ჰააფსალუ ყოფ. ჰაფსალი (ესტ.Haapsalu) — ქალაქი ესტონეთში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ჰააფსალუს კონცხზე, რომელიც ზღვაში ღრმად იჭრება. ლიაენემაას მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ჰააფსალუ მოსახლეობის რადენობის მიხედვით (10 165 კაცი; 2012 წ.) სიდიდით მეხუთე ქალაქია ტალინის, ტარტუს, ნარვას და პიარნუს შემდეგ.
დაარსდა XIII საუკუნეში, როგორც საეპისკოპოსოს ცენტრი. კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ეპისკოპოსის სასახლე, რომლის თანამედროვე სახე XVI საუკუნით თარიღდება. აღსანიშნავია აგრეთვე ქალაქის შუა საუკუნეების კედლების ფრაგმენტები, ქალაქის თავის საგუშაგო კოშკი და მთელ ბალტიისპირეთში ერთადერთი ნავიანი ეკლესია მისი მრგვალი საკურთხევლით (XIV საუკუნე).
1775 წელს აგებულ ხის ერთსართულიან შენობაში, რომელიც ადრე ქალაქის რატუშას წარმოადგენდა, დღეს განლაგებულია ქალაქის მუზეუმი. ქალაქი მდიდარია ხის ძველი სახლებით, რომელნიც უპირატესად ძველ უბნებშია კონცენტრირებული. ჰააფსალუს ხედები ფართოდაა ცნობილი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული შვედრი მხატვრის ილონ ვიკლანდის მიერ, რომელიც ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო წიგნების ილუსტრატორი იყო.
ცნობილია რკინიგზის სადგურის ისტორიული შენობა. (1904. არქ. კ. ვერჰეიმი). მისი ნაწილია ე. წ. „იმპერიული პავილიონი“, სადაც თანამედროვე რკინიგზის მუზეუმია გახსნილი. სამგზავრო ბაქანთან ერთად მისი სიგრძე 216 მ-მდე იზრდება და ამდენად, სწორედ აქ მდებარეობს ევროპაში ყველაზე გრძელი სარკინიგზო ბაქანი.