შინაარსზე გადასვლა

ხალდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხალდია (ბერძ. Χαλδία, ხალდია) — აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის (თურქეთი) მთიანეთში მდებარე ისტორიული რეგიონი. ტერმინი დაკავშირებულია ანტიკურ ხანაში არსებულ ხალხთან, რომლებიც ამ რეგიონში სახლობდნენ, მათ ხალდებს (ან ხალიბებს) უწოდებდნენ. 840 წლებში, ხალდია იყო ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი თემი, ცნობილი როგორც ხალდიის თემი (ბერძ. θέμα Χαλδίας). შუა საუკუნეების მიწურულს, ყოფილი თემის ტერიტორიაზე, დასაბამი დაედო ტრაპიზონის იმპერიას.

თავდაპირველად, სახელი ხალდია გუმუშჰანეს [1] ირგვლივ მდებარე მთიანეთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შუა საუკუნეებში, სახელმა მოიცვა შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპირო ტერიტორიაც. პონტოს მთებში ფორმირებული, ხალდია ჩრდილოეთით გარშემორტყმული იყო შავი ზღვით, აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ლაზიკა, იბერიის დასავლეთი ნაწილი, სამხრეთით ერზინჯანი, ერზურუმი, დასავლეთით კი პონტოს დასავლეთი ნაწილი. მისი მთავარი ქალაქები იყო ორი ანტიკური ბერძნული კოლონია, კერასუსი (გირესუნი) და ტრაპეზუსი. სამხრეთით მდებარე მთიანეთი, ცნობილი როგორც მესოხალდია (შუა ხალდია), უფრო მეჩხრად იყო დასახლებული და VI საუკუნის ისტორიკოსის პროკოპის მიერ, ის აღწერილია როგორც მიუწვდომელი, მაგრამ მდიდარი სხვადასხვა მინერალური წიაღისეულით, განსაკუთრებით ტყვიით, მაგრამ ასევე ოქროთი და ვერცხლით. აქ მდებარე მაღაროების მეშვეობით, რეგიონის ძირითად დასახლებას არგიროპოლისი (ვერცხლის ქალაქი თანამედროვე გუმუშჰანე) ეწოდა.

პირველი ადგილობრივი მოსახლეობა, ხალიბები, მოიხსენიება როგორც, ერთ-ერთი პირველი რკინის გამომგონებელ ტომად[2]. მართლაც ფოლადს ბერძნულად ხალიბას (ბერძ. χάλυβας)[3] ჰქვია, რაც შესაძლოა მათგან გამომდინარე ეწოდა. პირველი ბერძნული კოლონია ტრაპეზუსი, დაარსებული მილეტელი ბერძენი ვაჭრების მიერ, დათარიღებულია ძვ. წ. 756 წლით. ბერძნული კოლონიზაცია შემოიფარგლებოდა მხოლოდ სანაპირო ტერიტორით. მოგვიანებით, რომაელების კონტროლის ქვეშაც, სიტუაცია ანალოგიურად დარჩა, რომი მხოლოდ ნომინალურად მოიცავდა ტომებს პონტოს მთიანეთში[1]. პონტოს მთიანეთი ჯერ კიდევ დასახლებული იყო მეომარი ხალხებით, მაკრონებითა და სანებით, თუმცა საანპირო რეგიონები, ეკუთვნოდა რომაულ პროვინცია პონტოს სამეფოს. მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორმა, იუსტინიანე I-მა (527–565 წწ.) გააქრისტიანა[4], შემდგომ კი ცენტრალურ ხელისუფლებას დაუქვემდებარა ისინი. იუსტინიანემ მთელი რეგიონი, ტრაპეზუსსთან ერთად, დაუქვემდებარა ახლად შექმნილ პროვინცია არმენია I მაგნას.

VII საუკუნის მეორე ნახევარში, თემების სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, პონტოს რეგიონი გახდა არმენიაკონის თემის ნაწილი, თავდაპირველად როგორც ხალდიის სამმართველო, შემდეგ კი ხალდიის ნახევრად-საერისთავო. 840 წლისთვის, და შესაძლოა უფრო ადრე 824 წელს, ის წარმოადგენდა დამოუკიდებელ თემს[5][6][7]. IX და X საუკუნის არაბი გეოგრაფები სხვადასხვაგვარად აღწერენ თემს: იბნ ხორდადბეჰი აღწერს, რომ თემი ითვლიდა 6 ციხესიმაგრეს, ქუდამა იბნ ჯაფარის ცნობით თემის ჯარი 4000 ითვლიდა.

1091–1098 და 1126–1140 წლებში თემი პრაქტიკულად ავტონომიური იყო ბიზანტიის იმპერიისაგან. პირველ პერიოდში იგი, თურქ-სელჩუკების მიერ მოწყვეტილი იყო ბიზანტიის იმპერიისაგან, ხოლო შემდგომ პერიოდში, მმართველი კონსტანტინე გაბრასი აჯანყდა იმპერატორ იოანე II კომნენოსის წინააღმდეგ. 1204 წელს, IV ჯვაროსნული ომის შედეგად, ბიზანტიის იმპერიის დაშლასთან ერთად, რეგიონი გახდა ახალი სახელმწიფოს, ტრაპიზონის იმპერიის ნაწილი, რომელმაც 1461 წლამდე გასტანა. საბოლოოდ ტრაპიზონის იმპერია ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Talbert 2000, p. 1226.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-19. ციტირების თარიღი: 2015-12-31.
  3. Smith 1854, p. 602.
  4. Evans 2000, p. 93.
  5. Pertusi 1952, p. 138
  6. McGeer, Nesbitt და Oikonomides 2001, p. 85
  7. Treadgold 1995, p. 31.