შინაარსზე გადასვლა

ციციშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციციშვილთა გერბი

ციციშვილები — ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, ფანასკერტელების ჩამომავლები. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ბაგრატ V-ს ტაოდან ქართლში გადმოუსახლებია ფანასკერტის მფლობელი ზაზა და მძოვრეთის ხეობაში (მდ. ძამაზე) მამულები უბოძებია. მის განაყოფთ მამულები ნიჩბისში მიუღიათ. შემდეგ ზაზამ ნასისხლად მიიღო ორბოძლელთა მამულები ხვედურეთში. მისი ერთ-ერთი მემკვიდრე, თაყა, მეფე ალექსანდრე I-ის დაახლოებული პირი იყო. ვახტანგ IV-ის გამეფების შემდეგ თაყას ურთიერთობა მეფესთან გამწვავდა. მან თავი შეაფარა და ყმად გაუხდა მეფის ძმას, დიმიტრის. თაყას მემკვიდრეები ერთგულად ემსახურებოდნენ მეფე გიორგი VIII-ს, ებრძოდნენ მის წინააღმდეგ აჯანყებულ ბაგრატს (შემდგომ ბაგრატ VI). ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ ისინი ქართლის მეფე კონსტანტინეს ერთგულობდნენ. ამ დროისათვის ჩამოყალიბდა მათი სათავადო: 1467 წ., ჯერ კიდევ უფლისწულობაში კონსტანტინემ ზაზა (II) ფანასკერტელს გაუახლა მამულების მფლობელობა და დამატებით უბოძა უფლისციხე, ქვახვრელი და კარალეთი ეკლესიითურთ; უფრო გვიან კი ზაზას შვილს, ციცის, თავადობა უბოძა. ციცის შთამომავლები უკვე ციციშვილებად იწოდებოდნენ, მათი სათავადო კი - საციციანოდ. მე-18 საუკუნეში ციციშვილებს მამულები ჰქონდათ ხვედურეთში, ძამისა და გუჯარეთის ხეობებში, გვერდისძირში. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ციციშვილები კეთილშობილთა რიგებში აღირიცხნენ და შესაბამისი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.