Nintendo Switch[ა] — Nintendo-ს რიგით მეშვიდე ძირითადი ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც ცნობილია კოდური სახელწოდებით NX. მის შესახებ გაცხადდა 2016 წლის ოქტომბერში[4] და 2017 წლის 3 მარტს გამოვიდა მსოფლიოს მასშტაბით.[5][6] დეველოპერები Switch-ს მიიჩნევენ ჰიბრიდულ კონსოლად; ის დაპროექტებულია, ისე რომ შეუძლია შეასრულოს როგორც სახლის კონსოლის ფუნქცია, ასევე პლანშეტური კომპიუტერის ფუნქცია LCD სენსორული ეკრანის დახმარებით. კონსოლის რეჟიმში მუშაობს სპეციალურად შექმნილი ხელსაწყოს, დოკ-სადგურის მეშვეობით, ხოლო პლანშეტად გამოყენებისთვის საჭიროა მისი სადგურიდან ამოღება, ასევე შესაძლებელია სამაგიდო რეჟიმში დაყენება, რისი წყალობითაც თამაში შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს.[7][8][9]
კონსოლი გამოიყენებს Joy-Con-ის უსადენო კონტროლერს, რომელიც შეიცავს სტანდარტულ ღილაკებს, მოძრაობის დეტექტორს[10] და ახასიათებს მაღალი გარჩევადობის ტაქტილური უკუკავშირი.[11][12] Joy-Con-ს შეუძლია მუშაობა როგორც პლანეშეტურ, ასევე კონსოლის რეჟიმში და აგრეთვე გამოიყენება Wii Remote-ის მსგავს ხელსაწყოდ. Switch-ს გააჩნია ონლაინ გეიმინგის მხარდაჭერა სტანდარტული ინტერნეტ კავშირის მეშვეობით, ისევე როგორც ლოკალური უსადენო ad-hoc ქსელის მხარდაჭერა Switch-ის სხვა კონსოლებთან დასაკავშირებლად.[13][14] მისი თამაშები ვრცელდება სათამაშო კარტრიჯითა და ციფრული დისტრიბუციით და არ აქვს რეგიონალური ბლოკირება. სისტემა ბაზარზე კონკურენციას უწევს მის თანამედროვეებს, Sony-ის PlayStation 4-ს და Microsoft-ის Xbox One-ს.
ნინტენდოს ახალი კონსოლის შექმნა აიძულა 2014 წელს განცდილმა ფინანსურმა დანაკარგებმა, გამოწვეული წინა კონსოლის, Wii U-ის ცუდი გაყიდვებით და ასევე მობილური თამაშების მხრიდან კონკურენციით.[15] პრეზიდენტმა სატორუ ივატამ კომპანიას უბიძგა მობილური გეიმინგისა და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისკენ. კონსოლის დიზაინი მიმართულია მოთამაშეების ფართო დემოგარაფიის მოსაზიდად. ნინტენდომ გადაწყვიტა აერჩია უფრო სტანდარტული ელექტრონული კომპონენტები, როგორიც არის ჩიპსეტზე დაფუძნებული Nvidia-ს Tegra-ს ხაზი,[16] რათა გაეადვილებინა კონსოლთან მუშაობა პროგრამისტებისთვის და თავსებადი ყოფილიყო ყველა არსებულ თამაშის ძრავებთან. Wii U-ისგან განსხვავებით, რომელიც ყველანაირად ცდილობდა გარე დეველოპერების მხარდაჭერას, თუმცა ამ მხრივ კრახი განიცადა,[17] ნინტენდომ წინასწარ დაიწყო მესამე მხარის დეველოპერებისა და გამომცემლების ძებნა, რათა დახმარებოდნენ Switch-ის ვიდეო თამაშების ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. გამოსვლამდე კომპანიამ განაცხადა, რომ დაახლოებით 100 თამაში 70 დეველოპერის მიერ შემუშავების სტადიაში იმყოფებოდა.[18]
გამოსვლიდან ერთ თვეში გაიყიდა სისტემის 2.74 მილიონი ასლი და იქცა ყველაზე სწრაფად გაყიდვად კონსოლად ნინტენდოს ისტორიაში. ხოლო 2022 წლის ივნისის მონაცემით გაყიდულია 111 მილიონი ასლი.[2] კონსოლის ყველაზე გაყიდვადი თამაშია 2017 წელს გამოსული „Mario Kart 8 Deluxe“ 46.82 მილიონი გაყიდული ეგზმპლარით, რომელსაც უმაღლესი შეფასებები ჰხვდა წილად ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. 2020 წლის სექტემბერში გამოვიდა კონსოლის პორტატიული ვერსია Nintendo Switch Lite.