უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2018-19 — უეფა-ს მიერ მოწყობილი ჩემპიონთა ლიგის 64-ე გათამაშება (27-ე იმის შემდეგ, რაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა).
დაიწყება 2018 წლის 26 ივნისს საკვალიფიკაციო ეტაპით და დასრულდა 2019 წლის 1 ივნისს მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე გამართული ფინალით.
თუ რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ქვეყნის ასოციაციას ტურნირზე დამოკიდებულია მის მდებარეობაზე უეფა-ს ასოციაციათა რეიტინგში. 2016 წლის 9 დეკემბერს უეფა-მ დაამტკიცა ახალი ფორმატი, რომელიც ძალაში შევა 2017-2018 წლების სეზონის შემდეგ. მთავარი ცვლილებები ასოციაციების მიერ წარდგენილ კლუბთა რაოდენობას შეეხო, კერძოდ:
ასოციაციათა რეიტინგის პირველ ოთხეულში მყოფ თითოეულ ასოციაციას ეყოლება 4 წარმომადგენელი (ოთხივე ავტომატურად კვალიფიცირდება ჯგუფურ ეტაპზე).
ასოციაციათა რეიტინგის მე-5 და მე-6 ადგილზე მყოფ თითოეულ ასოციაციას ეყოლება 3 წარმომადგენელი (ორი ჯგუფურ ეტაპზე, ერთი - შესარჩევ ეტაპზე).
ასოციაციათა რეიტინგის 7-15 ადგილზე მყოფ თითოეულ ასოციაციას ეყოლება 2 წარმომადგენელი (ორივე შესარჩევ ეტაპზე).
ასოციაციათა რეიტინგის 16-55 ადგილზე მყოფ თითოეულ ასოციაციას (ლიხტენშტეინის გარდა, რადგან იგი არ ატარებს ეროვნულ ჩემპიონატს. ლიხტენშტეინის თასის გამარჯვებული კვალიფიცირდება ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო ზოგიერთ ლიხტენშტეინის კლუბს აქვს შვეიცარიის ეროვნულ ჩემპიონატებში ასპარეზობის უფლება) ეყოლება ერთი წარმომადგენელი (შესარჩევ ეტაპზე).
2018-2019 წლების უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისთვის ძალაშია უეფა-ს 2017 წლის ასოციაციათა რეიტინგი, რომელიც ეყრდნობა უეფა-ს წევრი ასოციაციების წარმომადგენელთა ასპარეზობას ევროსარბიელზე 2012-2013 წლების სეზონიდან 2016-2017 წლების სეზონის ჩათვლით.[2][3]
ასოციაციათა რეიტინგიდან გამომდინარე განსაზღვრული კლუბების რაოდენობის გარდა ასოციაციას შეიძლება ჰყავდეს დამატებითი წარმომადგენელი, რომელიც 2017-2018 წლების ან ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპის ლიგის გამარჯვებულია.