შინაარსზე გადასვლა

ჯეინ ადამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეინ ადამსი

ჯეინ ადამსი, ფოტოსურათი გადაღებულია 1926 წელს
დაბადების თარიღი 6 სექტემბერი, 1860 წელი
კედერვილი, ილიონისი, ამერიკის შეერთებული შტატები
გარდაცვალების თარიღი 21 მაისი, 1935 წელი
ჩიკაგო, ილიონისი, ამერიკის შეერთებული შტატები
განათლება როკფორდის ქალთა უნივერსიტეტი
საქმიანობა სოციალური მუშაკი, პოლიტიკური აქტივისტი, ავტორი და ლექტორი, თანასაზოგადოების ორგანიზატორი, საჯარო ინტელექტუალი
მშობლები მამა: ჯონ ჰ. ადამსი
დედა: სარა ვებერი (ადამსი)
ჯილდოები ნობელის პრემია მშვიდობის დარგში (1931) წელი
ხელმოწერა

ჯეინ ადამსი (ინგლ. Jane Adams; დ. 6 სექტემბერი, 1860 – გ. 21 მაისი, 1935), ცნობილია როგორც სოციალური მუშაობის „დედა“ — ამერიკული კოლონიზაციის აქტივისტი/რეფორმატორი, სოციალური მუშაკი, საჯარო ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ავტორი, ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვებისა და მსოფლიო მშვიდობის ლიდერი. ელენ გეიტისთან ერთად ის არის ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ახალშენის თანადამფუძნებელი, ჩიკაგოს ჰული სახლი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალშენი ამერიკაში. ეპოქაში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები იყვნენ თეოდორ რუზველტი და იუდროუ უილსონი ითვლებოდნენ რეფორმატორებად და სოციალურ აქტივისტებად, ადამსი კი იყო გაძლიერებული, მზარდი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეფორმატორი. ის დაეხმარა ამერიკას სარჩელი შეეტანა და ყურადღება გამოეჩინა იმ კითხვებზე, რომლებიც გამოწველი იყო დედების შეშფოთებით, ბავშვების მოთხოვნილებების უგულვებელყოფით, ადგილობრივი გაუმართავი ჯანდაცვით და მსოფლიო მშვიდობის სურვილით. საკუთარ ესეში „ქალთა ჩართულობა ქალაქის მთავრობის საქმეებში“, ჯეინ ადამსი აღნიშნავდა კავშირს მთავრობის მოხელეებსა და დიასახლისებს შორის, სადაც ნათლად ჩანდა, რომ მთავრობის ბევრი დეპარტამენტი, როგორიც იყო სანიტარია და ბავშვების განათლება, შესაძლებელი იყო ამ სფეროში ჩართულები ყოფილიყვნენ ქალებიც. მაშასადამე, ეს იყო საკითხები, რომლებშიც ქალებს უფრო მეტი ცოდნა გააჩნდათ ვიდრე მამაკაცებს, ამიტომ ქალებს უნდა მისცემოდათ უფლება გამოეხატათ თავიანთი საუკეთესო მოსზრებები. ჯეინი ამბობდა, რომ თუ ქალები პასუხისმგებელნი იქნებოდნენ თავიანთი საზოგადოების გასუფთავებაში და ეცდებოდნენ საუკეთესო ადგილად ექციათ საზოგადოება, მათ უნდა მისცემოდათ თავიანთი ხმის დაფიქსირების უფლება. ადამსი გახდა მთავარი მასწავლებელი საშუალო კლასის ქალბატონების, რომლებსაც სურდათ მიეღოთ განათლება და აემაღლებინათ საკუთარი სახელი საზოგადოებაში. იგი სულ უფრო მეტად აღიარებული ადამიანი ხდებოდა ამერიკული პრაგმატიზმის ფილოსოფიის სკოლაში, და ცნობილია, როგორც პირველი ქალი „ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში საზოგადოების ფილოსოფოსი“. 1889 წელს ის გახდა ჰულ სახლის თანადამფუძნებელი, ხოლო 1920 წელს ის იყო ACLU-ს თანადამფუძნებელი. 1931 წელს ის გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღი ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ჯეინი ასევე აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივი სამუშაოს, როგორც პროფესიის დამფუძნებლად.

ჯეინ ადამსი დაიბადა ილინოისის შტატში, სიდარვილში, ბრიტანულ-ამერიკულ უბანში. ის იყო მერვე შვილი ჯონ ჰიუ ადამსისა (1822-1881) და სარა ადამს-ვებერის (1817-1863) ცნობილ და შეძლებულ ოჯახში. ჯონ ჰიუ ადამსი ცნობილი ბიზნესმენი, ილინოისის შტატის სენატორი და ილინოისის რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი წევრი იყო, აბრაჰამ ლინკოლნის მეგობარი და მხარდამჭერი მისი სენატორობის, შემდეგ კი საპრეზიდენტო კამპანიის დროს. ის ასევე გახლდათ ფრიპორტის მეორე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მის საკუთრებაში შედიოდა ხე-ტყის ბიზნესი, მსხვილი მსხვილფეხა საქონელი; წისქვილი, ქარხნები და ფაბრიკები. ჯეინი აღმერთებდა მამას, როგორც საკუთარ მემუარებში „ოცი წელი ჰალ ჰაუსში“ (1910) აღწერს. სარა ვებერი, ჯეინ ადამსის დედა, მეუღლეზე ხუთი წლით უფროსი, ასევე ძველი პენსილვანიური დასახლებიდან იყო, ისევე როგორც ჯონ ადამსი. 1863 წელს, როდესაც ჯეინი იყო 2 წლის, სარა გარდაიცვალა მეცხრე ბავშვთან ერთად, რომელზეც იმ დროს ორსულად იყო. 1868 წელს, რვა წლის ჯეინმა ასევე დაკარგა ოთხი დედმამიშვილი, რომელთაგან სამი მცირეწლოვანი იყო, ერთი კი 16 წლის. დედის გარდაცვალების შემდეგ, ჯეინზე მისი უფროსი დები ზრუნავდნენ. ამავე წელს, ჯეინის მამა ხელმეორედ დაქორწინდა ფრიპორტის მეწისქვილის ქვრივზე, ანა ჰოლდმენზე, რომელიც შემდგომ გარკვეულ წვლილს შეიტანს ჯეინის შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში.

ჯეინი ბავშვობაში ბევრს კითხულობდა, ასევე ესწრებოდა საკვირაო სკოლას, თუმცა ადრეული ასაკიდან აღმოაჩნდა ხერხემლის დაავადება, ე.წ „პოტის ავადმყოფობა“, რომელმაც ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა გამოიწვია მისი მთელი ცხოვრების განმავლობაში. გარდაცვალებამდე, ჯეინის დედა - სარა ადამსი გამოირჩეოდა ხელგაშლილობით და ლოიალურობით ღარიბების მიმართ, რაც ჯეინისთვის შთამაგონებელი იყო. გარდა ამისა, ლიტერატურა რომელსაც ის კითულობდა, მათ შორის დიკენსი, ხელს უწყობდა მისი ემპათიის განმტკიცებას ღარიბების მიმართ. ჯეინს ბავშვობიდან სურდა რაიმე სასარგებლო გაეკეთებინა სამყაროსთვის, რაც ძირითადად მისი ლიტერატურული სიმპათიებით იყო ნაკვები, ამიტომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო ექიმი, რომელიც იმუშავებდა ღარიბებისთვის. ხერხემლის პრობლემების გამო, ჯეინის მამამ გადაწყვიტა ჯეინს სახლთან ახლოს ესწავლა. ის მხარს უჭერდა რომ ჯეინს გაეგრძელებინა განათლების მიღება. თავდაპირველად, ჯეინი ესწრებოდა სმიტსის კოლეჯის ქალთათვის განკუთვნილ ლექციებს მასაჩუსეტსში, თუმცა მალევე გადმოვიდა სახლთან ახლოს, როკფორდის ქალთა სემინარიაში (ახლანდელ როკფორდის უნივერისტეტში) ილინოისში. როკფორდში ის ეცნობოდა კულტურის ისტორიას და ოცნებობდა ენახა მსოფლიო შედევრები ცოცხლად, კითხულობდა ძირითადად კლასიკოს და რომანტიკოს მწერლებს, როგორიცაა თომას კარლაილი, ლევ ტოლსტოი, მეთიუ არნოლდი და სხვები.

1881 წელი ჯეინისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო. მან დაამთავრა როკფორდის ქალთა სემინარია, და იმედოვნებდა სწავლის გაგრძელებას სამედიცინო განხრით, თუმცა მოულოდნელად, ჯონ ადამსი გარდაიცვალა ბრმანაწლავის შეტევით. ადამსმა მამისგან დიდი მემკვიდრეობა მიიღო - ისევე როგორც მისმა სხვა დედმამიშვილებმა. თითოეულს წილად 50 000$-მდე ხვდა წილად, რაც 2016 წლის ექვივალენტით 1,32 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ შემდგომში, ჯეინს საკუთარი იდეების განხორციელებაში ძალიან ეხმარება ეს კაპიტალი.

1881 წლის ზაფხულში მან ვერ გააგრძელა სწავლა ფილადელფიის სამედიცინო სკოლაში. გადაიტანა ზურგის მძიმე ოპერაცია, რომელიც თვეების განმავლობაში საწოლში წოლას მოითხოვდა, ისევე როგორც მძიმე ქამრებისა და კორსეტების ტარებას. გარდა ამისა, ჯეინს გარკვეული უთანხმოება ჰქონდა დედინაცვალთან, ანა ჰოლდმენთან, რომელსაც მისი დაქორწინება სურდა. ამ ყველაფერმა მასზე მძიმედ იმოქმედა. ელენ გეიტს სთარისადმი მიწერილ წერილებში, რომელიც მისი კოლეჯის მეგობარი იყო, ის საუბრობს უიმედობაზე, იმაზე რომ არ იცის რომელი მიმართულებით წავიდეს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს დროებითია.

აღსანიშნავია, რომ როკფორდის ქალთა სემინარია მაშინ მხოლოდ ორ არჩევანს იძლეოდა ქალებისთვის: მონაზვნობას, ან ქალ მისიონერობას თურქეთის მსგავს ქვეყნებში. ჯეინს არ მოსწონდა არცერთი ვარიანტი. მას ასევე არ სურდა ქორწინება და დიასახლისობა. 1883 წელს, ჯეინის დედინაცვალი ანა ჰოლდმენი იღებს გადაწყვეტილებას, რომ სხვადასხვაა სტრესებისგან თავის დასაღწევად, ოჯახმა იმოგზაუროს ევროპაში. ჰოლდმენი საკმაოდ კულტურული და დახვეწილი ქალი იყო, კარგი კავშირებით სახელოვნებო წრეებში.

ორი სამოგზაურო ტური ევროპაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა ქმნის ექვს ადამიანიან ჯგუფს, რომელშიც ერთ-ერთი ჯეინია. 1883 წელს ჯგუფმა მოიარა ევროპაში არსებული თითქმის ყველა მუზეუმი, გალერეები, ლიტერატურული წრეები და ღირსშესანიშნაობები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის მკითხველებისთვის შესაძლოა საინტერესო ყოფილიყო. ადამსი ამ დროს 23 წლისაა. მათ იმოგზაურეს შოტლანდიაში, ნიდერლანდებში, ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, იტალიაში, შვეიცარიაში. ისინი ესწრებოდნენ კონცერტებსა და წარმოდგენებს ოპერებსა და თეატრებში, შეისწავლეს არქიტექტურა და ა.შ ადამსის შესახებ ლიტერატურაში ამ მოგზაურობას დიდი ადგილი უჭირავს. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც სამი სხვადასხვა კონტექსტისა და პროფესიის ადამიანის წარმატებას იკვლევს „მოგზაურობის გამოცდილება ლიდერობის ფორმირებაში“, ავტორი, ჯეიმზ ჰანტი წერს რომ აღნიშნულმა მოგზაურობამ ჯეინს შესძინა კოსმოპოლიტური დახვეწილობა და ინტელექტუალურ საუბრებში კარგად ჩართვის, ინტელექტუალურ წრეებში ადვილად ინტეგრაციის უნარები.

თავად ჯეინი საკუთარ ავტობიოგრაფულ ჩანაწერებში წერს, რომ ეს პირველი მოგზაურობა იყო ძალიან ინფორმაციული, თუმცა მას კვლავ უჭირს მიმართულების არჩევა, რომელსაც მეორე მოგზაურობა აგვირგვინებს. ტური 1885 წლამდე გაგრძელდა. ჯეინი სახლში ბრუნდება ევროპული კულტურით განათლებული. მისი მემკვიდრეობა მას აძლევს საშუალებას, იცხოვროს კომფორტული და უზრუნველყოფილი ცხოვრებით, იყოს წარმატებული ბიზნესმენი, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება ოჯახის ფინანსების განკარგვით, თუმცა მას სხვა მიზნები აქვს. საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის, ის მეორედ გეგმავს მოგზაურობას, ახლა უკვე დედინაცვლის გარეშე, მის უახლოეს მეგობართან, ელენ გეიტს სთართან და სხვა მეგობრებთან ერთად. ჯორჯ ელიოტისა და ტოლსტოის წიგნებისაგან შთაგონებული, ევროპაში მეორედ მოგზაურობის მიზანი შედარებით განსხვავებულია პირველისგან: კულტურა მას კვლავ აინტერესებს, თუმცა, ამჯერად უფრო მეტად ის, თუ როგორ ცხოვრობენ იქ ღარიბები და სხვადასხვა სოციალური ფენები. მეორე სამოგზაურო ტური 1887 წელს იწყება.

ადამსი აგროვებდა ინსპირაციას იმისგან, რასაც კითხულობდა. მონუსხული ადრეული ქრისტიანებით და ტოლსტოის წიგნით „ჩემი რელიგია“, ის მოინათლა ქრისტიანად სიდარვილის პრესვიტერიანულ ეკლესიაში 1886 წლის ზაფხულში. ჯუზეპე მაზინის “კაცის ვალდებულებების” წაკითხვის შემდეგ, ის ასევე შთაგონებულია დემოკრატიის იდეით, რომელიც მისთვის სოციალური იდეალი ხდება. ადამსი დაბნეულია თავისი, როგორც ქალის როლით ამაში. ჯონ სტიუატ მილის „ქალის არსება“ ეხმარება მას განამტკიცოს საკუთარი ფიქრები ქალის მიმართ სოციალურ ზეწოლაზე დაქორწინებისა და ოჯახისთვის ცხოვრების მიძღვნის საკითხებში. მას არ სურს იყოს არც ქრისტიანი დიასახლისი, არც ქალი მისიონერი. მას რაღაც სხვა სურს.

მეორე მოგზაურობისას ჯეინ ადამსი ინტერესდება ეგრეთ წოდებული „Settlement“ სახლებით, რომელიც ამ დროს რამდენიმე ადგილას არსებობს ევროპაში. ადამსმა გადაწყვიტა ენახა პირველი ასეთი სახლი „Toynbee Hall“ ლონდონში. ეს იყო კემბრიჯის სტუდენტების დაფუძნებული და დაფინანსებული დასახლება, რომლებსაც სურდათ ადგილობრი ღარიბი მოსახლეობისთვის რამე სასარგბელო გაკეთებინათ. ადამსმა რამდენიმე დღე გაატარა დამფუძნებლებთან, ჰენრიეტა და სემუელ ბენეტებთან დისკუსიაში, ისინი საუბრობდნენ ქრისტიანობის როლზე სოციალური პრობლემების აღმოფხვრაში. შთაბეჭდილებებით სავსე ადამსმა ელენ გეიტს სთართან ერთად გადაწყვიტა მსგავსი სახლი აშშ-შიც დაეარსებინა. 1910 წლის ავტობიოგრაფიაში ადამსი წერს: „პასიური პერიოდი მთავრდებოდა. როგორც იქნა დავასრულე მუდმივი „მზადება ცხოვრებისთვის“ და მყარი დარწმუნებულობა შევიძინე, როგორ ცუდადაც არ უნდა ვყოფილიყავი მომზადებული“.

ადამსმა გააცნობიერა, რომ „სოციალური სახლი“ იყო სივრცე, სადაც იქამდე წარმოუდგენელი კავშირები ჩნდებოდა სხვადასხვა კულტურებს, კლასებს შორის, იზრდებოდა ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სიკეთეებზე ღარიბებისთვის. ორმა ხანგრძლივმა მოგზაურობამ შედეგი გამოიღო. პირველმა მოგზაურობამ ჯეინს მისცა მაღალ კლასებთან ურთიერთობის გამოცდილება და უნარი, ხოლო მეორე მოგზაურობამ დაბალ კლასებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი და გამოცდილება. სწორედ ამ ორის სინთეზი იყო საფუძველი შემდგომში სეთლმენთ მოძრაობის შექმნისათვის, რათა შეძლებულ, განათლებულ ადამიანებს მოხალისეობრივად ეცხოვრათ და ემუშავათ ღარიბებისა და ემიგრანტებისათვის მათ გვერდით.

დაბრუნებისთანავე, 1887 წელს, ჯეინმა პუბლიკაციებისა და სტატიების გამოქვეყნება დაიწყო, ის იყო საკმაოდ დამაჯერებელი ავტორი. ის ეძებდა მოკავშირეებს. ფაქტობრივად, მან შექმნა ახალი სასურველი საქმიანობა კოლეჯდამთავრებული, განათლებული, შეძლებული გოგონებისათვის. ადამსმა შეკრიბა ნიჭიერი, გონებაგახსნილი ქალები, რომლებსაც სურდათ წვლილი შეეტანათ ღარიბი სამეზობლოების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

სოციალური სახლი, რომლის ჩამოყალიბებასაც ადამსი და სთარი გეგმავდნენ, განსხვავებული უნდა ყოფილიყო ლონდონის „Toynbee Hаll“-ისგან, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების სპეფიციკასა და ლოკალურ კონტექსტზე უნდა ყოფილიყო მორგებული. ჩიკაგოს მოსახლეობის 78 % ამ დროს იყო საზღვარგარეთ დაბადებული ან საზღვარგარეთ დაბადებულის შვილი და არსებობდა უამრავი ემიგრანტთა დასახლება, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, რომლებიც ძირითადად ღარიბები იყვნენ. გარდა ამისა, თავად ისინი (ჯეინი და მისი გარმოცვა) იყვნენ ქალები და სურდათ სხვა ქალების დახმარება, ამიტომ ყურადღებას ამახვილებდნენ ისეთ პრობლემებზე, რომლებიც ქალთა და ბავშვთა საკითხებზე იქნებოდა ორიენტირებული.

1889 წელს, ადამსი და უკვე მისი საყვარელი ელენ გეითს სთარი, ადამსის ფინანსებით იწყებენ ჩიკაგოში ჩარლზ ჰალის მიერ აშენებული ძველი შენობის განახლებას. ვინაიდან აღნიშნულ ინიციატივას ჰყავს მხარდამჭერები და შემომწირვებელებ, ნელ-ნელა ადამსის დანახარჯი მცირდება. შეძლებული ქალები ხდებიან გრძელვადიანი დონორები სახლისა, რომელიც სულ მალე აღდგენილი და აღჭურვილია ყველანაირი საჭიროებით, ავეჯის ჩათვლით. მოკლე დროში, ადამსს და სთარს სხვა ქალებიც ემატებიან და სახლი 25 ქალის რეზიდენცია ხდება, სადაც მიმდინარეობს კვლევა, ემპირიული ანალიზი, სწავლა, დებატები და სხვა პროცესები. ჰალ ჰაუსის იდეაა რომ პრივილეგირებული, განათლებული ახალგაზრდა ადამიანები გახდნენ გარშემო არსებული სამეზობლოების დამხმარენი. ძირითადი რეზიდენტი ქალები ასევე არიან პროფესიული კავშირების, სუფრაჟისტული მოძრაობის მხარდამჭერები და წევრები ეროვნული მომხმარებელთა ლიგისა.

„ჰალ ჰაუსს“ მალევე ურთდება ექიმი ჰარიეტ ალიენ რაისი, რომელსაც ღარიბი ოჯახებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სურს. „ჰალ ჰაუსის“ პროგრამა წლების განმავლობაში ვითარდება და ითვალისწინებს ღამის სკოლას მოზარდებისათვის, კლუბებს უფრო დიდი ასაკის ბავშვებისთვის, საჯარო სამზარეულოს, ხელოვნების გალერეას, სპორტდარბაზს, გოგონების კლუბს, აბანოს, მუსიკალურ სკოლას, ბიბლიოთეკას, თეატრის წრეს და თეატრს, შეხვედრებისთვის ოთახს, დასაქმების ბიუროს და სასადილოს. მოზარდთა ღამის სკოლა წინმსწრებია გახანგრძლივებული საგანმანათლებლო კლასებისა, რომლებსაც დღეს მრავალი უნივერსიტეტი გვთავაზობს. გარკვეული დროის შემდეგ, „ჰალ ჰაუსი“ გახდა 13 შენობიანი კომპლექსი, რომელიც მათ შორის მოიცავდა საზაფხულო ბანაკს (Bowen Countrey Club) და სათამაშო მოედანს.

გამორჩეული ასპექტი “ჰალ ჰაუსისა”, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადამსისთვის, ხელოვნების პროგრამაა, რომელიც ადამიანებს დამოუკიდებლად ფიქრის განვითარებაში ეხმარებოდა. ადამსი ხელოვნებას ხედავდა როგორც გასაღებს, რომელიც მოხსნიდა ბოქლომს ქალაქში არსებულ განსხვავებებს კოლექტიური ინტერაქციით, საერთო თვითგამორკვევით, რეკრეაციით და წარმოდგენით. ხელოვნება განუყოფელი ნაწილი იყო მისი ხედვისა, თუ როგორი უნდა იყოს და რას უნდა ემყარებოდეს ჯანმრთელი საზოგადოება, რომელიც დაუსრულებლად გადაწერს კულტურულ იდენტობებს ინტერკულტურალიზმით.

ედუარდ ბატლერის დაფინანსებით, ადამსმა გახსნა ჰალ ჰაუსის საგამოფენო დარბაზი და ხელოვნების სტუდია. პირველ სართულზე განთავსებული იყო ჩიკაგოს საჯარო ბიბლიოთეკის ფილიალი, მეორე სართულზე კი ბატლერის ხელოვნების გალერეა, სადაც ცნობილი ნამუშევრების რეპროდუქციები იყო წარმოდგენილი, ისევე როგორც ადგილობრივი არტისტების ნამუშევრები. სამეზობლოსთან ურთიერთობის უფრო და უფრო გაღრმავების პარალელურად, ეს სივრცეები ქმნიდა შესაძლებლობას გაზრდილიყო ღარიბებში ხელოვნებაზე ხელმისაწვდომობა. კულტურა გახდა უმნიშვნელოვანესი ნაწილი ემიგრანტთა ცხოვრებისა და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მუშათა კლასის ბავშვებს შეეძლოთ ევლოთ ხელოვნების წრეებზე. ადამსმა, ელენ გეითს სთარის დახმარებით დააარსა ჩიკაგოს საჯარო სკოლის სახელოვნებო საზოგადოება (CPAS), რომელშიც ბავშვები სწავლობდნენ შემოქმედებით საქმიანობას, ასევე, ამ სკოლას დაჰყავდა სტუდენტები საველე ექსკურსიებზე ჩიკაგოს სხვადასხვა მუზეუმებში.

„ჰალ ჰაუსი“ გახდა სივრცე სისტემური ცვლილებებისთვის: ადამსი ამ საქმიანობთ ცდილობდა, ოჯახები დაცულები ყოფილიყვნენ, განვითარებულიყო ჯგუფური და საზოგადოებრივი ურთიერთობები და ცხოვრების პირობები გაუმჯობესებულიყო.

პოლიტიკური შეხედულებები და საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სთარმა და ადამსმა განავითარეს სამი ეთიკური პრინციპი სოციალური დასახლებებისთვის: მაგალითით სწავლება, პრაქტიკული კოოპერაცია და სოციალური დემოკრატია პრაქტიკაში, რომელიც, ეგალიტარიანული ან დემოკრატიული პრინციპია სოციალური ურთიერთოებებისთვის კლასებს შორის. „ჰალ ჰაუსი“ უზრუნველყოფდა შერეულ პროგრამას სამოქალაქო, კულტურული, რეკრეაციული და საგანმანათლებლო აქტივობებისა და იზიდავდა ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან. ადამსს ჰქონდა ახლო ურთიერთობა ჩიკაგოს ინტელექტუალებთან და ფილანტროპებთან. „ჰალ ჰაუსი“იყენებდა უკანასკნელ სამეცნიერო მეთოდოლოგიებს, რათა შეესწავლა არსებული დაავადებები, ბავშთა ქცევა, სიკვდილიანობა, სხვადასხვა სოციალური პროცესები. „ჰალ ჰაუსის“ ჯგუფი გახდა ჩართული ქალაქის და შტატის მასშტაბის კამპანიებში უკეთესი საცხოვრებლისთვის, საჯარო კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის, ბავშთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მშრომელი ქალების დაცვისთვის.

ადამსის ფილოსოფია აერთიანებდა ფემინისტურ მგრძნობელობას სოციალური პირობების გაუმჯობესების დაუღალავ სურვილთან, რაც მისთვის მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევის გზით მიიღწეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეყრდნობოდა ფემინისტებს, სოციალისტებს, პაციფისტებს, უარს ამბობდა დაერქვათ მისთვის კონკრეტული პოლიტიკური სახელი. ეს უარი იყო უფრო პრაგმატული, ვიდრე იდეოლოგიური.

ადამსი მუშაობდა სხვადასხვა რეფორმისტულ ჯგუფებთან ერთად, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებზე, უძრავი ქონების გაქირავების რეგულაციებზე, ქალებისთვის რვასაათიან სამუშაო დღეზე, საწარმოთა ინსპექციებზე და მუშათა ანაზღაურებაზე. ის ადვოკატირებდა კვლევებს, რომლებიც მიმართული იყო სიღარიბისა და დანაშაულების მიზეზების დადგენაზე. ასევე ძლიერად ადვოკატირებდა სამართალს ემიგრანტების, აფროამერიკელების, უმცირესობათა ჯგუფებისათვის. იმ პროექტებს შორის, რომლებიც “ჰალ ჰაუსის” წევრებმა წამოიწყეს, არის ასევე „ემიგრანტთა დაცვის ლიგა“, „არასრულწლოვანთა დაცვის ასოციაცია“ და პირველი სასამართლო არასრულწლოვანთა საქმეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, არასრულწლოვანთა ფსიქიატრიული კლინიკა.

1898 წელს, ადამსი შეუერთდა ანტი-იმპერიალისტურ ლიგას, რომელიც ოპოზიციას უწევდა აშშ-ს მიერ ფილიპინების ანექსიას. ჩიკაგოს თავისუფლების შეხვედრაზე 1899 წელს, რომელიც ორგანიზებული იყო აშშ-ს იმპერიალისტური მიზნების გასაპროტესტებლად ფილიპინებში, ჯეინ ადამსი იყო ერთადერთი ქალი სპიკერი რვა პლენარული მომხსენებლიდან.

ადამსი ასევე მუშაობდა ამერიკელ ფილოსოფოს, ჯორჯ მიდთან და ჯონ დიუსთან ერთად სოციალურ რეფორმებზე, როგორიცაა ქალთა უფლებების გავრცელება და ბავშვთა შრომის დასრულება. 1910 წელს, ის მონაწილეობდა მედიაციაში ტანსაცმლის ფაბრიკის მშრომელების გაფიცვისას. ეს გაფიცვა აერთიანებდა ქალ მშრომელებს, ეთნიკურობას, სამუშაო პირობებს და ადამსისთვის მნიშვნელოვან სხვა სოციალურ საკითხებს.

ადამსი იყო ახლადჩამოყალიბებებული პროგრესივისტული პარტიის მხარდამჭერი, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პარტიის ფორმირებასა და გაძლიერებაში. სწორედ მან დაასახელა თეოდორ რუზველტი პარტიის კრებაზე საპრეზიდენტო კანდიდატად და 1912 წელს, აქტიურად უჭერდა მხარს რუზველტის საპრეზიდენტო კამპანიას.

1915 წელს ის გახდა მშვიდობის ქალთა პარტიის წევრი და აირჩა ეროვნულ თავმჯდომარედ. ადამსი ასევე მიწვეული იყო ევროპის ქალთა მშვიდობის აქტივისტების მიერ ქალთა საერთაშორისო კონგრესზე ჰააგაში 1915 წლის აპრილში, სადაც არჩეულ იქნა კომისიის თავმჯდომარედ, რომელიც ომის დამთავრებას ისახავდა მიზნად. ეს გულისხმობდა შეხვედრებს 10 ნეიტრალური ქვეყნის ლიდერებისა, რომლებსაც ომის პროცესში მედიაციის როლი უნდა ეთამაშათ. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი გლობალური ძალისხმევა ომის წინააღმდეგ. ადამსი თანადელეგატებთან ერთად დოკუმენტირებას ახდენდა მათი გამოცდილებისა, რაც შემდგომში აისახა წიგნში „ქალები ჰააგაში“ ადამსი არჩეულ იქნა ქალთა საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტად მუდმივი მშვიდობისათვის. 1919 წელს, ციურიხში გამართულ პრეზენტაციაზე საერთაშორისო კომიტეტმა ჩამოაყალიბა ქალთა საერთაშორისო ლიგა მშვიდობისა და თავისუფლებისათვის (WILPF).

1917ში ის გახდა ასევე „შერიგების ამხანაგობის“ წევრი, რომელიც მოგვიანებით დაარსებული შერიგების საერთაშორისო ამხანაგობის (1919 წელს დაარსებულის) ერთ-ერთი შტო იყო. 1917 წელს, როცა აშშ ჩაერთო ომში, ადამსმა დაიწყო სამხედრო პოლიტიკის მკაცრი კრიტიკა. ადამსი ეწინააღმდეგებოდა აშშ-ს იმპერიალისტურ პოლიტიკას - ინტერვენციონიზმს, ექსპანსიონიზმს და იყო ამერიკული დომინაციის წინააღმდეგი საგარეო პოლიტიკის ასპექტებში. მისმა 1915 წელს წარმოთქმულმა სიტყვამ „კარნეგი ჰოლში“, სადაც მან შეაჩვენა ომი, როგორც კატაკლიზმა, რომელიც კლავს ადამიანურ გონივრულობას, სოლიდარობას, სამოქალაქო თანამეგობრობას და სხვა სიკეთეებს და ოჯახებს მთელი მსოფლიოს გარშემო რთავს ბრძოლაში, გააღიზიანა პატრიოტული ძალები, რომლებიც აშშ-ს ომში ჩართვის მომხრენი იყვნენ. ამ სფიჩმა მიიღო უარყოფითი გამოხმაურება ისეთ გაზეთებში როგორიცაა ნიუ-იორკ თაიმსი, რომელმაც მას არაპატრიოტული უწოდა. ეს დამოკიდებულება გაგრძელდა პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე ადამსის მიმართ მედიისა და პატრიოტული ძალებისაგან. ომის შემდგომაც კი, WILFP-ის პროგრამა მშვიდობისა და განიარაღებისთვის იწვევდა გაღიზიანებას. მას ოპონენტები ახასიათებდნენ როგორც ზედმეტად რადიკალურს, კომუნისტურად-შთაგონებულს, არაპატრიოტულს და სხვა.

„აიღეთ ჯეინ ადამსის საქმე. რა ბოროტებითაც არ უნდა შეამკოს ის ნიუ იორკ თაიმსმა - ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ქალი, მხოლოდ იმიტომ რომ მან საჯაროდ თქვა მარტივი სიმართლე“ - წერდა ოსკარ გარისონ ვირალდი მის დასაცავად. 1920 წელს, ადამსი თანადამფუძნებელია ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების გაერთიანებისა (ACLU). მოგვიანებით, მოგზაურობისას ის შეხვდა სხვადასხვა დიპლომატებს და სამოქალაქო ლიდერებს რამაც გააძლიერა მისი ვიქტორიანული რწმენა ქალების განსაკუთრებულ მისიაზე მშვიდობის შენარჩუნებისთვის. სწორედ ამ ძალისხმევებმა მიიყვანა ადამსი ნობელის პრიზამდე მშვიდობის დარგში 1931 წელს. როგორც პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც ეს პრიზი მოიგო, ადამსი აღიარებულ იქნა ასევე მისი წვლილისთვის ამერიკის დემოკრატიის არსებითად განვითარებაში. მან პრიზით მიღებული ფულის დონაცია მთლიაანად განახორციელა ქალთა ინტერნაციონალურ ლიგაში მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

ადამსი ასევე იყო მშვიდობის ფილოსოფოსი და თეორეტიკოსი. მშვიდობის თეორეტიკოსები ხშირად ასხვავებენ ნეგატიურ და პოზიტიურ მშვიდობას. ნეგატიური მშვიდობა დგას ომის ან ძალადობის არარსებობაზე. პოზიტიური მშვიდობა კი გაცილებით რთულია. ის მოითხოვს საზოგადოებას რომელიც დგას სამართლიანობაზე, ურთიერთთანამშრომლობაზე, ურთიერთობების ხარისხზე, წესრიგზე, თავისუფლებაზე და ჰარმონიაზე. ადამსის ფილოსოფია იყო ეს უკანასკნელი. ის ორიენტირდებოდა არა მხოლოდ მსოფლიო მშვიდობაზე ომის და ძალადობის მოსპობის კუთხით, არამედ მშვიდობაზე და ჰარმონიაზე სამეზობლოებში, ქალაქებში, ხალხთა, კლასთა, კულტურათა შორის. სწორედ ამიტომ, უკვე XXI საუკუნეში ადამსს უკვე განიხილავენ, როგორც ადრეულ დემოკრატ სოციალისტს ამერიკაში.

სოციალური მუშაობა და სოციოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეინ ადამსი მთელი არსებით იყო ჩართული სოციოლოგიის, როგორც დისციპლინის ჩამოყალიბებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ჰალ ჰაუსმა“ შესაძლებელი გახადა ადამსის დამეგობრება ჩიკაგოს სოციოლოგიის სკოლის ადრეულ წევრებთან. ის აქტიურად თანამშრომლობდა სოციოლოგიის სფეროში არსებულ აკადემიურ გამოცემებთან. გამოაქვეყნებული აქვს ხუთი სამეცნიერო სტატია „ამერიკის სოციოლოგიის ჟურნალში“ 1896-1914 წლებში. მისმა პრაქტიკამ და თეორიამ ინტელექტუალური გავლენა მოახდინა ჩიკაგოს სოციოლოგიის სკოლის წევრების მიერ მოგვიანებით არჩეულ მიმართულებებზე. 1893 წელს, „ჰალ ჰაუსის“ რეზიდენტებთან თანაავტორობით, ადამსმა გამოსცა ესსეების და დოკუმენტების კრებული „ჰალ ჰაუსის ესსები და დოკუმენტები”, რომლებშიც შედიოდა მაშინ სოციალურ სახლში შესრულებული პირველი სტატისტიკური რუკები და სოციალური პროცესების კვლევისას გამოყენებული ინოვიაციური მეთოდოლოგიების ამსახველი მასალები. სწორედ აქ გამოყენებული მეთოდოლგიები გამოიყენეს შემდგომ ჩიკაგოს სოციოლოგიის სკოლაში, რომელიც „ჰალ ჰაუსის“ დაარსებიდან 3 წელიწადში დაფუძნდა და მისი პირველი არატენუირებული პროფესორები იყვნენ სწორედ „ჰალ ჰაუსის“ რეზიდენტი ქალები.

რეფორმისტის როლი ადამსს საშუალებას აძლევდა, ემუშავა ფიზიკურ და სოციალურ გეოგრაფიაზე ჩიკაგოს სამეზობლოში. თანამედროვე აკადემიური სოციოლოგები მის საქმიანობას უწოდებენ „სოციალურ სამუშაოს“, თუმცა ადამსის ძალისხმევა ტიპური „სოციალური მუშაკების“ პროფესიისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა ინტელექტუალური თვალსაზრისით, ისევე, როგორც პრაქტიკით. მერი ჯო დიგანი, მის 1988 წლის წიგნში „ჯეინ ადამსი და ჩიკაგოს სკოლის კაცები, 1892-1918“ ადამსს ღირსეულ ადგილს უმკვიდრებს ამ დისციპლინაში. 2001 წელს, ჯო ფიგინი, შემდგომში პრეზიდენტი ამერიკის სოციოლოგთა ასოციაციისა, ადამსს უწოდებს აშშ-ში სოციოლოგიის ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელს და მოუწოდებს თავის კოლეგებს, კვლავ ირწმუნონ ამ პროფესიის აქტივისტური ფესვებისა და სოციალური სამართლიანობისათვის ერთგულების შესახებ.

მემკვიდრეობა და ხსოვნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამსი დაკრძალულია სიდარვილის სასაფლაოზე, ილინოისის შტატში. მთავარი მემკვიდრეობა, რომელიც ჯეინ ადამსმა დატოვა, უკავშირდება „ჰალ ჰაუსის“ შექმით მის გარშემო მთელი სოციალური სტრუქტურის აგებას, საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერებას მრავალი მიმართულებით, ქალთა გაძლიერებას და მათი საზოგადოებრივი როლის განხორციელების პრაქტიკებსა და ტრადიციას აშშ-ში და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლის ტრადიციაში მნიშვნელოვან წვლილს.

ილინოისის შტატში 2007 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება ჯეინ ადამსის დღე 10 დეკემბერს. ჩიკაგოში განთავსებულია მისი მემორიალური პარკი. ასევე, ილინოისის ჩრდილოეთ გზატკეცილს ჰქვია ჯეინ ადამსის მემორიალური გზატკეცილი. ჰალ ჰაუსის შენობების უმეტესობა 1960-იანი წლებიდან გადაკეთებულია ჩიკაგოში ილინოისის უნივერსიტეტის კამპუსებად, თუმცა რეზიდენციის შენობა შენახულია როგორც ჯეინ ადამსის მუზეუმი. ჩიკაგოში ილინოისის უნივერსიტეტში ასევე არსებობს ჯეინ ადამსის სოციალური მუშაობის კოლეჯი. ადამსის სახელობის უმაღლესი სკოლები ასევე არსებობს კლევლენდში, ოჰაიოში და ბრონქსში, ნიუ იორკში.

  • [Berson, Robin Kadison. Jane Addams: a biography (2004), 140pp.]
  • excerpt and text search Brown, Victoria Bissell. The Education of Jane Addams: Politics and Culture in Modern America. (2003). 421 pp.]
  • [Davis, Allen F. American Heroine: The Life and Legend of Jane Addams (1973), 339pp, solid scholarship but tends toward debunking]
  • [Diliberto, Gioia. A Useful Woman: The Early Life of Jane Addams. (1999). 318 pp.]
  • online edition დაარქივებული 2011-02-11 საიტზე Wayback Machine. , by a leading conservative scholar Elshtain, Jean Bethke. Jane Addams and the Dream of American Democracy: A Life Basic Books: 2002]
  • Chambers, Clarke A. "Women in the creation of the profession of social work." Social Service Review 60, no. 1 (1986): 1-33.
  • Shields, Patricia, ed. Jane Addams: Progressive pioneer of peace, philosophy, sociology, social work and public administration. Vol. 10. Springer, 2017.
  • Davis, Allen F. "Jane Addams and American urban reform." Revista de Estudios Norteamericanos, 4, 29-33 (1995).
  • Murrin, John M., Paul E. Johnson, James M. McPherson, Alice Fahs, and Gary Gerstle. Liberty, equality, power: A history of the American people. Cengage Learning, 2011.
  • Naveh, Eyal J. Crown of Thorns. NYU Press, 1992.
  • Shepler, Sherry R., and Anne F. Martina. "“The revolt against war”; Jane Addams’ rhetorical challenge to the patriarchy." Communication Quarterly 47, no. 2 (1999): 151-165.
  • Caves, Roger W. Encyclopedia of the City. Routledge, 2004.
  • Cullen-DuPont, Kathryn. Encyclopedia of Women's History in America. Infobase Publishing, 2014.
  • Elshtain, Jean Bethke, and Jean Elshtain. Jane Addams and the dream of American democracy. Basic Books, 2002.
  • Morris, Edward K. "The Metaphysical Club: A Story of Ideas in America. New York: Farrar, Straus, and Giroux, 2001 by Louis Menand." 9
  • Knight, Louise W. Citizen: Jane Addams and the struggle for democracy. University of Chicago Press, 2008.
  • Berson, Robin Kadison. Jane Addams: a biography. Greenwood Publishing Group, 2004.
  • Linn, James Weber. Jane Addams: a biography. University of Illinois Press, 2000.
  • Kloppenberg, James T., and Richard Wightman Fox. "A companion to American thought." (1998).
  • Hunt, James B. "Travel experience in the formation of leadership: John Quincy Adams, Frederick Douglass and Jane Addams." Journal of Leadership Studies 7, no. 1 (2000): 92-106.
  • Davis, Allen F. American heroine. New York: Oxford University Press, 1973.
  • Addams, Jane. Twenty years at hull-house. University of Illinois Press, 1990.
  • Messinger, Lori, and Deana F. Morrow, eds. Case studies on sexual orientation and gender expression in social work practice. Columbia University Press, 2006.
  • Lundblad, Karen Shafer. "Jane Addams and social reform: A role model for the 1990s." Social Work 40, no. 5 (1995): 661-669.
  • Wade, Louise C. "The heritage from Chicago's early settlement houses." Journal of the Illinois State Historical Society (1908-1984) 60, no. 4 (1967): 411-441.
  • Silverberg, Helene, ed. Gender and American social science: The formative years. Princeton University Press, 1998.
  • Murphy, Erin L. "Women's anti-imperialism,“The White Man's Burden,” and the Philippine-American War: Theorizing masculinist ambivalence in protest." Gender & Society 23, no. 2 (2009): 244-270.
  • Gustafson, Melanie. Women and the Republican Party, 1854-1924. University of Illinois Press, 2001.
  • Hamington, Maurice. The social philosophy of Jane Addams. University of Illinois Press, 2009.
  • Addams, Jane, Emily Greene Balch, and Alice Hamilton. Women at the Hague: The International Congress of Women and its results. University of Illinois Press, 2003.
  • Bussey, Gertrude Carman, and Margaret Tims. Women's International League for Peace and Freedom, 1915-1965: a record of fifty years' work. Allen & Unwin, 1965.
  • Brittain, Vera. The Rebel Passion: A Short History of Some Pioneer Peace-makers. Routledge, 2019.
  • Addams, Jane. Peace and bread in time of war. University of Illinois Press, 2010.
  • Diehl, Paul F. "Thinking about peace: Negative terms versus positive outcomes." Strategic Studies Quarterly 10, no. 1 (2016): 3-9.
  • Shields, Patricia M., and Joseph Soeters. "Peaceweaving: Jane Addams, positive peace, and public administration." The American Review of Public Administration 47, no. 3 (2017): 323-339.
  • Lathrop, Julia. "Hull House as a sociological laboratory." In Proceedings of the National Conference of Charities and Corrections, vol. 21, pp. 313–324. 1894.
  • Deegan, Mary Jo. Jane Addams and the men of the Chicago School, 1892-1918. Routledge, 2017.
  • Wilson, Scott. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons. McFarland, 2016.
  • Feagin, J. "Presidential Address. Social Justice and Sociology: Agendas for the Twenty-First Century." American Sociological Review 66 (2001): 1-20.
  • Deegan, Mary Jo. "Jane Addams, the Hull-House school of sociology, and social justice, 1892 to 1935." Humanity & Society 37, no. 3 (2013): 248-258.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]