შინაარსზე გადასვლა

ურბანული განახლება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურბანული კონტრასტი ცინცინატიში, ოჰაიო.
შინძუკუს ჩრდილოეთი ნაწილის განახლება, ტოკიო, იაპონია.

ურბანული განახლება (ინგლ. Urban Renewal, ან Urban Regeneration) — წინააღმდეგობრივი პროგრამა აშშ-სა და მრავალ სხვა განვითარებულ ქვეყანაში, რომელიც მიზნად საშუალო და მჭიდროდ დასახლებული ქალაქური უბნების გადახალისებას ისახავს. ეს პროცესი გვიან 1940-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქალაქის ზოგად იერზე. ეს მექანიზმები გადამწყვეტ როლს ასრულებს მსოფლიოს ქალაქების ისტორიასა და დემოგრაფიაზე, მათ შორის: პეკინის, მელბურნის, გლაზგოს, ბოსტონის, ვარშავის, სან-ფრანცისკოსა და ბილბაოს განახლებაში. ყველაზე ხშირად ციტირებულ ნიმუშთა შორისაა კანარი-ვარფი ლონდონში და კარდიფი უელსში.

ურბანულ განახლებას თან მრავალი წინააღმდეგობა სდევს და ტიპურად მოიცავს მცირე თუ დიდი წარმოებების დანგრევას, ადამიანთა გადასახლებას და უძრავი ქონების ნაციონალიზაციას ქალაქის მთავრობის მიერ ჩაფიქრებული საზოგადო მიზნებისთვის განკუთვნილი პროექტების განხორციელებისთვის. გამართლება, რომელსაც ხშირად ურბანული განახლების პროექტებისთვის იყენებენ, არის დაკნინებული საცხოვრებელი უბნების, კომერციული და ინდუსტრიული კვარტლების გადახალისების აუცილებლობა. ამ პროექტებს, როგორც წესი, სოციალურად ნაკლებად დაცული საზოგადოების ფენები ეწირება.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ურბანულმა განახლებამ სწრაფი ურბანული განაშენიანება გამოიწვია გარეუბნებში, ქალაქის ძველი უბნები კი ახალი გზატკეცილებისა და ავტოსტრადებისთვის დაინგრა.

ურბანული განახლების ეფექტი ფაქტობრივ გადახალისებაზე ინტენსიური დებატების საგანია. მის დამცველთა მტკიცებით ის ეკონომიკური მამოძრავებელი ძალაა, ოპონენტები კი მას მდიდართა კიდევ უფრო გამდიდრების მექანიზმად აღიქვამენ ღარიბთა და გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე. მისი საფასური საკმაოდ მაღალია არსებული უბნებისთვის, ვინაიდან მრავალ შემთხვევაში ასეთი პროექტები ქალაქის ამ "ცოცხალი ორგანიზმების" განადგურებით სრულდება.

თავდაპირველი ურბანული განახლების პროექტების ჩავარდნის გამო ქალაქმგეგმავები და საზოგადოებრივი აქტივისტები ცდილობენ ფოკუსი გადაიტანონ არსებული ურბანული გაერთიანებების (თემების, უბნების, კვარტლების) სოციალურ გადახალისებაზე. დროთა განმავლობაში ურბანული განახლება გადაიზარდა პოლიტიკაში, რომელიც ნაკლებად ეყრდნობა ნგრევას და მეტად გადახალისებასა და რეინვესტიციას, რაც ამჟამად მრავალი ადგილობრივი მმართველობის სამოქმედო გეგმის ინტეგრირებული ნაწილია. ეს პროგრამები ასევე მოიცავს ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებას. თუმცა, მიუხედავად ამ ახალი ადაპტირებული ფორმისა, ურბანული განახლების პროექტები ხშირად ხდება მთავრობის კორუფციისა და თავნებობის წყარო.