთი ადამიანი მაინც იჯდება საპყრობილეში, მე თავისუფალი ვერ ვიქნები.[6]

დებსმა სასჯელი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მსოფლიო ომისა და სოციალიზმის შესახებ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები გააანალიზა. მიუხედავად იმისა, რომ დებსი შეეცადა, ისე წარმოეჩინა საკუთარი ხედვები, რომ თანხმობაში მოსულიყო ჯაშუშობის შესახებ არსებულ კანონთან, სასამართლომ მას მაინც ბრალი დასდო მოქალაქეთა ომში გაწვევის წინააღმდეგ წარმოებულ აგიტაციაში.

დებსი საპატიმროში 1919 წლის 13 აპრილს გაგზავნეს. პირველ მაისს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში მისი დაპატიმრების გასაპროტესტებლად ქუჩაში გასულ პროფკავშირელებს, სოციალისტებს, ანარქსიტებსა და კომუნისტებს აშშ-ის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ჩარლზ რუთენბერგი გაუძღვა. დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებითა და არეულობით დასრულდა.

დებსი 1920 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის საპყრობილის საკნიდან იღებდა. არჩევნებში დებსმა 919 799 ხმა მიიღო, ხმათა 3,4 %. ციხეში ყოფნისას დებსი სტატიათა სერიას წერდა და აქვეყნებდა, რომელშიც საპატიმრო სისტემას აკრიტიკებდა. წერილები გაზეთებში ქვეყნდებოდა, მოგვიანებით კი დებსის ერთადერთ წიგნში, „კედლებსა და გისოსებში“ შევიდა, რომელიც მისი გარდაცვალების მერე გამოიცა.

1920 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში გენერალურმა პროკურორმა მიტჩელ პალმერმა პრეზიდენტ ვუდრო უილსონს დებსის შეწყალება შესთავაზა. პალმერი ზოგადად მომხრე იყო ომის წლებში შემოღებული სპეციალური კანონებით გასამართლებული ადამიანების შეწყალებისა, თუმცა უილსონმა უარი თქვა დებსის შეწყალებაზე. ის დებსზე წერდა: „სანამ ამერიკელი ახალგაზრდები ცივილიზებული სამყაროსთვის სისხლს ღვრიდნენ, ეს კაცი იდგა და მათ კიცხავდა... ის ამ ქვეყნის მოღალატეა და ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მას ეს არ ეპატიება.“

1921 წლის იანვარში, დებსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით, მიტჩელმა უილსონს კვლავ შესთავაზა პატიმარი სიმბოლურად 12 თებერვალს, აბრაამ ლინკოლნის დაბაბდების დღეს შეეწყალებინათ, რაზეც უილსონმა კვლავ უარი თქვა.

საბოლოოდ 1921 წლის 23 დეკემბერს ახალმა პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა დებსს სასჯელი უკვე მოხდილ ვადამდე შეუმცირა და შობის დღეს საპატიმროდან გაათავისუფლა. შესაბამისად, ოფიციალურად დებსს შეწყალება არ მიუღია, მას მხოლოდ სასჯელი შეუმსუბუქეს. დებსისთვის არც ამერიკის მოქალაქეობა აღუდგენიათ.

როცა დებსი ატლანტის საპატიმროს ტოვებდა სხვა პატიმრები მას ოვაციებით და შეძახილებით აცილებდნენ. მშობლიურიქალაქის, ტერ-ჰოტის ქუჩებში დებსს 50 000 ადამიანზე მეტი შეეგება. სახლისკენ მიმავალ გზაზე ის თეთრ სახლში მიიღეს, სადაც მას პირადად პრეზიდენტი ჰარდინგი მიეგება.

1924 წელს ფინელმა სოციალისტმა კარლ ვიიკმა დებსი მშვიდობისბის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის ჯილდოზე წარადგინა, მსოფლიო ომის პერიოდში მშვიდობისათვის ბრძოლაში გაწეული დამსახურებისთვის, „ვინაიდან, ომს კაპიტალისტური ინტერესების ნაწილად მიიჩნევდა“.

დარჩენილი წლების განმავლობაში დებსი ციხეში ყოფნისგან გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობდა. 1926 წელს გულის პრობლემების გამო სანატორიუმში გადაიყვანეს, სადაც 1926 წლის 20 ოქტომბერს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის სხეულს კრემაცია ჩაუტარეს და მშობლიური ქალაქის, ტერ-ჰოტის სასაფლაოზე დაკრძალეს.

აქტივიზმის ფორმები და სტილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად არჩევნებში რეგულარულად მონაწილეობისა ის უნდობლად უყურებდა საარჩევნო პროცესს და აკრიტიკებდა პოლიტიკურ ვაჭრობას, რასაც მისი დროის სხვა სოციალისტი კანდიდატები ადგილობრივ არჩევნებში წარმატების მისაღწევად ეწეოდნენ. დებსი გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მუშათა ორგანიზებას პროფკავშირებში და მხარს უჭერდა საერთო დარგობრივი კავშირების შექმნას, რომელიც გარკვეული დარგის უკლებლივ ყველა მუშას გააერთიანებდა და მუშებს უნარების მიხედვით არ დაყოფდა, როგორც ეს სხვადასხვა საოსტატო გაერთიანებებში ხდებოდა.

წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და სხვადასხვა ქალაქში წარმოებული გაფიცვებისას დებსი ხშირად მოგზაურობდა, აწყობდა საჯარო გამოსვლებსა და მიმართვებს. ხშირად დღეში ოც და მეტ გამოსვლასაც კი ასრულებდა. 1912 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას სპეციალურად ნაქირავები მატარებლით თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა და ჯამში 500 000 ადამიანის წინაშე გამოვიდა.

დებსი ცნობილი იყო, როგორც ქარიზმატული მოსაუბრე. მისი გამოსვლები ხშირად იყო გაჯერებული ქრისტიანული ტერმინოლოგიითა და სახარებისეული სტილით, მიუხედავად იმისა, რომ დებსი ზოგადად რელიგიურ გაერთიანებებსა და თავყრილობებს არასერიოზულად უყურებდა.

ამერიკელი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი თვლიდა, რომ დებსი თითოეული სოციალისტისთვის, ანარქისტისა და რადიკალისთვის სამაგალითო პიროვნება იყო, „მტკიცე და ულმობელი კამათისას და კეთილი და მგრძნობიარე პირად ურთიერთობებში“. ჰეივუდ ბრაუნს დებსისადმი მიძღვნილ პანერგირიკში დებსის ერთ-ერთი სოციალისტი თანამებრძოლის შემდეგი სიტყვები ჰქონდა მოყვანილი: „ამ მტკიცე მზერის კაცს მართლაც სწამს, რომ ადამიანებს ძმურად ცხოვრება შეუძლიათ. და ამ ყველაფერში უცნაური ის არის, რომ, როცა მის გვერდით ვარ, ამისი მეც მწამს.“

მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან „მეფე დებსს“ ეძახდნენ, თავად დებსი თავისი ამგვარი პოზიციით ხშირად უკმაყოფილო იყო. 1906 წელს დეტროიტში გამოსვლისას თქვა: „მე მუშათა წინამძღოლი არ ვარ, არ გთხოვთ რომ მე მომდიოთ, ან ვინმეს მისდიოთ. თუ მოსეს გამოჩენას ელოდებით, რათა კაპიტალისტური სისტემის მარწუხებიდან გაგიყვანოთ და წინ გაგიძღვეთ, გეტყვით, რომ მარწუხებს ვერასდროს დაეხსნებით. რომც შემეძლოს, მაინც არ გაგიძღვებოდით აღთქმული მიწისაკენ, იმიტომ რომ, მე რომ ახლა იქ შეგიძღვეთ, გამოჩნდება ვიღაც, ვინც უკანვე გამოგიტყუებთ. მხოლოდ საკუთარი გონებითა და საკუთარი ხელებით უნდა დააღწიოთ თავი იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა ხართ.“

დებსი ამერიკული მემარცხენე მოძრაობის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად შემორჩა ისტორიას, როგორც აქტივისტი ვინც მე-20 საუკუნის დასაწყისში შეძლო ადამიანთა ორგანიზება დიდი კორპორაციების უსაზღვრო ძალაუფლებისა და პირველ მსოფლიო ომში ამერიკის მონაწილეობის წინააღმდეგ.

ამერიკელი სოციალისტები, კომუნისტები და ანარქისტები დღემდე პატივს მიაგებენ დებსის მიერ გაწეულ შრომას პროფკავშირული მოძრაობების ორგანიზებისა და ამერიკაში ცენტრალიზებული ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სოციალიზმის მშენებლობის მცდელობისათვის. დებსის ცხოვრების შესახებ რამდენიმე წიგნია დაწერილი, სადაც ის წარმოჩენილია აქტივისტად, რომელმაც არაერთი ამერიკელი სოციალისტი შთააგონა.

ვერმონტის შტატის წარმომადგენელს ამერიკელ სენატორ ბერნი სანდერსს თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არაერთხელ განუცხადებია ღიად, რომ დებსის დიდი თაყვანისმცემელია და 1979 წელს დოკუმენტური ფილმიც გადაიღო მის შესახებ შესახებ.

ფილმში სანდერსი ამბობდა: „დებსი ალბათ ყველაზე ეფექტური და პოპულარული ლიდერი იყო, რომელიც ამერიკელ მუშათა კლასს ოდესმე ჰყოლია.“ 1980-იან წლებში, როცა სანდერსი ვერმონტის შტატის ქალაქ ბერლინგტონის მერად მსახურობდა, ქალაქის მერიაში დებსის პორტრეტი ეკიდა. დებსის მემორიალური დაფა სანდერსის კაბინეტში დღემდე კიდია. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის წარმოებული ცნობილი საარჩევნო კამპანიის პერიოდში სანდერსი დებსის სახელს არც ისე ხშირად ახსენებდა, 2020 წლის კამპანიისას ის რეგულარულად უბრუნდებოდა დებსის ფიგურას და დებსის ძირითად მოწოდებას: ხელისუფლებაზე დიდი კორპორაციების გავლენის ზრდისა და სულ უფრო მზარდი ეკონომოკური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას.[7]

დებსი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აშშ-ში გამოდიოდა ისეთი ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნით, როგორიც იყო ბავშვთა შრომისა და ბანკების რეფორმა. ის ასევე იბრძოდა ქალთა საარჩევნო უფლებებისა და შავკანიანთა თანასწორობისათვის. დებსს სიცოცხლის შემდეგ საკუთარი ნაწერები არცერთი ბიბლიოთეკისთვის არ გადაუცია, თუმცა დღეს ინდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავმოყრილია პამფლეტების კოლექცია, რომელსაც ის და მისი ძმა ერთად წერდნენ.

ბერნარდ ბრომელმა, დებსის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის ავტორმა, 1978 წელს თავისი საკვლევი მასალები ჩიკაგოს ნიუბერის ბიბლიოთეკას გადასცა. მასალები მკვლევართათვის ღიაა. დებსის სიცოცხლის შემდეგ გამოცემული ერთადერთი წიგნის, „კედლების და გისოსების“, ხელნაწერი ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული. 1962 წელს იუჯინ დებსის ფონდმა დებსის მშობლიური სახლი შეიძინა და იქ მისი მუზეუმი მოაწყო. მინესოტის შტატში არსებობს ქალაქი დებსი, რომელსაც სახელი დებსის პატივსაცემად ჰქვია.

  • Bernard J. Brommel, "Debs's Cooperative Commonwealth Plan for Workers," Labor History, vol. 12, no. 4 (Fall 1971), pp. 560–569.
  • Bernard J. Brommel, Eugene V. Debs: Spokesman for Labor and Socialism. Chicago: Charles H. Kerr Publishing Co., 1978.
  • Dave Burns, "The Soul of Socialism: Christianity, Civilization, and Citizenship in the Thought of Eugene Debs" in Labor, vol. 5, no. 2 (2008), pp. 83–116.
  • Peter Carlson, Roughneck, The Life and Times of Big Bill Haywood. New York: W.W. Norton, 1983.
  • McAlister Coleman, Eugene V. Debs: A Man Unafraid. New York: Greenberg, 1930.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.dol.gov/general/aboutdol/hallofhonor/inductees
  2. „Eugene V. Debs“. Time. November 1, 1926. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-23. ციტირების თარიღი: 2007-08-21. ციტატა: „As it must to all men, Death came last week to Eugene Victor Debs, Socialist“ დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  3. David A. Shannon, Eugene V. Debs: Conservative Labor Editor”, Indiana Magazine of History, Vol. 47, No. 4 (December 1951), pp. 357-364
  4. 4.0 4.1 Eugene V. Debs, „How I became a socialist”, New York Comrade, 1902
  5. დებსის სიტყვა, წარმოთქმული 1918 წლის 15 ივნისს კანტონში, ოჰაიოში
  6. 6.0 6.1 Eugene V. Debs, Statement to the Court Upon Being Convicted of Violating the Sedition Act, 1918
  7. Paul Buhle, Mari Jo Buhle, “The face of American socialism before Bernie Sanders? Eugene Debs”, 23 მარტი, 2019