ფრენკ ანდერვუდი (ბანქოს სახლი)
ფრენსის „ფრენკ“ ანდერვუდი (ინგლ. Francis J. Frank Underwood) — გამოგონილი პერსონაჟი, სერიალ „ბანქოს სახლის“ ამერიკული ადაპტაციის მთავარი გმირი და პროტაგონისტი. პერსონაჟი დაფუძნებულია „ბანქოს სახლის“ ბრიტანული ვერსიის მთავარ გმირ ფრენსის არქართზე. ფრენკ ანდერვუდი დაქორწინებულია კლერ ანდერვუდზე (რობინ რაიტი). მიუხედავად ამისა, პირველ სეზონში მას ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ზოი ბარნსთან (კეიტ მარა). ანდერვუდის პერსონაჟი სერიალი პირველივე სერიაში გამოჩნდა.
მისი მშობლიური შტატია სამხრეთი კაროლინა, გაფნის ოლქი. მან დაამთავრა სენტინელის სამხედრო აკადემია (სამხ. კაროლინას სამხედრო კოლეჯის, ციტადელის ანალოგი) და ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მთელი სერიალის განმავლობაში, ანდერვუდი არაერთხელ ანგრევს ე.წ. „მეოთხე კედელს“. ორიგინალურ გახმოვანებაში, ფრენკს სამხრეთული აქცენტი აქვს. პირველ სეზონში, ანდერვუდი წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის პარტიული ორგანიზატორია, მეორე სეზონში — ახლადდანიშნული ვიცე-პრეზიდენტი. მეოთხე სეზონში, პრეზიდენტ გარეტ უოკერის გადადგომის შემდეგ, 2014 წელს, პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. 2016 წლის არჩევნებში იგი თავის ოპონენტს, უილ კონვეის ამარცხებს და კიდევ 4 წლით იკავებს ოვალურ კაბინეტს. მეხუთე სეზონში იგი პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს.
სეიალში ანდერვუდის პერსონაჟი ნაჩვენებია, როგორც მანიპულატორი, მიმნებებლი, უსინდისო, ფსიქოფატი და ზოგჯერ ბოროტიც. სერიალის განმავლობაში, სხვადასხვა გზით, იგი „მიწასთან ასწორებს“ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის იმათაც, ვისაც იგი თავის მეგობრებს უწოდებდა. პირადად ფრენკმა მოკლა სამი ადამიანი, „შეუკვეთა“ მკვლელობა და ხელი შეუწყო სამოქალაქო პირის მკვლელობას პოლიტიკური მიზნებისთვის.
როლის შესრულებისთვის კევინ სპეისიმ დადებითი შეფასება მიიღო კრიტიკოსებისგან და მაყურებლებისგან. გარდა ამისა, იგი ნომინირებული იქნა არაერთ ჯილდოზე.[1][2][3][4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Handler, Rachel. ‘House Of Cards’ Has Been Renewed For A Fifth Season, But Not Everybody Is Coming Back. ციტირების თარიღი: July 6, 2016.
- ↑ Lyons, Margaret. House of Cards Has a Frank-and-Claire Problem. ციტირების თარიღი: July 6, 2016.
- ↑ bady, aaron. 'House of Cards' Should Stop Trying to Be 'The West Wing'. ციტირების თარიღი: July 6, 2016.
- ↑ Sepinwall, Alan. 'House of Cards' season 2 in review: It gets weaker the more you watch. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 9, 2016. ციტირების თარიღი: July 6, 2016.