შინაარსზე გადასვლა

გიორგი გვაზავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გვაზავა
დაბ. თარიღი 23 აპრილი, 1869(1869-04-23)[1]
დაბ. ადგილი სუჯუნა
გარდ. თარიღი 20 იანვარი, 1941(1941-01-20)[1] (71 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი
დასაფლავებულია ბატინოლის სასაფლაო
საქმიანობა ენათმეცნიერი და ჟურნალისტი
ალმა-მატერი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (დ. 23 აპრილი, 1869 , სოფ. ნოქალაქევი, სენაკის რაიონი — გ. 20 იანვარი, 1941 , პარიზი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი.

ბიოგრაფია

პირველდაწყებით განათლება ნოქალაქევსა და მარტვილში მიიღო, შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიასა და მეორე გიმნაზიაში გააგრძელა. გიმნაზიის ოქროს მედალზე დამთავრებისთანავე, 1889 წელს შევიდა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იყო „კავკასიის სტიპენდიანტი“. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პარიზში გაემგზავრა და ერთი წლის განმავლობაში იყო სორბონის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. 1892-1893 წწ. მონაწილეობა მიიღო ქართული სტუდენტური გაერთიანება „თავისუფლების ლიგის“ შექმნაში, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცეს, მაგრამ, ბრალდების სიმცირის გამო, არ დაუსჯიათ, საქმე წარმოებით შეწყდა. 1895 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცხოვროდა თბილისში და მუშაობდა ადვოკატად, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და სამწერლო მოღვაწეობას, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. 1905 წელს შეადგინა „საქართველოს ავტონომიის სტატუტი“, 1905-1906 წწ. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფუძემდებლური დოკუმენტების შემუშავებაში, თუმცა მაშინ პარტიის დაარსება ვერ მოხერხდა. 1906 წელს გიორგი გვაზავა იყო გაზეთ „ავტონომიური საქართველოს" დაარსების ინიციატორი, მაგრამ გამოცემის სახელწოდებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და საქმე ჩაიშალა. 1907 წელს მისი რედაქტორობით დაფუძნდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „Грузинская мысль“. გაზეთი პირველივე ნომრის გამოცემისთანავე ცენზურამ აკრძალა, ხოლო რედაქტორი გადაასახლეს. 1907 წელს ჩავიდა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის დელეგატებს გადაეცათ მისივე მონაწილეობით შედგენილი „საქართველოს ხალხის მემორანდუმი". 1910 წელს ჟურნალ „ერის" ფურცლებზე დაიბეჭდა მისი წერილების სერია „ჩეხია", რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოიცა. ამ, „სახელმწიფოში არსებული წესწყობილების დარღვევისაკენ მიმართული თხზულების გავრცელებისათვის“ გიორგი გვაზავას ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასმა მიესაჯა.

1917 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერებას ასაბუთებდა. 1917 წ. შედიოდა ოზაკომთან შექმნილი ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, მონაწილეობა მიიღო ტრაპიზონისა და ბათუმის მოლაპარაკებებში ამიერკავკასიასა და ოსმალეთს შორის. იყო ედპ-ს საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, როგორც ყრილობის თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმში აირჩიეს. მოხსენებით გამოვიდა ყრილობის პირველ საკითხზე „საქართველოს ავტონომიის შესახებ“, რომელზეც მიიღეს დადგენილება: „უნდა დამყარდეს პოლიტიკური ავტონომია (თვითკანონმდებლობა) დემოკრატიულ რესპუბლიკურ საფუძველზე აგებული“. ყრილობამ გ. გვაზავა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია, მთავარმა კომიტეტმა კი მას პრეზიდიუმის წევრობა და პარტიის თავმჯდომარის მოადგილეობა დააკისრა. იყო საქართველოს ეროვნულ-ინტერპარტიული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრი. 1917 წლის ნოემბერში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად. 1919 წლიდან იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი, ედპ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, შედიოდა ასევე, კრების სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 წელს გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“.

1921 წლიდან გიორგი გვზავა ემიგრაციაშია და გვევლინება საქართველოს უფლებათა თავდადებულ დამცველად. პარიზში დასახლების შემდეგ იყო „პრომეთეს“ ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1926-1939 წწ. ფრანგულ ენაზე გამოსცემდა ჟურნალ „პრომეთეს“. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. მის კალამს ეკუთვნის რასინის „მითრიდატის“, ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთეს“ და სხვ. თარგმანები. 1938 წელს პარიზში გამოიცა მის მიერ ფრანგულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ (პროზაული ვარიანტი). იყო ქართული ეროვნული ცენტრის წევრი, ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. როდესაც ემიგრაციაში ედპ რამდენიმე ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ ჯგუფს სათავეში ედგა გიორგი გვაზავა. 1928-1931 წლებში პარიზში ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ხუთი წერილი საერთო სათაურით „საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, რომლებშიც აღწერა პარტიის ისტორია დაარსებოდან 1920-იანი წლების შუამდე. მისი რედაქტორობით 1929-1935 წწ. პარიზში გამოდიოდა „საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო“ გაზეთი „საქართველო“. წერდა ფსევდონიმებით: „Politicys“, „X“, „გ. გ“, „მეთვალყურე“, „მკითხველი“, „სტამბოლელი“, „წკიპურტი“.

გიორგი გვაზავა 1941 წელს გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბატინიოლის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.