ტერეზა კრისტინა სიცილიელი
ტერეზა კრისტინა სიცილიელი | |
---|---|
ბრაზილიის იმპერატრიცა | |
მმართ. დასაწყისი: | 30 მაისი, 1843 |
მმართ. დასასრული: | 15 ნოემბერი, 1889 |
წინამორბედი: | ამალია ლოიხტენბერგელი |
მემკვიდრე: | მონარქია გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 მარტი, 1822 |
დაბ. ადგილი: | ნეაპოლი, ორი სიცილიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 28 დეკემბერი, 1889, (67 წლის) |
გარდ. ადგილი: | პორტუ, პორტუგალიის სამეფო |
დაკრძ. ადგილი: |
5 დეკემბერი, 1939 პეტროპოლისი, ბრაზილია |
მეუღლე: |
პედრუ II, ბრაზილიის იმპერატორი (ქ. 1843) |
შვილები: |
იზაბელა, ბრაზილიის პრინცესა ლეოპოლდინა, საქსენ-კობურგ-გოთას მთავარი |
სრული სახელი: | ტერეზა კრისტინა მარია ჯუზეპინა გასპარა ბალთაზარა მელკიორა გენარა ფრანჩესკა დე პადოვა დონატა ბონოზა ანდრეა დ'აველინო რიტა ლიტგარტა გერტრუდა ვენანჩია თადეა სპირიდიონა როკა მატილდა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფრანჩესკო I, ორი სიცილიის მეფე |
დედა: | მარია ისაბელ ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ტერეზა კრისტინა სიცილიელი (იტალ. Teresa Cristina di Due Sicilie, პორტ. Teresa Cristina de Duas Sicilias; დ. 14 მარტი, 1822 — გ. 28 დეკემბერი, 1889) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორი სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის შუათანა ქალიშვილი. ბრაზილიის უკანასკნელი იმპერატრიცა 1843-89 წლებში, როგორც იმპერატორ პედრუ II-ის მეუღლე.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაბადება და ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერეზა კრისტინა დაიბადა 1822 წლის 14 მარტს ნეაპოლში, ორი სიცილიის სამეფოში. მამამისი იყო ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის უფროსი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე ფრანჩესკო დე ბურბონი, ხოლო დედამისი ფრანჩესკოს მეორე ცოლი, ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და დედოფალ მარია ლუიზა პარმელის ქალიშვილი მარია ისაბელ ესპანელი. მისი ოჯახი წარმოშობით ესპანელი ბურბონების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც თავის მხრივ საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შთამომავლები იყვნენ. ტერეზა კრისტინას დეიდა — კარლოტა ხოაკინა ესპანელი იყო პორტუგალიის დედოფალი, როგორც ჟუან VI-ის მეუღლე, რომლებიც ტერეზა კრისტინას ქმრის პაპა-ბებია იყვნენ.
1825 წელს მამამისი ორი სიცილიის მეფე გახდა ფრანჩესკო I-ის სახელით, თუმცა მისი მმართველობა მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა და 1830 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტი ტერეზა კრისტინას ძმამ, მეფე ფერდინანდ II-მ დაიკავა. მას შემდეგ, რაც 1839 წელს დედამისი, ქვრივი დედოფალი მარია ისაბელი მეორედ დაქორწინდა, იგი შვილებს და მათ შორის ტერეზა კრისტინასაც აიგნორებდა. ამის გამო, ტერეზა კრისტინა მარტო, იზოლაციაში, რელიგიურ ცრუმორწმუნეობაში, კონსერვატორიზმისა და შეუწყარებლობაში გაიზარდა. მიუხედავად ამისა, სამეფო კარის მატიანეები მას აღწერენ როგორც რბილი და მორცხვი ხასიათის გოგონას, განსხვავებით დაუნდობელი მამისა და იმპულსური დედისაგან. როგორც ცნობილია, იგი მარტივად ეგუებოდა ნებისმიერ გარემოს.
ტერეზა კრისტინა სამეფო კარზე მეტად პასიური და შეუმჩნეველი ფიგურა იყო. როგორც მისი დღიურებიდან ირკვევა, იგი ხასიათით ძლიერი ხელმძღვანელი იყო, რაზეც ისტორიკოსმა ანიელო ანჯელო აველამ განაცხადა:
„იგი არ იყო მარტივად დასამორჩილებელი ქალი, არამედ იყო პირი, რომელიც პატივს სცემდა თავისი დროის ეთიკასა და თავის წარმომავლობაზე დაკისრებულ დიდ მოვალეობებს.“
|
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც ევროპაში ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის იმპერატორი პედრუ II საცოლეს ეძებდა, ორი სიცილიის მთავრობამ მაშინვე იხელთა დრო და მას ტერეზა კრისტინას ხელი შესთავაზა. სიცილიელებმა სასწრაფოდ დახატეს ტერეზა კრისტინა და პორტრეტი ბრაზილიაში გააგზავნეს. იმპერატორი იმდენად მოიხიბლა ახალგაზრდა პრინცესით, რომ იძულებული გახდა დათანხმებოდა სიცილიელთა წინადადებას. ისინი მალევე დაინიშნენ და 1843 წლის 30 მაისს, ნეაპოლში შედგა მარიონეტული ქორწინება, სადაც პედრუ II მისმა ძმამ, პრინცმა სირაკუზის გრაფმა ლეოპოლდმა განასახიერა. ამ ამბიდან ორ კვირაში ტერეზა კრისტინამ თავის ამალასთან ერთად დატოვა ნეაპოლის პორტი და ბრაზილიისკენ დაიძრა. იგი ნეაპოლიდან 1843 წლის 3 მარტს გავიდა და ბრაზილიაში მხოლოდ 3 სექტემბერს ჩავიდა. იგი რიო-დე-ჟანეიროში ჩავიდა, სადაც პედრუ II დიდი ზარ-ზეიმით შეეგება თავის პატარძალს. იმპერატორმა დაარღვია პროტოკოლი და თავად გავიდა ქალაქში მის დასახვედრად, რამაც გაარღვია საყოველთაო სიჩუმე და ხალხმა სიხარულისაგან საოცარი ყვირილი დაიწყეს. ამ იმპულსური ჟესტის გამო, ტერეზა კრისტინას მაშინვე შეუყვარდა თავისი მეუღლე.
მეორეს მხრივ, 17 წლის პედრუ II დიდად იმედგაცრუებული დარჩა. მასზე პირველი შთაბეჭდილება მხოლოდ პრინცესას გარეგნობამ მოახდინა, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა პორტრეტზე გამოსახული ქალისგან. ტერეზა კრისტინას მუქი ყავისფერი თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა, ამასთან იყო მეტად დაბალი და ჭარბი წონაც ჰქონდა. იგი მახინჯი არ იყო, თუმცა არც ლამაზი ყოფილა. როგორც აღმოჩნდა, ტერეზა კრისტინას სიარულის პრობლემაც ჰქონდა და სიარულისას აქეთ-იქით ზედმეტად იხრებოდა. პედრუ II-ის მაღალი მოლოდინები განადგურდა, რის გამოც ცოლისადმი მხოლოდ სიბრალულისა და იმედგაცრუების გრძნობაღა შერჩა. გემიდან გადმოსვლის შემდეგ, ტერეზა კრისტინა მარტივად მიუხვდა პედრუს უკმაყოფილებას და შემდეგ ცრემლიანი თვალებით განაცხადა: „იმპერატორს არ მოვეწონე !“. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ქორწინება 1843 წლის 4 სექტემბერს, რიო-დე-ჟანეიროში შედგა, რის შემდეგაც ტერეზა კრისტინა ოფიციალურად გახდა ბრაზილიის იმპერატრიცა.
მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება თავიდან დაძაბულად დაიწყო, ტერეზა კრისტინა კარგი მეუღლე აღმოჩნდა. შვილების გაჩენასთან ერთად, იგი თავის ყველა მოვალეობას ასრულებდა. ამ ყოველივემ პედრუ II-ის მისდამი დამოკიდებულება შეარბილა. როგორც აღმოჩნდა, მათი ინტერესები ბევრ რამეში იკვეთებოდა. გარდა ხასიათისა, ისინი სექსუალურად აქტიურები და თავსებადებიც იყვნენ, რასაც მისი ორსულობების მთელი რიგიც მოწმობს. ქორწინებიდან მალევე, 1845 წელს იმპერატრიცამ პირველი ვაჟი გააჩინა, ამას მოჰყვა 1846 და 1847 წლებში ორი გოგონას, ხოლო 1848 წელს მეორე ვაჟის დაბადება. მათ შვილებს აფონსუ, იზაბელა (ტერეზა კრისტინას დედის, მარია ისაბელის პატივსაცემად), ლეოპოლდინა (პედრუს დედის, მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის პატივსაცემად) და პედრუ დაარქვეს.
ბრაზილიის იმპერატრიცა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოჯახური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერეზა კრისტინა მალევე გახდა პედრუ II-ის ცხოვრებისეული რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი არასდროს ყოფილან რომანტიკული შეყვარებულები, ან ინტელექტუალური პარტნიორები. მიუხედავად ამისა, იმპერატორისადმი მისი ერთგულება მეტად მყარი იყო, თუმცა იგი მუდმივ შიშში იყო, რომ პედრუ გაეყრებოდა. იმპერატრიცა აგრძელებდა საზოგადოებაში იმპერატორთან ერთად გამოჩენასა და მის პატივისცემას. ამან გარკვეულწილად შეცვალა მათი ურთიერთობა, მაგრამ პედრუ მას როგორც მეგობარსა და თანამებრძოლს ისე ეპყრობოდა, და არა როგორც მეუღლეს.
როგორც აღმოჩნდა, პედრუსა და ტერეზას არ ჰქონდათ მარტივი ურთიერთობა. ტერეზა თავს შეზღუდულად და იზოლირებულად თვლიდა, რის გამოც თავისი ტემპერამენტული ხასიათის გამო ხშირად ჰქონდა კონფლიქტი იმპერატორთან, რაც მისი წერილებიდანაც ირკვევა:
„მე ველოდები იმ მომენტს, როდესაც ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ჩემო პედრუ, და პატიებას გთხოვ იმ ყველაფრისათვის, რაც ამ დღეების განმავლობაში შენთან ჩავიდინე.“
|
1851 წლის 24 იანვარს მიწერილი მეორე წერილიდან კი ასეთი რამ ეწერა, სადაც ცხადად აღიარა საკუთარი ხასიათის სირთულე:
„მე არ ვარ გაღიზიანებული შენზე და შენ აუცილებლად უნდა მაპატიო, რადგან ეს არის ჩემი ხასიათი.“
|
ტერეზა კრისტინას სამეგობრო წრე შემოიფარგლებოდა მხოლოდ თავისი სეფექალებით. მათგან განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა დონა ჟუზეფინა და ფონსეკა კოსტასთან. იმპერატრიცას ძალიან უყვარდა დიდი მიღებები, სტუმრები და ბანკეტები. იგი მეტად გულუხვი, თავაზიანი და მოსიყვარულე დედა, ცოლი და მასპინძელი იყო. როგორც წესი იგი ყოველთვის მოკრძალებულად იყო ჩაცმული და სამკაულებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იკეთებდა. მას არანაირი ინტერესი არ ჰქონია პოლიტიკისადმი. ტერეზა კრისტინა ძირითადად დაკავებული იყო წერილების წერა-კითხვით, სხვადასხვა ხელსაქმით, რელიგიური წესების შესრულებითა და საქველმოქმედო საქმიანობით. მას ასევე ლამაზი ხმა ჰქონდა, რის გამოც სამეფო კარის ღონისძიებებზე ხშირად მღეროდა ხოლმე. ის ფაქტი, რომ იგი ძლიერად იყო დაინტერესებული მუსიკით, განაპირობა ფაქტი, რომ ხშირად აწყობდა ბალებს და სტუმრობდა ოპერას.
მართალია ტერეზა კრისტინას არ გააჩნდა ინტელექტუალური ინტერესები, თუმცა იგი მაინც ამჟღავნებდა გარკვეულ ინტერესს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუსიკა და ხელოვნება, განსაკუთრებით კი არქეოლოგიაში. იმპერატრიცას ბრაზილიაში აღმოჩენილი უძველესი არქეფაქტების დიდი კოლექცია ჰქონდა. იგი გულუხვად აფინანსებდა არქეოლოგიურ კვლევებს არა მხოლოდ ბრაზილიაში, არამედ იტალიაშიც. ამის წყალობით იქნა აღმოჩენილი უამრავი არქეფაქტი ეტრუსკული და რომაული ცივილიზაციების კერებზე. ტერეზა კრისტინა დიდად ეხმარებოდა იტალიელ ექიმებს, ფარმაცევტებს, ექთნებს, ინჟინრებს, პროფესორებს, მხატვრებს, ხელოსნებსა და მუშებსაც კი. იგი დაბალი ფენის იტალიელებს ეხმარებოდა ბრაზილიაში გადასახლებაში, სადაც იგი მათ თავშესაფრით, საკვებითა და განათლებით უზრუნველყოფდა.
მეტოქეობა გრაფინია დე ბარალთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერეზა კრისტინასა და პედრუ II-ის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ვნებიანი და რომანტიკული. ამასთან, მათ შორის ჩამოყალიბდა ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იყო ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე. იმპერატრიცა, თუნდაც სხვა აზრზე ყოფილიყო, ყოველთვის უჭერდა მხარს იმპერატორის პოზიციას. იგი სხვა ქალებთან ურთიერთობაში ჩუმი და ეჭვიანი იყო. თავის მხრივ, სამეფო კარის ქალბატონები პატივისცემით ეპყრობოდნენ მას. ამასთან, ისინი იმპერატორს არც კი ეკარებოდნენ, რადგან ეშინოდათ იმპერატრიცასთან ურთიერთობის გაფუჭების. 1848 წელს მან უკანასკნელი ბავშვი გააჩინა, რის შემდეგაც აღარ დაორსულებულა. საქმე იმაში იყო, რომ მისი ორივე ვაჟი ჩვილობაში დაიღუპა და მხოლოდ გოგონები გადარჩნენ. ის ფაქტი, რომ ტერეზა კრისტინა აღარ ორსულდებოდა, ისტორიკოსთა მოსაზრებით იმის ბრალი იყო, რომ პედრუ სხვა ქალებზე გადაერთო. იმპერატორს ძალიან იზიდავდა ჭკვიანი და ლამაზი ქალები, რომლებიც მრავლად იყვნენ სამეფო კარზე.
ქმრისაგან იგნორი ტერეზა კრისტინამ უგუვებელყო და ხალხში აღარ ჩნდებოდა. იგი პედრუს აღარ დაჰყვებოდა საჯარო შეხვედრებზე, რადგან თვლიდა, რომ დამამცირებელი იყო. მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც 1856 წელს თავისი ქალიშვილების აღმზრდელად პედრუმ ლუიზა დე ბაროზი, იგივე გრაფინია დე ბარალი დანიშნა. ლუიზა ბრაზილიური დაბადების, წარმოშობით ფრანგი დიდგვაროვანი იყო, რომელიც თავისი მშვენიერი გარეგნობით იყო ცნობილი. პედრუ II აღფრთოვანებული იყო ლუიზათი, რომელიც მომხიბვლელი, ენერგიული, ელეგანტური, დახვეწილი, განათლებული და თავდაჯერებული ქალი იყო. მან მალევე მოიგო არა მხოლოდ პედრუს, არამედ მისი უფროსი ქალიშვილის, პრინცესა იზაბელას გულიც. რაც შეეხება ლეოპოლდინას, იგი დედის მხარეს იჭერდა და სძულდა გრაფინია. როგორც შემდეგ გამჟღავნდა, იმპერატორსა და გრაფინიას რომანი ჰქონდათ.
ტერეზა კრისტინას იმპერატორისა და გრაფინიას საჯარო ურთიერთობა უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა, როდესაც მას პატარა ლეოპოლდინა გულუბრყვილოდ ეკითხებოდა მამის რომანზე. თანდათანობით, იმპერატრიცა გრაფინიას ჩრდილში მოექცა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა მის დაიგნორებას. როგორც ისტორიკოსი ტობაის მონტენეგრო წერდა, იმპერატრიცა ხანდახან თავს ვერ იკავებდა და აშკარად სდებდა ბრალს ლუიზას.
დარჩენილი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმპერიის აღსასრული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1871 წლის 7 თებერვალს, პრინცესა ლეოპოლდინას ტიფით, ნაადრევმა გარდაცვალებამ, გაანადგურა მათი ისედაც პატარა ოჯახი. პედრუ II-მ ევროპაში მოგზაურობა გადაწყვიტა, სადაც ტერეზა კრისტინაც წაიყვანა. ამ პერიოდში ბრაზილიას მათი ქალიშვილი იზაბელა მართავდა რეგენტის სტატუსით. როგორც თავად პედრუმ განაცხადა, მეუღლის „გასამხიარულებლად“ ტერეზა კრისტინა საქსონიაში ჩაიყვანა, სადაც ისინი ლეოპოლდინას ოთხ მცირეწლოვან ვაჟს ეწვივნენ, რომლებიც კობურგში ცხოვრობდნენ. პედრუ და ტერეზა ევროპაში 1876 და 1887 წლებში კვლავ გაემგზავრნენ, თუმცა მალევე დაბრუნდნენ უკან. ტერეზა კრისტინა, ჩვეულებრივ ცხოვრებას ბრაზილიაში ამჯობინებდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ევროპაში ყოფნა მას ბავშვობის დროინდელ მტკივნეულ მოგონებებს უღვიძებდა. 1861 წელს, იტალიის გაერთიანების გამო ტერეზა კრისტინას მთელი ოჯახი იქნა დამხობილი და შემდეგ საფრანგეთში გაძევებული. ყოველივე ის, რაც მას ევროპის შესახებ ახსოვდა, ამ დროისათვის უკვე ისტორიას იყო ჩაბარებული. იტალია და გერმანია გაერთიანებულიყო, საფრანგეთი რესპუბლიკად იქცა და იმდენად დიდი ძვრები განხორციელდა, რომ იგი სამშობლოში თავს უცხოდ გრძნობდა. 1872 წელს, მან ასეთი რამ დაწერა:
„მე არ ვიცი როგორ გადმოვცე შთაბეჭდილება, რომელიც 28 წლის შემდეგ ჩემი სამშობლოში დაბრუნებამ გამოიწვია. აქ ვეღარავინ ვიპოვნე ისეთი, ვისაც ვიცნობ და იზრუნებს ჩემზე...“
|
იმპერატორი პედრუ, მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ მიხვდა, რომ ტერეზა კრისტინა იყო მისი ცხოვრების მთავარი მეგზური და 1881 წლის იანვარში სამუდამოდ დაშორდა თავის საყვარელ გრაფინიას. 1885 წლის ოქტომბერში, უბედური შემთხვევის შედეგაც მისმა სიძემ, ოს გრაფმა გასტონ ორლეანელმა ტერეზა კრისტინას მკლავი მოსტეხა, რასაც ძალიან განიცადა და სიდედრს ვრცელი საბოდიშო წერილიც მისწერა. შეურაცხყოფილმა ტერეზა კრისტინამ, საყვარელი ქმრის გავლენით მალევე მიუტევა სიძეს.
მშვიდი ოჯახური რუტინა 1889 წლის 15 ნოემბერს დასრულდა, როდესაც ბრაზილიის არმიამ სახელმწიფო გადატრიალების გზით დაამხო მონარქია და საიმპერატორო ოჯახს უბრძანა ქვეყნის დატოვება. გაძევების ბრძანების მოსმენისთანავე, ერთ-ერთმა ოფიცერმა დამცინავად განუცხადა ტერეზა კრისტინას: „თანამდებობა დაკარგეთ, ქალბატონო“, რაზეც მან უპასუხა:
„მე ის ყოველთვის მექნება, თუმცა როგორც არ უნდა მევედროთ, ამ მიწას სამუდამოდ დავტოვებ !“
|
1889 წლის 15 ნოემბრის მოვლენებმა იმპერატრიცა ფიზიკურად და მორალურად გაანადგურა. მას ძალიან უყვარდა ბრაზილიაც და მისი ხალხიც, ამიტომაც მისთვის ძალიან რთული იყო ამ ყველაფერთან განშორება.
გარდაცვალება და დაკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრაზილიის დატოვებამ საშინელი შედეგები იქონია ტერეზას ჯანმრთელობაზე. გაძევების შემდეგ პედრუმ და ტერეზა კრისტინამ თავი პორტუგალიის სამეფო ოჯახს შეაფარეს, ლისაბონში. აქ იმპერატრიცას გულის არითმია დაეწყო, ამიტომაც წყვილი ლისაბონიდან პორტოში გადასახლდა. მისი ქალიშვილი, იზაბელა, რომელიც ასევე გამოაძევეს ბრაზილიიდან, ქმართან ერთად უდარდელად წავიდა ესპანეთში სამოგზაუროდ. 1889 წლის 24 დეკემბერს მათ მიუვიდაც ცნობა იმის თაობაზე, რომ ბრაზილიაში ჩასვლა ოფიციალურად აეკრძალათ. ამ ამბავმა სასოწარკვეთაში ჩააგდო ტერეზა კრისტინა, რომელსაც „სიცოცხლის სურვილი წაერთვა“. 1889 წლის 28 დეკემბერს პედრუ II-მ თავის დღიურში ასეთი რამ ჩაწერა მასზე: „როდესაც მისი ავადმყოფობის შესახებ შევიტყვე, მაშინვე იმპერატრიცასთან წავედი მოსანახულებლად. ის ძალიან ცივი იყო და ტკივილებს უჩიოდა თავის არეში, მაგრამ ციებ-ცხელება არ აქვს.“ ტერეზა კრისტინას სუნთქვა სულ უფრო ურთულდებოდა. მისი რესპირატორული სისტემის უკმარისობამ გულის შეტევა გამოიწვია და იგი 1889 წლის 28 დეკემბერს, დილის 02:00 საათზე გარდაიცვალა. ამ დროს იგი 67 წლის იყო.
როგორც ცნობილია, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ტერეზა კრისტინამ თავის საუკეთესო მეგობარს, ჟაპურას გრაფინია მარია იზაბელა დე ანდრადეს ასეთი რამ უთხრა:
„მარია იზაბელა, მე არ ვკვდები ავადმყოფობისგან, მე ვკვდები მწუხარებისა და სინანულის გამო !“
|
მისი უკანასკნელი სიტყვები ასეთი იყო:
„მე მენატრება ჩემი ქალიშვილი (იზაბელა) და ჩემი შვილიშვილები. ბოლო დროს ვეღარ მოვახერხე მათი ხილვა. ბრაზილია, ულამაზესი მიწა... იქ მე ვეღარ დავბრუნდები.“
|
მისი გრანდიოზული დაკრძალვის საყურებლად მოსული ადამიანებისაგან პორტუს ქუჩები მთლიანად გადაიჭედა. პედრუს თხოვნით, ტერეზა კრისტინას ცხედარი გადაასვენეს სანტო-ვისენტე-დე-ფორას ეკლესიაში, ლისაბონის მახლობლად, სადაც მდებარეობდა ბრაგანსების საგვარეულო აკლდამა. მოგვიანებით, 1921 წელს მისი და პედრუს ნეშტები დიდი პომპეზურობით გადაასვენეს და დაკრძალეს ბრაზილიაში. ისინი საბოლოოდ 1939 წელს დაკრძალეს ქალაქ პეტროპოლისის აკლდამაში.
მისი გარდაცვალების ამბავმა ბრაზილიაში გულწრფელი და მასშტაბური გლოვა გამოიწვია. გამოჩენილი ბრაზილიელი პოეტი და ჟურნალისტი არტურ აზევედო, ტერეზა კრისსტინას გარდაცვალების შესახებ წერდა:
მისი გარდაცვალების შესახებ ბრაზილიის ეროვნულ გაზეთ „ახალი ამბების გაზეთში“ (პორტ. Gazeta de Notícias) ასეთი სტატია დაიწერა:
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 14 მარტი, 1822 - 30 მაისი, 1843: მისი სამეფო უმაღლესობა პრინცესა ტერეზა კრისტინა სიცილიელი;
- 30 მაისი, 1843 - 15 ნოემბერი, 1898: მისი იმპერიული უდიდებულესობა ბრაზილიის იმპერატრიცა;
მისი სრული წოდება ასე ჟღერდა: „მისი იმპერიული უდიდებულესობა დონა ტერეზა კრისტინა, ბრაზილიის იმპერატრიცა“.
გენეალოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Antunes, Benedito (2009). Machado de Assis e a crítica internacional (in Portuguese). São Paulo: UNESP. ISBN 978-85-7139-977-8.
- Avella, Aniello Angelo (6 September 2010). "Teresa Cristina Maria de Bourbon, uma imperatriz silenciada" (PDF) (in Portuguese). Associação Nacional de História. Archived from the original (PDF) on 23 September 2015. Retrieved 2 March 2015.
- Barman, Roderick J. (1999). Citizen Emperor: Pedro II and the Making of Brazil, 1825–1891. Stanford, California: Stanford University Press. ISBN 978-0-8047-3510-0.
- Barman, Roderick J. (2002). Princess Isabel of Brazil: gender and power in the nineteenth century. Wilmington: Scholarly Resources Inc. ISBN 978-0-8420-2846-2.
- Behar, Eli (1980). Vultos do Brasil: biografias, história e geografia (in Portuguese). São Paulo: Hemus. ISBN 978-85-289-0006-4.
- Besouchet, Lídia (1993). Pedro II e o Século XIX (in Portuguese) (2 ed.). Rio de Janeiro: Nova Fronteira. ISBN 978-85-209-0494-7.
- Brown, Rose (1945). American Emperor: Dom Pedro II of Brazil. New York: Viking Press.
- Calmon, Pedro (1975). História de D. Pedro II (in Portuguese). 1–5. Rio de Janeiro: J. Olympio.
- Carvalho, José Murilo de (2007). D. Pedro II: ser ou não ser (in Portuguese). São Paulo: Companhia das Letras. ISBN 978-85-359-0969-2.
- Cenni, Franco (2003). Italianos no Brasil (in Portuguese) (3 ed.). São Paulo: UNESP. ISBN 978-85-314-0671-3.
- Kidder, D. P. (1857). Brazil and the Brazilians, portrayed in historical and descriptive sketches. Philadelphia, Pennsylvania: Childs & Peterson.
- Longo, James McMurtry (2008). Isabel Orleans-Bragança: The Brazilian Princess Who Freed the Slaves. Jefferson, North Carolina: McFarland & Company, Inc. ISBN 978-0-7864-3201-1.
- Lira, Heitor (1977). História de Dom Pedro II (1825–1891): Ascenção (1825–1870) (in Portuguese). 1. Belo Horizonte: Itatiaia.
- Lira, Heitor (1977). História de Dom Pedro II (1825–1891): Declínio (1880–1891) (in Portuguese). 3. Belo Horizonte: Itatiaia.
- Otávio Filho, Rodrigo (1946). "A Princesa Isabel". Revista do Instituto Histórico e Geográfico Brasileiro (in Portuguese). 192.
- "Biblioteca Digital Mundial". Rio&Cultura: o Rio de Janeiro em suas mãos (in Portuguese). Rio & Cultura. 22 April 2009. Archived from the original on 10 March 2016.
- Rodrigues, Ana Cristina Campos (10 November 2009). "Os Mapas do Imperador: a catalogação e identificação da Cartografia da Coleção Teresa Cristina Maria" (PDF) (in Portuguese). Universidade Federal de Minas Gerais. Archived from the original (PDF) on 26 September 2015.
- Sauer, Arthur (1889). Almanak Administrativo, Mercantil e Industrial (Almanaque Laemmert) (in Portuguese). Rio de Janeiro: Laemmert & C.
- Schwarcz, Lilia Moritz (1998). As Barbas do Imperador: D. Pedro II, um monarca nos trópicos (in Portuguese) (2 ed.). São Paulo: Companhia das Letras. ISBN 978-85-7164-837-1.
- Vanni, Julio Cezar (2000). Italianos no Rio de Janeiro (in Portuguese). Rio de Janeiro: Editora Comunità.
- Zerbini, Eugenia (June 2007). "A imperatriz invisível". Revista de História da Biblioteca Nacional (in Portuguese). 2 (17). ISSN 1808-4001.