შინაარსზე გადასვლა

Boletus pinophilus

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Boletus pinophilus

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Boletus pinophilus Pilát & Dermek, 1973
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090237

Boletus pinophilus — სოკოს სახეობა ბოლეტუსის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს გარდა ანტარქტიდისა.

ერთ-ერთ ძვირფას სოკოდ ითვლება. გამოიყენება ისევე როგორც დათვისსოკო. მიკორიზას უპირატესად ქმნის ფიჭვთან, იშვიათად ნაძვთან და ფოთლოვან ხეებთან (წიფელი, მუხა, წაბლი, რცხილა). იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა იტალიელმა მიკოლოგმა კარლო ვიტადინიმ 1835 წელს როგორც Boletus edulis var. pinicola.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭეს მიკოლოგებმა ალბერტ პილატმა და აურელ დერმეკმა 1973 წელს.[2] წლების განმავლობაში Boletus pinophilus მიიჩნეოდა დათვისსოკოს ერთ-ერთ ნაირსახეობად. 2008 წელს ჩატარებული გენეტიკური კვლევის შემდეგ Boletus pinophilus დამოუკიდებელ სახეობად ითვლება.[3]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus aestivalis var. pinicola (Vittad.) Sacc., 1910
  • Boletus pinicola Vittad., 1863
  • Boletus edulis f. pinicola (Vittad.) Vassilk., 1966
  • Boletus edulis subsp. pinicola 
    (Vittad.) Konrad & Maubl.

ქუდის დიამეტრი — 8-25 (6-30) სმ, ამოზნექილი (ბალიშისებრი ან ნახევარსფეროსებრი) შემდეგ რამდენადმე გაშლილი, ზედაპირი გლუვი ან არათანაბარი, მეჭეჭებიანი ან ხორკლიანი, ნესტიან ამინდში ოდნავ ლორწოვანი, მშრალი — მქრქალი. კანი არ სცილდება ქუდს, მუქი ყავისფერი ან წითელ-ყავისფერი, ზოგჯერ იისფერი ელფერით,[4] კიდეები შედარებით ღია — მოვარდისფროდან თითქმის თეთრამდე (ნორჩობაში).

რბილობი — მკვრივი, ხორცოვანი, გაჭრისას ფერს არ იცვლის, ქუდის კანქვეშ მომურო-წითელი ან ვარდისფერია. გემოზე მოტკბოა, ახასიათებს სოკოს ან მოხალული თხილის სასიამოვნო სუნი.

ფეხი — როგორც წესი მოკლე და მსხვილი, სიგრძე — 7-16 სმ, სისქე — 3-10 სმ, მთლიანი, ხშირად ძირსკენ ძლიერ გასქელებული. ზედაპირი თეთრი ან ოდნავ მომურო, დაფარულია მოწითალო ან ღია ყავისფერი თხელი ბადით, რომელიც განსაკუთრებით შეიმჩნევა ზედა ნაწილში.

მილების შრე — თავისუფალი, ღრმად ამოკვეთილი ფეხთან, თეთრი, მოგვიანებით მოყვითალო ზეთისხილისფერ-მწვანემდე. მილები 1,5—2 სმ, ფორები მომრგვალო, წვრილი.

სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერ-მურა ან ყვითელ-მწვანე. სპორები — 17 х 4,5-5,5 მკმ,[5][6] თითისტარისებრი, გლუვი.

ზოგჯერ გვხვდება მუქი წითელი ფორმა (Boletus pinophilus var. fuscoruber (Forq.) Cetto 1987), კიდევ უფრო სქელი, მოწითალო-ყავისფერი ფეხით.

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკორიზას ქმნის უპირატესად ფიჭვთან, იშვიათად ნაძვთან და ფოთლოვან ხეებთან (წიფელი, მუხა, წაბლი, რცხილა). იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ტყეებში ქვიშიან და მჟავე ნიადაგზე, ხშირად გვხვდება მთებში ზღვის დონიდან 2000 მეტრომდე.

გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპაში. აგრეთვე გვხვდება მცირე აზიასა და სამხრეთ დასავლეთ აზიაში,[7] ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში (ჩილე), სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.[7]

სეზონი: — ივნისიდან ოქტომბრამდე.

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთ ძვირფას სოკოდ ითვლება. იხმარება ახალი, შემწვარი, გამხმარი,[8] დამწნილებული და დამუჟუჟებული. გახმობის შემდეგ მისი გემო და არომატი კიდევ უფრო ძლიერდება. ამატებენ შერეული სოკოებისგან მომზადებულ კერძებში, აგრეთვე ხორციან სოუზებსა და წვნიანებში. სოკოს ჭრიან მცირე ნაწილებად და ყინავენ.

მისი შეგროვება დაუშვებელია დაბინძურებულ რაიონებში, რადგანაც იგი ადვილად შეიწოვს ისეთ მძიმე მეტალებს როგორებიცაა ვერცხლისწყალი, კადმიუმი, სელენი.[9][10] გარდა ამისა, მომზადებმადე აუცილებელია ფორული შრის მოშორება ქუდიდან, რადგანაც დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ მასში შეინიშნება.[11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Vittadini, Carlo (1835) Descrizione dei funghi mangerecci più comuni dell'Italia e de' velenosi che possono co' medesimi confondersi. Milan: Rusconi, გვ. 168–170. 
  2. Albert Pilát: „Boletus pinophilus nomen novum pro Boletum pinicolam (Vittadini 1835) Venturi 1863”, Česká Mykologie nr. 27, Praga 1973, p. 6-8
  3. Beugelsdijk, D.C.M.; van der Linde, S.; Zuccarello, G.C. (2008). „A phylogenetic study of Boletus section Boletus in Europe“ (PDF). Persoonia. 20: 1–7. doi:10.3767/003158508X283692. PMC 2865352. PMID 20467482. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-07-27.
  4. Pavol Škubla, Wielki atlas grzybów, Poznań: Elipsa, 2007, ISBN 978-83-245-9550-1.
  5. Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 77-78, ISBN 3-426-00312-0
  6. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 470-471, ISBN 3-405-11774-7
  7. 7.0 7.1 Gallardi, Matteo (2020) „Diversity, Biogeographic Distribution, Ecology, and Ectomycorrhizal Relationships of the Edible Porcini Mushrooms (Boletus s. str., Boletaceae) Worldwide: State of the Art and an Annotated Checklist“, რედ. Pérez-Moreno, Jesús: Mushrooms, Humans and Nature in a Changing World: Perspectives from Ecological, Agricultural and Social Sciences. Cham, Switzerland: Springer, გვ. 236–237. ISBN 978-3-030-37378-8. 
  8. Gerhardt, Grzyby – wielki ilustrowany przewodnik, Warszawa: Klub dla Ciebie – Bauer-Weltbild Media, 2006, ISBN 83-7404-513-2.
  9. Falandysz, Jerzy; Jędrusiak, Aneta; Lipka, Krzysztof; Kannan, Kurunthachalam; Kawano, Masahide; Gucia, Magdalena; Brzostowski, Andrzej; Dadej, Monika (2004). "Mercury in wild mushrooms and underlying soil substrate from Koszalin, North-central Poland". Chemosphere. 54 (4): 461–466. Bibcode:2004Chmsp..54..461F.
  10. Cocchi, Luigi; Vescovi, Luciano; Petrini, Liliane E.; Petrini, Orlando (2006). "Heavy metals in edible mushrooms in Italy". Food Chemistry. 98 (2): 277–284. doi:10.1016/j.foodchem.2005.05.068.
  11. Benjamin, Denis R. (1995). Mushrooms: Poisons and Panaceas — a Handbook for Naturalists, Mycologists and Physicians. New York: WH Freeman and Company. p. 123. ISBN 0-7167-2600-9.