საგუნტის ალყის შემდეგ ჰანიბალი, ალპების გადალახვის შედეგად იტალიაში ჩადის სალაშქროდ და დაბანაკდება მდინარე პადუსის მარცხენა მხარეს. პადუსის მარცხენა მხარეს მდგარმა ჰანიბალმა შეიტყო, რომ სციპიონი უკვე პადუსის ველზე იდგა. კართაგენის ლაშქარი მდინარის ნაპირს მიუახლოვდა. ძვ. წ. 218 წლის ნოემბერში კართაგენელები და რომაელები მდინარე პადუსის (პოს) ჩრდილოეთ ნაპირზე შეხვდნენ, მდინარეებს სესიასა და ტიცინოს შორის. რომის კონსულისა და კართაგენის სარდლის საბრძოლო ტაქტიკა მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. სციპიონი დინჯად ცდილობდა შეეკრა რომისკენ მიმავალი გზები, ჰანიბალი სწრაფი მოქმედებებით რომაელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. პირველი არევ-დარევის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაიმართა. ხელჩართულ ბრძოლაში სციპიონი დაიჭრა, იგი გადაარჩინა მისმა 17 წლის შვილმა, შემდეგში სციპიონ აფრიკელად (უფროსი) ცნობილმა. მომხდარით შეშფოთებულმა რომაელებმა დიდი წვალებით გაარღვიეს ალყა და ბანაკში დაბრუნდნენ.[1]
რომაელები ასეთ სწრაფსა და მოულოდნელ დამარცხებას არ ელოდნენ. სციპიონი გრძნობდა, რომ მისი არმია მტრის ხელახლა თავდასხმას ვერ გაუძლებდა და ლაშქრის გადარჩენაზე უნდა ეზრუნა. საჭირო იყო საიმედო თავშესაფრის პოვნა. სციპიონმა მეორე ღამესვე აყარა ლაშქარი და მდინარე პადუსი ფარულად გადალახა. ჰანიბალმა გვიან გაიგო მტრის გაქცევა, თავისი მეომრები დაადევნა და მაინც მოახერხა რამდენიმე ათასი ლტოლვილი რომაელი მეომრის ხელში ჩაგდება. სციპიონმა ქალაქ პლაცენციას შეაფარა თავი.[2]
პირველმა გამარჯვებამ ჰანიბალის მდგომარეობა განამტკიცა და მის არმიას მოქმედების ახალი გეგმები გადაუშალა. პადუსის ნაპირებზე მყოფ ჰანიბალთან გამოცხადდნენ ციზალპელი გალების წარმომადგენლები და მეგობრობა და თანამშრომლობა შესთავაზეს. ჰანიბალის არმიის რიგები დღითი დღე ახალი მეომრებით ივსებოდა და ის დანაკლისი, რაც ესპანეთიდანიტალიამდე განიცადა, სულ მოკლე ხანში თითქმის ანაზღაურდა.[3]