ადიღეელები
ადიღეელები, ჩერქეზები (ადიღ. адыгэ, кӏахэ) — კავკასიის ჩრდილო-დასასავლეთით მცხოვრები ავტოქტონი ხალხი. საერთო სახელწოდება თანამედროვე ადიღეელებისა, ყაბარდოელებისა და ჩერქეზებისა, რომელთაც გააჩნიათ ერთი ისტორიული წარმომავლობა, საერთო ტრადიციული კულტურა და ახლონათესაური ენობრივი კავშირები. თვითსახელწოდება ადიღეელები, წარმოადგენს ეთნონიმ ჩერქეზების სინონიმს. ეს უკანასკნელი კი მეცნიერთა აზრით (პ. უსლარი, ლ. ლოპატინსკი, გ. მელიქიშვილი და სხვები) მომდინარეობს ანტიკურ ავტორთა თხზულებებში ნახსენები შავი ზღვისპირას კავკასიის ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები ტომთა სახელწოდება „კერკეტი“-დან. საბჭოთა პერიოდში სახელწოდება ჩერქეზებმა შეიძინა ვიწრო ხასიათი და მისით მოიხსენიებოდა მხოლოდ ყარაჩაი-ჩერქეზეთში მცხოვრები ხალხი.
ადიღეელები მჭიდრო გენეტიკურ კავშირში იმყოფებიან უბიხებთან, აფხაზებთან და აბაზებთან. განსაკუთრებით ახლო ეთნოკულტურული, ენობრივი და სოციალურ-პოლიტიკური ურთიერთობა გააჩნდათ უბიხებთან.
XIX საუკუნეში რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ ადიღეელთა უმეტესობა გადასახლებულ იქნა ოსმალეთის იმპერიაში. ამჟამად ადიღეელები ცხოვრობენ თურქეთში, სირიაში, იორდანიაში და სხვა ქვეყნებში. ადიღეელთა შთამომავლები, რომლებიც დარჩნენ თავის ისტორიულ სამშობლოში, ამჟამად ცხოვრობენ ჩრდილო კავკასიაში რუსეთის ფედერაციაში ადიღეს, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკებში.
ადიღეელებმა გამოიარეს განვითარების გრძელი და რთული გზა. მათ გადაიტანეს სვითურ-სარმატულ ტომთა მკაცრი ეპოქა, ღუნთა, გოტთა, ხაზართა ზეწოლა, თათარ-მონღოლთა შემმოსევები და სხვა მრავალი. კავკასიაში მათი სტრატეგიული მდგომარეობიდან ადიღეელები ოსმალეთის იმპერიასა და ყირიმის სახანოს დიდი ხნის მანძილზე უწევდნენ წინააღმდეგობას.
ადიღეელთა ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადიღე-რუსეთის ურთიერთობებს.
ადიღელი ხალხის წინაპარ ტომებად ითვლებიან: ახეები, კერკეტები, მეოტები, სინდები, ტორეტები, ფსესები, ზიხები (ქართული წყაროებით ჯიქები). ძვ. წ. VI - V საუკუნეებში ჩრდილო–დასავლეთ კავკასიის ნაწილში ყუბანსა და შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ. ანტიკურ წყაროებში ყუბანისპირელი ადიღელები მეოტების კრებითი სახელითაც მოიხსენებიან, ხოლო შავიზღვისპირა ადიღური ტომები კი საკუთარი სახელწოდებით (ზიხები (ჯიქები), კერკეტები და სხვა). ჯერ ალანების (I ს.), შემდეგ ჰუნების (IV ს.) მოძალების შემდეგ ადიღეელებმა სამხრეთ–აღმოსავლეთით გადმოინაცვლეს. ქართლის ცხოვრებაში ჯუანშერის მიხედვით, ვახტანგ გორგასალის (V ს.) დროს ადიღეელების ტომებს სათავეში ზიხები (ჯიქები) ჩაუდგნენ:
VIII - IX საუკუნის მიჯნაზე ჯიქეთი შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. X საუკუნის რუსული წყაროები ადიღეელებს კასოგებს უწოდებენ, აღმოსავლურ (სპარსული, არაბული) წყაროები კაშაგებს (ყაშაყებს), კეშეგებს, ქართული წყაროები ქაშაგებს უწოდებენ. მონღოლების შემოსევების დროიდან ადიღეელები ჩერქეზებად იხსენიებიან. XIII - XIV საუკუნეებში ადიღეელების ნაწილი (ყაბარდოელები) მდინარე თერგის აუზში დასახლდა. ამჟამად ადიღეელები ცხოვრობენ ადიღეში, კრასნოდარის მხარის ლაზარევსკის, ტუაპსესა და ნოვოკუბანსკის რაიონებში, სულ რუსეთის ფედერაციაში 125 ათასი კაცი (1989წ აღწერა). ადიღეელები ჩერქეზებთან და ყაბარდოელებთან ერთად კავკასიის უძველეს მკვიდრთან ადიღეების შთამომავლები არიან. ლაპარაკობენ ადიღურ ენაზე რომელიც კავკასიურ ენათა ოჯახს აფხაზურ-ადიღურ ჯგუფს განეკუთვნება.
ანთროპოლოგიურად ყველაზე მეტად ყაბარდოელებს ჰგვანან. XVI საუკუნემდე ქრისტიანები იყვნენ, შემდეგ მათ შორის ისლამი (სუნიზმი) გავრცელდა. XVIII- XIX საუკუნეებში ადიღეელებში შედიოდნენ ნათხვაჯები, ბჟედუღები, აბაძეხები, შაფსუღები, ჭემგუელები, ბესლენები და სხვა მცირე ტომებები (ამჟამად ტომობრივი დაყოფა აღარ არსებობს). ადიღეელების დიდი ნაწილი რუსეთის იმპერიამ XIX საუკუნის 60 წლებში თურქეთში გადაასახლა (მუჰაჯირობა). ადიღეელი საზოგადოებრივი ცხოვრება ფეოდალურ-პატრიარქაული ხასიათის იყო. ისინი უპირატესად სოფლის თემებად ცხოვრობდნენ, მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, მებაღეობას. ვითარდებოდა ხელოსნობა, ოქრომჭედლობა, მეთუნეობა, ლითონის დამუშავება, მჭედლობა და სხვა. ადიღელ ხალხის კულტურასა და ყოფაში (ტანსაცმელი, იარაღი, საოჯახო წყობა, რწმენა-წარმოდგენები, ფოლკლორი და სხვა) ბევრი საერთო აქვს სხვა კავკასიელ ხალხებთან. ადიღეელებს კავკასიელი ხალხებიდან ენითა და კულტურით და ეთნიკურად ენათესავებიან აბაზები, აფხაზები და ქართველები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Кумахов М. А., «Адыгская (черкесская) энциклопедия», Москва, 2006, ISBN 5-99003-371-0.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 93.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Nart Sagas from the Caucasus: Myths and Legends from the Circassians, Abazas, Abkhaz, and Ubykhs. Assembled, translated, and annotated by John Colarusso. (English)
- circassia.blogsome.com ; Only the one independent on net!: information and observations დაარქივებული 2017-09-25 საიტზე Wayback Machine.
- More Nart Tales (English)
- Circassian World (English) დაარქივებული 2009-02-03 საიტზე Wayback Machine.
- Mideast & N. Africa Encyclopedia: Circassians (English)